გოჩა აბაშიძე 1937 წელს საჩხერის რაიონში დაიბადა, მოგვიანებით ოჯახთან ერთად თბილისში გადავიდა საცოხვრებლად. სამსახიობო კარიერაში დღემდე დასამახსოვრებელი კინოგმირები შექმნა ისეთ ფილმებში, როგორიც არის: "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან", "ცისკარა", "აბეზარა", "მაია წყნეთელი", "გლახის ნაამბობი". მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე ფილმში მიიღო მონაწილეობა, მან სამუდამოდ დაამახსოვრა თავი მაყურებელს.
მამა დაპატიმრებული და გადასახლებული გახლდათ, როდესაც დედა მეორედ გათხოვდა. მამა რომ დაბრუნდა, შერიგებას სთხოვდა მეუღლეს...
გოჩა აბაშიძე უკვე კინოვარსკვლავი იყო, ნუნუ გაბუნია ცოლად რომ მოიყვანა. მაშინ ქალბატონ ნუნუს სკოლაც კი არა ჰქონდა დამთავრებული – 16 წლის იყო, გოჩა აბაშიძე კი – 19 წლის. ერთმანეთი ნუნუს უახლოესი მეგობრის, ლია თოხაძის მამიდაშვილის დაბადების დღეზე გაიცნეს.
წყვილს მალე ქალიშვილი შეეძინა. გოჩას ძალიან უნდოდა, ბავშვისთვის ხათუნა დაერქმიათ, ნუნუს – მანანა. ცოლ-ქმარი კარგა ხანს დავობდა, ბოლოს გოჩამ დათმო, მაგრამ აკვანს რომ არწევდა, კარგა ხანს „ხა-თუ-ნა, ხა-თუ-ნას“ ეძახდა. სხვათა შორის, მანანამ გორში „მაია წყნეთელის“ გადაღებების დროს აიდგა თურმე ფეხი.
"გოჩა ჩემი მეგობრის მამიდაშვილის დაბადების დღეზე გავიცანი. იქ ახალგაზრდა მსახიობები: გურამ გოგავა, ნოდარ ფირანიშვილი, ნუკრი ალხაზიშვილი და გოჩა აბაშიძე ჰყავდათ დაპატიჟებული... ჩემმა მეგობარმა, ლია თოხაძემ ძალით წამიყვანა. მაშინ პირველად ვიცეკვე ბიჭთან - ნუკრი ალხაზიშვილთან. რას ვიფიქრებდი, რომ მერე ის ჩემი შვილის ნათლია გახდებოდა. საღამოს შინ გოჩამ მოგვაცილა. მეორე დღეს ვიღაც მოვიდა. კარი გავაღე და - გოჩა! ასე უბრალოდ შემოვიდა ჩვენს ოჯახში და დაგვიახლოვდა. მოდიოდა ყოველდღე, იჯდა, გვიამბობდა ათას ამბავს.
გოჩასთან ისე დავმეგობრდი, რომ საიდუმლოსაც კი ვანდობდი. მხოლოდ მან და ჩემმა მეგობარმა გოგოებმა იცოდნენ, რომ მომწონდა "ცისკარაში" მთავარი როლის შემსრულებელი თამაზ ტოგონიძე. მისი სურათიც კი მქონდა ამოჭრილი საგანგებოდ...
გოჩა, ერთ დღეს სიყვარული ამიხსნა და მითხრა, - თავს მოვიკლავ, შენ რომ სხვას გაჰყვეო. ვუთხარი, აღარ მოხვიდე, ვიდრე არ გადაგივლის ეს გრძნობა-მეთქი. წავიდა და რამდენიმე დღე არ მოსულა. ერთ დღეს კი ის და მისი მეგობარი სოსო ხელაშვილი მოვიდნენ. ტიროდა, თავს არ ვიცოცხლებო. სოსომ მითხრა, ხიდიდან მტკვარში ხტებოდა, თავს იკლავდა, შენ რომ ხელი ჰკარიო... კარგი, ხვალ მოდი-მეთქი... ვიფიქრე, თავს რამეს მაინც აღარ აუტეხავს-მეთქი. იმასაც განვიცდიდი თამაზ ტოგონიძეზე რომ აღარ უნდა მეფიქრა... არაფერი მინდა, ხელი მოვაწეროთ და დავმშვიდდები, სხვას ვეღარ გაჰყვებიო. როცა შენ მეტყვი, მერე წამომყევიო"- იხსენებდა ნუნუ გაბუნია.
24 წლის გარდაიცვალა... თავი მოიკლა... საზოგადოება შეძრა ამ ამბავმა, ჭორები უმალ აგორდა, ამბობდნენ გოჩამ თავი ლეილას გამო მოიკლაო, თუმცა, აი, რას ამბობს მისი მეუღლე ნუნუ გაბუნია ერთ-ერთ ინტერვიუში:
"თეთრ ქარავანში" მთავარ როლზე დაამტკიცეს. იმ პერიოდში გოჩამ მანქანა ვიღაც სომეხ კაცს მიჰყიდა. ნაწილი ფულისა აიღო, მეორე ნაწილი მანქანის გაფორმების მერე უნდა მიეღო. იმ კაცს ვერ გაუფორმებია და ფული უკან მოუთხოვია. გოჩამ კი ფული ვისაც მიაბარა, იმას დაუხარჯავს. მევალე სადარბაზოში უდარაჯებდა ხოლმე და ფანჯრიდან უხდებოდა სახლში შესვლა. კინოსტუდიაში მისულა, ავანსი მოუთხოვია... იქ კი უდიერად მიუხლიათ, - მოხსნილი ხარ როლიდანო.
თავს მოვიკლავო... შენ კი არა, შავგულიძე მოკვდა და არავინ გადაჰყოლიაო. ამ დროს სტუდიაში ლეილა აბაშიძე და დევი აბაშიძე მისულან სულ სხვა საქმეზე. გოჩა გიჟივით რომ გამოვარდნილა, დევის ლეილასთვის უთხოვია, - გაჰყევი, რამე არ მოიწიოსო. გოჩა შინ მისულა და შაბიამანი დაულევია. სასწრაფო გამოიძახეს. სასწრაფოს მანქანაში ლეილაც ჩაჯდა. ამიტომ ყველა ალაპარაკდა, ვითომ მის გამო მოხდა ყველაფერი... არადა, მთავარი მიზეზი როლიდან მოხსნა იყო.
გოჩამ 8 დღე იცოცხლა. სიკვდილის წინაღამეს უმღერია კიდეც ბიჭებთან... ეგონა, გადავრჩიო. სამწუხაროდ, ვერ გადაარჩინეს. შინ რომ მიასვენეს, მივედი... ვფიქრობდი, მერე არ ვინანო-მეთქი... პანაშვიდებსა და დაკრძალვაზე კი ვეღარ წავედი. მაღალი სიცხე მქონდა..."