მარიამ შარმანაშვილს, რომელიც ფართო აუდიტორიამ ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის, სოფი ლორენის სარძლოს სტატუსით გაიცნო, ცოტა ხნის წინ რჩეულმა, კარლო პონტი უმცროსმა ხელი სთხოვა.
მარიამი საკუთარი ცხოვრებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ჟურნალ "თბილისელებს" ესაუბრა.
მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი
- თქვენი და კარლო პონტის სიყვარული საკმაოდ დიდ დროს ითვლის. როგორც ვიცი, ერთმანეთი „ინსტაგრამზე“ გაიცანით. მინდა, პირველი ემოციები გაიხსენოთ, მაშინ შეგეძლოთ ასეთი სცენარის თუნდაც წარმოდგენა?
- სამი დღის განმავლობაში ისე ვმესიჯობდით, მისი სახელი, გვარი და ზუსტი ვინაობა არ ვიცოდი. მესამე დღეს კი, როდესაც ვინაობა გამიმხილა, ცოტა დაუჯერებლად მომეჩვენა, სანამ ვიდეოზარით არ დავრწმუნდი, რომ კარლო ნამდვილად კარლო იყო. სასიამოვნო განცდა იყო, რომ ასეთი წარმატებული პიროვნების გაცნობის პატივი მხვდა წილად, მაგრამ ასეთ სცენარს, როგორც შემდგომში ჩვენი ამბავი განვითარდა, ნამდვილად არ ველოდი.
- როგორც ვიცი, სადედამთილოს უკვე კარგად იცნობთ. როგორი ადამიანი აღმოჩნდა უდიდესი ვარსკვლავი პირად ურთიერთობაში და საქართველო თუ გააცანით?
- ქალბატონი სოფია არის უაღრესად თბილი ადამიანი, გაცნობის დღიდან მისგან ძალიან თბილი დამოკიდებულება ვიგრძენი, მაგრამ ბოლო პერიოდში კიდევ უფრო დავახლოვდით, რადგან თითქმის ერთი თვის განმავლობაში მოგვიწია ერთად ცხოვრება. შესაბამისად, კიდევ უფრო უშუალო და მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. აქვს ძალიან კარგი იუმორი და ხშირად ვხალისობთ ხოლმე სხვადასხვა თემაზე. ქალბატონი სოფია ისედაც იცნობდა ჩვენს ქვეყანას, რადგან ის საქართველოს, ქალბატონი ნინო სურგულაძის საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, 2016 წელს ესტუმრა, მაგრამ მეც როდესაც საშუალება მეძლევა, უფრო და უფრო მეტს ვუყვები საქართველოზე, ქართული სამზარეულოდან ვეცადე, მას ისეთი კერძები გაესინჯა, რომელიც აქამდე დაგემოვნებული არ ჰქონდა, მაგალითად, ხინკალი და ხაჭაპური, რაზეც აღფრთოვანდა და ეს იყო დიდი კომპლიმენტი ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის, რადგან მოგეხსენებათ, ქალბატონი სოფია ცნობილია კულინარიული ნიჭითაც.
- თქვენი საქმროს საქართველოსადმი დამოკიდებულების შესახებაც მინდა გკითხოთ: როგორ მოსწონს ჩვენი ქვეყანა?
- კარლოს ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი კულტურა, განსაკუთრებით ჩვენი მრავალხმიანი სიმღერები, გასტრონომიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სხვათა შორის, ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ გვინდა საქართველოში ქორწილი, ის არის, რომ ამ გზით ჩვენს ქვეყანას გაიცნობს მისი უამრავი მეგობარი და ოჯახის წევრი, რომლებიც აქამდე საქართველოში არ ყოფილან.