თამაში ბედისწერასთან - თავი 17 - Marao

თამაში ბედისწერასთან - თავი 17

2024-10-25 10:40:04+04:00

წინა თავი 

დილით, სარკეში ჩაიხედა თუ არა, მიხვდა, რომ ისევ ტირილი უნდოდა. სახე შესივებოდა, თვალები ჩასწითლებოდა. თითის წვერებზე ჩაიარა კიბე და სამზარეულოში შეიპარა, რომ არავინ გაეღვიძებინა. საყინულე გამოაღო, ყინულის ნატეხები აიღო, ჭიქაში ჩაყარა და კვლავ ოთახში აბრუნდა. საწოლზე წამოწოლილმა ყინულის კუბები თვალის გარშემო დაიწყო, ყველაზე მოზრდილი ნატეხით კი სახის დაზელვას შეუდგა, თან თითებს იტყაპუნებდა ღაწვებზე. როცა პროცედურას მორჩა, თბილი წყლით ჩამოიბანა პირისახე და დილის კრემი წაისვა.

ახლა უკეთ გამოიყურება, აღარ ჰგავს ნაცემ-ნაგვემს. თანდათან უფრო გაუვლის და ცოტა ხანში წუხანდელი უძილობის კვალი აღარც დარჩება.

ქეთი არ გააღვიძა. მას არსად ეჩქარებოდა და დაე, გემრიელად გამოეძინა. ამასთან, წუხელ უთხრა ლელის, ხვალ თბილისში მიკი წამიყვანსო.

დერეფანს დაუყვა. იონას ოთახთან შეჩერდა. წამით შეყოვნდა, მაგრამ მერე მაინც დააკაკუნა. პასუხად დუმილი მიიღო. იფიქრა, ალბათ დამასწრო და დაბლა ჩავიდაო.

იონა მართლაც სამზარეულოში დახვდა.

_ დილა მშვიდობისა, _ მიესალმა მამაკაცი, მიეახლა, ხელები მოხვია და ყვრიმალზე აკოცა, _ უკვე მომეწყინა უშენოდ.

იგრძნო, როგორ დადნა. აბა, როგორ თქვას ასეთ რამეზე უარი? ეს, უბრალოდ, შეუძლებელია.

_ მეც. _ ჩურჩულით მიუგო.

იონამ ხელი შეუშვა.

_ წვენი გამოგიწურე, ალუბლის. გემრიელი გამომივიდა, უკვე გავსინჯე. _ წარმოთქვა ჩაალუბლებული ხმით.

_ მადლობა.

_ მაპატიე, _ მამაკაცი მის ორივე ხელს დასწვდა და თითებზე ეამბორა, _ მე, ალბათ, ძალიან ვაჩქარებ მოვლენებს. თუ გინდა, ჯერ დარჩი შენს ბინაში და მერე ვნახოთ.

_ კარგი, _ დაეთანხმა ლელი და თავი მხარზე დაადო.

 

ოთახი უცებ დაცარიელდა. საწოლშიც იგრძნობოდა ეს სიცარიელე… სიცარიელე და სიცივე, მიუხედავად იმისა, რომ გაგანია ზაფხული იდგა. იონამ ლოყა ბალიშზე მიდო, სწორედ იმ ადგილას, სადაც ცოტა ხნის წინ ლელის ედო თავი. ბალიშს ჯერ კიდევ შეენარჩუნებინა ქალის სითბო და სურნელი _ მინდვრის ყვავილების ოდნავ შესაგრძნობი სურნელი.

რატომ გაერიდა ასე მოულოდნელად? რატომ წავიდა? განა რა აწყენინა? მან ხომ ერთად ცხოვრება შესთავაზა, რაც სრულიად ლოგიკური იყო ამ სამი დღის გადასახედიდან? ისე შეეწყვნენ ერთმანეთს, თითქოს მთელი ცხოვრება ერთად გაეტარებინოთ. იგრძნობოდა, რომ ერთმანეთის გარეშე ვერ გაძლებდნენ ვერასდროს. იქნებ ეს მხოლოდ მისი შეგრძნებაა და არა ლელის? ან იქნებ, ისევ სოსოსთან უნდა დაბრუნება და ბოლომდე ვერ გარკვეულა თავის გრძნობებში? ეჭვიანობამ დარია ხელი. არა, ეს შეუძლებელია. ის ისეთი ბედნიერი თვალებით შემოხედავს ხოლმე… თან უთხრა, მიყვარხარო. არც ბავშვების გაჩენის იდეა გაუპროტესტებია. ახლაც თვალწინ უდგას იონას ლელის ანთებული მზერა, როცა ამ თემაზე ჩამოაგდო საუბარი.

ალბათ დრო უნდა მისცეს. როგორც ჩანს, არ არის მზად, ასე მკვეთრად და უცებ შეცვალოს თავისი ცხოვრება. არა უშავს, დაელოდება. იმდენ ხანს დაელოდება, რამდენიც ლელის დასჭირდება.

 

ლელი თბილისში დაბრუნდა. იონა საგურამოში დარჩა. იგი დღეში რამდენჯერმე ურეკავდა ქალს. ურეკავდა დილით, რომ დილა მშვიდობისა ეთქვა. ურეკავდა შუადღეს, რომ მოეკითხა, და საღამოს, რომ ღამე მშვიდობისა ესურვა.

მთელი ორი დღე არ უნახავთ ერთმანეთი. თითქოს ორივე გაურბოდა შეხვედრას. ამ ორი დღის განმავლობაში იონა საბოლოოდ მიხვდა, რომ ლელი იყო ის ერთადერთი, რომელსაც ცოლად შეირთავდა. მსგავსი სურვილი სხვა დროს არ გასჩენია, მიუხედავად იმისა, რომ არაერთ ქალთან ჰქონია ურთიერთობა, მათ შორის _   სასიამოვნოც და ხანგრძლივიც. ამიტომ დღეს ამ თემაზე მამას უნდა მოელაპარაკოს. როგორც ჩანს, დადგა დრო, ოჯახი შექმნას.

მამა საცაა, მოვა. დღეს თათბირი აქვთ და იქამდე როგორმე მოასწრებს დალაპარაკებას. იშვიათად უხდება მამასთან საუბარი, ამისთვის არასდროს ჰყოფნით დრო, სულ გადარბენაზე არიან. განსაკუთრებით მამა, რომელსაც წარამარა შეხვედრები აქვს, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. დაახლოებით ერთი წლის წინ მამამ კომპანიის მართვის სადავეები პრაქტიკულად მას გადასცა, მაგრამ ნომინალურ პრეზიდენტად ჯერჯერობით ისევ თვითონ დარჩა, საქმეს ასე სჭირდება და იმიტომ. მას მეტი კონტაქტი აქვს და მართვის საქმეებშიც უფრო გამოცდილია, ვიდრე იონა.

იონამ მდივანი გამოიძახა.

_ ნანი, მამაჩემი რომ მოვა, ეგრევე ჩემთან შემოვიდეს, კარგი?

_ გასაგებია, ბატონო იონა.

ხუთი წუთიც არ გასულა, რომ რამაზმა შვილის კაბინეტში შეაბიჯა. იონა მიეგება მამას.

რამაზ ნიშნიანიძეს საფეთქლები გაჭაღარავებოდა, მაგრამ ჯერ ისევ წარმოსადეგი მამაკაცი იყო. მას ჯერ სამოციც არ შესრულებოდა. ცოლის გარდაცვალება ძალიან განიცადა, რადგან საკუთარ თავზე მეტად უყვარდა. იონასთვის მათი სიყვარული თითქოს მაგალითის მიმცემი იყო, უნდოდა, თვითონაც გამოეცადა მსგავსი და მთელი ცხოვრება ისე ჰყვარებოდა მომავალი ცოლი, როგორც მის მშობლებს უყვარდათ.

_ გავიგე, ამ თვის გეგმა კარგად შეგვისრულებია. _ გაიღიმა რამაზმა.

_ ზაფხული რომ არა, უფრო კარგად წავიდოდა საქმე, _ თავი გააქნია იონამ, _ მაგრამ არა უშავს, შემოდგომიდან გამოსწორდება მუშაობა.

_ მაგაზე თათბირზე ვილაპარაკოთ.

რამაზი მაგიდას მიუჯდა, თითები ერთმანეთში გადახლართა და ვაჟს მიაჩერდა.

_ შენი ამბები როგორ მიდის? ახალი რა არის? როგორ ჩაიარა სუფრამ? კიდევ ერთხელ მაპატიე, რომ დროზე ვერ ჩამოვფრინდი.

_ ვიცი, მამა, რას მებოდიშები… ყველაფერი ნორმალურადაა და ერთი კარგი ამბავიც მაქვს.

მამაკაცმა წარბები აწკიპა და გამომცდელად მიაჩერდა შვილს.

_ ოჰო, ესე იგი, საქმე სერიოზულადაა. სხვა დროს შენ ძალიან მოკლედ მპასუხობდი ხოლმე, ყველაფერი რიგზეაო და მორჩა.

იონამ ჩააახველა.

_ გახსოვს, დედა რომ ცოცხალი იყო, ორივეს გითხარით, ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გაგაცნობთ ჩემს მეგობარ გოგოს-მეთქი?

_ და ის ჩემი საცოლე იქნებაო, _ მისი სათქმელი მამამ გააგრძელა, _ მახსოვს, როგორ არ მახსოვს.

_ ჰოდა, შევხვდი ასეთ გოგოს.

_ ამას რა ჯობია. ერთხელაც ხომ უნდა მომხდარიყო ეს. ნამდვილად გამახარე, იო. ცუდია, დედაშენი რომ ვერ მოესწრო ამ დღეს. სიყვარული ერთადერთია, რასაც აზრი აქვს ამქვეყნად.

_ მადლობა, მამა. ამ დღეებში გაგაცნობ.

_ გამიხარდება, _ რამაზი წამოდგა, შვილს მხარზე დაჰკრა ხელი და კაბინეტიდან გავიდა.

 

რამაზი თემქაზე ცხოვრობდა, კერძო დასახლებაში, სამსართულიან სახლში. მას აქ ყველაფერი ჰქონდა, რაც შეიძლება ადამიანმა ინატროს. ერთი კაცისთვის ბევრიც კი იყო ამხელა სახლი, მაგრამ მას შეეძლო თავისი თავისთვის ამხელა ფუფუნების უფლება მიეცა. ოცდაექვსი წლის განმავლობაში იმდენი დააგროვა, რომ არა მხოლოდ თვითონ, არამედ მისი შვილებიც უზრუნველად ცხოვრობდნენ. გარდა ამისა, გარდაცვლილ ცოლთან ერთად სწორედ აქ გაატარა საუკუთესო წლები და ამ სახლთან განშორება ამიტომაც არ სურდა, თორემ თბილისის ცენტრში ბინის შეძენა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა.

იონამ ლელი გააფრთხილა, შაბათისთვის სიურპრიზს გიმზადებ და არაფერი დაგეგმოო. შუადღეს კი, როცა მანქანით ქალის ნაქირავებ ბინას უახლოვდებოდა, სინანულმა შეიპყრო, რომ ლელი საქმის კურსში არ ჩააყენა. უნდა ეთქვა მისთვის, მამამისის გასაცნობად რომ მიჰყავდა. იქნებ იუხერხულოს ლელიმ და ეწყინოს, რატომ ადრე არ მითხარიო? იქნებ იგი სულაც არ არის ამისთვის მზად? სამამათილოს გაცნობა ხომ ყოველდღე არ ხდება? ისე, მაშოს ბრალია. ეს მან ურჩია, წინასწარ არაფერი უთხრა, არ ინერვიულოსო. მიუხედავად ამისა, ახლა ეჭვი ეპარებოდა, რომ სწორად მოიქცა.

იონამ მანქანა ტროტუართან მიაჩერა და უკანა კარი გამოაღო, სადაც შავ-წითელი ვარდების თაიგული იდო. მესამე სართულზე კიბით ავიდა და კარზე მიმაგრებული ზარის ღილაკს თითი ორჯერ მიაჭირა. წამიც არ გასულა, რომ კარი გაიღო.

_ რა იყო, ჩასაფრებული მელოდი? _ გაეცინა იონას და ბუკეტი გაუწოდა, _ ეს შენ.

ლელიმ მადლობა გადაუხადა და თაიგული დაყნოსა.

_ აუ, როგორი სურნელოვანი ვარდებია, გავგიჟდი! _ შესძახა თვალებგაბრწყინებულმა და მამაკაცი შინ შეიპატიჟა.

იონა აქ პირველად იყო. მოეწონა ბინა, სიკოხტავე და სიმყუდროვე სუფევდა ირგვლივ, მაგრამ იგი ლელის ამ ბინაში დიდხანს დატოვებას არ აპირებდა.

_ იო, სანამ გავემზადები, აი, ამ ვაზაში წყალი ჩაასხი და შიგ ჩადე ვარდები, კარგი? _ მორცხვი ღიმილით სთხოვა გოგონამ.

_ ვა, რა ლამაზი რამეა, _ ლარნაკი შემფასებლური მზერით შეათვალიერა იონამ.

_ ჩინურია, მაგრამ ეტყობა, კარგი ნაკეთობაა. ხომ იცი, ჩინელები ჭურჭლის წარმოებას ძალიან ფაქიზად უდგებიან.

_ ფაქიზად იმ შემთხვევაში უდგებიან, თუკი განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში გააქვთ პროდუქცია, თორემ გადი აბა, ჩვენს ბაზარზე ან ჩინურ მაღაზიებში და ნახავ, რა ხარისხისაც იყიდება. შენია?

_ არა, ჩემი «ხაზეიკისაა». ეტყობა, თვითონ ჩამოიტანა იქიდან ან ჩამოუტანეს. _ გამოსძახა ლელიმ ლოჯიიდან, სადაც სარკის წინ იდგა და თვალებს იხატავდა.

_ ქეთი როგორ გყავს?

_ კარგადაა, წეღან ველაპარაკე.

_ ის შენი ყველაზე ახლო მეგობარია? _ დაინტერესდა იონა.

_ ერთადერთი ახლო მეგობარი, _ დაუდასტურა ლელიმ.

იონამ ვარდები ვაზაში ჩააწყო და კამოდზე შემოდო. ამასობაში ლელიც შემოვიდა და ვარდებს სათითაოდ დაუწყო გაცალკევება. სანამ ქალი საქმით იყო გართული, მამაკაცს დრო არ დაუკარგავს. ლელის თმა გადაუწია და ნაზად დაუწყო კოცნა კისერზე, ყვრიმალზე, ყურის ბიბილოზე. ლელი წამით გაირინდა, მერე კი ნელა შემობრუნდა და თვალებდახუჭულმა იონას ხელები მხრებზე შემოაწყო.

 

_ სად მივდივართ, იო? _ შეეკითხა ლელი, როგორც კი მანქანაში ჩასხდნენ, _ რატომ მთხოვე საღამოს კაბის ჩაცმა, რომელიმე ოფიციალური სადილი გველის, თუ?

_ ჯერ რესტორანში მივდივართ. ფრანგული სამზარეულოს საწინააღმდეგო ხომ არაფერი გაქვს? ქართველ ქალებს, როგორც ვიცი, საფრანგეთი ძალიან უყვართ. პარიზი ჩემი მეორე სამშობლოა, _ ხმა დაიწვრილა მამაკაცმა და ქალებს გამოაჯავრა, _ ასე იცით ხოლმე თქმა.

ლელის სიცილი აუტყდა.

_ არ ვიცი, პარიზში არასდროს ვყოფილვარ.

_ გგონია, ვინც ამას ამბობს, ყველა ნამყოფია პარიზში? მგონი, ბევრმა ისიც არ იცის, პარიზი საფრანგეთის დედაქალაქია თუ ბრაზილიის, _ იონასაც გაეცინა.

_ პარიზის რა მოგახსენო, მაგრამ აი, რომსა და ვენეციას კი სიამოვნებით ვნახავდი, _ მეოცნებე ხმით ჩაილაპარაკა ლელიმ.

_ ჰოდა, ვნახავთ კიდევაც, _ გვერდულად გამოხედა იონამ, _ თანაც სიამოვნებით.

_ იტალიელები ძალიან მომწონს, განსაკუთრებით მამაკაცები, _ თქვა ლელიმ, _ ახალგაზრდები და ტემპერამენტიანები, _ ეშმაკურად დაამატა.

_ ვინაიდან და რადგანაც ქართველი და იტალიელი მამაკაცები ტემპერამენტით და კიდევ ბევრი სხვა რამით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, უნდა ვივარაუდოთ, რომ რაღაცით მეც ვარ მათი მონათესავე. ასე რომ, ახალგაზრდა და სიმპათიური, ტემპერამენტით სავსე თითქმის იტალიელი იო მზადაა, ახალგაზრდა და ლამაზი ქართველი ლელის სიყვარულის მისაღებად, დღისითაც და ღამითაც.

_ ეშმაკო! _ აკისკისდა ლელი და მხარზე ნაზად დაჰკრა ხელი. _ და სიურპრიზი? შენ რომ სიუპრიზს შემპირდი?

_ მალე იქნება. თუ გითხარი, რაღა სიუპრიზი გამოვიდა?

რესტორანი იმაზე ფეშენებელური აღმოჩნდა, ვიდრე ლელი ელოდა. თვალებგაფართოებული ათვალიერებდა უზარმაზარ დარბაზს.

_ ასეთ რესტორანში არასდროს ვყოფილვარ, _ აღიარა ლელიმ. _ ვშიშობ, თავს უხერხულად ვიგრძნობ. ძალიან ფოი-ფოი ხალხი გველოდება?

_ ნუ გეშინია, მეც იშვიათად დავდივარ ასეთ ადგილებში. _ იონამ ხელი მხარზე გადახვია, _ უბრალოდ, დღეს მომინდა, რაღაც განსაკუთრებული გამეკეთებინა შენთვის. დედაჩემს უყვარდა აქ მოსვლა. ეს რესტორანი ხომ სასტუმროს ეკუთვნის და მამა თურმე ორი-სამი დღით ნომერს ქირაობდა დედასთვის, რათა განმარტოებულიყვნენ. ჰოდა, სადილობაც აქ უწევდათ. ამიტომ, ცოტა არ იყოს, ჩემთვის სიმბოლურიც კი არის შენი აქ მოყვანა.

_ გასაგებია, _ დაიძაბა ლელი, მაგრამ არ შეიმჩნია.

აღმოჩნდა, რომ იონას მაგიდა ადრევე დაეჯავშნა. ოფიციანტმა როგორც კი დაინახა იგი, მაშინვე წინ წარუძღვა და ფანჯარასთან მდგომ მაგიდასთან გაჩერდა, რომელზეც მუყაოს სამკუთხა ქაღალდი იდო წარწერით _ «დაკავებულია».

მაშინვე მეორე ოფიციანტი მოუახლოვდა წყვილს და ორი მენიუ დადო მაგიდაზე. იონამ ერთი ლელის გაუწოდა. ლელიმ თვალი გადაავლო საჭმელ-სასმლის სია-პრეისკურანტს და მალევე დახურა.

_ არ ვიცი, რა შევუკვეთო. აქ ისეთი უცნაური დასახელებებია, წარმოდგენა არ მაქვს, რა რა არის. შეგიძლია, ჯერ მხოლოდ რომელიმე სალათა შეუკვეთო ჩემთვის? დიდად არ მშია.

_ კარგი, სალათით დავიწყოთ. _ დაეთანხმა მამაკაცი, _ სასმელი?

_ რომელიმე მინერალური.

_ ეგ რა სასმელია? ცოტა არ შევთვრეთ?

_ გინდა, დამათრო?

_ არა, უბრალოდ, მინდა, რაღაც მნიშვნელოვანი გაცნობო.

_ ოოო, როგორ დამაინტრიგე. და სადღა არიან შენი სტუმრები?

_ ვინ სტუმრები?

_ მე რა ვიცი, მეგონა, რამე საერთო საღამოზე აღმოვჩნდებოდი.

_ როცა შენთან მინდა განმარტოება, სხვების მოპატიჟება რა საჭიროა? გეგონა, ოფიციალურ წვეულებაზე მომყავდი? ჩაგივარდა კოვზი ნაცარში, პატარავ. აქ მხოლოდ მე და შენ ვართ. მე და შენ, მეტი არავინ.

სალათები მოიტანეს და იონამ ჭიქებში შავი ღვინო ჩამოასხა. წყვილმა ერთმანეთს მიუჭახუნა, ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოსო და დალიეს. უფრო სწორად, იონამ დალია, ლელიმ კი მხოლოდ ოდნავ მოსვა. მერე მამაკაცმა პიჯაკის გულისჯიბეში ჩაიყო ხელი და იქიდან წითელი ფერის ხავერდის პაწაწინა კოლოფი ამოაძვრინა. მამაკაცმა კოლოფი მაგიდაზე დადო და ლელის შეხედა.

ქალს გულმა რეჩხი უყო. იგრძნო, როგორ აღელდა. არანაკლებ ღელავდა იონა. მსგავსი რამ პირველად ხდებოდა მის ცხოვრებაში. ცოლობა არასდროს არც ერთი ქალისთვის არ უთხოვია. რამდენს იცინებს, ახლა ლელიმ რომ უარი უთხრას. ყველაფერია მოსალოდნელი. შეიძლება მას ჯერ არ უნდა გათხოვება, ან, უბრალოდ, როგორც ქალებმა იციან, იტყვის, ამისთვის მზად არ ვარო. თუმცა ეგ ნაკლებმოსალოდნელია. როდის იყო, ქართველი ქალი გათხოვებაზე უარს ამბობდა. მით უფრო, თუკი შეყვარებულია.

კოლოფში ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი იდო. ეს ბეჭედი მაშომ შეარჩევინა ძმას, ლელის ამის მსგავსი ბრილიანტის ბროში აქვს და ორივეს ერთად კარგად მოიხდენსო. იონამაც დაუჯერა დას და იყიდა. მართლაც იყო მსგავსება ბროშსა და ბეჭედს შორის _ ორივეს ცრემლის ფორმა ჰქონდა.

და აი, ახლა, სანამ მამას გააცნობს ლელის, ცოლობას სთხოვს და ბეჭედსაც აჩუქებს. ვნახოთ, როგორი იქნება მისი საყვარელი ქალის რეაქცია.

ლელი კოლოფს თვალს არ აშორებდა. ცალი ხელით ნერვიულად ჭმუჭნიდა ნაჭრის ხელსახოცს, მეორე კი გაუნძრევლად ედო მაგიდაზე. იონამ თავისი ხელისგულით ერთიანად დაფარა გოგონას მეორე ხელი და ხმადაბლა უთხრა:

_ შემომხედე.

ლელიმ თვალები ასწია.

_ მე მინდა, _ ოდნავ მოუჭირა ხელი მამაკაცმა მის ხელს, _ შენ ჩემი ცოლი გახდე.

გაგრძელება იქნება