კინომცოდნე ბექა მაისურაძე კინოსა და თეატრის შესახებ ია ფარულავას ესაუბრა. მსახიობმა აღნიშნა, რომ ჰოლივუდიდან წამოსვლას არ ნანობს, რადგან მისთვის პრიორიტეტი საკუთარ ქვეყანაში წარმატების მიღწევა იყო:
"მაშინ სხვა ჰოლივუდი იყო, არ ვნანობ, მაგრამ, მე, ალბათ, ჰოლივუდში 20-30-იან წლებში უნდა მოვხვედრილიყავი, როდესაც გრეტა გარბო იყო ვარსკვლავი, მაგრამ არაფერს არ ვნანობ.
იგივე კითხვა ჟულიეტ ბინოშს ან ჯულია ორმონდს რომ დაუსვა, ალბათ გიპასუხებენ, რომ ძნელია იყო ჯერ ვარსკვლავი და შემდეგ არავინ აღარ იყო. ამიტომ სჯობს, შენს პატარა ქვეყანაში იყო ვარსკვლავი, ვიდრე იქ იყო 1, 2, 3 სეზონი და მერე, ალბათ, სადღაც თეატრში გააგრძელებ მოღვაწეობას“, - ამბობს ია ფარულავა.
ია ფარულავა
ია ფარულავა არაერთი წელია, ბევრისთვის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქართველ ქალად რჩება. მისი განსაკუთრებული გარეგნობით საზღვრებს გარეთაც ბევრი აღფრთოვანდა. მათ შორის იყო ოსკაროსანი მსახიობი რობერტ დე ნირო. 1987 წელს გამართულ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე ამერიკელმა მსახიობმა დაჯილდოების ყველაზე ლამაზ ქალად ია ფარულავა დაასახელა.
ყველას კარგად ახსოვს 2013 წლის ფილმი „მანდარინები“, რომელიც "ოსკარის" საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინანტი იყო, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მანამ, სანამ ამ ფილმის მსახიობები დაჯილდოებაზე მოხვდებოდნენ, უფრო ადრე კინოინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვან ცერემონიას კიდევ ერთი ქართველი მსახიობი ესწრებოდა - 1997 წლის ამ საღამოს ქართველი მსახიობი ია ფარულავა დაესწრო.
ია ფარულავა ამერიკის კინომსახიობთა გილდიის (SAG-ის) წევრია და 1993 წლიდან 1998 წლამდე ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა.
აშშ-ში ცხოვრებისას იგი მრავალ მუსიკალურ კლიპში, სარეკლამო რგოლსა და დაბალბიუჯეტიან ფილმში გადაიღეს.ცნობილი ფაქტია, რომ ია სტივენ სპილბერგის ფილმის, “შინდლერის სიის“ შესარჩევ კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას, სადაც იგი ნაცისტი გენერლის ებრაელი მოსამსახურის, ჰელენ ჰირშის როლზე განიხილებოდა, მაგრამ სტივენ სპილბერგმა იგი ზედმეტად ლამაზად მიიჩნია, შესაბამისად, როლი ამერიკელ მსახიობს, ემბეტ დევიდს ერგო.