შაბათს გამოიპრანჭა. ლურჯი კაბა ჩაიცვა, ახალი ნაყიდი. ბოლო დროს ხშირად აახლებდა გარდერობს. რატომღაც, ჩაცმის მანიამ შეიპყრო. უნდოდა, ყოველდღე ახალი ტანსაცმელი სცმოდა. ქეთის ხომ არ ჰბაძავდა? მეგობარს, რომელიც ყოველთვის ფორმაში იყო, მაკიაჟის გარეშე წამითაც რომ არ გავიდოდა ქუჩაში. იქვე, კორპუსის ქვეშ მდებარე მარკეტშიც კი არ ჩავიდოდა საშინაო სამოსით, აუცილებლად უნდა გამოეცვალა.
დღეს განსაკუთრებულ ფორმაში სურს ყოფნა. სოსოს თანამშრომლები მოვლენ და ფურორი უნდა მოახდინოს. გარდა ამისა, გუშინ სოსომ ფული სთხოვა, ხელფასამდე მასესხეო. როგორც ჩანს, წვეულებას მის ხარჯზე იხდის. ლელიმ კი ვერა და ვერ ისწავლა ჭკუა, უარი ვერ უთხრა და ორასი ლარი ჩაახუტა ბოიფრენდს.
ლელიმ ოდნავ დააგვიანა, შეგნებულად. როცა კაფეში შევიდა, ეგრევე მოკრა თვალი სოსოს მეგობრების კომპანიას, ორი მაგიდა ერთმანეთისთვის მიედგათ და ქეიფობდნენ. მათ ხორხოცს ხმამაღალი მუსიკა ერთვოდა. სოსო მიეგება ქალს და თავის თანამშრომლებს წარუდგინა. ლელის არ გამოჰპარვია სოსოს უფროსის დაჟინებული მზერა. მამაკაცი მთელი საღამო კუდში დასდევდა ქალს და მოსვენებას არ აძლევდა. ლელიმ რამდენჯერმე თვალით ანიშნა სოსოს, ეს კაცი მომაშორეო, მაგრამ სოსო ისე იქცეოდა, ვითომ ვერაფერს ხვდებოდა. სხვა თანამესუფრეები _ ორი ბიჭი და სამი გოგო საკმაოდ თავაზიანები გამოდგნენ, ისინი თბილად შეხვდნენ ლელის და მალევე გაიშინაურეს.
როცა უფროსის ყურადღება მოსაბეზრებელი გახდა, ლელიმ სუფრა მიატოვა და ჰოლში გავიდა, საიდანაც სოსოს დაურეკა.
_ რაო, პატარავ, სად გაქრი?
_ კი მაგრამ, ვერ ამჩნევ, ეს შენი უფროსი რომ მეტორღიალება? ძალიან ვიძაბები, რომ იცოდე!
_ კარგი, რა, ლელი. რაებს იგონებ. რა მოხდა მერე, ლამაზი გოგო ხარ და მოეწონე ადამიანს, რატომ ქმნი ამისგან ტრაგედიას?
ქალს სიბრაზისგან ღაწვები წამოენთო.
_ ესე იგი, შენ ეს არ გაღელვებს, _ გამოცრა კბილებში და მობილურს ისე მოუჭირა ხელი, თითქოს დამტვრევას უპირებსო, _ ძალიანაც კარგი. უჩემოდ გააგრძელეთ მოლხენა. სულ კარგად ბრძანდებოდე.
_ ლელი, ლელი! _ გაისმა ტელეფონში სოსოს ყვირილი, მაგრამ ლელიმ გათიშა. ქუჩაში გამოსულმა კი ტაქსი გააჩერა და შინ წავიდა.
ეგონა, ეს შემთხვევა წონასწორობიდან გამოიყვანდა, აფეთქდებოდა, იტირებდა, თავს დამცირებულად იგრძნობდა. მსგავსი არაფერი მომხდარა. ისე მშვიდად მივიდა სახლში, გული არაფერზე დასწყვეტია. თითქოს გაუხარდა კიდევაც _ საბაბი გამოუჩნდა, სოსო საბოლოოდ გაექრო თავისი ცხოვრებიდან.
გვიან ღამით მამაკაცმა დაურეკა, მაგრამ ლელიმ მის ზარს არ უპასუხა, მერე კი მესიჯი გაუგზავნა, ახლოს აღარ გამეკარო, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდაო. პასუხი არ მიუღია…
ამასობაში ორი კვირა გავიდა. დადგა დღე, რომელსაც მოუთმენლად ელოდა. იონა ახალსახლობას იხდიდა საგურამოში. ლელი მიპატიჟებული იყო, თან სოსოს გარეშე და ამჯერად ხელს არაფერი უშლიდა, იონას თხოვნა შეესრულებინა _ იქ მარტო მისულიყო.
რატომაც არა, სიამოვნებით წავა. ერთხელაც ნახავს იონას და ამით ყველაფერი დამთავრდება. ამის მერე მასთან შეხება აღარ ექნება. ლელის გულისთვის ახალ სახლს ხომ არ იყიდის ეზოს კიდევ ერთხელ მოსაწყობად? ნაღვლიანად გაუღიმა თავის თავს სარკეში. არა უშავს, ცხოვრება გრძელდება. თუ სოსოს გარეშე შეუძლია, იონას გარეშეც შეძლებს. მით უფრო, რომ იოსთან სიყვარული არ აკავშირებს. სამაგიეროდ, მაშოსაც ნახავს. უყვარს ეს გოგო, მან დიდი როლი ითამაშა ლელის ცხოვრებაში. ცოტას წაიჭორავებენ და ეგ იქნება.
ნახევარ საათში უკვე საგურამოში იყო. იონას სახლი ისეთი გაჩირაღდნებული დახვდა, ესიამოვნა. კარგია, რომ მის შრომას ფუჭად არ ჩაუვლია. ლამპიონების შუქზე მთელი ეზო თითქოს ხელისგულზე მოჩანდა. მაგიდები აუზის გარშემო განელაგებინათ, იდგა ერთი მხიარულება და გადაძახილ-გადმოძახილი. ზოგი ფეხზე იდგა, ზოგი სუფრას მისჯდომოდა. აუზის მეორე მხარეს, სადაც მუსიკალური ცენტრი იდგა, წყვილები ცეკვავდნენ. არა, აქ დიდხანს ვერ დარჩება. არ უყვარს უცხო გარემო. მთავარია, იო ნახოს, მიულოცოს, ცოტა ხანს მაშოს გაესაუბროს და წავა.
რადგან არავის იცნობდა, გეზი პირდაპირ ხეივნისკენ აიღო, იქ, სადაც თავისი მოპირკეთებული წყარო ეგულებოდა, სადაც პირველად იგემა იონას ტუჩების სიმხურვალე და სიტკბო. გულმა საგანგაშო ბაგაბუგი ატეხა, ხოლო მამაკაცის ნახვის სურვილი ერთიორად გაუძლიერდა.
წყაროსთან არავინ იყო. აქ საოცარი სიჩუმე გამეფებულიყო, მხოლოდ შორიდან ისმოდა მუსიკის ხმა. უკან გამობრუნდა.
მოულოდნელად მისკენ მომავალი მამაკაცი დალანდა, სწორედ ის, ვის ნახვასაც ასე ეშურებოდა, მაგრამ მოულოდნელად ადგილზე გაქვავდა. იონას გვერდით ქალი მოჰყვებოდა, რომელიც მის ხელს დაყრდნობოდა და კეკლუცად მოაბიჯებდა. დაზაფრულმა ლელიმ ირგვლივ მიმოიხედა. აქ ვერსად დაიმალებოდა ისე, რომ იონას ვერ შეემჩნია. როგორმე უნდა გადაეტანა ეს შეხვედრა, სხვა გზა არ იყო. მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნოს. ახლა ჩაისუნთქავს, მერე ამოისუნთქავს და ბოლოს თავაღერებული გაიღიმებს. აი, იონამაც შეამჩნია.
ლელი უკვე იღიმოდა.
_ საღამო მშვიდობისა, იონა, გილოცავ ახალსახლობას.
_ აქ რატომ ხარ? მადლობა და საღამო მშვიდობისა.
_ მინდოდა, უკანასკნელად შემეთვალიერებინა ჩემი ნახელავი და რა ვიცი, გავიარ-გამოვიარე ეზოში.
_ და, რა თქმა უნდა, დატკბი, არა? მაგარი ხელი გაქვს, ლელი, უნდა ვაღიარო. აქაურობა დადიანების სასახლეს დაემსგავსა. ჰო, მართლა, გაიცანი, ეს ვანდაა.
ლელიმ იონას თანამგზავრს შეხედა და წამით თვალთ დაუბნელდა. მის წინ ქეთი იდგა, მისი საუკეთესო მეგობარი. ეს რა ბოროტი ხუმრობაა? რაში დასჭირდა ქეთის სახელის შეცვლა? ან… ან… აქ საიდან გაჩნდა? ნუთუ იონას…
ფიქრი გაუწყდა, ხმა ჩაუწყდა და ძლივს ამოთქვა:
_ სასიამოვნოა.
ქეთი-ვანდა კი ისე შესცქეროდა, თითქოს პირველად ხედავდა ლელის. ძალიან მხიარულად მიესალმა:
_ კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა.
უბიწო ქალწულის როლს არ თამაშობს? მთლად წასულა ეს გოგო ხელიდან. ლელი ამას არ ელოდა. ცოტათი მოსუქებულა და კანიც გამუქებია. ალბათ გარუჯულია. სხვა მხრივ ისევ ის ქეთია, რომელსაც იცნობდა. არადა, ადრე არასდროს ირუჯებოდა, კანს აბერებსო. როგორც ჩანს, ახალი წესები დანერგა ცხოვრებაში. ამას ლელისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი ისაა, რომ მან კვლავ აჯობა. სოსოს ხომ დააშორა და ახლა იონა დაუთრევია, თან ისე იქცევა, თითქოს ლელის სულაც არ იცნობდეს. ალბათ სულელივით გამოიყურება. ქეთი კი, როგორც ჩანს, გულში გამარჯვებას ზეიმობს. რა უნდა ნეტავ მისგან, რა დაუშავა?
_ კარგი, წავალ, დაგტოვებთ, _ ნაძალადევად გაიღიმა ლელიმ და წყვილს გვერდი აუარა.
რაც უფრო შორდებოდა ქალსა და მამაკაცს, მით უფრო უჩქარებდა ნაბიჯს. ერთი სული ჰქონდა, დროზე გასცლოდა აქაურობას და თბილისში გაქცეულიყო. მოულოდნელად ჭიშკართან მაშოს შეეჩეხა.
_ ლელი, სად მიიჩქარი? გენაცვალე, როგორ მომენატრე, როგორ ხარ? _ მაშომ გადაკოცნა, _ რამდენი ხანია, არ მინახავხარ. როდის მოხვედი? ამაღამ ხომ დარჩები ჩვენთან? შენი ოთახი, ხომ იცი, ისევ შენს განკარგულებაშია. იონა არავის გვაძლევს შენი ოთახის დაკავების უფლებას, რატომღაც… _ და გოგონამ ეშმაკურად გაიღიმა.
პასუხად ლელი იძულებული გახდა, გაეღიმა, მაგრამ თვალებში ცრემლი გაუბრწყინდა, რაც მაშოს შეუმჩნეველი არ დარჩენია.
_ რამე შეგემთხვა? ვინმემ ხომ არ გაწყენინა? წამოდი ერთი ჩემთან! _ შეშფოთებული ხმით დააყარა შეკითხვები მაშომ და სახლისკენ წაიყვანა.
ორივენი იონას სამუშაო კაბინეტში შევიდნენ. აქ კი თავი ვეღარ შეიკავა ლელიმ და აქვითინდა.
_ მეტის ატანა აღარ შემიძლია, მაშო, _ სლუკუნით დაიწყო, _ ჯერ იყო და, სოსო წამართვა. ნუ კარგი, ეს უკეთესიც გამოდგა ჩემთვის, დროულად დავინახე, ვისთან მქონდა საქმე და საბოლოოდ გაწვყვიტე მასთან კონტაქტი. მაგრამ ახლა… წეღან იონასთან ერთად დავინახე. ხელგადახვეულები ერთად… მე კი მის სანახავად მოვედი… მოვედი იმიტომ, რომ… ის კი მასთან ერთად…
სიტყვებს ერთმანეთს ვერ აბამდა. ერთი წინადადებაც ვერ წარმოთქვა დასრულებულად. თვალებიდან კი ღაპაღუპით სდიოდა ცრემლები, რომლებიც შავ კვალს ტოვებდნენ მის ღაწვებზე. დახატული თვალები ერთიანად ამოუშავდა.
_ მოიცა, საყვარელო, დაწყნარდი და ისე მომიყევი, რა მოხდა. ვინ ნახე, რაზე მელაპარაკები, ვერაფერს მივხვდი.
_ ქეთიზე გეუბნები. ის ჩემი დაქალია, უფრო სწორად, ყოფილი დაქალი.
მაშომ უჯრა გამოაღო, ქაღალდის ხელსახოცი ამოაძვრინა და ლელის თვალები ამოუმშრალა.
_ დარწმუნებული ხარ? ქეთი არ ვიცი, ვინაა, მაგრამ იო ვისთანაც ახლა სეირნობს, ქეთი არაა. მას ვანდა ჰქვია და იოს ძმაკაცმა მოიყვანა სტუმრად.
_ არა, რა ვანდა, რის ვანდა. ის ქეთია. არ ვიცი, სხვისი სახელი რატომ დაირქვა.
_ ზუსტად იცი, რასაც ამბობ? _ კიდევ ერთხელ დაეკითხა მაშო.
ლელი ამჯერად შეყოყმანდა. არა, ნამდვილად არ ეშლება. ქეთი სხვაში როგორ შეეძლებოდა? თუმცა… რაღაც სხვანაირი ხმა კი ჰქონდა, არა ისეთი, როგორიც ქეთის. თან ეს კანის ფერიც… დაეჭვებული ფანჯარას მიუახლოვდა და ეზოში გადაიხედა. იონა და ქეთი უკან მობრუნებულიყვნენ და აუზის კიდესთან დამდგარიყვნენ განცალკევებით. ლელიმ ჩანთიდან მობილური ამოიღო და დარეკა. რამდენიმე წამში ნაცნობი ხმა გაისმა.
_ ჰო, ლელი, გამიხარდა, რომ დამირეკე. ძალიან მინდა შენთან შეხვედრა.
_ ქეეთ… _ ლელიმ მისი სახელი ძლივს წარმოთქვა, _ ახლა სად ხარ?
_ სახლში ვარ, ლელი. მოიცა, არ გამითიშო, რაღაც მაქვს შენთვის სათქმელი.
სწორედ ამ დროს ქეთი-ვანდამ გადაიკისკისა. ღია ფანჯრიდან ადვილად შემოაღწია ამ სიცილის ხმამ. ლელი თვალს არ აშორებდა იონას თანმხლებს. არა, ეს აშკარად არ იყო მისი ქეთის სიცილი. ეს სხვა ვიღაც იყო, მაგრამ ძალიან ჰგავდა ქეთის…
_ მგონი, მეც მაქვს შენთან სალაპარაკო, _ შეფიქრიანებულმა უპასუხა მეგობარს, _ ახლა არ მცალია, ქეთი, ხვალ დაგირეკავ. აუცილებლად დაგირეკავ.
ლელიმ მობილური გათიშა და გაოგნებული სავარძელში ჩაეშვა.
_ მაშო, მართლა შემშლია. ეს ის არ არის. მაგრამ ვერაფერი გამიგია. ასეთი მსგავსება შესაძლებელია? სრულიად უცხო ორი ადამიანის?
_ ტყუპისცალები ხომ არ არიან?
_ არა, გამორიცხულია, ქეთის და არ ჰყავს, მით უფრო _ ტყუპისცალი.
ამ დროს კარი გაიღო და ლელის დღევანდელი დღის ამფორიაქებელი გამოჩნდა.
_ აი, თურმე სად იმალებით. ლელი, რატომ გამექეცი ასე უცებ?
ლელიმ ცივად გახედა იონას.
_ არ მინდოდა შენთვის ხელი შემეშალა, ისე სასიამოვნოდ ატარებდი დროს.
მაშომ დრო იხელთა და უჩუმრად გავიდა ოთახიდან, რათა წყვილი მარტო დაეტოვებინა, კარი კი მჭიდროდ მოიხურა.
_ გასაგებია… ესე იგი, ეჭვიანობ.
_ რა-ა? _ შეცბუნებულს სუნთქვა შეეკრა, _ ძალიან დიდი წარმოდგენა ხომ არ გაქვს შენს თავზე?
_ არა, _ იონა ღიმილით მისჩერებოდა ლელის, _ ადეკვატური შეხედულება მაქვს ჩემს თავზე. შენ კი ეჭვიანობ.
რა საყვარელი ღიმილი აქვს! არა, ლელის სულაც არ სურს მასზე გაბრაზდეს, ამიტომ სასაუბრო თემა უნდა შეცვალოს.
_ იონა, სულ რამდენიმე წუთით შემოვიარე, რომ მომელოცა. საჩუქარი არ მომიტანია, მაგრამ ამ დღეებში აუცილებლად მოგიტან. უბრალოდ, რომ არ მოვსულიყავი, არ შემეძლო. საჩუქარი კი მოგეწონება. _ სხაპასხუპით მიაყარა.
იონა მიუახლოვდა და წელზე ხელი შემოხვია. ლელი ოდნავ გაუძალიანდა. იონამ უფრო მჭიდროდ მიიკრა მკერდზე მისი სხეული.
_ ჩემი საუკეთესო საჩუქარი შენ ხარ, დღეს, ხვალ და ყოველთვის.
ლელი საკუთარ ყურებს არ უჯერებდა. გაოცებული მზერით ახედა მამაკაცს. ახედა და იმწამსვე მიხვდა, რომ მისი მოლურჯო-მომწვანო თვალების სიღრმეში იძირებოდა. და, რატომღაც, სულაც არ შეეშინდა ამის. იონას თვალები, ორ ნატეხ კამათლისტოლა ყინულს რომ დამსგავსებოდა, თავისკენ იზიდავდნენ ლელის, ნუსხავდნენ და აჯადოებდნენ.
მამაკაცი ოდნავ შეეხო ტუჩებით მის ტუჩებს და თქვა:
_ ჩემო საყვარელო დიზაინერო, იცი, როგორ მინდა, ბოლოს და ბოლოს, ჩემი საძინებელი გაჩვენო?
_ მაგრამ სტუმრები?
_ სტუმრები გაერთობიან, წამითაც არ მოიწყენენ უჩემოდ. მე კი ახლა მათთვის სწორედაც რომ ამ მცალია…
თვალები არ გაუხელია, ისე გაიღიმა. რამდენიმე წუთის წინ გაეღვიძა, იონამ ლოყაზე რომ აკოცა მაშინ, მაგრამ არ განძრეულა. მამაკაცი სააბაზანოში მიიმალა, იქიდან გამოსულმა კი ჩაიცვა, გარეთ გავიდა და ფრთხილად გაიხურა კარი, ეგონა, რომ ლელის ისევ ეძინა. მიუხედავად იმისა, რომ ადრიანი დილა იყო, მზის სხივები თავს ესხმოდნენ ლელის ბედნიერებით გაბადრულ სახეს და თვალის გახელის საშუალებას არ აძლევდნენ.
არ უნდოდა ადგომა, მაგრამ სხვა გზა არ იყო, თავს ძალა დაატანა და სწრაფად წამოიმართა. ჯერ გემრიელად გაიზმორა, მერე კი საწოლიდან გადმოხტა და სააბაზანოს მიაშურა. ჯერ კიდევ ასდიოდა იონას გამაბრუებელი სურნელი _ შოკოლადივით ტკბილი და ბადაგივით მათრობელა. სააბაზანოს კედელზე ორი პირსახოცი ეკიდა. ერთი ნამიანი იყო, ალბათ ის, რომელიც იონამ იხმარა, მეორე კი, კრემისფერი, სავარაუდოდ, ლელისთვის განკუთვნილი. გაეღიმა. მართალია, წვრილმანია, მაგრამ სასიამოვნო. უხარია, რომ იო ასე ზრუნავს მასზე… ცხელი წყლის გადავლებამ მოთენთილობა მოუხსნა.
თავისთვის განკუთვნილი პირსახოცი თმაზე ჩალმასავით შემოიხვია, მეორე, იონასი კი წელზე და საძინებელში გამოსულმა ფანჯარას მიაშურა, რათა ჟალუზები აეწია. ოთახი განათდა. ეზოში გადაიხედა, იონა აუზში ჩასულიყო და ცურავდა. «ეს ჩემი კაცია», _ გაიფიქრა კმაყოფილმა და კიდევ უფრო ბედნიერად იგრძნო თავი. ვნებიანად დაიკვნესა. წუხანდელი ღამე გაახსენდა და წამოწითლდა. ასეთი დაბნეული არასდროს ყოფილა. დაბნეული და ცოტათი უსირცხვილოც, მაგრამ ეს მერე, როცა მამაკაცის ალერსს ფეხი აუწყო და გაუთამამდა.
გაგრძელება იქნება