ლელი ისედაც ცვილის ქანდაკებასავით გაქვავებული იჯდა. ახლა კი იმდენად უძლური გახდა, თითქოს მართლა ცვილის იყო და ჩამოიღვენთა. ნელ-ნელა დაპატარავდა და მოკუნტულმა მხრები ჩამოყარა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმა ვერ ამოიღო, ენა წაერთვა. მერე ოდნავ ჩაახველა, მამაკაცს მზერა აარიდა და ლამის ჩურჩულით ამოთქვა:
_ იო… ნუთუ მართლა გინდა ეს? შენ ხომ წესიერად არც მიცნობ. თანაც… მე არც მდიდარი ვარ და არც ცნობილი ადამიანების წრიდან გამოსული… და, საერთოდ…
_ და საერთოდ… _ გააგრძელა იონამ და წინადადების დამთავრების საშუალება არ მისცა, _ შენ ჩემი ხარ, ჩემი საყვარელი ქალი, მე მიყვარხარ და სხვა ვიღაც, როგორი წრიდანაც უნდა იყოს, არ მჭირდება. თუ შენც გიყვარვარ, მინდა შენგან მხოლოდ ერთი სიტყვა მოვისმინო _ «ჰო».
იონამ შეამჩნია, რომ ლელის მეორე ხელი ლამის ჩააფრინდა ხელსახოცს, თვალებში კი ცრემლი გაუკრთა.
_ ოჰ, იო… ძალიან, ძალიან მინდა, შენი ცოლი მერქვას…
_ «უხერხულია, შენ გერქვას ცოლი»… _ პოეტური პათოსით წამოიწყო იონამ და ჩვეულებრივი ტონით დაამთავრა, _ მაგრამ სხვანაირად არაფერი გამოვა, _ ამ სიტყვებით მამაკაცმა კოლოფს თავი ახადა, ბეჭედი ამოიღო და ქალს მარჯვენა ხელის არათითზე ჩამოაცვა.
შემდეგ მის ორივე ხელს დასწვდა, ქალს თვალებში ჩახედა და იდუმალი ხმით წარმოთქვა:
_ მე შენ ყოველთვის მეყვარები. მინდა, ეს იცოდე.
თვითონ დანამდვილებით იცოდა, რომ ასე იქნებოდა.
რვა საათი იქნებოდა, რესტორანი რომ დატოვეს. იონას თითქოს სული გაუთბო ლელის თანხმობამ. გრძნობდა, რაღაცით იყო სავსე და ეს რაღაცა მხოლოდ ერთი კომპონენტისგან არ შედგებოდა. ეს რაღაცა, სიხარულის გარდა, სიყვარულს შეიცავდა, სითბოს, კმაყოფილებას, ხოლო მთლიანად კი ბედნიერებას ქმნიდა. ჰო, ის ბედნიერი იყო და მის ბედნიერებას კიდევ უფრო აორკეცებდა ლელის დამფრთხალი, მაგრამ აგზნებული მზერა, რაც მოწმობდა, რომ ქალი სიხარულისა და მოულოდნელობისგან მეცხრე ცაზე დაფრინავდა.
იონა მანქანაში ჩაჯდა და ლელის გახედა. აი, გვერდით უზის საყვარელი ქალი, თითქმის ცოლი, მას აქვს სახლი, აქვს ფული, ისინი ახალგაზრდები და ჯანმრთელები არიან _ ბედნიერება ეს არის და ამ ბედნიერებას საზღვრები არა აქვს. ახლო მომავალში კი მოუწევს ცოტა გარჯა, რასაც ქორწილის წინა სამზადისი გამოიწვევს, მაგრამ იგი ამისთვის მზადაა და წამითაც არ შეუშინდება, რადგან ეს სასიამოვნო გარჯაა. ის აუცილებლად გაითვალისწინებს მომავალი ცერემონიისთვის ორი ქალის გემოვნებას _ ლელის და მაშოსი. უხარია იონას, რომ ქალები დამეგობრდნენ, უხარია, რომ კარგად უგებენ ერთმანეთს და ზოგიერთი რძალ-მულივით ომს არ გააჩაღებენ. მოსწონს, რომ ქალებმა ასე ადვილად გამონახეს საერთო ენა, რომ მაშოს უყვარს ლელი და წამითაც არ შეწინააღმდეგებია ძმას, როცა მათი სიყვარულის ამბავი გაიგო.
ერთი სიტყვით, იონას ცხოვრება გეგმის მიხედვით მიდიოდა. ყოველთვის იღბლიანი იყო და არც ახლა უმტყუნა ბედმა. ახლა ისეთ ხასიათზეა, შეიძლება საკუთარი თავისაც კი შეშურდეს. ამის გაფიქრებაზე ღიმილი გამოესახა სახეზე.
ლელი მისკენ არ იყურებოდა, ამიტომ მამაკაცის ღიმილი არ შეუნიშნავს. ათი წუთის შემდეგ იონამ აუწყა საცოლეს, რომ მისთვის მამა უნდა გაეცნო და ახლა სწორედ მასთნ მიდიოდნენ. ლელი შესამჩნევად ანერვიულდა, თუმცა არაფერი უთქვამს, ისევ ისე ჩუმად იჯდა და სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა. «როგორც ჩანს, მორალურად ემზადება», _ გაიფიქრა მამაკაცმა.
იონამ ხელი მუხლზე დაადო.
_ ნუ განიცდი ასე. მე ძალიან მაგარი მამა მყავს და ძალიან თანამედროვე. თუმცა, რას გიხსნი, შენ ხომ იცნობ მას.
_ ვიცნობ? _ ლელიმ გაოცებისგან წარბები აზიდა, _ საიდან ვიცნობ?
_ პრეზენტაციიდან.
_ მართლა? არ ვიცი. ვინ არის მამაშენი?
_ რამაზი გახსოვს?
_ ნიშნიანიძე? _ ლელის გულმა ცემა შეწყვიტა.
_ ჰო. რამაზი მამაჩემია.
_ მაგრამ… ეგ როგორ? შენ ხომ ნემსაძე ხარ, ის კი…
_ მე დედის გვარზე ვარ, ესაა და ეს. გრძელი ისტორიაა, ოდესმე მოგიყვები.
ლელის ნირი წაუხდა. ეს რა ესმის? ნუთუ იონა სინამდვილეში ნიშნიანიძეა? ეგ როგორ შეიძლება? თვითონაც ხომ წესით და რიგით ნიშნიანიძეა. მერე რა, რომ მამის გვარზე არაა, მასაც დედის გვარი აქვს. რა უცნაურია, არც მაშო და არც იონა მამის გვარს არ ატარებენ. ლელიც დედის გვარზეა. ეს რა უცნაური ნასკვი გაჩნდა მის ცხოვრებაში? ღმერთო, რა საშინელებაა, ნუთუ მოგვარე შეუყვარდა? არა, არ არსებობს. ეს შეუძლებელია! აი, რატომ არ უნდა დაეჩქარებინა ეს ურთიერთობა. ჯერ წესიერად არც იცნობდნენ ერთმანეთს. ცოლობას ვინ ჩივის, მაგრამ ფიზიკური სიახლოვეც რომ ჰქონდათ? რატომ ადრე არ დაინტერესდა მისი ცხოვრებით? რატომ იჩქარა ასე, რატომ?
ლელი აწრიალდა, ყველაფრის ხალისი წაუხდა. სახეზე ფერი დაკარგა. იონამ მისი აღელვება მამამისთან მოულოდნელ შეხვედრას დააბრალა. იგი მხოლოდ იღიმოდა და ვერც წარმოიდგენდა, რა მწარე სიურპრიზი ელოდა წინ.
რამაზი ჭიშკართან დახვდა შვილს. იონამ მანქანა ეზოში შეაყენა და ლელის ღიმილით მიუბრუნდა.
_ ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება.
ლელიმ ძლივს დაუქნია თავი და ნაძალადევად გაუღიმა.
_ აი, მამაჩემიც. _ შესძახა მამაკაცმა და მანქანიდან გადავიდა.
ლელი აცახცახდა.
_ რა იყო, ცუდად ხომ არ ხარ? _ შეშფოთდა იონა, როცა დაინახა, რა დღეშიც ჩავარდა მისი საყვარელი ქალი.
ლელი მოულოდნელად შედგა, თავზე ხელი ისე შემოიჭირა, ძლიერი თავის ტკივილის დროს რომ იციან ქალებმა და წაბარბაცდა. მამაკაცი მსწრაფლ მიეჭრა ქალს და წელზე ხელი მოხვია.
_ ლელი, რა გემართება?
_ მაპატიე, თავი ამტკივდა. ვიცი ხოლმე, როცა ვნერვიულობ.
_ ჩემი ბრალია, ადრევე უნდა გამეფრთხილებინე. გეხვეწები, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერე. შევიდეთ სახლში და წამალს დაგალევინებ, გაგივლის ეგ თავის ტკივილი, არა უშავს.
_ ჰო, ჰო, რა თქმა უნდა, _ მუგო აღელვებულმა ქალმა.
რამაზი ხელგაშლილი გამოეგება ორივეს.
_ საღამო მშვიდობისა, ბავშვებო! _ მისმა ომახიანმა ხმამ უარესად იმოქმედა ლელიზე. ერთიანად დაეჭიმა სხეული.
_ ეს მამაჩემია, რამაზ ნიშნიანიძე. ეს კი, _ იონამ ლელი ჩაიხუტა, _
ჩემი მომავალი ცოლი, ლელი. ლელი ალანია.
_ ძალიან სასიამოვნოა, _ თითქოს სხვისი ხმით ჩაილაპარაკა ლელიმ.
_ ალანია? სადაური ალანია ხარ? _ შუბლი მოეღუშა რამაზს და მზერა შეშფოთებით შეუთამაშდა, ოღონდ წამიერად, ისე, რომ ეს არავის შეუმჩნევია.
_ ზუგდიდელი, _ მიუგო ლელიმ ჩამქრალი ხმით.
_ ძალიან მიხარია, ძალიან, ძალიან. _ მამაკაცმა კიდევ ერთხელ დაკვირვებით შეათვალიერა გოგონა, მერე კი გულში ჩაიხუტა. _ შენ ძალიან ლამაზი ხარ, _ თქვა ოდნავ შეფიქრიანებული ხმით.
ლელიმ გაჭიანურებულად გაიღიმა და თავი დახარა.
რამაზმა კარი შეაღო და წყვილს სახლში შეუძღვა.
_ მამა, თავის ტკივილის გაქვს რამე? ლელის თავი ასტკივდა.
_ როგორ არა მაქვს, მე ყველაფერი მაქვს, _ მიუგო რამაზმა, _ წამოწოლა ხომ არ გინდა, უფრო მალე გაგივლის.
_ არა, გმადლობთ, ისედაც გამივლის, _ მიუგო ლელიმ, კბილი კბილს დააჭირა და ოთახში შევიდა თუ არა, ღონემიხდილი ჩაესვენა ვეება სავარძელში…
თავზარდაცემული ლელი გონზე არ იყო. სულ ახლახან გული სიხარულით უთრთოდა, იონამ ცოლობა სთხოვა, მამის გასაცნობად მოიყვანა… ახლა კი უღონოდ იყო მისვენებული სავარძელში და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. წასულიყო და არავისთვის არაფერი აეხსნა, არ გამოვიდოდა, ხოლო ყველაფრის ასახსნელად აღარც ძალა შერჩენოდა და აღარც სურვილი. უფრო ჭვიანური ვერაფერი მოიფიქრა, თავის ატკივების გარდა. თუმცა, ტყუილი არ უთქვამს, მართლა ისე ასტკივდა თავი, ლამის გასკდომოდა. გული ეკუმშებოდა იმის გახსენებაზე, რა ჯოჯოხეთური ტკივილი ელოდა, სიცოცხლე აღარ უნდოდა.
როგორ გადაიტანს ამ სირცხვილს? საკუთარი მოგვარე შეუყვარდა! განა კაცი დაილია ქვეყანაზე? სირცხვილით თავი არ გამოეყოფა.
_ მშობლები სად ცხოვრობენ? _ მტანჯველი ფიქრებისგან რამაზის ხმამ გამოარკვია.
_ მშობლები? _ ლელი გვიან ჩასწვდა მამაკაცის შეკითხვის არსს, _ დედა ზუგდიდშია, მამა კი… მამა არ მყავს.
_ გარდაიცვალა? _ რამაზმა წარბები ასწია და დაკვირვებით მიაჩერდა.
_ ა-არააა, უბრალოდ, არ მყავს. გაშორებულები არიან დედა და მამა.
_ დიდი ხანია? _ არ ეშვებოდა ნიშიანიძე.
_ დიახ… მე დაბადებულიც არ ვიყავი, _ ლელიმ გამშრალი ტუჩები შეარხია.
_ დედას რა ჰქვია?
_ მამა, რა დაკითხვას უწყობ? ჯობია, მითხრა, წამალი სად გაქვს? _ იონამ სიტუაციის განმუხტვა სცადა.
_ სამზარეულოს ზედა უჯრაშია, სადაც წამლებს ვინახავ ხოლმე, _ უპასუხა რამაზმა, თან თვალი არ მოუცილებია გაფითრებული გოგონასთვის.
_ ლაკო… _ ძლივს გასაგონი ხმით დაიჩურჩულა ლელიმ, _ დედას ლაკო ჰქვია.
რამაზმა თავი გააქნია, თითქოს უსიამოვნო ფიქრებისგან გათავისუფლება სურსო და შუბლზე ხელი გადაისვა. მერე ახლოს მივიდა ლელისთან და მის ბროშზე გამოსახულ მბრწყინავ ბრილიანტის ცრემლს დააკვირდა.
_ ეს დედამ გაჩუქა? _ მამაკაცმა ჩაიმუხლა და ბროშს ხელი შეავლო.
_ დიახ, დედის საჩუქარია. მას კი მამამ აჩუქა, _ მიუგო ლელიმ და უცებ რაღაცას მიხვდა, ელდანაკრავივით ზეზე წამოიჭრა. _ რატომ მეკითხებით?
_ ლამაზი სამკაულია, _ ორაზროვნება გაისმა რამაზის ხმაში, რომელიც წამოდგა და ოთახში შემობრუნებულ იონას მიაჩერდა, _ ნახე?
_ ჰო, ვნახე. აჰა, დალიე და მალე გაგივლის, _ იონამ წყლით სავსე ჭიქა და ხელისგულზე დადებული აბი მიაწოდა გოგონას.
ლელიმ უსიტყვოდ ჩამოართვა მამაკაცს ჭიქა, აბი ენის წვერზე დაიდო, წყალი მიაყოლა და გადაყლაპა.
რამაზი კი განაგრძობდა მის დაკითხვას. დაინტერესდა, რას საქმიანობდა ლელი, უყვარდა თუ არა თავისი პროფესია და მოსწონდა თუ არა თბილისში ცხოვრება.
მერე სუფრას მიუსხდნენ, რომელსაც დაახლოებით ლელის ასაკის გოგონა ემსახურებოდა. სუფრა არ იყო მდიდრული, ყავა, ნამცხვარი, ხილი და ნაყინი იდო მაგიდაზე. ლელიმ არ იცოდა, თავი როგორ დაეჭირა ამ მიღებაზე, რომელიც მისთვის ძალიან გაჭიანურდა. იგი თვალს ვერ უსწორებდა იონას, გაურბოდა მის მზერას და ეს უკანასკნელიც ხვდებოდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერაფრით ვერ ხვდებოდა, რატომ იქცეოდა ლელი ასე.
ვახშამმა უღიმღამოდ ჩაიარა. ყველა ერიდებოდა ლაპარაკს. იონამ რამდენჯერმე შეამჩნია მამის დაჟინებული მზერა _ რამაზი თითქოს შემფასებლურად ათვალიერებდა მის საცოლეს, განსაკუთრებით დიდხანს მის მკერდს აკვირდებოდა. ცოტა არ იყოს, ეხამუშა მამისგან მსგავსი საქციელი. «რატომ იქცევა ასე? _ ფიქრობდა იონა, _ ხომ ავუხსენი, რამდენს ნიშნავს ჩემთვის ლელი?»
გუნება გაუფუჭდა, მოიმიზეზა, ლელი თავს შეუძლოდ გრძნობს და აჯობებს, წავიდეთო. გოგონამ შვებით ამოისუნთქა. ერთი სული ჰქონდა, რაც შეიძლებოდა, ჩქარა გასცლოდა აქაურობას.
გამოსვლისას, სანამ იონა მანქანას დაქოქავდა და ეზოდან გაიყვანდა, რამაზმა დრო იხელთა, ლელის ხელზე ხელი მოუჭირა და იდუმალი ხმით უჩურჩულა:
_ შენ ალბათ ყველაფერს მიხვდი. ასე რომ, გამოდის, ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო, ჩემო გოგო. ხვალ სამ საათზე გელოდები, კარგი?
ლელის ლამის გული შეუღონდა. «ჩემო გოგომ» სული შეუგუბა. უაზრო თვალებით ახედა მამაკაცს და ხელი გაითავისუფლა.
_ მოვალ. _ ჩამწყდარი ხმით მიუგო და ჭიშკრისკენ არეული ნაბიჯებით დაიძრა.
_ მამა არ დააღალატო, _ დაადევნა რამაზმა და შუბლზე ისე გადაისვა ხელი, თითქოს ღვარად ჩამოსულ ოფლს იწმენდსო.
ლელიმ ძლივს მიაღწია მანქანამდე…
მთელი გზის განმავლობაში, სანამ ბინამდე მიაღწევდნენ, ლელი ისე აჩვენებდა თავს იონას, თითქოს ტკივილისგან ძალა გამოლეოდა. თვალებდახუჭული მიყრდნობოდა სავარძლის საზურგეს და ხმას არ იღებდა. როცა იონამ სადარბაზოში შეაცილა, ლელი მოუბრუნდა და სევდიანი ხმით უთხრა.
_ მაპატიე… ახლა მარტო მინდა ყოფნა. დღეს იმდენი რამე მოხდა…
_ მაგრამ შენ ხომ ცუდად ხარ. ექიმის გამოძახება რომ დაგჭირდეს? მოდი, დავრჩები, ხელს არაფერში შეგიშლი, უბრალოდ, შენ გვერდით ვიქნები.
როგორ უნდოდა ლელის ეთქვა, მინდა, რომ დარჩე, მინდა, რომ მიყვარდე, მინდა, რომ ყოველთვის შენთან ერთად ვიყოოო, მაგრამ გულის სიღრმეში კარგა ხანია, ბედნიერების სიმები ერთმანეთის მიყოლებით გაუწყდა და სასიამოვნო შეგრძნების მაგივრად განგაშის ზარი რეკდა გონებაში: არასდროს, არასდროს, არასდროს.
_ არ ღირს, იო… ბევრად უკეთ ვარ, ექიმი არ დამჭირდება.
ამ სიტყვებით თითის წვერებზე აიწია, ლოყაზე აკოცა მამაკაცს, ღიმილისმაგვარი გამოისახა ტუჩებზე და კიბეს აუყვა.
ღამის გრილმა ნიავმა დაუბერა, ლელი კი, ემოციებისგან დამძიმებული, ფანჯარასთან იდგა, სივრცეს გაყინული მზერით მისჩერებოდა და ცდილობდა, ჭკუაზე არ შეშლილიყო. თითქმის ხუთი თვის წინ, როცა სოსოს ღალატის ამბავი გაიგო, ძალიან ეტკინა გული, საშინლად ცუდად იყო, მაგრამ იმედი არ დაუკარგავს, რომ ყველაფერი წინ ჰქონდა და ცხოვრება უნდა გაეგრძელებინა, ევლო თამამად, ემოქმედა და მიეღწია დასახული მიზნისთვის. ახლა კი არაფერს, სრულიად არაფერს გრძნობდა, გარდა ამ მჩხვლეტავი ტკივილისა, რომელსაც მის სულამდე ჩაეღწია. აღარ დარჩა არავითარი იმედი, თუნდაც სულ მცირედი, თუნდაც მტვრისოდენა… მხოლოდ განუსაზღვრელი დარდი და სევდა დარჩა, რომელიც მოსვენებას უკარგავდა. ირგვლივ ყველაფერი შავ-თეთრი გახდა _ ცაც თავის ვარსკვლავებიანად, მიწაც, ყვავილებიც, სახლიც და კარიც…
თურმე საკუთარი ძმა შეუყვარდა. ცოლად ძმას უნდა გაჰყოლოდა თურმე. და ყველაზე უარესი _ ის იწვა მასთან. როგორ ჩამოირეცხოს ეს საშინელი ცოდვა? რომელ ეკლესიას მიაშუროს? როგორი სანთლები დაანთოს?
მართალი ყოფილა დედა, უნდა დაეჯერებინა მისთვის. არ უნდა შესდგომოდა მამამისის ძებნას, არ იყო ეს საჭირო. როგორ დასცინა განგებამ, როგორ ეთამაშა ბედისწერა. არა, მამის ძებნა აქ არაფერ შუაშია. თვითონ გაითხარა სამარე, რომელშიც ჩავარდა _ მილიონ მამაკაცს შორის, რომელიც ამ სამყაროში დადის, ლელიმ ის ერთადერთი შეარჩია, მაინცდამაინც ის, ვისთანაც სისხლით ნათესაობა აკავშირებდა. რაღა იონას შეხვდა ცხოვრების გზაზე? რატომ სოსოსთან არ გაუმართლა? სოსო რომ გვერდით ჰყოლოდა, ხომ აიცდენდა ამ უბედურებას?
მოულოდნელად გადაწყვეტილება მიიღო და საძინებელში შევარდა. ის უჯრა გამოაღო, სადაც წამლებს ინახავდა და რაც კი ფირფიტები ნახა, ხელისგულზე დაიხვავა. მერე საწოლზე ჩამოჯდა და აბების გახსნას შეუდგა. როცა საქმეს მორჩა, ყველა ერთმანეთში აურია და დააჩერდა. ერთხანს ჩაფიქრებული იჯდა. წვეთი ცრემლი არ გადმოსვლია თვალებიდან, ტირილის თავიც აღარ ჰქონდა. იჯდა მოკუნტული და საჩვენებელ თითს აბებში აფათურებდა. აი, დალევს ახლა ყველას ერთად და მისი წამებაც დამთავრდება…
წამით თავი ასწია, ფანჯრიდან მომზირალ ღამეს გახედა და მობილური მოიძია. ნაცნობი ნომერი აკრიფა. რამდენიმე ზარის შემდეგ ნამძინარევმა, ოდნავ გაკვირვებულმა ხმამ უპასუხა.
_ ლელ, ხომ კარგად ხარ? რა მოგელანდა ამ შუაღამისას?
_ ქეთი… _ თითქოს ყელში ლუკმა გაეჩხირაო, მეგობარს პასუხი ვერ გასცა.
_ რა გჭირს? _ შეშფოთებით ჩაეკითხა დაქალი, _ სად ხარ, რა დაგემართა?
_ ცუდად ვარ, ქეთ… ძალიან ცუდად. მიშველე, გთხოვ… უნდა მოხვიდე ჩემთან.
_ დამელოდე, ახლავე წამოვალ.
დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ქეთი მასთან გაჩნდა. მეგობარს რომ შეხედა, თვალები გაუფართოვდა.
_ რა დაგემართა, გოგო! ადამიანის სახე აღარ გაქვს, მკვდრისფერი გადევს. კარგი, დაწყნარდი, ნუ ცახცახებ. მოდი, მომიყევი, რატომ წამომაგდე ამ შუაღამისას ლოგინიდან. რა, მიგატოვა თუ ორსულად ხარ? იქნებ ომი დაიწყო?
თან ელაპარაკებოდა ქეთი, თან ზურგს უზელდა მეგობარს. ამ დროს თვალი მოჰკრა ლოგინზე დაყრილ აბებს და გაგიჟდა.
_ ქალო, ვატყობ, რაღაც სისულელე ჩაგიფიქრებია. შემთხვევით, ხომ არ გააფრინე? გგონია, ქვეყნიერების დასასრული მოახლოვდა? ამოიღე ხმა, მითხარი, თავს რისთვის იკლავ, ვიცოდე მაინც! _ ამ სიტყვებით აბებს ერთ ადგილას მოუყარა თავი, მოხიკა და უნიტაზში გადაუძახა.
_ მამაჩემი რამაზ ნიშნიანიძეა, _ ჩაილაპარაკა ლელიმ ძლივს გასაგონი ხმით. იგი სადღაც იყურებოდა და ხელებს ანგარიშმიუცემლად იფშვნეტდა.
_ ვინ არის ეს რამაზ ნიშნიანიძე, რას წარმოადგენს? _ დაინტერესდა ქეთი და რადგან არც ისე საგანგაშოდ ეჩვენა ლელის შეშფოთების მიზეზი, სასტუმრო ოთახიდან საჟურნალე მაგიდა შემოიტანა და სუფრის გაშლას შეუდგა. _ ცოტა წავუქეიფოთ მე და შენ, თან მომიყევი, რა კაცია მამაშენი, სად გაიცანი. არ გაღიარა შვილად? ერთი მაგის დედაც. მის გარეშე აქამდე მოხვედი და არც აწი დაიკარგები, მაგაზე ნერვიულობ? _ თან ამშვიდებდა ქეთი, თან საქმიანობდა.
_ რამაზ ნიშნიანიძე იონას მამაა.
ქეთი თეფშებით ხელში ადგილზე გახევდა.
_ ჯანდაბას!.. ეგ როგორ? კი მაგრამ, იონა ხომ ნემსაძეა? _ გაოგნებული გოგონა ლელის საწოლზე ჩამოუჯდა. _ კარგი, როგორმე თავი ხელში აიყვანე, რამეს მოვიფიქრებთ. აუცილებლად მოვიფიქრებთ რამეს, გესმის ჩემი? თვითმკვლელობა გგონია, გამოსავალია? ასე არაფერი გამოვა. აჰა, დალიე და ცოტა მოგეშვება. _ ქეთიმ ღვინით სავსე ჭიქა მიაწოდა დაქალს და დაელოდა, როდის დალევდა.
გაგრძელება იქნება ორშაბათს