ანგარიშმიუცემლად მიაბიჯებდა ქუჩაში. არ უკვირდებოდა, საით მიდიოდა. მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როცა პარკში შევიდა და იმ მერხზე ჩამოჯდა, სადაც პირველად შეხვდა იონას. ოღონდ ამჯერად არც პალიტრა ეჭირა ხელში და არც მოლბერტი იდგა მის ახლოს. გაახსენდა, როგორ წააქცია მამაკაცმა მისი მოლბერტი და როგორ დააბნია თავისმა საქციელმა. ეს მათი პირველი შეხვედრა იყო, რომელიც ლელის მასთან არასდროს უხსენებია. შეეშინდა, ვაითუ, ვერ გამიხსენოს და გული დამწყდესო. ახლა ცუდად იყო, ძალიან ცუდად. ასე ცუდად არასდროს უგრძნია თავი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხოვრება ია-ვარდებით მოფენილი არ ყოფილა. ცხოვრებას არასდროს გაუნებივრებია, სიხარულით ფრთების შესხმა და აღმაფრენის მომენტები დიდად არ ჰქონია, მაგრამ, ასე თუ ისე, გაწონასწორებული ეტაპები ჰქონდა, ყოველგვარი ზედმეტი პერიპეტიების გარეშე. ერთადერთი დიდი ტკივილი, რაც აქამდე გამოსცადა, სოსოს ღალატი იყო, რომელიც ამწუთას სასაცილოდ ეჩვენებოდა. ბოლოს და ბოლოს, სოსო ჯერ კიდევ არ არის დაღვინებული. როგორ უწოდა იონამ? ცხვირმოუხოცავი კრეტინიო? ჰო, ასეც არის. პატარა ბავშვივით იქცევა ხანდახან, თუმცა ეს დროებითია. გავა დრო და დადუღდება.
დიდხანს ვერ გაძლო პარკში. ქუჩაში გავიდა და ტაქსი გააჩერა.
რამდენიმე წუთის შემდეგ სოსოს ბინის კართან იდგა ხელაწეული და ყოყმანობდა, დაერეკა თუ არა ზარი. ბოლოს გადაწყვიტა, დაერეკა…
კარი სოსომ გაუღო. უსიტყვოდ შეხედეს ერთმანეთს. ლელიმ ოთახში შეაბიჯა. საოცარი სისუფთავე სუფევდა ირგვლივ, რასაც ლელი არ ელოდა. ერთად თანაცხოვრების განმავლობაში სოსოს ერთხელაც არ უცდია აქაურობის დალაგება. ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც ლელიმ დატოვა, არაფერი შეცვლილიყო მისი წასვლის შემდეგ.
_ როგორ ხარ, პატარავ? _ გამხიარულდა სოსო, მხარზე გადახვია ქალს ხელი და ლოყაზე აკოცა, _ რამეს დალევ? კარგი ღვინო მაქვს.
_ არა, მადლობა, არაფერი არ მინდა. _ ამოიოხრა ლელიმ და იქვე მდგარ ნაცნობ სარწეველა სავარძელში ჩაჯდა. თვალები დახუჭა და რაღაც მომენტში ყველაფერი, რაც ბოლო ხუთი თვის განმავლობაში გადახდა, სიზმრად მოეჩვენა. თითქოს არც კი გასულა ამ ბინიდან, თითქოს აქ, თავის საყვარელ სარწეველაში ეძინა აქამდე და მხოლოდ ახლა გამოიღვიძა. სოსოც ხომ აგერაა, მის გვერდით…
_ გაფითრებული ხარ. რამე მოხდა? რატომ დამეკარგე ბოლო დროს, სად გაუჩინარდი? _ დააყარა მამაკაცმა შეკითხვები.
_ ყველაფერი რიგზეა, სოსო. უბრალოდ, ბევრი სამუშაო მქონდა. იცი? შემკვეთები უკვე რიგში დგანან, ამდენი კლიენტი არასდროს მყოლია, _ ნაღვლიანი ღიმილით ახედა თავზე წამომდგარს, _ ასე რომ, როგორც დიზაინერი, არნახული პოპულარობით ვსარგებლობ.
_ მაგარია! ძალიან მიხარია შენი წარმატებები, ლელი! _ წამოიძახა სოსომ, მის წინ ჩაიცუცქა და თავი მუხლებზე დაადო ქალს.
_ არ იცი, როგორ მომენატრე.
ლელიმ თავზე ხელი გადაუსვა.
_ არ ვიცი, რატომ მოვედი, ამას ვერ აგიხსნი… უბრალოდ, მინდოდა, ძველი დრო გამეხსნებინა, იქნებ ცოტათი მაინც მომგვაროს შვება, _ დაიჩურჩულა თვალზე ცრემლმომდგარმა და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა, რომ არ ატირებულიყო.
_ მესმის, ჩემო პატარავ, ყველაფერი მესმის, _ დაუყვავა სოსომ, _ ვიცი, ადვილი არ არის ჩვენი ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ ხომ შეიძლება, ვცადოთ? მე არ გაჩქარებ, დრო თავზე საყრელად გვაქვს. ვიფიქროთ, გავაანალიზოთ… _ და მამაკაცმა ერთგული ძაღლივით საწყალობელი მზერა მიაყრო.
ლელის ტუჩის კუთხეში ძლივს შესამჩნევი ღიმილი გაუკრთა. მას ახსოვდა მსგავსი სცენა იმ ძველ, დამპალ «პიესაში», როცა პირველად მოვიდა სოსოსთან შესარიგებლად…
უარესად გააღიზიანა მისმა მზერამ და თვალები დახუჭა, რომ მეტად აღარ დაენახა იგი…
სოსოსთან დიდხანს არ გაჩერებულა. ათიოდე წუთის შემდეგ დაემშვიდობა მამაკაცს და სახლისკენ გასწია. მხოლოდ შინ მისულმა იგრძნო, როგორ გამოლეოდა ძალ-ღონე, ერთიანად გამოფიტულიყო, თითქოს მთელი დღე ფიზიკურად ეშრომოს. ქეთის დაურეკა და სთხოვა, ცოტა ხნით მასთან ეცხოვრა. გრძნობდა, რომ მარტო ყოფნა ბოლოს მოუღებდა. ქეთი მაშინვე მოვიდა და დაინახა თუ არა, რა ყოფაშიც იყო მისი დაქალი, ლამის ძალით შეაგდო სააბაზანოში, თვითონ კი სადილის მომზადებას შეუდგა. ქალი შიშმა შეიპყრო, ვაითუ, რამე აუტეხოს ლელიმ თავსო და წამით არ შორდებოდა. წარამარა აკაკუნებდა სააბაზანოს კარზე, ხომ კარგად ხარ, გული არ წაგივიდესო. ლელიც უღონოდ გამოსძახებდა, მალე გამოვალო.
_ რა ქენი, დაუბრუნე ბეჭედი? _ შეეკითხა ქეთი, როცა სუფრას მიუსხდნენ.
_ დავუბრუნე, _ თავი დაუქნია ლელიმ და უხალისოდ ჩაკბიჩა ცხელი მჭადი, _ ჭამის სურვილიც აღარ მაქვს, არადა, როგორი გემრიელია, _ დააყოლა.
_ შენ ყველი უნდა ნახო, რა მაგარია, ჩემს თანამშრომელს გამოუგზავნა დედამისმა სოფლიდან და ერთი თავი მაჩუქა. ნახევარი შენ წამოგიღე. გასინჯე, ჭამით ვერ გაძღები, ისეთია.
ლელიმ ყველი მოიტეხა.
_ ოუ! მართლა უგემრიელესია.
_ აბა, მე რას გეუბნებოდი! მერე, მერე? მომიყევი, რაო, რა გითხრა, ბეჭედი რომ დაუბრუნე?
_ არაფერი, თქვა, რომ სწორად მოვიქეცი.
ქეთის თვალები დაუმრგვალდა.
_ ეგ როგორ? მართლა ასე გითხრა? რა, მამამისმა ყველაფერი უამბო? გაუხსნა კარტები?
_ თავიდან მეც ასე მეგონა, მაგრამ შევცდი. უფრო მარტივად გადაწყდა საქმე. იონას ჰგონია, რომ მე მამამისთან რომანი გავაბი.
_ ოუფ! _ გაეცინა ქეთის, _ როგორი მიხვედრილი ყოფილა! და არ აუხსენი, რომ ასე არ არის?
_ რისთვის? _ მხრები აიჩეჩა ლელიმ და მჭადი და ყველი თეფშზე დადო, _ დაე, ეგონოს, ჩემთვის სულერთია.
_ არ ვიცი, არ ვიცი… _ ეჭვნარევი ხმით გაწელა სათქმელი დაქალმა, _ როგორი პასიური ხარ, ლელი, რა. შენს ადგილზე მე მაგათ სეირს ვუჩვენებდი.
_ რა საჭიროა, ქეთი? იონა არაფერ შუაშია, ის ისეთივე მძევალია სიტუაციის, როგორიც მე. რაც შეეხება მამას, არ ვიცი, უნდა მოვიფიქრო, როგორ გავაგრძელებ მასთან ურთიერთობას.
_ როგორ და მშვენივრად! _ წამოიძახა ქეთიმ, _ მაგას რა დიდი ფიქრი უნდა? კეთილი ინებოს და გაგიხსნას დიზაინერული სააგენტო, შენ ხომ სულ ამაზე ოცნებობდი?
_ ოხ, ქეთი, ქეთი, _ თავი გააქნია ლელიმ, _ ალბათ არ დამიჯერებ, მაგრამ ახლა ყველაზე ნაკლებად მაღელვებს სააგენტოც და მამაჩემის ფულებიც.
ქეთიმ თანაგრძნობით შეხედა მეგობარს.
_ მესმის შენი, მაგრამ უნდა შეეგუო სიტუაციას და შენსას უნდა შეეცადო. ყველაფერი უნდა მოსთხოვო, რაც გეკუთვნის. ისე აგისრულებს ეგ შენი რამაზი სურვილებს, როგორც დაგიბარებია. იქამდე კი დაისვენე და ცოტა აზრზე მოდი, დანარჩენს შენ თუ არა, მე მივხედავ.
დილიდან არ გაჩერებულა. ჯერ გამოგავა ოთახი და სამზარეულო, მერე გამოწმინდა. ბოლოს მაგიდის ტილო მოიმარჯვა და მტვრიან ავეჯს დაუარა. თან იმაზე ფიქრობდა, როგორმე დროზე დაემთავრებინა აღებული საქმე. კიდევ კარგი, პროექტი დროზე გააკეთა და საქმეს იქამდე შეუდგა, ვიდრე ეს ამბები მოხდებოდა, თორემ ალბათ ვეღარ იმუშავებდა. არც ახლა ეხალისებოდა საქმის კეთება, მაგრამ თავს ძალას ატანდა, რომ არ შერცხვენილიყო. აი, მორჩება ამ ერთ შეკვეთას და მერე ცოტა ხნით დაისვენებს, თორემ ასე ვეღარ გააგრძელებს მუშაობას. თავისი ინერტულობით შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს და ძლივს მოპოვებული პოპულარობა წყალს გაატანოს. ფაქტია, რომ გონებაში ერთი საღი აზრიც არ უტრიალებს. რასაც უნდა კეთებდეს, თვალწინ სულ იონა და მამამისი უდგას. გულს ვერაფერს უდებს და ასე თუ გააგრძელა, ყველა კლიენტს დაკარგავს. არა, ეს არ უნდა დაუშვას.
ამ ფიქრებში გართულს სოსომ დაურეკა.
_ პატარავ, შენთან მინდა გამოსვლა, მარტო ხარ?
_ გამოდი, საღამომდე მარტო ვარ, ქეთი სამსახურშია.
_ ოკეი, მოვრბივარ.
ლელიმ გარდერობი გამოაღო და ტანსაცმელს თვალი შეავლო. რაც უნდა იყოს, სოსო მისი ყოფილი მამაკაცია და ფორმაში უნდა დახვდეს. რატომ უნდა აფიქრებინოს, ეს გოგო რას დაემსგავსაო? აჯობებს, ლამაზად გამოეწყოს და ისე დახვდეს. თუმცა, რამდენიმე წამში გადაიფიქრა. მისთვის მართლა არ ჰქონდა მნიშვნელობა, მოეწონებოდა თუ არა სოსოს. ახლა ეს აღარ აღელვებდა.
სოსო ქარივით შემოიჭრა ოთახში. სახე გაბადროდა, ხელში ერთი ბოთლი შამპანური და ქაღალდის მოზრდილი პარკი ეჭირა.
_ სოკო მოვიტანე, ხომ გააკეთებ? ზეთისხილიც მოვაყოლე, შენ რომ გიყვარს, _ საზეიმო ხმით გამოუცხადა.
_ გავაკეთებ, სამზარეულოში გაიტანე, _ სევდიანი ხმით მიუგო ლელიმ და შამპანურის ბოთლი ჩამოართვა.
_ ეს რაღად გინდოდა? ხომ იცი, რომ შამპანურს არ ვსვამ?
_ რა ვიცი, ვიფიქრე, ჩვენი შერიგების აღსანიშნავად საუკეთესო ვარიანტია-მეთქი, _ უშნოდ გაიღრიჭა მამაკაცი.
ლელიმ თავი უკმაყოფილოდ გადააქნია. ამის გამოსწორება არ იქნებაო, გაიფიქრა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
_ ხვალ საღამოს ჩემთან მაგარი ქეიფი აიწევა, _ გამოსძახა სოსომ სამზარეულოდან, _ ჩემი თანამშრომლები მოდიან, ხომ გამოხვალ? ჩემი უფროსი გაგიჟებულია შენზე, ძალიან მინდა ახლოს გავიცნოო.
ლელი შეკრთა. გაახსენდა, როგორ აბამდა მისი უფროსი და უსიამოვნოდ გააჟრჟოლა.
_ შენს უფროსს რა ხელი აქვს ჩემთან? _ ხელები გადაიჯვარედინა და სამზარეულოს კარის ძგიდეს მიეყრდნო გაგულისებული, _ თუ დაგავიწყდა, როგორ მექცეოდა?
_ კარგი რა, პატარავ. მოეწონე კაცს, რა არის ამაში ცუდი? მე ვამაყობ, ყველას რომ მოსწონხარ. აბა, ისეთი ქალი რად მინდა, ზედ არავინ უყურებდეს? თანაც, თვის ბოლოს დაწინაურებას შემპირდა.
ლელიმ ჩაიცინა. რამდენიმე წამში ამ ჩაცინებას ხმამაღალი სიცილი მოაყოლა, რომელიც თანდათან ისტერიკულ ხარხარში გადაიზარდა. ქალი ვერ ჩერდებოდა, თვალები ცრემლით აევსო. სოსო ჯერ გაოცებული მიაჩერდა, მერე მზერა დაუფრთხა, ბოლოს შეეშინდა.
_ კარგი, კარგი, ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, _ შემრიგებლური ტონით წარმოთქვა, _ ზედმეტი მომივიდა, ასეთი რამე არ უნდა მეთქვა.
ლელიმ მეტის მოთმენა ვეღარ შეძლო და იფეთქა:
_ შე დამპალო ვირთხა! როგორ ბედავ ჩემთან ასეთ ლაპარაკს! მე შენ ვინ გგონივარ? აბა, აუდე ახლავე აქედან და ჩემმა თვალებმა მეორედ არ დაგინახოს. შე ნაბიჭვარო! ცხვირმოუხოცავო კრეტინო! წაათრიე შენი შამპანური და სოკო და აახვიე აქედან! _ ქალის არანორმალურმა ყვირილმა გააყრუა იქაურობა.
სოსო ენაჩავარდნილი იდგა. ისე შეშინდა, ხმის ამოღება ვეღარ გაბედა. არც პარკისთვის უხლია ხელი, არც შამპანურისთვის, თავი დაღუნა და სწრაფი ნაბიჯებით გაემართა ჰოლისკენ.
ლელი უკვე ელოდა გამოღებულ კართან. როგორც კი მამაკაცი გავიდა, კარი მთელი ძალით მიუჯახუნა ზურგს უკან და ცხარე ცრემლით ატირდა. იგი მისტიროდა თავის უსარგებლო და უაზრო ცხოვრებას, რომელიც აღარაფერში სჭირდებოდა…
სოსოს სახლიდან გაგდება უკანასკნელი წვეთი გამოდგა. ლელის ეჩვენებოდა, რომ სხვა განზომილებაში გადასახლდა. ის დადიოდა, იჯდა, ლაპარაკობდა, მაგრამ ამასთან არაფერს, სრულიად არაფერს გრძნობდა. არც მხიარული იყო და არც ნაღვლიანი _ თითქოს საყინულეში შეაგდეს რამდენიმე საათით, მერე კი გამოიღეს, მაგრამ მისი გაყინული სხეული არა და არ ლღვებოდა.
ალბათ დედამისიც ამავეს განიცდიდა, როცა ქმარმა მიატოვა. მხოლოდ ახლა გაიაზრა, როგორი აუტანელი ტკივილი გადაუტანია დედას იმ პერიოდში. რა გასაკვირია, ქალისთვის ცხოვრება სწორედ იმ მომენტში დამთავრებულიყო, როცა უქმროდ, უსიყვარულოდ და უმომავლოდ დარჩა. ლელი მიხვდა ამას და იგრძნო, რომ დედას აპატია. და რადგან აპატია, დროა, ჩავიდეს მასთან, მის წინაშე მუხლებზე დაემხოს და პატიება სთხოვოს. დედა ყველაფერს გაიგებს. დედა ერთადერთია, ვინც გაუგებს და ბოლომდე მის გვერდით დარჩება. დედებს ღალატი არ სჩვევიათ.
ბევრი არ უყოყმანია. როგორც კი შეკვეთა დაამთავრა და გაწიკწიკებული ეზო-კარი ჩააბარა კლიენტს, სამუშაოს საზღაური აიღო და ავტოსადგურში გავარდა ბილეთის ასაღებად…
შინ დაბრუნებულმა კი მობილური მოიმარჯვა და დედას დაურეკა.
_ დე, როგორ ხარ?
_ ლელი, საყვარელო. არა მიშავს, შენ როგორ ხარ? რამდენი ხანია, არ დაგირეკავს.
_ ჰო, არ მეცალა. ხვალ შენთან მოვდივარ.
_ მართლა? შვებულება გაქვს?
_ ჰო და ცოტა ხნით დავრჩები.
_ ძალიან გამახარებ, ლელი.
_ მე ის ვიპოვე, დედა.
ერთხანს სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, ლაკო ხმას არ იღებდა.
_ გელოდები, _ როგორც იქნა, ყრუდ გაისმა დედის ხმა…
დედა-შვილი ერთმანეთს გადაეხვია, შემდეგ სახლში შევიდნენ. ლაკო შესამჩნევად ნერვიულობდა. ლელის ეს არ გამოჰპარვია და შეეძლო დაეფიცა, რომ დედა ადრე მსგავს მდგომარეობაში არასდროს ენახა; ყოველ შემთხვევაში, არ ახსენდებოდა. ლელიმ ოჯახის წევრები მოიკითხა, მამინაცვალი, ნახევარძმა… დედა ისე პასუხობდა მის შეკითხვებს, თითქოს არც უსმენდა. ქალი აშკარად სხვაგან იყო ფიქრებით. ხვდებოდა ლელი, რაც აწუხებდა ლაკოს და მისდა უნებურად, წელავდა დროს, რომ მთავარ თემას რაც შეიძლება, გვიან შეხებოდა.
_ ალბათ გშია, სადილს გავაწყობ. _ თქვა დედამ.
_ კარგი იქნებოდა, ძალიან მომშივდა.
_ ჩაის დალევ თუ ყავას?
_ ყავას, დედა, როდის იყო, ჩაის ვსვამდი, _ გაეღიმა ლელის.
_ რა ვიცი, გადამავიწყდა, რა გიყვარს და რა არა, იმდენი ხანია, არ გამოჩენილხარ, _ სევდა გაერია ლაკოს ხმაში და სამზარეულოში გაუჩინარდა.
ლელიმ ფანჯრიდან გადაიხედა. აქედან კარგად მოჩანდა მთავარი ქუჩა, რომელიც სავსე იყო გამვლელ-გამომვლელებითა და აქეთ-იქით მქროლავი მანქანებით. ცხრა თვეა, სახლში არ ჩამოსულა, მთელი ცხრა თვე. თუმცა არც არაფერი შეცვლილა ამ პერიოდში. უცნაურია, ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ მონატრებია დედა. შერცხვა. განა რა დაუშავა დედამისმა ისეთი, რომ ასე გულგრილად ექცევა? ახლა რომ უფიქრდება, არც არაფერი. დედა ყველაფერში მართალი ყოფილა. თავის დროზე რომ დაეჯერებინა მისთვის, იქნებ არც აღმოჩენილიყო ამ მდგომარეობაში.
მზერა მეზობლის სახლზე გადაიტანა. დეიდა თამარს ოთახის ყვავილები აივანზე გამოეტანა და რწყავდა. მეორე მეზობელი კი, ლალი, რომელიც მარჯვნივ ცხოვრობდა, ფანჯრის მინებს წმენდდა. გაიღიმა. აი, როგორ მშვიდად ცხოვრობენ ადამიანები. არაერთხელ უნახავს ეს სურათი ლელის. როგორც ჩანს, მეზობლები ძველებურად განაგრძობენ ცხოვრებას, ისევ ისე მყუდროდ და კომფორტულად არიან, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე მიჰყვებიან ყოველდღიურ დინებას. ლელის კი ვინ იცის, მერამდენედ აეწეწა ცხოვრება.
_ მოდი, ლელი, სუფრა გაშლილია, _ გამოსძახა ლაკომ.
ლელი შებრუნდა. დედას ფინჯანი ყავა მოჰქონდა მისთვის.
_ შეცვლილი მეჩვენები, _ თქვა დედამ, როცა მაგიდას მიუსხდნენ.
_ ვიცი. _ მიუგო ლელიმ და დედა ყურადღებით შეათვალიერა, _ სამაგიეროდ, შენ გამოიყურები ძველებურად, წლები ვერაფერს გაკლებს.
გაგრძელება იქნება