ლელიმ ბოლომდე დალია ღვინო და ტუჩები ხელის ზურგით მოიწმინდა.
_ ვიფიქრე, არავის ვეტყვი-მეთქი, მაგრამ ვერ მოვითმინე, ქეთ… შენთვის რომ არ გამენდო, გული გამისკდებოდა. რა ძნელი ყოფილა ასეთი საიდუმლოს მარტო ზიდვა, ძნელი კი არა, შეუძლებელი. არ ვიცი, რა მეშველება, დავიღუპე და ეგაა. გესმის, რა მოხდა? ჩემს საკუთარ ძმასთან სექსი მქონდა. დღეს ცოლად გამომყევიო, ბეჭედი მაჩუქა, აი, შეხედე! _ ლელიმ მარჯვენა ხელი გაფშიკა და არათითზე წამოცმულმა ბრილიანტის ცრემლმა გაიბრწყინა.
_ მან იცის? _ ჩურჩულით შეეკითხა ქეთი.
_ არა, რას ამბობ და კიდევ კარგი, არ იცის. არავითარ შემთხვევაში არ ვეტყვი, გამორიცხულია. ხვალ მამამისმა დამიბარა და…
ლელი სვენებ-სვენებით ყველაფერს მოუყვა. როცა თხრობა დაამთავრა, თვალები ცრემლით აევსო, მეტი ვეღარ მოითმინა და გულამოსკვნილი ატირდა.
_ კარგი, დაწყნარდი, ტირილით საქმეს არ ეშველება, _ მხრებზე ხელი მოხვია ქეთიმ მეგობარს და გულზე მიიკრა.
_ მინდა, ყველაფერი დავივიწყო, როგორც კოშმარული სიზმარი. არაფერი არ მინდა ქვეყანაზე, გესმის? არაფერიიიი!
ქეთი წამოდგა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა.
_ მშვიდად, მშვიდად, მშვიდად… _ ბურტყუნებდა კარგა ხანს, მერე შედგა, _ იქნებ შეცდომაა? სხვის გვარზე რატომ უნდა იყოს, თუ მისი შვილია?
_ დედის გვარზე ვარო.
_ ესე იგი, მაშოც მისი შვილია? ის შენი დაა?
_ ასე გამოდის.
_ ის მაინც არის მამის გვარზე?
_ არა, ქმრის გვარზეა, ოღონდ გაყრილები არიან. არასდროს მიკითხავს მისთვის, რა გვარის ხარ-მეთქი. იომ მითხრა, ქმრის გვარზეაო.
_ მოდი, ასე გავაკეთოთ. ხვალ წახვალ, შეხვდები იმ კაცს და ყველაფერს გაიგებ, ასე აჯობებს. _ ქეთი ფარ-ხმალს არ ყრიდა.
_ მერედა რაში მჭირდება ეს, ქეთ? ისედაც ნათელია ყველაფერი. თავიდან ვადანაშაულებდი, როგორ არ გაუჩნდა ჩემი მოძებნის სურვილი-მეთქი, მაგრამ მან ხომ არაფერი იცოდა ჩემი არსებობის შესახებ, როგორ დავადანაშაულო? არც დედამ მიაწვდინა თავის დროზე ხმა. ისეთი ამაყია, რომ არ იკადრა თავისი ჭკუით. მე კი სწორედ მისმა სიამაყემ დამღუპა, თორემ აქამდე საქმე არ მივიდოდა.
_ მე მგონი, აუცილებლად უნდა შეხვდე მას, გაიგე? შენ თუ არ წახვალ, მე წავალ, იცოდე. მაგის ბრალია, ასე რომ დაგენგრა ცხოვრება. ერთხელ მაინც რომ დაინტერესებულიყო დედაშენის ბედით, დღეს საკუთარ ძმას არ შეიყვარებდი. ღმერთო, რა საშინელებაა ამის მოსმენა, თავი სიზმარში მგონია.
_ წავალ, შევხვდები. იმას მაინც ვეტყვი, რომ მისგან არაფერი მინდა. და იმასაც ვეტყვი, რომ ყველაზე დიდი ნაძირალაა. გულს მოვიოხებ, სხვა თუ არაფერი.
_ აი, სულელი! რას მიქვია, არაფერი გინდა? ის კაცი მდიდარია, ფული ჩეჩქივით აქვს და შენ არაფერი გინდა? პირიქით, უნდა დაწველო!
_ არა, ქეთი, მისი დანახვაც არ მინდა, ფულზე საერთოდ არა მაქვს ლაპარაკი. რა თავში ვიხლი მის ქონებას, როცა ასეთ უბედურებაში გავეხვიე? _ ლელიმ მძლავრად ამოიკვნესა, მეორე ჭიქაც ბოლომდე გამოცალა და მოცელილივით გადავარდა საწოლზე, თან მთელი ხმით აღრიალდა…
მეორე დღეს, ზუსტად სამ საათზე, ლელი რამაზ ნიშნიანიძის ჭიშკარს მიადგა. ჩანთიდან მრგვალი პატარა სარკე ამოიღო და ჩაიხედა. ფერმიხდილს თვალები გამოცარიელებოდა, თვალის უპეებში აშკარად ეტყობოდა უძილობის კვალი, თუმცა, წუხანდელთან შედარებით, უფრო დამშვიდებული გამოიყურებოდა. როცა კარი გაუღეს და სახლისკენ მიმავალ ბილიკს დაუყვა, ეჩვენებოდა, თითქოს ძალიან დიდი ხნის წინ იყო აქ და არა გუშინ, თითქოს სხვა ცხოვრებაში სტუმრობდა რამაზ ნიშნიანიძეს და არა იონასთან ერთად.
მამაკაცი მრგვალ მაგიდას მისჯდომოდა ყავის ფინჯნით ხელში და გამჭოლ მზერას არ აშორებდა მისკენ მომავალ გოგონას. ლელი უახლოვდებოდა და არ იცოდა, როგორ უნდა დაეწყო საუბარი. ბოლოს და ბოლოს, რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გაიჟღერებს პირველი ფრაზა? _ ფიქრობდა ლელი, _ მისთვის განა სულერთი არაა, რა მოჰყვება ამ შეხვედრას?
რამაზმა ფინჯანი ლამბაქზე დადგა და შეეგება.
_ მიხარია შენი ნახვა, _ თბილად გაუღიმა გოგონას.
_ დღე მშვიდობისა, _ მიესალმა ლელი და გულში დაამატა: «მამა».
რამდენიმე წამის განმავლობაში მდუმარედ შეჰურებდნენ ერთმანეთს. ლელის გამომწვევი გაუხდა მზერა. ამწუთას ყველაზე მეტად სწორედ ეს კაცი და დედა ეზიზღებოდა. არც ერთი უნდოდა თვალის დასანახად და არც მეორე.
_ სახლში შევიდეთ თუ აქ დავსხდეთ? _ კითხვით სავსე თვალები მიაპყრო რამაზმა.
_ სულერთია, _ მხერბი აიჩეჩა ლელიმ და იქვე, სკამზე ჩამოჯდა.
რამაზი მის წინ დაჯდა და მაშინვე ალაპარაკდა, თითქოს წლებია, ამ შეხვედრას ელოდაო:
_ დაგინახე თუ არა, მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი ქალიშვილი იყავი. ამაში შენი ბროში დამეხმარა. იქ, პრეზენტაციაზეც ეს გეკეთა. ვიცი, რომ დედაშენის სამკაულია, რადგან მე ვაჩუქე. თბილისში გავაკეთებინე ეს ბროში ერთ ოქრომჭედელს. ძალიან ჰგავხარ ლაკოს, მისი ასლი ხარ, ლამაზი, როგორც პრინცესა.
_ მერედა, რატომ მიატოვე ასეთი პრინცესები? _ დამცინავი ღიმილით შეეკითხა ლელი.
რამაზმა ღრმად ამოიოხრა და ხმაგაბზარულმა მიუგო:
_ შენზე არაფერი ვიცოდი, ლელი, დედაშენის წინაშე კი მართლაც დამნაშავე ვარ. წლებია, სინდისი მქენჯნის, მოსვენება მაქვს დაკარგული.
_ რაღაც არ მჯერა.
_ იცი? ცხოვრება რთული რამეა, ყველაფერი როდია იოლი. შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ, ვერ გაიგებ.
_ რა თქმა უნდა, ვერ გავიგებ მე, რომელმაც არ ვიცი, რა არის მამის სიყვარული; მე, რომელიც უკაცო ოჯახში დავიბადე და გავიზარდე; მე, რომელიც მთელი შეგნებული ცხოვრება დავეძებდი დაკარგულ მამას და უცნაურ გარემოში, სრულიად შემთხვევით გადავაწყდი. შენ კი ამასობაში ოჯახური სითბოთი ტკბებოდი და წარმოდგენაც არ გქონდა, რომ სადღაც კიდევ ერთი ქალიშვილი გყავდა…
_ ეს არ არის ჩემი დანაშაული. არ ვიცი, ლაკომ რა გითხრა, მაგრამ მე შევეხმიანე მას ჩვენი დაშორებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. მან კი ჩემთან საუბარი არ ისურვა, მითხრა, აღარასდროს დამირეკოო და ყურმილი დამიკიდა. რა უნდა მექნა? ჩემი ბრალი არ არის, რომ ლაკოზე მეტად ნანი მიყვარდა. ის ჩემი ბავშვობის დროინდელი სიყვარული იყო. წლების შემდეგ სრულიად შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს და მივხვდით, რომ უერთმანეთოდ ვერ გავძლებდით. გგონია, დალხენილი ცხოვრება მქონდა? მეც ბევრი რამ გადამხდა, ოდესმე ყველაფერს მოგიყვები. ახლა ამის დრო არ არის.
«და რას შეცვლის ეს? _ გაიფიქრა ლელიმ, _ იონას მაინც ვერ დამიბრუნებს». რა უცნაური ბედი ერგო. წლების განმავლობაში ოცნებობდა მამასთან შეხვედრაზე და აი, როგორ შემოტრიალდა ყველაფერი.
_ გასაგებია, _ ლელი წამოდგა, _ უაზროა ეს საუბარი. ჩემი წასვლის დროა, შეხვედრა მაქვს დანიშნული.
_ ვწუხვარ… თუმცა, ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს, თანაც ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროში, ამას გპირდები.
ლელის ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. პასუხად მხოლოდ წარბები აზიდა და ჭიშკრისკენ გაემართა.
_ მძღოლს ვთხოვ, წაგიყვანოს, უარი არ მითხრა, _ უთხრა რამაზმა, რომელიც გვერდით მიჰყვებოდა თავის ქალიშვილს.
ლელიმ მხრები აიჩეჩა. სანამ რამაზი მძღოლს ელაპარაკებოდა, ქუჩაში გავიდა. მალე მამაც წამოეწია, წინ გადაუდგა ქალიშვილს და მის ხელებს დასწვდა.
_ მაპატიე, ჩემო გოგო. ძალიან ბევრი მაქვს შენთვის მოსაყოლი. არც ისე ადვილია ეს ყველაფერი, ვიდრე შენ წარმოგიდგენია. მაპატიე, თუ შეგიძლია.
ლელიმ შეხედა. მამაკაცის თვალებში ტკივილი ამოიკითხა და დაუჯერა.
_ შევეცდები, _ მხოლოდ ეს სიტყვები მოსწყდა მის ტუჩებს.
რამაზი გოგონას მოეხვია და სადღაც, ყელთან აკოცა. მოულოდნელად ლელიმ თითქოს ნაცნობ მანქანას მოკრა თვალი. მოეჩვენა, რომ იონა დალანდა სახლთან ახლოს, მაგრამ მალევე უკუაგდო ფიქრები. ალბათ შეეშალა, განა ცოტას ჰყავს იონასნაირი ავტომობილი?
მაგრამ გული უფრო მოეწურა, როცა მანქანაში ჩაჯდა. კვლავ მოეძალა წყენა, რომელიც მამამისთან შეხვედრამ დაუტოვა. ბოლოს თავი ვერ შეიკავა და ბოღმა გადმოანთხია:
_ ნეტავ საერთოდ არ გავჩენილიყავი! შენ ჩემთვის მხოლოდ უსიამოვნება და უბედურება მოგაქვს! შენი დამსახურებით ლამის ობლად ვიზრდებოდი! ახლა კი, იმის ნაცვლად, რომ ბედნიერებისგან ვცეკვავდე, სიკვდილი მინდა, რადგან საკუთარი ძმა შემიყვარდა! არ ვიცი, ამას როგორ გადავიტან ან როგორ გაპატიებ რამეს! _ მიახალა მამას და კარი ცხვირწინ მიუჯახუნა.
მანქანის უკანა სარკიდან დაინახა, რომ მამამ რაღაც მოაძახა, მაგრამ სიტყვები ვერ გაიგონა…
გასაკეთებელი რჩებოდა ყველაზე მთავარი _ იონასთვის ბეჭდის დაბრუნება, ამასთან, არავითარ შემთხვევაში არ ეტყოდა, რატომ იქცეოდა ასე. ღმერთმა ქნას, მამამ არაფერი უთხრას თავის შვილს, არ მოუყვეს ლელის შესახებ, არც ახლა გახსნას წარსულის საიდუმლოება. დაე, ჩათვალოს იონამ, რომ ლელი თავქარიანი, ქარაფშუტა გოგოა, არასერიოზული და მოღალატე _ სულერთია, სიმართლეს მაინც ეს სჯობია. ის ლელის გარეშეც შეძლებს, ბედნიერი იყოს, მოძებნის ვინმეს, ვისაც სუფთა წარსული აქვს და ლამაზ და მშვიდ ოჯახს შექმნის, არ გაუჭირდება. ლელი კი… ვინ იცის, იქნებ შეურიგდეს კიდევაც სოსოს, ყოველ შემთხვევაში, ეცდება მაინც. რაც უნდა იყოს, წელიწად-ნახევარი ხომ იცხოვრეს ერთად და არცთუ მთლად წყალწაღებულია. მართალია, ისეთი რომანტიკული არ არის, როგორიც მას უნდა, მაგრამ რა მოხდა მერე? წიგნის გმირი კი არაა, რომანტიკა ეძებოს. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ სოსო მისი ნათესავი არ არის… და ეს მისი ყველაზე დიდი პლუსია დღესდღეობით…
მაგრამ სჭირდება კი სოსო? რა დროს სოსოა, როცა ამხელა ბედნიერება თავზე ჩამოემხო? რა წყალწაღებულივით ხავსს ებღაუჭება? აშკარად ბოდავს, არ იცის, რომელ ქვას ახალოს თავი და იგონებს რაღაცებს.
აჯობებს, ახლავე შეიაროს იოს ოფისში, დაუბრუნოს ბეჭედი და მერე სოსოს ესტუმროს. ნუთუ მართლა სერიოზულად ფიქრობს სოსოსთან შერიგებაზე? ყოველ შემთხვევაში, გულს მაინც გადააყოლებს ცოტა ხნით. მან ხომ რამდენჯერმე დაურეკა და თავი მოაბეზრა თხოვნით, ერთხელ მაინც შემხვდიო. ჰოდა, შეხვდება, ერთი შეხვედრით არაფერი დაშავდება.
დაბნეულია, ძალიან დაბნეული და არ იცის, რას აკეთებს. ეს აშკარაა. მისი ცხოვრება ბრაზილიურ სერიალს დაემსგავსა. აქამდე სიზმარში ეგონა თავი, ახლა აღარ. ახლა უკვე ხვდება, რომ რეალურ ცხოვრებაში გადახდა თავს ასეთი საშინელება.
რესეფშენის დახლს მიუახლოვდა და ითხოვა, იონა ნემსაძისთვის მოეხსენებინათ მისი მოსვლა. გააჟრჟოლა, ცივად, სწორედ ისე, როგორც ადრე, დამთრგუნველად. მსგავსი ჟრჟოლა ყოველთვის ხელს უშლიდა, თავი ხელში აეყვანა. «მშვიდად, ლელი, მშვიდად! _ აწყნარებდა თავის თავს, _ ეს მხოლოდ და მხოლოდ იონაა, მას ბეჭედი უნდა დაუბრუნო, არ უნდა აღელდე და ცრემლები არ უნდა მოგადგეს თვალზე». ავტოტრენინგმა არ უშველა, სხეული ერთიანად დაეჭიმა და მუხლებაკანკალებული მიადგა საყვარელი მამაკაცის კაბინეტის კარს.
ის მაგიდასთან იჯდა, დაძაბული მისჩერებოდა კომპიუტერის მონიტორს და არანაირი რეაგირება არ მოუხდენია ლელის გამოჩენაზე.
_ იო… მე მოვედი და… _ ხმა ჩაუწყდა და დადუმდა, წინადადების გაგრძელება ვერ მოახერხა.
მან თავი ასწია და მშრალად მიუგო:
_ ვხედავ. დაჯექი. გისმენ.
სამი სიტყვა უთხრა, რომელიც სამ წინადადებას უდრიდა. და ისე წარმოთქვა სამივე ერთმანეთის მიყოლებით, თითქოს უცხო ადამიანს ელაპარაკებაო.
ლელის შეამცივნა. რას ნიშნავს ასეთი მიღება? ნუთუ უკვე იცის ყველაფერი? რამაზმა მოასწრო და უამბო, რაც ხდებოდა? როგორც ჩანს, ასეა.
ლელი დაჯდა, აცახცახებული ხელებით ჩანთა გახსნა, კოლოფი ამოიღო და თავისი არშემდგარი ბედნიერების ნიშანი მაგიდაზე დაუდო მამაკაცს.
_ აი… გიბრუნებ… შენ ხომ გესმის… ყველაფერი შეიცვალა…
_ ჰო, _ ყრუდ უპასუხა იონამ, _ ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო, _ დაეთანხმა მამაკაცი, ბეჭდის კოლოფი აიღო და უდიერად ჩააგდო პატარა მოწნულ კალათში, რომელშიც კალმები ეყარა. მერე კვლავ გულგრილი გამომეტყველებით მიაჩერდა მონიტორს.
გაუსაძლისი სიჩუმე ჩამოწვა. თითებგადახლართული ლელი ისე უჭერდა ხელებს ერთმანეთს, ძვლებს ტკაცატკუცი გაუდიოდა. იონა ჩუმად იყო, იოტისოდენა ყურადღებას არ აქცევდა გოგონას. მისი დუმილი აუტანელი გახდა, სიჩუმე კი მეტყველი. ასეთი მეტყველი სიჩუმე პირველად იგრძნო ლელიმ. თითქოს ცხადად ჩაესმოდა ყურში, როგორ საყვედურობდა მამაკაცი. ადგა და კარისკენ გაემართა. კაბინეტის შუამდე რომ მიაღწია, გაჩერდა და შემობრუნდა.
_ ასე ძალიან აუტანელი გავხდი შენთვის?
შეამჩნია, როგორ აუკანკალდა მამაკაცს მარჯვენა ხელის თითები, თუმცა სრულიად აუღელვებლად მიუგო:
_ შენ როგორ ფიქრობ?
_ მაგრამ მე ხომ… მე ხომ არ ვარ ამაში დამნაშავე.
_ რა თქმა უნდა, _ ირონია გაისმა იონას ხმაში, _ შენ არ ხარ დამნაშავე, იდიოტად რომ გამომიყვანე. შენ არ ხარ დამნაშავე, რომ სოსოსნაირი ცხვირმოუხოცავი კრეტინები მოგწონს ან მამაჩემისნაირი ზრდასრული კაცები. შენს ადგილას, ჩემო კარგო, ფსიქოთერაპევტს მივაკითხავდი და რამდენიმე გონივრულ სეანსს ჩავიტარებდი.
მამაკაცმა მზერა მოსწყვიტა მონიტორს და დამცინავად გახედა შუა ოთახში გახიდულ ქალს, რომელიც თავის გამართლებას არ აპირებდა. არადა, ლელი დაამუნჯა მისმა ნათქვამმა. აი, თურმე რა ყოფილა! იონა ფიქრობს, რომ მას მამამისთან აქვს რომანი. ესე იგი, არ შეშლია, როცა დღეს, მის ჭიშკართან იოს მანქანა დალანდა. იონამ დაინახა ისინი და დასკვნაც თავისებური გამოიტანა. გასაგებია… იქნებ ეს სულაც არ არის უარესი ვარიანტი? შეიძლება ჯობია კიდევაც, მან ასე იფიქროს? ნაღვლიანად გაიღიმა.
_ მშვიდობით, იო.
_ მშვიდობით.
ლელის თვალთ დაუბნელდა…
გაგრძელება იქნება