რეჟისორმა პაბლო ლარაინმა მარია კალასის ბიოგრაფიული ფილმი გადაიღო, სადაც ლეგენდარული მომღერლის როლს ოსკაროსანი მსახიობი, ანჯელინა ჯოლი ასრულებს.
Maria მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპერის მომღერლის, მარია კალასის ლამაზ და ტრაგიკულ ცხოვრებას მოგვითხრობს, სადაც მთავარი აქცენტი მომღერლის პარიზში გატარებულ უკანასკნელ დღეებზე იქნება გაკეთებული. აღსანიშნავია, რომ ფილმში ანჯელინა ჯოლიმ, კოსტიუმების გარდა, მარია კალასის კუთვნილი ტანსაცმელი და აქსესუარები მოირგო, რომლებიც მასიმო კანტინი პარინის საარქივო კოლექციაში ინახებოდა.
ცოტა ხნის წინ, ექსკლუზიურად PEOPLE-თან საუბრისას , 49 წლის მსახიობმა ოპერის მომღერლის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მასთან გარკვეულ "კავშირს" გრძნობს - ჯოლის თქმით, ის კალასთან "მარტოობას იზიარებს".
”არ მინდა ამაზე ბევრი ვისაუბრო, რადგან ეს ძალიან პირადულია. ჩვენს შორის ნამდვილად არის მსგავსება: მარტოობა და სამუშაო ეთიკა”, - ამბობს ის კალასთან კავშირზე.
ფილმს ოვაციები მოჰყვა ნიუ-იორკის პრემიერაზე სექტემბერში. ფილმი კინოთეატრში 27 ნოემბერს გამოვა.