თამუნა მუსერიძე დედასთან შეხვედრის შემდეგ მიმართვას ავრცელებს და ამბობს რომ მოპარული ბავშვი არ არის.
მისი თქმით, მამამისი ცოლიანი იყო, ხოლო დედა კი 22 წლის გოგონა.
„ისტორია ასეთია. მე მოპარული ბავშვი არ ვარ და ტყუილს ვერ ვიტყვი. მე რომ ეს ვთქვა, მერე იმ დედებს არ დაუჯერებენ, რომელთაც მართლა მოჰპარეს შვილები. ამდენ ადამიანს საკუთარი ისტორიისთვის ვერ გავწირავ. მოხდა ჩემი გაშვილება, რადგან მამა იყო ცოლიანი კაცი, რომელსაც ორი შვილი ჰყავდა. დედა არ იყო გათხოვილი. იმ პერიოდში ბავშვის უმამოდ გაზრდა წარმოუდგენელი იყო და ეს მესმის. დედას არ უნდა ჩემთან ურთიერთობა, მას სიმსივნე აქვს მძიმე ფორმით. ყველას ვერ მოეწონები და რას ვიზამთ. მას არც გამოჩენა სურს და არც ჩემთან კონტაქტი“, – საუბრობს თამუნა მუსერიძე.
თამუნა მუსერიძე
1986 წელს დაიბადა. ტელევიზიაში მუშაობა 18 წლის ასაკში დაიწყო. ცხოვრებაში ყველაზე დიდი გარდატეხა კი 32 წლის ასაკში ეწვია, როცა დედის გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ნაშვილებია.
"იმდენად ბედნიერი ბავშვობა მქონდა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზღაპარში ვცხოვრობდი. 90-იანი წლების უშუქობა, უგაზობა და სიდუხჭირე საერთოდ არ მიგრძნია. მამაჩემი, შოთა მუსერიძე, ძალიან ხელგაშლილად ცხოვრობდა და მარტო თავის ოჯახს კი არა, ნათესავებსაც ხელს უმართავდა. დედა, მარინა კუხიანიძეც ყველაფერს აკეთებდა, რომ საფუძვლიანი განათლება მიმეღო. სკოლაში მაკითხავდა და თვითონ დავყავდი ინგლისურზე, რუსულზე, ხელოვნებათმცოდნეობაზე, ისტორიაზე. დედამ სამსახურს თავი დაანება და მთელი ცხოვრება შვილების განათლებას მიუძღვნა. მხოლოდ ერთხელ მიადგა ჩრდილი ამ ყველაფერს - როცა მითხრეს, რომ ნაშვილები ვიყავი, მაგრამ მაშინ არ დავიჯერე. რატომ? - ალბათ იმიტომ, რომ ჩემზე უმცროსი ძმა მყავს და მშობლებისგან წამითაც არ მიგრძნია, რომ მისგან მასხვავებდნენ. დედაჩემი მხოლოდ 33 წლის იყო, როცა შვილად ამიყვანეს, თან, მამაჩემს და მის დედას ძალიან ვგავდი. მოგვიანებით, გენეტიკური ანალიზით დადგინდა, რომ ჩვენ შორის დამთხვევა ნული პროცენტი იყო, მაგრამ მაშინაც არ შემპარვია ეჭვი, რომ ისინი ჩემი ბიოლოგიური მშობლები არ იყვნენ" - იხსენებდა თამუნა.