მამაკაცები ბაღში ისხდნენ, მოწნული მაგიდის ირგვლივ და ლუდს სვამდნენ.
ქალების დანახვაზე ორივე ფეხზე წამოდგა.
_ ქეთი, გაიცანი, ეს იონაა, ეს კი მიკი.
_ გამარჯობათ, ძალიან სასიამოვნოა, _ ქეთიმ სათითაოდ ჩამოართვა ხელი ორივეს.
მიკის მის დანახვაზე სახე ჩამოუგრძელდა.
_ გა-გი-მარჯოს…
_ ეს… ეს შენი დაქალია? _ იონას თვალები გაუფართოვდა.
_ ჰო, ჩემი დაქალი ქეთი. _ ლელი ღიმილით აკვირდებოდა კაცების რეაქციას და გულში ეცინებოდა.
მიკი და იონა თითქოს გონს მოეგნენ.
_ ყველაფერი რიგზეა, _ გაიღიმა იონამ, _ გთხოვთ, შინ შემობრძანდეთ.
_ მე კი გაგაცილებთ, _ თავი გამოიდო მიკიმ და ფეხზე წამოხტა.
გაოცებულმა მამაკაცმა ქეთის ხელკავი გამოსდო და ისინი წინ წავიდნენ.
_ ხომ ვამბობდი, მიკის გემოვნებაში ჯდება-მეთქი, _ გაიცინა ლელიმ.
_ საოცარია. არადა, როგორ ჰგავს იმ გოგოს, მიკის რომ ჰყავდა მოყვანილი იმ დღეს. გახსოვს? ვანდა ერქვა.
_ მეც სწორედ ეს მიკვირს. მაგის გამო კინაღამ დაქალი დავკარგე. შემთხვევით ტყუპისცალები ხომ არ არიან? _ შენიშნა ლელიმ.
_ შეუძლებელია. განა შეიძლება, ტყუპისცალები იყვნენ და ერთმანეთს არ იცნობდნენ?
_ გამორიცხული არაფერი არ არის. _ მხრები აიჩეჩა ლელიმ და ორივენი მიკისა და ქეთის კვალს მიჰყვნენ.
ქეთის ძალიან მოეწონა იონას სახლი. ლელიმ მთელი ტერიტორია დაათვალიერებინა, თან უხსნიდა მეგობარს, რაში რამდენი თანხა დაიხარჯა და რამდენმა შრომამ მოუწია. დაქალმა მოუწონა ნამუშევარი. ლელის სიამოვნებდა ქეთის შექება, რადგან ქეთი ყოველთვის იმას ამბობდა, რასაც ფიქრობდა. როცა წყაროს მიუახლოვდნენ, ლელი შეჩერდა.
_ მოდი, აქ ვისაუბროთ. ხელს ვერავინ შეგვიშლის.
_ მოდი, _ დაეთანხმა ქეთი.
ლელი ყველაფერს მოუყვა მეგობარს. როგორ შეუსწრო სოსოს და მას ლოგინში, როგორ დაინახა შემოსასვლელში მისი წითელი კლაჩი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ერთად იყიდეს. და ახალსახლობაზე როგორ გამოეცხადა იონას გვერდით თავისი დაქალის ტყუპისცალივით მსგავსი ქალი.
_ ჰო, ეგ ამბები უკვე ვიცი. ოღონდ წარმოდგენა არა მაქვს, ვინ არის ეს ვანდა. არადა, ისეთი მსგავსებაა, რომ ვნახე, პირი დავაღე. გავიცანით ერთმანეთი, თუმცა აღმოჩნდა, რომ არაფერი მაკავშირებს მასთან. ერთი საერთო ნაცნობიც კი ვერ აღმოვაჩინეთ საახლობლოში, სოსოს გარდა.
_ სად გაიცანი?
_ სოსომ გამაცნო. თავიდან თურმე მასაც მე ვეგონე და გაუკვირდა, გოგო რომ გაეპრანჭა. იცის, რომ მე ვერ ვიტან. რესტორანში ყოფილან და ვანდას საცეკვაოდ გაუწვევია. ქეთი, შენ აქ საიდან გაჩნდიო, სოსოს რომ უკითხავს, იმას ჯერ გაჰკვირვებია, მერე კი უთქვამს, ციდან ჩამოვფრინდი შენს სანახავადო.
_ ეგ როდის გითხრა სოსომ?
_ როცა შენ წახვედი მისგან. დამირეკა, შენ გამო შენი დაქალი დამშორდაო. გავგიჟდი, მე რა შუაში ვარ-მეთქი. რას ამეტორღიალე იმ დღეს რესტორნიდან, რას მერჩოდიო. სპეციალურად იქცეოდი ლელისთან ისე, ვითომ ვერ მიტანდი, სინამდვილეში თურმე ჩემი დათრევა გინდოდაო. არ იცი, როგორ გავმწარდი. ეგრევე დავადექი სახლში და მაგრად გამოვლანძღე. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ კლაჩიც კი ჩემნაირი ჰქონია იმ ვანდას. _ ქეთის გაეღიმა, _ ნუთუ ასეთი რამეები ხდება ცხოვრებაში? ძლივს დავარწმუნე სოსო, რომ მე არ ვიყავი. ვანდას მისთვის ტელეფონის ნომერი დაუტოვებია, ამიტომ ჩემი თანდასწრებით დაურეკა და მოიყვანა. უნდა გენახა, როგორი გაფართოებული თვალებით მოგვჩერებოდა ორივეს. ჩვენც ძალიან დავიბენით. აბსოლუტურად არაფერი არ გვაკავშირებს ერთმანეთთან. ის მოსკოვში დაიბადა, თან ორი წლით უფროსია ჩემზე. ერთადერთი ისაა, რომ ქართველი მამა ჰყავს და უკრაინელი დედა. მამამისი სულ სხვა გვარის კაცია, არ ვიცი, რა ხდება, ვერაფერი გამიგია. შარშან ჩამოსულა თბილისში და დროებით აქ ცხოვრობს, მამასთან.
_ დედაშენს ელაპარაკე? ან მამაშენს?
_ ისინიც გაოცებულები არიან. მამა ჯერ დაიბოღმა, დედას ეჭვის თვალით დაუწყო ყურება, მშობიარობისას რამე ხომ არ მიჰქარე და ტყუპისცალი ხომ არ გააჩუქეო. დედა აიფოფრა. მერე დედამ დაუწყო «შპილკაობა», შენ რომ დაეთრეოდი რუსეთში, იქ ხომ არ გააჩინე ვინმესგანო. მოკლედ, იყო ერთი ამბავი.
_ უცნაურია ეს ყველაფერი.
_ ჰო, უცნაურია, მაგრამ არა დაუჯერებელი. ხომ არსებობენ ერთმანეთის მსგავსი ადამიანები? მსახიობებს, მაგალითად, ჰყავთ დუბლიორები, რომლებიც ძალიან ჰგვანან მათ. ისე, რომ დააკვირდე, ასე ძალიანაც არ მგავს. ერთი შეხედვით ჩანს მხოლოდ, რომ ერთმანეთის ასლი ვართ, თორემ სხვა თუ დაგვაკვირდება, ადვილად შეამჩნევს, რომ მთლად ერთნაირები არ ვართ.
_ ჰო, თან ხმაც სხვადასხვანაირი გაქვთ. ბოლოს მეც მივხვდი, რომ შევცდი და ამიტომაც დაგირეკე.
_ წარმოგიდგენია? ვიღაც დეგენერატი გოგოს გულისთვის კინაღამ ერთმანეთი დავკარგეთ. არა, ისე რამ გაფიქრებინა, რომ სოსოს დავუწვებოდი? ხომ იცი, როგორ მეჯავრება ეგ ბიჭი? _ გაიცინა ქეთიმ და მეგობარს მხარზე მიადო თავი.
_ რა ვიცი. განა ცოტაა ასეთი შემთხვევები? ვიფიქრე, ალბათ თვალს მიხვევდა და იმიტომ აძაგებდა სოსოს, თვითონ იყო შეყვარებული და ჩვენი დაშორება უნდოდა-მეთქი. სხვა რა უნდა მეფიქრა?
_ მთავარია, ახლა მაინც იცი სიმართლე.
_ იცი, რა ცუდად ვიყავი? ვერა და ვერ შევეგუე შენს დაკარგვას. სოსოსთან დაშორებას ისე არ განვიცდიდი, როგორც შენთან.
_ გგონია, მე ნაკლებად ვინერვიულე? ღამეები არ მეძინა. რომ დაგირეკე და არ ისურვე ჩემთან საუბარი, კინაღამ მოვკვდი. არ ვიცოდი, როგორ ამეხსნა შენთვის ყველაფერი, როგორ მოგდგომოდი.
_ კიდევ კარგი, ბოლო მოეღო ამ გაუგებრობას. ისე, ერთი მხრივ, მადლობელიც უნდა ვიყო მაგ ვანდასი. ეგ რომ არა, ალბათ ისევ სოსოსთან ვიქნებოდი და იონას ვეღარ დავუახლოვდებოდი. ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ.
_ აი, ეს კი არის შენი სიყვარულის ღირსი, მაგარი კაცია, _ ცერა თითი გაფშიკა ქეთიმ, _ იონაზე ხომ არ გეუბნები არაფერს. ამჯერად მომწონს შენი არჩევანი.
_ მართლა? მიკვირს. პირველად მესმის შენგან ჩემი «პაკლონიკის» ქება.
_ შენ ხომ მიცნობ, როგორი პირდაპირი ვარ. შენს კაცებს და ჩემს კაცებსაც მკაცრი კრიტერიუმებით ვაფასებ. სამწუხაროდ, არც მე მიმართლებს. საშუალო კრიტერიუმებსაც კი არ აკმაყოფილებენ ჩემი თაყვანისმცემლები. რა ვიზამ, ალბათ ასე დამებედა. აი, შენ კი, როგორც იქნა, გაგიმართლა და მიხარია, გეფიცები.
გოგონები ერთმანეთს გადაეხვივნენ. ლელის თვალებში ცრემლი გაუბრწყინდა.
_ რა კარგია, ქეთი, შენ რომ მყავხარ. არ ვიცი, უშენოდ როგორ უნდა მეცხოვრა.
_ აბა, აბა, ეგეთები არ იყოს. მინდა, რომ ყოველთვის გქონდეს ჩემი იმედი. შენ ხომ იცი, მაგარი «სტერვა» ვარ, მაგრამ არა შენთან. ეს ყოველთვის გახსოვდეს.
_ ვიცი.
_ ახლა კი დავბრუნდეთ, თორემ კაცები გაგიჟდებიან. ისე, ეს მიკი მომწონს, არ ჩანს ცუდი ბიჭი. თუ ჩემი კრიტერიუმებით შევაფასებთ, საშუალოზე ოდნავ მეტი მაჩვენებელი აქვს. მოდი, შევამოწმოთ, ვარ თუ არა მართალი. რას იტყვი? _ აკისკისდა ქეთი.
_ გამოუსწორებელი ხარ, _ აჰყვა დაქალს ლელი და წამოდგა.
წყვილები გვიან ღამემდე აუზთან ისხდნენ, სუფრაც იქ იყო გაშლილი. იონამ მწვადი შეწვა და შავ ღვინოსთან ერთად გემრიელად მოულხინეს.
ქეთი და მიკი მთელი საღამო ხელოვნებაზე საუბრობდნენ. ცოტა წაიკამათეს კიდევაც. ლელი გაოცებული მისჩერებოდა მათ.
_ როგორ მიკვირს, რომ ერთმანეთს ასე შეეწყვეთ, _ გაკვირვება ვერ დამალა ლელიმ.
_ რა არის აქ გასაკვირი? _ მიკიმ ხელი გადახვია ქეთის და თავი თავზე მიადო.
_ ის მიკვირს, რომ ქეთის მოსაწონი მამაკაცი ჯერ არ დაბადებულა, _ ღიმილით მიუგო ლელიმ.
_ ცდები, მეგობარო, ცდები, _ ნიშნის მოგებით დაუქნია საჩვენებელი თითი მირიანმა, _ თურმე დაბადებულიც ყოფილა, გაზრდილიც და დავაჟკაცებულიც, _ ამ სიტყვებით მომუშტული მკლავები ასწია და კუნთები გამოაჩინა, _ თან როგორი მაგარი ვაჟკაცი!
ყველას გაეცინა მის ხუმრობაზე.
_ კარგია, რომ საერთო ენა გამონახეთ.
_ არა მარტო ენა, ბევრი რამ აღმოგვაჩნდა საერთო, _ დაამატა მიკიმ და მრავალმნიშვნელოვანი მზერა ესროლა ქეთის.
ლელი მართლა ვერ ცნობდა მეგობარს. ადრე, როცა მას რომელიმე მამაკაცთან ერთად ხედავდა, დაქალს თითქოს სახეზე ეწერა, როგორ მომაბეზრე თავიო, ახლა კი გამოცოცხლებულიყო, თვალები უბრწყინავდა და მის მზერაში მიკის მიმართ დაუფარავი ინტერესი იგრძნობოდა. «რა კარგია, თუ ერთმანეთს შეეწყობიან, _ გაიფიქრა ლელიმ, _ სულ ერთად ვიქნებით ოთხივენი და არასდროს დავშორდებით».
_ ვინ რას დალევს? _ იკითხა იონამ.
მიკიმ კონიაკი ისურვა, ქეთიმ _ ჩაი. ლელისაც ჩაი მოუნდა. ცხოვრებაში არ გასჩენია ჩაის დალევის სურვილი, მაგრამ რატომღაც, ახლა ძალიან მოუნდა.
_ წავალ, მოვამზადებ და ახლავე ყველას მოგართმევთ, _ ზეზე წამოხტა და სამზარეულოსკენ სირბილით წავიდა. ქეთი უკან გაეკიდა და მამაკაცები მარტო დატოვა.
_ აბა, რას იტყვი? _ კითხვით სავსე მზერა მიაპყრო ლელიმ მეგობარს და კარადიდან ჩაის ჭიქების გადმოღებას შეუდგა.
_ არის მასში რაღაც, _ აღიარა ქეთიმ, _ სხვებივით სექსზე არ აკეთებს აქცენტს, გადაკვრითაც არ უგრძნობინებია არაფერი. ათას რაღაცაზე ვისაუბრეთ და დრო ისე გავიდა, ვერც კი გავიგე.
_ უკვე კარგია, _ შენიშნა ლელიმ.
_ არ ვიცი. _ მხრები აიჩეჩა ქეთიმ, _ მე საერთოდ არ ვარ რომანტიკოსი. თუკი მამაკაცი მომეწონება, მასთან სექსზე ეგრევე თანახმა ვარ. არ ვარ მიჩვეული გაჭიანურებულ ურთიერთობას.
_ სამაგიეროდ, ისეთები გყოლია, ვისთანაც სალაპარაკო თემას ვერ პოულობდი ხოლმე.
_ ეგეც მართალია. მოკლედ, მე თვითონ არ ვიცი, როგორი მინდა და რა ჯობია, _ გაიცინა ქეთიმ, _ ვნახოთ, ვნახოთ, ცუდი ვარიანტი ნამდვილად არ არის, ან შეიძლება, მე ვარ გამოუსწორებელი «სტერვა». ჯერ მაინც საწოლში უნდა შევამოწმო, როგორი იქნება, ისე არაფერი გამოვა. რომ არ მომეწონოს მერე? რა, კარგი მოსაუბრე რომაა, ეგ მიშველის? _ ქეთი სიცილით კვდებოდა.
ლელიმ თავი გადააქნია, მაგრამ არაფერი უთქვამს. იცოდა, ასეთი იყო მისი დაქალი და მას ვერაფერი შეცვლიდა.
_ ხვალ წამიყვან თბილისში? _ შეეკითხა ლელი იონას, როცა მის საძინებელში განცალკევდნენ.
_ რამე საჩქარო საქმე გაქვს?
_ საჩქაროც და აუცილებელიც. კლიენტს უნდა შევხვდე.
_ კარგი, _ ამოიხვნეშა იონამ, _ როცა გათავისუფლდები, ეგრევე დამირეკე და უკან წამოგიყვან.
ლელი წამით შეყოყმანდა და გამომცდელი მზერა მიაპყრო მამაკაცს.
_ რა იყო, ასე რატომ მიყურებ? _ გაიოცა იონამ.
_ იო, მე სხვაგან ვცხოვრობ, ხომ არ დაგავიწყდა?
_ და მერე რა პრობლემაა? წამოვიღოთ შენი ნივთები და ბინა პატრონს ჩავაბაროთ.
_ ანუ შენ მთავაზობ, შენთან გადმოვბარგდე საცხოვრებლად? _ დააზუსტა ლელიმ.
_ რა თქმა უნდა. თუ გინდა აქ, თუ გინდა, თბილისში. ხომ იცი, რომ ბინა იქაც მაქვს. და კიდევ… არ არის აუცილებელი, რომ იმუშაო. აწი აღარ მოგიწევს მუშაობა, ეს ჩვენ არაფერში გვჭირდება.
აი, თურმე რა ყოფილა! იონა მას თანაცხოვრებას სთავაზობს, ყოველგვარი დაქორწინებისა და ჯვრისწერის გარეშე, როგორც საყვარელს და არა როგორც ცოლს. თითქოს რომელიღაც ძალიან მგრძნობიარე სიმი გაწყდა გულის სიღრმეში. გადასარევია! ჰმ… არა, ცუდი პერსპექტივა ნამდვილად არ არის, მაგრამ მას რომ სხვა მოლოდინი ჰქონდა? ეგონა, მათ შორის უფრო სერიოზული ურთიერთობა იყო. ეგონა, მის ცოლობაზე ექნებოდა პრეტენზია, თურმე შემცდარა. თანაც, არ იმუშაოო. რას მიქვია, არ იმუშაოს? ლელის სულაც არ სჭირდება იონას ფულები. მან თვითონ უნდა არჩინოს თავისი თავი, სხვის კმაყოფაზე არც აქამდე უცხოვრია და არც მომავალში აპირებს.
_ მაპატიე, მაგრამ ასე არ გამოვა, _ ცოტა არ იყოს, ცივად წარმოთქვა, _ შენთან ცხოვრებას არ ვაპირებ… და არც მუშაობის მიტოვებას… _ მცირეოდენი პაუზის შემდეგ კი დაამატა, _ და საერთოდ, წავალ, ჩემს ძველ საძინებელში დავიძინებ.
_ რა მოგივიდა, ლელი? ისეთი რა გითხარი? გაწყენინე რამე?
_ არა, არ მაწყენინე, უბრალოდ, მინდა კარგად გამოვიძინო. შენს მკლავებში ამას ვერ მოვახერხებ, _ გაღიმება სცადა, _ მაპატიე.
_ როგორც გინდა. წადი, რახან არ იშლი, _ არ დააძალა იონამ.
ლელი საწოლიდან გადმოვიდა და ოთახი დატოვა, თუმცა მიხვდა, რომ გამოძინების იმედი არ უნდა ჰქონოდა. დერეფანში მიმავალს ისე დაუმძიმდა გული, ტირილი მოუნდა. თვითონაც ვერ ხვდებოდა, რატომ იმოქმედა მასზე იონას სიტყვებმა ასე. სოსოსთან რა, სხვა ურთიერთობა აკავშირებდა? მასთანაც საყვარელივით არ ცხოვრობდა? არც მის ცოლობაზე უფიქრია არასდროს. არ დაუხატავს ოცნებებში მასთან ოჯახური იდილიის სურათი და არც ის აზრი გაუვლია გულში, რომ მისგან შვილებს გააჩენდა. ვერც კი წარმოედგინა, როგორი ქმარი და მამა უნდა ყოფილიყო სოსო ან ოჯახის უფროსი. სასაცილოა. როგორც ჩანს, ქვეცნობიერად ყოველთვის გრძნობდა, რომ მასთან ურთიერთობა მხოლოდ დროებითი იყო, არასერიოზული, ხანმოკლე. მას აწყობდა ყველაფერი ისე, როგორც იყო.
ახლა რაღა მოხდა? იქნებ იოს სიტყვებმა იმოქმედა მასზე, მაშოს რომ უთხრა, შვილები მინდა მყავდეს და ჩასახვის საწინააღმდეგო აბები აღარ დასჭირდება ლელისო? და თვითონაც ეგრევე მის მეუღლედ წარმოიდგინა თავი? ისე, რომ დაუფიქრდეს, რაში სჭირდება იონას ლელი ცოლის ამპლუაში? ასეთ მამაკაცს უფრო მაღალი წრის ქალი შეეფერება, ლელისთვის კი საყვარლის როლიც საკმარისია.
მაგრამ… აბა, დაიდოს ხელი გულზე ლელიმ და თქვას, შეუძლია იონაზე უარი თქვას? წამით წარმოიდგინა თავისი ცხოვრება მის გარეშე და ისე მოეწურა გული, თავი ბალიშში ჩარგო და ატირდა. არა, იონას გარეშე ვერ გაძლებს. მისი ყველა უჯრედი იოს სიყვარულითაა გავსებული და გაჯერებული. და თუკი მას სურს, ლელი მისი საყვარელი იყოს, დაე, ასე იყოს, ლელი ამაზეც თანახმაა.
გაგრძელება იქნება