„ვთქვი, ასე ვერ ვიცხოვრებ-მეთქი და ჩამოვედი ვენიდან საცხოვრებლად თბილისში…“ - რატომ დაბრუნდა თაკო გაჩეჩილაძე სამშობლოში და როგორია მისი ცხოვრება ორ შვილთან ერთად - Marao

„ვთქვი, ასე ვერ ვიცხოვრებ-მეთქი და ჩამოვედი ვენიდან საცხოვრებლად თბილისში…“ - რატომ დაბრუნდა თაკო გაჩეჩილაძე სამშობლოში და როგორია მისი ცხოვრება ორ შვილთან ერთად

2024-10-17 11:23:19+04:00

თაკო გაჩეჩილაძე უკვე არაერთი წელია, ბევრისთვის საყვარელი სახეა, თუმცა დაოჯახების შემდეგ მან საქართველო დატოვა და ტელეეკრანებზეც იშვიათად ჩნდებოდა. უკვე ორი წელია, რაც თაკო ოჯახთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა, ამის მიზეზებზე კი მან fortuna.ge-თან ისაუბრა: 

"უკვე წელიწადზე მეტია, მიმყავს „გვიანი დილა“ „პოსტივიზე“. ბავშვობიდან ეკრანთან მაქვს შეხება და ეს ნამდვილად არ ყოფილა პრობლემა, საბავშვო გადაცემები რამდენიმეჯერ წამიყვანია, „202“-ზე ასევე მიმყავდა გასართობი სტილის გადაცემა… მაგრამ თავიდან მაინც მქონდა დაძაბვის და ღელვის მომენტი. ნელ-ნელა უკვე ჩავდექი ფორმაში, მივეჩვიე, ძალიან კარგი ხალხი მყავს გარშემო, ერთი ოჯახივით ვარ, შესანიშნავი ენერგია ტრიალებს, ტელევიზიაში მისვლა ძალიან მსიამოვნებს. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ჩემი მთავარი საქმე, უფრო მეტად, ალბათ – ჰობი.

  • "ბავშვობაში თაკო ძალიან მორცხვი იყო, ვჩაგრავდი ხოლმე..." - თაკო და ნინი გაჩეჩილაძეები ბავშვობაზე 

რაც გავთხოვდი, ბავშვები გავაჩინე და ვენაში გადავედი საცხოვრებლად, სადაც ხუთი წელი ვცხოვრობდი, ძალიან ცოტა რამ გავაკეთე სიმღერასთან დაკავშირებით. ეს ჩემთვის ძალიან დიდი დანაკარგია, თუმცა ამასობაში ვენაში ჩემი ქმრის მიერ დაწერილი სიმღერები ჩავწერე. ამ წლის ბოლოდან, ან მაქსიმუმ ახალი წლიდან დავუბრუნდები ქართულ სიმღერას.

ვენაში ცხოვრებისას ძიძა აქედან მყავდა წაყვანილი, როცა ჩვენს ძიძას ვიზის ვადა გასდიოდა, იქაური ძიძებიც მოგვყავდა. რაღაც პერიოდები იყო, როცა დამხმარეს გარეშეც ვიყავი. კი, ჩემი ქმარი მეხმარებოდა, მაგრამ ორი ბავშვი სახლში… დედას ვეკითხებოდი, როგორ მოახერხე დახმარების გარეშე ჩვენი გაზრდა, მასწავლე, რა ხერხი, ტექნიკა და საიდუმლოა, მარტო დედები რანაირად ზრდიან შვილებს. ადამიანს აღარ ვგავდი… ვერაფერს ვასწრებდი, რა სიმღერაზეა ლაპარაკი. მით უმეტეს, ჩემი შვილები მიყოლებით გავაჩინე, გაბრიელა 5 წლისაა, ელია – 4-ის. ბოლოს ვთქვი, წარმოუდგენელია, ასე ვერ ვიცხოვრებ-მეთქი. დედაჩემი რომ გარდაიცვალა, მამის მარტო დატოვებაც არ გამოვიდოდა, ჩამოვედი ვენიდან საცხოვრებლად თბილისში… შეიძლება, ბევრმა არაადეკვატურად ჩამთვალოს, მაგრამ მაინც ჩემს ქალაქში ცხოვრება მირჩევნია. ბევრად კარგად ვგრძნობ თავს აქ…

მეუღლეს არ ჰქონია პროტესტი, რადგან გაითვალისწინა ჩემი მდგომარეობა. როცა ჩამოვედით, ცოტა ხანში კი დაიწყო საუბარი, როდემდე უნდა იყო მანდო, მაგრამ ვუთხარი, რომ ძალიან დიდი ხანი ვენაში დამბრუნებელი აღარ ვარ. 

მენტალურად კი განვსხვავდებით, მაგრამ კარგი ადამიანია. შერეული ოჯახი ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, როცა ის სიყვარულით არის შექმნილი. დღეს არ ვიცი, როგორი სიტუაციაა, მაგრამ დედაჩემისგან რაც მესმოდა, ქართველი კაცისგან გამორიცხული იყო ის, რასაც ჩემი ქმარი აკეთებდა. ღამენათევს რომ მაძლევდა საშუალებას, დამეძინა, უცვლიდა ბავშვს პამპერსს და რძეს უკეთებდა. ამას, ალბათ, ბევრი ქართველი კაცი არ გააკეთებს, გეტყვის, შენ თვითონ გააკეთეო. ევროპაში მამაკაცი ასე ქალს ვერ ეტყვის და არც ქალი არ გააბედვინებს ამას. ევროპაში უფლებები ისეა დაცული, რომ ქალი და კაცი ნამდვილად თანასწორია. . კი, ქმარი გვერდზე გყავს, მაგრამ სულ მარტო ხარ მაინც, არავინ არ გყავს გვერდში, არც დედა, არც მამა, არც და, არც მეგობარი, არც მეზობელი, არც ნათესავი…"

ინტერვიუ: ნინო მურღულია

თაკო გაჩეჩილაძის შესახებ 

თაკო გაჩეჩილაძე 1983 წლის 17 მარტს დაიბადა. 7 წლიდან გუნდში მღეროდა. შემდეგ იყო „ბასტი ბუბუ” და სიმღერა „პეპი გრძელი წინდა”, რომლითაც კიკინებიანმა გოგომ ყველას თავი დაამახსოვრა და ასე მოვიდა ბავშვობიდან პოპულარობა.

მუდმივად განვითარებაზე ზრუნავს და მისი მუსიკალური ნიჭი საზოგადოებას უყურადღებოდ არასდროს დაუტოვებია. მიღებული აქვს უამრავი გრან-პრი და სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.

"ზოგადად, ტრადიციების მიმდევარი და პატრიოტი ადამიანი ვარ. ყოველთვის საზღვარგარეთ ცხოვრება მინდოდა - და ეს ოცნებაც ამიხდა. ცოლად გავყევი უცხოელს და ვენაში აღმოვჩნდი. ვენა ულამაზესი ქალაქია, თავისი კულტურით, მუზეუმებით...

მაგრამ გავიდა ცოტა ხანი და მივხვდი, რომ ძალიან ცუდად ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მენატრებოდა საკუთარი ოჯახი, დედა, მამა, და, მეგობრები, ძალიან მენატრებოდა თბილისი. პირველ რიგში, თბილისის ანძა. რადგან ანძა არის ჩემი სახლის სიმბოლო. როცა საშუალება მაქვს, სულ მოვდივარ თბილისში. თბილისის ანძას დავინახავ თუ არა, სასწაული გრძნობა მეუფლება - მგონია, რომ დაცული ვარ. ახლა მივხვდი, რომ ჩემი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრება არ მინდა" - ამბობს თაკო გაჩეჩილაძე. 

2017 წელს საქართველოში „ევროვიზიისთვის“ შესარჩევ კონკურსში თაკო გაჩეჩილაძემ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და საქართველოს სახელით კიევში კონკურსზე გაემგზავრა. მიუხედავად იმისა, რომ "ევროვიზიამ" მას გამარჯვება ვერ მოუტანა, სწორედ იქ გაიცნო მომღერალმა მომავალი მეუღლე, წარმოშობით ბულგარელი პროდიუსერი ბორისლავ მილანოვი. წყვილის ურთიერთობა მალევე აეწყო და მათ 2018 წელს იქორწინეს...გაგრძელება