«ის არის! ეს ნამდვილად ის არის!» _ გაიფიქრა იონამ, როცა ლელი საცეკვაოდ გაიწვია. რაღაც მომენტში გოგონამ თავი უკან გადაიქნია, გაიღიმა და ლოყებზე ფოსოები დაასხდა, თვალები კი სწორედ ისე აუციმციმდა, როგორც მაშინ, ხეივანში, როცა მოლბერტი წაუქცია და გამოელაპარაკა. «ის არის!» _ იონას ამაში ახლა იოტისოდენა ეჭვიც კი არ ეპარებოდა. ეს ყველაფერი თითქოს ბედისწერის არჩევანი იყო. გამოდის, შემთხვევითი არ ყოფილა მაშინ მათი შეხვედრა. განგებამ ინება ასე. მას უფრო ადრე უნდა გაეცნო ლელი, სულ სხვა ადგილას და სულ სხვა ატმოსფეროში, რომ იონას დამახსოვრებოდა იგი, დიდხანს ეფიქრა უცნობ ლამაზმანზე და გარკვეული დროის შემდეგ კვლავ შეხვედროდა. ის, რაც რომანებში ხდება, თურმე რეალურ ცხოვრებაშიც შეიძლება მოხდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბედისწერამ მას ნიშანი მისცა. და რა კარგია, რომ ის მშვენიერი უცნობი გოგონა ახლა აქ არის, მის გვერდით, უფრო სწორად, მის წინ, მის მკლავებში და გატრუნული ეცეკვება. მას მეტად აღარ სჭირდება მის მოძებნა, თუმცა დიდად არც უცდია. ეს ქმნილება მისთვისაა დაბადებული. განგებამ ლელი მას გამოუგზავნა და სამუდამოდ მასთან უნდა დარჩეს.
იონამ მჭიდროდ მიიკრა გოგონა მკერდზე და იგრძნო, როგორ უთრთოდა ლელის სხეული, როგორ უცემდა გული. იმწუთას თითქოს მხეცურმა ინსტინქტმა შეიპყრო. ახლავე, ამწუთასვე უნდოდა ქალი მისი გამხდარიყო. მაჯაში ჩაავლო ლელის ხელი და გარეთ გაიყვანა. ახლავე, ამ საღამოსვე, ხვალისთვის ამის გადადება არ შეიძლება! ამწუთას მისთვის სულერთია, სად იმყოფება, ვინმე უყურებს თუ არა, ვინ რას იფიქრებს მასზე. იმიტომ, რომ ეს ის არის!
ბაღში ჩასული გრძნობამორეული კოცნიდა ლელის, თვალებიდან გადავიდა ლოყებზე, ტუჩებიდან ჩაუყვა ყელს, მერე მკერდს მიადგა და მხოლოდ ცივი ლითონის შეხებამ გამოაფხიზლა. ეს ლელის ბრილიანტის გულსაბნევი იყო, რომელიც ტუჩებზე გამოედო. სწორედ მაშინ მოეგო გონს და თავისი საქციელის შერცხვა. რას აკეთებს? ასე უხეშად, ასე საქვეყნოდ, შუა ბაღში შეიძლება დაეუფლო ქალს, რომელიც გიყვარს? ველური ხომ არ არის? ამის გაფიქრება და იონამ ცივად უშვა გოგონას ხელი…
ლელის არასდროს სჯეროდა ბედისწერის. სისულელედ მიაჩნდა, როცა ამბობდნენ, ბედმა შეჰყარა, ბედმა გაჰყარა… მიაჩნდა, რომ ადამიანი თავად ქმნის თავის ცხოვრებას, საკუთარი ხელებით, საკუთარი გონებით… ეს იყო მისი პრინციპი. მხოლოდ ბედისწერაზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, არც დიზაინერის პროფესიას აირჩევდა და არც მამის ძებნას დაიჩემებდა.
ექვსი წლის წინ, როცა სტუდენტური წლები უკან მოიტოვა და დამოუკიდებლობა თავისუფლად შეიგრძნო, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ სრულიად განსხვავებულ ცხოვრებას დაიწყებდა.
ხვდებოდა, რომ გაიზარდა, ძალიან გაიზარდა. ახლა აღარ იყო ის პატარა, მორიდებული და მშიშარა გოგონა, განზე გახედვას და მტკიცე ნაბიჯის გადადგმას რომ უფრთხოდა. სახლში, სადაც იზრდებოდა, რატომღაც, სტუმარივით გრძნობდა თავს. შეიძლება იმიტომ, რომ მეორედ გათხოვილი დედა ახალ ქმარზე მეტად ზრუნავდა, ვიდრე ქალიშვილზე. შემდეგ ბიბი გაჩნდა, ნახევრძმა და დედის ყურადღება მთლიანად მასზე გადაერთო. რამდენჯერ სცადა, დედას დალაპარაკებოდა ნამდვილ მამაზე, ვინ იყო, სად შეიძლებოდა მისი მოძებნა, მაგრამ ლაკო ამ საკითხზე ძალიან ცოტას ლაპარაკობდა. ქალს სურდა, ერთხელ და სამუდამოდ დაევიწყებინა მამაკაცი, რომელმაც ორი თვის ორსული ცოლი მიატოვა და გაქრა. ეს მისთვის წარმოუდგენელი სტრესი იყო. ახლა ერთადერთი, რაც ყოფილ ქმართან აკავშირებდა, ლელი იყო და ამას ვერსად გაექცეოდა.
არადა, იყო დრო, როცა ლაკოს და რამაზს ერთ დროს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მშვიდი და თბილი ოჯახი ჰქონდათ. რამაზი მოხერხებული მამაკაცი იყო, ფულს კარგად შოულობდა. სამეგრელოს ყველა ქალაქში ცნობილი იყო მისი უზარმაზარი მაღაზია, სადაც ყველაფრის შეძენა შეიძლებოდა, რაც ადამიანის სულსა და გულს გაუხარდებოდა. რამაზს პროდუქცია ჯერ რუსეთიდან, მერე კი თურქეთიდან შემოჰქონდა, ხანდახან ჩინეთიდანაც, ამიტომ ხშირად უწევდა მივლინებაში ყოფნა. ოჯახში დისკომფორტს მხოლოდ ის ქმნიდა, რომ ოთხი წლის თანაცხოვრების განმავლობაში ლაკო არა და არ დაორსულდა. ერთ მშვენიერ დღეს, როცა მორიგი მივლინებიდან დაბრუნდა, დედას იგი სრულიად შეცვლილი მოეჩვენა. ქალს გულმა უგრძნო, რომ მის ბედნიერებას საფრთხე დაემუქრა. წინათგრძნობამ არ უმტყუნა. რამაზმა გამოუცხადა, მაღაზიას ვყიდი და საცხოვრებლად მოსკოვში გადავდივარო. ლაკოს გულზე შემოეყარა. სულაც არ სურდა საქართველოს გარეთ ცხოვრება, მით უფრო _ რუსეთში. სცადა, ქმარი გადაერწმუნებინა, სთხოვდა, ნუ წავალთ ქვეყნიდან, თუ მაინცდამაინც სამეგრელოში არ მოგწონს ცხოვრება, გადავიდეთ თბილისში, იქ ვიყიდოთ ბინა და ვიცხოვროთო. ქმარმა კი სრულიად გულგრილად მიუგო, შენ არსად არ მოგიწევს წასვლა, ვინაიდან შენგანაც მივდივარო…
ლაკოს ისტერიკა დაემართა. ყვიროდა, ტიროდა, ყველაფერს ამსხვრევდა… არაფერმა გაჭრა. როგორც აღმოჩნდა, რამაზი თავის ძველ სიყვარულს შეხვედრია და მასთან დაბრუნება განუზრახავს…
_ შენ არაფერი დაგაკლდება, _ უმტკიცებდა ქმარი, _ ახალგაზრდა ხარ, ლამაზი, აუცილებლად შეგიყვარდება სხვა და გათხოვდები. ხომ ხედავ, ჩემთან შვილიც კი არ გეყოლა, იქნებ სხვასთან მაინც გაგიმართლოს. ვყიდი მაღაზიას და მთელ თანხას შენ დაგიტოვებ. როგორც გაგიხარდება, ისე გამოიყენე. გინდა აქ დარჩი, გინდა სხვაგან გადადი საცხოვრებლად. თუ ასე გიყვარს თბილისი, წადი, იქ იყიდე ბინა და გააგრძელე ცხოვრება.
რამაზის გადაწყვეტილება ურყევი აღმოჩნდა. იმ დღესვე ჩაალაგა თავისი ნივთები და უგზო-უკვლოდ გაქრა…
რამდენიმე დღეში კი საოცრება მოხდა. ლაკოს უცნაური შეგრძნებები დაეუფლა, ღებინებები დაეწყო, გულის წასვლები… როცა ექიმთან მივიდა გასასინჯად, აღმოჩნდა, რომ ორსულად იყო. წარმოუდგენელი ამბავი მოხდა. რაღა მაინცდამაინც მაშინ გაიგო დაორსულების შესახებ, როცა ქმარი გაექცა? რა იქნებოდა, ერთი კვირით ადრე შეეტყო ეს ამბავი? იქნებ ამას მაინც შეენარჩუნებინა მათი ოჯახი? ლაკო სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. ვერ გადაეწყვიტა, გაეჩინა ბავშვი თუ მოეცილებინა. მთელი თვე ებრძოდა თავის თავს. ამასთან, ცდილობდა, რაღაც მაინც გაეგო ქმრის შესახებ, მაგრამ რამაზს ვერსად მიკვლია. ბოლოს მაინც გადაწყვიტა ბავშვის გაჩენა. ეს პატარა შურისძიება გამოვიდოდა. ერთ დროს ხომ აუცილებლად გაიგებდა მისი ყოფილი ქმარი, რომ შვილი ჰყავდა? იქნებ სინდისის ქენჯნას ემძლავრა?
და ლელი გაჩნდა _ ლამაზი, საყვარელი გოგონა, მკვირცხლი, მოუსვენარი, მხიარული და ჭკვიანი. თუმცა, გადიოდა წლები და რამაზისგან არაფერი ისმოდა. მხოლოდ ერთხელ, სრულიად შემთხვევით, ერთმა მეზობელმა უთხრა, შენი ქმარი მოსკოვში შემხვდა, ვიღაც ქალთან ერთად იყო, თან ორი ბავშვი ახლდათო. ეს იყო და ეს… ლელი კი იზრდებოდა…
დედა წყნარი ქალი იყო, ხმას არასდროს უწევდა, მაგრამ იშვიათად იცინოდა. ყურადღებას არ აკლებდა გოგონას მანამ, სანამ ქალის ცხოვრებაში ფრიდონი არ გამოჩნდა… აი, სწორედ იმ დღიდან შეიცვალა ლელის ცხოვრება. იმ დღიდან მოაკლდა დედის სითბო, სიყვარული და ყურადღება. იმ დღიდან გახდა დედა მხიარული, მოცინარი და ენერგიული.
ფრიდონი ჩუმი კაცი იყო, გულჩათხრობილი. მართალია, ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტდა, მაგრამ სამსახური ჰქონდა, კარგად გამოიმუშავებდა და ოჯახის რჩენასაც ახერხებდა. იგი კავშირგაბმულობის ინჟინერი გახლდათ.
მაშინ ლელი ცამეტი წლის ხდებოდა… გავიდა ორი წელი და ლაკოს ვაჟი შეეძინა, ბიბი. ფრიდონის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. არანაკლებ ბედნიერი იყო დედაც, რომელიც ახალდაბადებულ ჩვილს თავზე ევლებოდა. აი, მაშინ კი საბოლოოდ ეულად და მარტოსულად იგრძნო ლელიმ თავი. ამიტომაც გრძნობდა სახლში თავს სტუმარივით. თუმცა დედას ერთ რამეში ვერ უსაყვედურებდა. ლაკომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გოგონას მატერიალური კეთილდღეობა არ მოჰკლებოდა. სკოლა წარჩინებით დაამთავრა, ემზადებოდა ყველა საგანში, რომელიც მას უმაღლეს სასწავლებელში გამოცდების ჩასაბარებლად სჭირდებოდა. გარდა ამისა, გახდა თუ არა სტუდენტი, დედამ საკუთარი ანგარიში გაუხსნა გოგონას ბანკში და მამის დანატოვარი ფულიდან გადანახული სამი ათასი ლარი ჩაურიცხა. ლელის სწავლის ფულის გადახდა არ უხდებოდა, ამიტომ ამ თანხას საჭიროებისამებრ მოიხმარდა. იხდიდა ბინის ქირას და თავს ირჩენდა. თუმცა, რადგან საბანკო ანგარიშს თანხა მხოლოდ აკლდებოდა და არ ემატებოდა, ერთხელაც ეს ფული გამოილია. გამოილია და ლელის მუშაობის დაწყებამ მოუწია…
როცა ჯერ კიდევ პატარა იყო, ხშირად ეკითხებოდა დედას, მამა სად არისო და ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე პასუხს ისმენდა _ მოსკოვში. სხვა განმარტებებს დედა არასდროს აკეთებდა და ბოლოს ბავშვმაც შეწყვიტა ამ კითხვის დასმა. დედას ეგონა, გოგონამ დაივიწყა მამა, მაგრამ მწარედ შეცდა.
ლელის ხატვის ნიჭი პატარაობიდანვე აღმოაჩნდა. მის ნახატებში კი გამუდმებით ფიგურირებდა მამის სახება _ ხან ხელიხელჩაკიდებული ლელისთან, ხან თოჯინით ხელში, ხან უცინოდა გოგონას, ხან ხელს უქნევდა…
თორმეტი წლის იყო, საახალწლო სურვილებში თოვლის ბაბუას რომ მისწერა, მინდა, მამაჩემი ჩამოვიდესო… მეორე დღეს კი დედამ, რომელსაც ხელში მისი სურვილების ბარათი ეჭირა, ცრემლიანი თვალებით აუწყა, რომ მამა არასდროს დაბრუნდებოდა. სწორედ მაშინ გაიგო ლელიმ პირველად, რომ მამამ მაშინ მიატოვა, როცა დაბადებულიც არ იყო… ჩვენ მას არ ვჭირდებით, მას სხვა ოჯახი ჰყავს, სხვა ცოლი და სხვა შვილებიო, _ დასძინა დედამ. სწორედ მაშინ მოეჩვენა ლელის, რომ ის სამყარო, რომელშიც მამასთან ერთად ცხოვრობდა და რომელსაც ნახატებში აცოცხლებდა, დაიმსხვრა. მას ეგონა, რომ მამა დროებით იყო წასული, რომ ის ერთ მზიან დღეს აუცილებლად დაბრუნდებოდა. აღმოჩნდა, რომ ეს აუხდენელი ოცნება იყო, რომ მამას სხვა შვილები ჰყავდა და ლელი სრულიადაც არ უყვარდა. აი, მაშინ შესძულდა ის სხვა შვილები, ეგონა, ის ბავშვები იყვნენ დამნაშავენი იმაში, რომ მამას ლელი არ ახსოვდა. ლელი გონებაში ხშირად წარმოიდგენდა ხოლმე მამას იქ, უცნობ ქვეყანაში, თავის სხვა შვილებთან ერთად მოისეირნეს, გაღიმებულს, ბედნიერს და ეს წარმოდგენა გულს უკლავდა. მერე ამავე წარმოსახვით დაუშვებდა, როგორ შეცურავდნენ ზღვაში მამის ახალი შვილები და როგორ დაიხრჩობოდნენ, მამა კი მათ გადარჩენას ვერ შეძლებდა. ან ავტობუსით მგზავრობისას დიდი ავარია მოხდებოდა და ისინი კლდეზე გადაიჩეხებოდნენ. შემდეგ მამას აუცილებლად გაახსენდებოდა ლელი და ჩამოაკითხავდა…
ყველაფერ ამას ლელი დეტალებში წარმოიდგენდა ხოლმე, მერე კი ფუნჯით ქაღალდზე გადაჰქონდა… შემაძრწუნებელი ნახატები გამოსდიოდა დასახიჩრებული ბავშვების გვამებით. ლელის კი ეს ამშვიდებდა… თან თავს ინუგუშებდა, რომ მამამ არ იცოდა, როგორ ენატრებოდა ლელის, როგორ დაუცველად გრძნობდა თავს მის გარეშე, თორემ აუცილებლად დაბრუნდებოდა. სწორედ მაშინ მისცა თავს პირობა, როცა გაიზრდებოდა, აუცილებლად მოძებნიდა მამას და თავს შეახსენებდა…
თოვლის ბაბუამ კი სურვილი უცნაურად შეუსრულა _ ერთი წლის შემდეგ დედა გათხოვდა და ლელის ახალი მამა მოევლინა…
თექვსმეტი წლისამ უკვე იცოდა, რომ დიზაინერი გახდებოდა. ამის შესახებ დედას გამოუცხადა, თან დააყოლა, რომ სწავლის გაგრძელება მოსკოვში სურდა. დედა გაქვავდა.
_ რატომ შვილო, ასე შორს რატომ გინდა ჩემგან ყოფნა?
_ მინდა, მამა მოვძებნო, _ მტკიცედ დადგა თავისაზე.
_ მაგრამ ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს, თანაც ახლა არც ისე ადვილია მოსკოვის უნივერსიტეტებში საბუთების შეტანა. ხომ იცი, რა დროა…
ლელიმ გაიაზრა დედის ნათქვამი და გადაიფიქრა. იცოდა, მის ამ ოცნებას ფრთებს ვერასდროს შეასხამდა, ამიტომ სწავლის გაგრძელება თბილისში გადაწყვიტა, ხოლო შემდეგ, როცა ცნობილი გახდებოდა, შეკვეთებს დააყრიდნენ და ფულს დააგროვებდა, აუცილებლად გაემგზავრებოდა მოსკოვში და მამას მოძებნიდა…
_ მაინც რატომ გინდა მასთან შეხვედრა? _ ვერ მოისვენა დედამ, _ მან შენ მიგატოვა, მეც მიმატოვა. ჩვენ მისთვის უცხო ადამიანები ვართ. წარმოიდგინე, რა სასაცილო სიტუაციაში აღმოჩნდები, როცა სრულიად უცხო ადამიანს მიადგები და ეტყვი, «გამარჯობა, მე შენი შვილი ვარ». გგონია, დაგიჯერებს?
_ დედა, შენ ყოველთვის გაურბოდი მამაზე საუბარს. ერთ-ორ სიტყვას გადმომიგდებდი და თავიდან მიშორებდი. მაგრამ ახლა მე პატარა აღარ ვარ. ვიცი, რასაც ვაკეთებ. მან ხომ არც იცოდა ჩემი არსებობის შესახებ. მინდა, ვნახო, ვუთხრა, რომ მე ვარსებობ. ვნახოთ, როგორ მიმიღებს, ვნახოთ, რა რეაქცია ექნება. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
_ ღმერთო ჩემო, ლელი, ნუთუ თავმოყვარეობის ნატამალი არ გაგაჩნია?
_ როცა საქმე ღვიძლ მამას ეხება, არ გამაჩნია. იმაზე დიდი ტკივილი რა უნდა მომაყენოს? ხელს მკრავს და უარს იტყვის ჩემზე? ამას ჩემს თავმოყვარეობასთან საერთო არაფერი აქვს, მას კი სინდისი დატანჯავს. ის აუცილებლად ინანებს, რომ მიგვატოვა, აი, ნახავ.
_ არა, ლელი, არაფერსაც არ მოიმოქმედებ, სანამ ცოცხალი ვარ! _ იყვირა ლაკომ, _ გიკრძალავ ამ თემაზე საუბარს და იმ კაცზე ფიქრსაც. არ მინდა გული გეტკინოს. შეიძლება იდეალური დედა ვერ ვარ, მაგრამ შენ ჩემი პირმშო ხარ, ყველაზე ტკივილიან წლებში გაჩენილი და ყველაზე ტკივილიანად გაზრდილი. არ მინდა, ჩემსავით იმედაგცრუება დაგეუფლოს და სიცოცხლის ბოლომდე გაგყვეს. მინდა, ბედნიერი იყო. მე ის გავაკეთე შენთვის, რაც შევძელი, დანარჩენი შენზეა დამოკიდებული.
_ შენ რა გენაღვლება, დედა! _ ვერ მოითმინა მაშინ ლელიმ და პირში მიახალა ლაკოს, რასაც ფიქრობდა, _ შენ ქმარი გყავს, ბიბი გყავს, მე გყავარ… კარგად ხარ, კომფორტულად. მე კი… მე კი, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მარტო ვარ. მაწვალებს იმაზე ფიქრი, რომ სადღაც მამა მყავს და რომელმაც არაფერი იცის ჩემ შესახებ. ამიტომ აუცილებლად მოვძებნი მას, დანარჩენი მერე გამოჩნდება.
და ლელი მოთმინებით დაელოდა, როდის გავიდოდა წლები, როდის წამოვიდოდა თბილისში და დამოუკიდებელ ცხოვრებას შეუდგებოდა. სწორედ მომავალ წლებს უნდა გადაეწყვიტა მისი მომავალი…
იმ დღიდან ლელიმ წლების ათვლა დაიწყო…
გაგრძელება იქნება ორშაბათს