ჩაირიცხა თუ არა, საშინელებების ხატვას თავი დაანება. აღარ წარმოიდგენდა გარდაცვილ დედმამიშვილებს, მაგრამ გულის სიღრმეში მათ მიმართ სიძულვილს მაინც გრძნობდა.
თბილისში ჩამოსვლის შემდეგ დედას იშვითად ეხმიანებოდა, ასე უფრო მშვიდად იყო. ახალი მეგობრების შეძენას გაურბოდა, მხოლოდ ერთ-ორ გოგონას დაუახლოვდა, მათ შორის იყო ქეთი. ჰქონდა რამდენიმე პატარა რომანიც, რომელიც დიდხანს არასდროს გაგრძელებულა, რადგან ურთიერთობის დაწყებიდან ცოტა ხანში ხვდებოდა, რომ ეს არ იყო სიყვარული და სწრაფად წყვეტდა ურთიერთობას მამაკაცებთან. სამაგიეროდ, გულმოდგინედ სწავლობდა. მესამე კურსიდან მუშაობაც დაიწყო, რომ გზის და საჭმლის ფული არ მოჰკლებოდა. პარალელურად მამას ეძებდა, თუმცა ამაოდ. ქეთის მეშვეობით მოსკოვშიც გაიჩინა ნაცნობები, მაგრამ რამაზის კვალს ვერ მიაგნო. მერე ქეთის მეგობარმა პოლიციელმაც აღუთქვა დახმარება. ესეც ფუჭი დაპირება აღმოჩნდა. იქნებ აღარც არის ცოცხალი და ტყუილად ირჯება ლელი? არა უშავს, თუ ღმერთს უნდა, აუცილებლად შეახვედრებს მამას, ეს განგების გადასაწყვეტია და არა მისი. თუ ვერასდროს იპოვის მას, ლელი თავის ცხოვრებას გააგრძელებს. რა მოხდა მერე, განა ცოტა ადამიანი იზრდება ამქვეყნად უმამოდ და უდედოდ? ყველაფერი ხდება, ამიტომ გული არ უნდა გაიტეხოს.
აი, სულ ეს იყო მისი ცხოვრების მინი-ნოველა, რომელსაც სოსოს გაცნობა და მასთან დაახლოება მოჰყვა.
ახლა ხვდება, რომ დიადი სიყვარული არც სოსოსთან აკავშირებდა. ეს ყველაფერი მან გამოიგონა მხოლოდ იმისთვის, რომ მარტოობას გაჰქცეოდა. ასე რომ არ იყოს, იონა რატომ უნდა მოსწონებოდა? თუ ერთი უყვარდა, სხვაზე რატომღა უნდა ეფიქრა? ეს იმის დამადასტურებელი იყო, რომ სოსო არ უყვარდა, ან ისე არ უყვარდა, როგორც წესით და რიგით უნდა ჰყვარებოდა.
იონა კი სწორედ მაშინ დაუდგა გვერდით, როცა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა ყველაზე ძალიან გაუჭირდა და სასოწარკვეთილებას მიეცა. ის თბილად ეპყრობოდა, ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, კომპლიმენტებსაც არ აკლებდა. ჰოდა, იფიქრა, რომ სწორედ იონა იყო მისი ოცნების მამაკაცი. თუმცა ამაში ახლა ნამდვილად ეპარებოდა ეჭვი. მას მაშო ჰყავდა, ისინი სხვა წრის წარმომადგენლები არიან, ელიტამდე ლელის ბევრი უკლია, ამისთვის თავდაუზოგავი მუშაობა, სახელის მოხვეჭა და პროფესიონალიზმია საჭირო. თუ ერთს კარგად გაუკეთებს ეზო-ბაღს, ის მეორეს ეტყვის, მეორე _ მესამეს და ასე, თანდათანობით აიწევს საფეხურიდან საფეხურამდე. მერე ვიღაც ინტერვიუს აიღებს მისგან, ვიღაც ეკრანზე გამოაჩენს და… ასე გაკეთდება კარიერა. ლელიმ ეს იცის და ამიტომ მიისწრაფვის ასე შეუპოვრად მიზნისკენ.
მასა და იონას შორის კი ისეთი არაფერი მომხდარა. ის მამაკაცია, ცოტათი გაერთო ლელისთან. მერე რა? ამდენი ხანია, ერთ სახლში ცხოვრობენ. იო მიეჩვია, მერე მისი მოფერებაც მოუნდა. გასაკვირი არაფერია, ასეთები ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხდება. დროებით გადაერთო მასზე და მორჩა. იონას ოცნების ქალი რომ მაშოა, წყალი არ გაუვა, ამას ლელი თვალნათლივ ხედავს, ამიტომ არ აპირებს მათ ეკალივით გადაეღობოს. ქეთი კი არ არის, ორ საუკეთესო მეგობარს შორის ხიდი ჩატეხოს. აი, ეს არის უპირველესი მიზეზი, რის გამოც იონას არ უნდა შეხვდეს და არც ფლირტის საშუალება მისცეს. ის სათამაშო არ არის. ამიტომ წინა პლანზე მხოლოდ საქმიანი ურთიერთობებია საჭირო.
ლინდა საგურამოში ჩავიდა და მუშებთან ერთად კიდევ ერთხელ დაიარა იონას ეზოს ტერიტორია. ყველაფერი ბლოკნოტში ჩაინიშნა, რა იყო კარგად გაკეთებული და რაში უნდა შეეტანა კორექტივები. იონამ დაურეკა და უთხრა, საღამოს, ხუთი საათვისთვის მოვალთ მე და მაშოო. რა თქმა უნდა, ერთ დღესაც ორივენი სამუდამოდ გადმოვლენ აქ საცხოვრებლად. სწორედ ამისთვის ემზადება იონა.
როცა მუშებს გამოემშვიდობა, სასტუმრო ოთახში შევიდა, სულიკოსთან ცოტა ხანს ისაუბრა, ყავა დალია და თავის ნოუთბუკს მიუჯდა. გუშინ ახალი შეკვეთა მიიღო და დამკვეთს წერილი გაუგზავნა, რათა თავისი მოსაზრებები გაეცნო და თუ მოიწონებდნენ, პროექტის შედგენასაც შეუდგებოდა.
_ დიზაინერული ხელოვნების ოსტატებს მივესალმებით, _ გაისმა მოულოდნელად იონას ხმა.
ღმერთო, რა კარგია ამ პიჯაკში, როგორ უხდება ნათელი ფერები! _ გაიფიქრა აღტაცებულმა, როცა მამაკაცს შეხედა. როგორი მართალია გამოხედვა აქვს. შეუძლებელია, ასეთი თვალები ტყუოდნენ. შეეცადა, გონებაში აღედგინა, რა ფერის თვალები ჰქონდა სოსოს. რა თქმა უნდა, ახსოვდა _ თაფლისფერი. და რა იკითხებოდა მის თვალებში? უსაფრთხოება, უშფოთველობა, სიმშვიდე… მაგრამ სიყვარული? სინაზე? მზრუნველობა? სამწუხაროდ, არა.
_ გაგიმარჯოს, იო, _ სახელის შემოკლებული ვარიანტი უნებურად წამოსცდა და დაფრთხა. ასე მხოლოდ მაშო მიმართავდა მამაკაცს, მას ამის უფლება არ ჰქონდა.
იონას ჩაეღიმა… უცნაურად. ამ ღიმილში კმაყოფილებაც იგრძნობოდა და გულდაჯერებულობაც.
იონამ მინერალური წყალი დაისხა და ლელის გვერდით მიუჯდა, დივანზე.
_ დავამთავრეთ სამუშაო?
_ მგონი კი. მცირე შენიშვნები მქონდა და მას ხვალვე გაასწორებენ ბიჭები.
_ მიხარია.
_ არ დაათვალიერებ?
_ ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც მე გამიხარდებოდა. რაც შეეხება მცირე შენიშვნებს, ხომ იცი, მე მაინც ვერ მივხვდები ამას, ასე რომ, აზრი არა აქვს.
_ იქნებ მაშოს მაინც ენახა? _ შეყოყმანდა ლელი.
_ მაშო რა შუაშია? თანაც, ის დღეს ვერ მოვა. ნუ ნერვიულობ, მე მჯერა შენი კეთილსინდისიერების. ვიცი, რომ ზერელედ არ უდგები საქმეს.
_ და მერე რამე რომ არ მოეწონოს? _ გაჯიუტდა ლელი.
იონამ მხრები აიჩეჩა.
_ ეს ჩემი სახლია და მთავარია, მე მომეწონოს. ასე რომ, საქმეს ნუ ართულებ.
_ მაგრამ მანაც ხომ უნდა იცხოვროს ამ სახლში… _ სუნთქვა შეეკრა ქალს, სანამ ამას იტყოდა.
მამაკაცს, რომელიც ამ დროს წყალს სვამდა, ყლუპი სასულეში გადასცდა და ხველა აუტყდა.
_ ამ სახლში რატომ უნდა იცხოვროს? ჩემს გეგმებში არ შედის საკუთარ დასთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, მას თავისი ბინა აქვს.
_ საკუთარ დასთან? _ გაოგნებულმა ლელიმ მეტყველების უნარი დაკარგა.
ნუთუ ეს მართალია? ნუთუ მაშო იონას დაა და არა საცოლე ან საყვარელი? ესე იგი, შეუძლია, სცადოს? მხოლოდ სცადოს, დაუახლოვდეს იონას და ამის გამო თავი მოღალატედ არ იგრძნოს? ეს სასწაულია!
_ მაპატიე, _ შვებამოგვრილმა გაიცინა, _ ამდენი ხნის განმავლობაში მეგონა, რომ მაშო შენი… შენი საცოლე იყო.
_ აბა შენა ხარ, რა! განა ასეთი ურთიერთობა გვქონდა? ჩვენ შორის მსგავსი რამე იგრძნობოდა? ვერც წარმოვიდგენდი, ასეთი მდიდარი ფანტაზია თუ გქონდა.
_ მაგრამ სხვადასხვა გვარი რომ გაქვთ?
_ მაშო ქმრის გვარზეა და იმიტომ. ჯერ განქორწინება არ გაუფორმებიათ და გვარი ამიტომაც შერჩა. ეჰ, შენ ბევრი რამ არ იცი ჯერ, მაგრამ მოვა დრო და ყველაფერს გაიგებ, ჯერ ადრეა შენთვის მეტის ცოდნა, _ ეშმაკურად გაუღიმა იონამ.
ლელიმ კვლავ იგრძნო ბედნიერების ცდუნება, სწორედ ისე, როგორც იმ საღამოს, იონამ რომ პირველად აკოცა და როცა კინაღამ წყალში ჩავარდა. ამწუთას საშინლად მოუნდა, ემღერა და ეცეკვა ყოველგვარი მიზეზის გარეშე. სიამოვნებით ავიდოდა ახლა მაგიდაზე და იქ დაუვლიდა. მაგრამ ამას ვერ იზამდა. ხომ არ აფიქრებინებდა იონას, რომ ქალი გაგიჟდა და სასწრაფოდ ფსიქიატრიულშია წასაყვანიო. სამაგიეროდ, შეეძლო ეცქირა მამაკაცისთვის თამამად, ყოველგვარი მორიდების გარეშე. ამიერიდან სინდისის ქენჯნა აღარ შეაწუხებდა, რომ სხვის კაცს დაადგა თვალი. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს მხრებიდან მძიმე ტვირთი მოეხსნა, არა, ტვირთი კი არა, მთელი მთა _ თავისი ხეებითა და ქვა-ღორღით. რადგან მაშო მისი დაა, ლელის არაფერი უშლის ხელს იონას გულის მოსანადირებლად.
მაგრამ იონამ იგი უცებ ჩამოხსნა მეცხრე ციდან.
_ როგორ არის ჩვენი ძვირფასი სოსო?
თითქოს ყინულიანი წყალი გადაასხესო. ღიმილი მწრაფლ გაუქრა სახიდან. ბედნიერების შეგრძნება მოულოდნელად სადღაც გაქრა. ამ ტონით რატომ ელაპარაკება? მას არა აქვს უფლება, ასეთი ცინიზმით მიმართოს ლელის.
საკმაოდ ცივად მიუგო:
_ არაჩვეულებრივად არის, დიდი მადლობა.
იონას აშკარად ეტყობოდა, ართობდა ლელის გამოხედვა. იგი თვალს არ აშორებდა მის სახეს.
_ ისევ მიბრაზდები? ვხედავ, რომ საყვარელი ადამიანის სახელის ხსენება სიხარულს კი არ განიჭებს, პირიქით, სრულიად საპირისპირო გრძნობებს იწვევს შენში. ხომ არ ვცდები?
_ რატომ მეირონიავები? შენ რა იცი, მე რას ვგრძნობ? _ აფეთქდა გოგონა, _ ჩვენ კარგად ვართ ერთმანეთთან! მას მე ვუყვარვარ, მე _ ის.
იონამ გაიღიმა. დამცინავად, რა თქმა უნდა, ასე მოეჩვენა ლელის. რატომაც არა. თუნდაც ასე იღიმოდეს, მაინც იმ პრინცს ჰგავს, კონკიას რომ დაეძებდა ქოშით ხელში. უეცრად ხელზე მამაკაცის თითების შეხება იგრძნო. ეს დამამშვიდებელ ჟესტს ჰგავდა. ისეთი თბილი და რბილი თითები ჰქონდა იონას, რომ… მაგრამ არა, ლელიმ ცდუნებას გაუძლო და ხელი გამოსტაცა.
_ ტყუილად ნერვიულობ. რა შუაშია ირონია? განა ჩემს ინტონაციაში ირონია იგრძნობოდა? ცილს ნუ მწამებ. იცი? ორ-სამ კვირაში ახალსახლობა უნდა აღვნიშნო და შენ დაპატიჟებული ხარ, მაგრამ შენი სოსო _ არა. მაპატიე. ვიმედოვნებ, ჯერ ნიშნობა არ გქონიათ?
_ ვერ მოვასწარით, _ ნიშნის მოგებით მიუგო ლელიმ, _ მოპატიჟებისთვის მადლობა, მაგრამ მის გარეშე არ მოვალ.
იონამ კვლავ გაიღიმა, კვლავ ირონიულად.
_ გამიხარდება, თუ გადაიფიქრებ.
ლელი წამოდგა, ქვედაბოლო მუხლებამდე ჩამოიქაჩა და ამოოხვრით თქვა:
_ ჩემი წასვლის დროა.
წარსულში, როცა ერთად იყვნენ, ლელი სოსოს მხოლოდ დადებით მხარეებს ამჩნევდა. ახლა პირიქით, მისი ნაკლოვანებების აღნუსხვა დაიწყო. თანდათან იხსენებდა, რას ლაპარაკობდა მასზე ქეთი, როგორ ახასიათებდა, შიგადაშიგ ლანძღავდა კიდევაც, რაც ლელის აღიზიანებდა. სამაგიეროდ, ახლა ხვდებოდა, რომ ქეთი ბევრ რამეში მართალი იყო. ერთ რამეს ვერ ხვდებოდა მხოლოდ, რატომ ცხოვრობდა სოსოსთან, რადგან მისი სიმპათიურობაც აღარ ეჩვენებოდა ისე მომაკვდინებლად, როგორც ადრე. ჰო, მაღალია, მაგრამ ზედმეტად აწოწილი. სპორტით არ არის გატაცებული, სმით კი იცოცხლე, დღეს არ «გამაზავს». ლამაზი სახე აქვს, თუმცა ლელის ბოლო დროს ძალიან ნაზი და ქალური ეჩვენება მისი სახე. მის ქალურობას კიდევ ერთი დეტალი ავსებდა _ სოსო როკერივით გრძელ თმას ატარებდა, თუმცა როკთან საერთო არაფერი ჰქონდა. იქნებ იმიტომ ეჩვენება ასე, რომ ქვეცნობიერად იონას ადარებს? ეს უკანასკნელი კი სრულიად განსხვავებული ტიპაჟია. თითქოს სხვა პლანეტიდან არის ჩამოსული, ზღაპრიდან გადმომხტარი პრინცია. ამჯერადაც ხომ არ ცდება? ერთ დროს სოსოსაც ასე აღმერთებდა… ლელის ვერ გაეგო, რა ემართებოდა.
სხვანაირი გახდა მათი ურთიერთობა. ლელი იმასაც მიეჩვია, რომ ისე აღარ ემორჩილებოდა სოსოს, როგორც ადრე, როცა მისი გულისთვის ბევრ რამეზე ხუჭავდა თვალს და თავზე დაჰფოფინებდა საყვარელ მამაკაცს. ის აღარ იყო სოსოს მფარველი ანეგლოზი, ამასთან, არც დამლაგებელი, არც მზარეული და არც მრეცხავი. ის ახლა იყო ქალი, რომელმაც თავისი თავის ფასი იცის. სოსომ შესთავაზა, ჩემთან გადმოდი საცხოვრებლად, ან მე გადმოვალ შენთანო, მაგრამ უარი უთხრა. მამაკაცმა ვერა და ვერ მოიგო მისი გული. ლელის რაღაც აკავებდა.
აი, დღესაც, სოსო სერიოზულად გაბრაზდა. ჩინურ რესტორანში სადილობდნენ, როცა სოსომ კვლავ ძველ თემაზე ჩამოუგდო საუბარი.
_ პატარავ, ბოლოს და ბოლოს, დაფიქრდი, რა გინდა. მე საცდელი კურდღელი კი არ ვარ, მსურს, ქალი მყავდეს გვერდით.
ლელის გული უცნაურად შეუქანდა.
_ კარგი, სოსო, შაბათ-კვირამდე მოვიცადოთ. ცოტათი გავთავისუფლდები და მერე აღვნიშნოთ ჩვენი შერიგება.
სოსო გამოცოცხლდა.
_ მაგარია! მოდი, კარგი საღამო მოვაწყოთ და ჩემს თანამშრომლებსაც დავპატიჟებ, გაგაცნობ.
ლელის იდეა არ მოეწონა.
_ კი მაგრამ, თუ ჩემთან ყოფნა გინდა, სხვების დაპატიჟება რა საჭიროა?
_ კარგი, მაშინ მათთან ერთად სადმე კაფეში დავსხდეთ და მერე მე და შენ ჩემთან წავიდეთ.
_ თუ ასე გინდა, იყოს ასე, _ უხალისოდ დაეთანხმა ლელი, _ ოღონდ ცოტა ხნით და იმ პირობით, რომ არ დალევ.
_ კარგი, მოვილაპარაკეთ.
სოსომ ბოლო ყლუპი ჩაი მოსვა, ლელის ხმაურით აკოცა ტუჩებში და უნდა გავიქცეო, გამოუცხადა. დანახარჯის გადახდამ ლელის მოუწია. ადრე ამას ყურადღებას არასდროს აქცევდა, ხან თვითონ იხდიდა, ხან სოსო. ახლა კი… რაც დრო გადიოდა, მით უფრო ემსგავსებოდა სოსო ალფონსს, რომელიც ცდილობდა, ლელის ხარჯზე ეცხოვრა. იქნებ არ არის ასე? ხომ არ აჭარბებს? იქნებ ეჩვენება?
გაგრძელება იქნება