ლაკომ ჩაიცინა. ორმოცდაცამეტი წლის ასაკში მართლაც შესანიშნავად გამოიყურებოდა, ისევ ისეთი ლამაზი და მიმზიდველი იყო.
ლაკომ თავისთვის ჩაი დაისხა, მოსვა და გაუბედავად იკითხა:
_ და მამაშენი? ის როგორ გამოიყურება?
_ ოოო, _ გაწელა სათქმელი ლელიმ, _ ის ოცი წლის გოგოს ოც წუთში შეაბამს, ისე კარგადაა შენახული.
ორივეს გაეცინა.
_ როგორ მიაგენი?
_ ნუ, რა ვიცი, როგორღაც. ალბათ უფრო შემთხვევით, ვიდრე მიზანმიმართულად. ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე, ხომ იცი.
_ ალბათ… _ პირდაპირ პასუხს თავი აარიდა ქალმა.
_ დე, იცი, მამამ რა მითხრა? როცა ერთმანეთს დავშორდით, რამდენიმე თვეში შევეხმიანე დედაშენს და ლაპარაკი არ ისურვა ჩემთანო. ეს მართალია?
ლაკომ თვალები დახარა და თავი ჩაღუნა. ერთხანს ჩუმად იჯდა, მერე ამოიოხრა და ჩუმად წარმოთქვა:
_ რა აზრი ჰქონდა მასთან საუბარს? ვიცოდი, რომ უკან არ დაბრუნდებოდა, ამიტომ ვამჯობინე, საერთოდ გამქრალიყო ჩემი ცხოვრებიდან.
_ მაგრამ მე? ჩემზე რატომ არ იფიქრე? რომ გეთქვა, ბავშვს ველოდებიო, იქნებ შეცვლილიყო სიტუაცია? ყოველ შემთხვევაში, იქნებ მამობა მაინც გაეწია და ასე ჰაერში არ ვყოფილიყავი გამოკიდებული, _ თავი ვერ შეიკავა ლელიმ და საყვედური დასცდა.
_ შენ ამას ვერასდროს გაიგებ, ლელი. მე თავმომწონე გოგო ვიყავი, არ მინდოდა, შენით მევაჭრა, გესმის? შეიძლება არც დაეჯერებინა, რომ ორსულად ვიყავი და ეფიქრა, რომ მის დაბრუნებას ვლამობდი. არ მინდოდა, მისი სამადლო გავმხდარიყავი. მე შენთვის არაფერი დამიკლია, შვილო, რაც შემეძლო, ყველაფერი მოგეცი… შეძლებისდაგვარად, _ დააყოლა მცირეოდენი პაუზის შემდეგ.
_ მაგრამ მე მაინც არშემდგარი ცხოვრება მქონდა, _ არ დაუთმო ლელიმ, _ ბევრი რამ დამაკლდა, დედა. შენ მეორე ქმარი იშოვე, მეორე შვილიც გეყოლა, მე კი… დიდად ვერ აეწყო ჩვენი დედაშვილური ურთიერთობა, ხომ მეთანხმები? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე და შენ მეგობრები არასდროს ვყოფილვართ. ერთხელ არ დაავმსხდარვართ ასე და გულახდილად არ გვისაუბრია.
_ იმიტომ, რომ შენ გამირბოდი. ვიცი, რომ ყოველთვის მადანაშაულებდი, მამაშენს შენი დაბადება რომ დავუმალე… რა ვიცი, იქნებ მართლიც იყავი… მაპატიე, თუ რამე დაგაკელი, _ ნაწყენი ხმით მიუგო ლაკომ, ადგა და სამზარეულოში გავიდა.
ლელი უკან გაჰყვა, მხრებზე ხელი მოხვია აცრემლებულ დედას და ჩაეხუტა.
_ არ გეწყინოს, გთხოვ… და არ გეგონოს, რომ გსაყვედურობ. ახლა საყვედური ძალიან გვიანი და უადგილოა. უბრალოდ, ეს ფაქტია, რომელსაც ვერ გავექცევით. თვითონაც კარგად იცი, რომ ასეა.
_ მას სიგიჟემდე უყვარდა ის ქალი. როცა ცოლ-ქმარი ვიყავით, ხშირად მიყვებოდა თავის პირველ სიყვარულზე და ეს ყოველთვის გულს მტკენდა. რა ვიცი, ალბათ წინათგრძნობა მქონდა, რომ ჩვენი ურთიერთობა ბოლოს ასე დამთავრდებოდა. ვერ ვაპატიე. ვერ ვაპატიე ჩემი მიტოვება და, სიმართლე გითხრა, შენი ამბავი რომ დავუმალე, მეგონა, ამით შური ვიძიე მასზე.
_ სამაგიეროდ, მას ჩემ გარდა კიდევ ორი შვილი ჰყავს.
_ მართლა? _ რაღაცნაირად, ირონიულად თუ დაცინვით წამოიძახა ლაკომ, _ ეგეთი შვილების ყოლას, საერთოდ რომ არ ჰყავდეს, ალბათ ის ჯობია.
_ რატომ, დედა? ძალიან კარგები არიან, მე მათ ვიცნობ.
ლაკომ გამომცდელი მზერა მიაპყრო შვილს. თითქოს დააპირა რაღაცის თქმა, მაგრამ პირი გააღო თუ არა, მაშინვე დამუწა.
_ ჰოდა ჰყავდეს, ვინ ართმევს? ღმერთმა კარგად უმყოფოს. _ სახე აელეწა ქალს და მზერა აარიდა შვილს.
_ რატომ ამბობ ასე, დე? _ გაუკვირდა ლელის.
_ იცი რა? მე მყავხარ შენ, ჩემი პირველი სიყვარულის ნაყოფი ხარ და გაგაჩინე ჩემი ერთადერთი საყვარელი მამაკაცისგან. სიმართლე თუ გინდა, გულის სიღრმეში მინდოდა კიდევაც, რომ გეპოვა მამაშენი და მისთვის სიმართლე გეთქვა. უბრალოდ, მე არ მინდოდა ამ საქმეში გავრეულიყავი. რადგან იპოვე, მიხარია. მიხარია იმიტომ, რომ ვფიქრობ, ახლა უფრო მეტად ვიძიე შური მასზე, ვიდრე მაშინ, როცა შენი არსებობის ამბავი დავუმალე.
_ ეგ როგორ? _ ვერაფერი გაიგო ლელიმ.
_ როცა ახლოს გაიცნობ მამაშენს და თავისი ცხოვრების შესახებ მოგიყვება, თავად მიხვდები.
_ შენ ახლაც გიყვარს იგი, დედა, არა?
ლაკომ უხალისოდ გაიღიმა და შვილს თმა აუჩეჩა.
_ როგორ გაზრდილხარ, საყვარელო. მოდი, სევდიან ამბებზე ნუ ვილაპარაკებთ. შენზე მომიყევი, როგორ მიგდის საქმეები… ან ის მითხარი, როგორ შეგხვდა მამაშენი, გაუხარდა თუ ეწყინა შენი გამოჩენა?
_ არ ვიცი. მაინცდამაინც დიდი სიხარული ვერ შევატყვე, მაგრამ არც წყენა დასტყობია. უბრალოდ, მისთვის ძალიან მოულოდნელი იყო ჩემი აღმოჩენა. თუმცა, თურმე იმაზე ადრე მიხვდა, მისი შვილი რომ ვიყავი, სანამ მე ვეტყოდი ამას.
_ როგორ მიხვდა?
_ ჯერ ერთი, აი, ამ ბროშით მიხვდა და მეორეც, მე და შენ ხომ ძალიან ვგავართ ერთმანეთს, დედა, _ თითქოს კომპლიმენტს ეუბნებაო, ისე გაუღიმა ლელიმ დედას.
_ ჰო, ეგ მართალია. დღევანდელ დღესავით მახსოვს, ეს ბროში რომ მაჩუქა. სპეციალურად ჩემთვის გააკეთებინა.
_ იცი? პატიება მთხოვა. ასე მითხრა, შენი დაბადების ამბავი არ ვიცოდიო. თითქოს თავი იმართლა.
_ კარგია, მამა რომ გყავს, არა?
_ არ ვიცი. ჯერ არ ვიცი, რას ვგრძნობ მის მიმართ. ხომ იცი, როგორ მინდოდა მისი მოძებნა, რამდენი წელი ვნატრობდი ამას, მაგრამ შევხვდი და… არაფერი. ჯერჯერობით ისევ ისეთი უცხოა ჩემთვის.
ლაკომ თავი დაუქნია, მესმის შენიო.
_ და ცოლი?.. ისევ ჰყავს? გაიცანი?
_ არა, ის უკვე გარდაცვლილია.
დედას სახეზე ჩრდილმა გადააურბინა.
_ მარტო ცხოვრობს?
_ კი, მარტო. შვილები ცალ-ცალკე არიან, თავიანთთვის.
_ ისინი კარგად შეგხვდნენ? _ გამომცდელი მზერა ესროლა ლაკომ.
_ კი, კარგად. ვმეგობრობთ უკვე, _ თქვა ლელიმ და წამოწითლდა. საუბარი სწრაფად გადაიტანა სხვა თემაზე, _ იცი? მინდა, ცოტა ხნით შენთან დავრჩე, მომენატრა აქაურობა.
_ ცოტა ხანი რამდენია? მერედა, სამსახური?
_ დაახლოებით ერთი თვე, სანამ შვებულება დამიმთავრდება.
_ როგორც გინდა, შვილო, სანამდეც გაგიხარდება, იყავი, ოღონდ საქმე არ გაიფუჭო და თუ გინდა, სულ დარჩი. ბინის ქირას ბევრს იხდი?
_ ისე რა, _ სასაცილოდ დაეჯღანა სახე ლელის.
_ იქნებ ისინდისოს მამაშენმა და შენც გიყიდოს ერთი ბინა.
_ დედა!
_ ჰო, კარგი, კარგი, მეტჯერ აღარ ვიტყვი ამას. _ ლაკომ ტუჩებზე მიიფარა ხელისგული, მერე შვილს ჩაეხუტა და თავზე აკოცა.
ერთი კვირა გავიდა და ლელის ეჭვები გაუმძაფრდა. რაღაც ისე ვერ გრძნობდა თავს, როგორც ადრე. აი, დილით, ჭურჭელს რეცხავდა და უეცრად თავბრუ დაესხა. ეგრევე სკამზე ჩამოჯდა და მაგიდის კიდეს ჩაეჭიდა, რომ არ წაქცეულიყო. მერე კალენდარს ეცა, სამზარეულოს კედელზე რომ ეკიდა და თითებით ჩაუყვა ციფრებს. არა, არ ეშლება. ან კი რა გამოთვლა უნდა მაგას. ახლა უკვე ზუსტად იცის, რომ ექვსი კვირის ორსულია. თავისი ეჭვის დაგვირგვინება კი სულ რაღაც ერთი საათის წინ მოხდა. გული აერია და ძლივს შეასწრო ტუალეტში. კიდევ კარგი, დედა არ იყო შინ, თორემ შეაშინებდა ქალს. ის ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა ლელის დაორსულებას, უბრალოდ, იფიქრებდა, მოიწამლაო და გამოკითხვას დაუწყებდა, რა ჭამე, რამ გავნო, კუჭი გამოირეცხე და ათას მსგავს რამეს ეტყოდა.
თავზე ხელები შემოიჭირა. ნუთუ ეს მოხდა? ასე რატომ დასაჯა ცხოვრებამ? განა საკმარისი არ იყო, რაც მოხდა? ეს დაორსულება რაღა საჭირო იყო? მის ცოდვებს ბავშვიღა აკლდა! არა, რა სისულელეა, იონა მისი ძმა რომ არ ყოფილიყო და ისე დაშორებოდნენ ერთმანეთს, ამ ბავშვს აუცილებლად გააჩენდა, მაგრამ ახლა? არავითარ შემთხვევაში! ისედაც თავზარდაცემული დადის. სიტყვა ინცესტის გახსენება ზარავს.
საწოლზე წამოწვა და თავი ბალიშში ჩარგო. ძლივს დაუახლოვდა დედას, ძლივს იგრძნო თავი ოჯახის სრულფასოვან წევრად, მამინაცვალთანაც გამონახა საერთო ენა… თითქოს ცოტათი დამშვიდდა და უცებ ეს საშინელება! ღებინების შეგრძნება არა და არ შორდებოდა. ყველაფრის კეთების ხალისი წაერთვა. საღამოობით ბიბის ეხმარებოდა ხოლმე გაკვეთილების მომზადებაში, ახლა ამის სურვილიც გაუქრა. არა, სურვილი კი არ გაუქრა, თავი აღარ ჰქონდა.
ამას წინათ დედას მოუყვა სოსოს შესახებ, არ დაუმალა, როგორი ცუდი ადამიანი გამოდგა იგი.
_ დიდი ნაძირალა ყოფილა ის შენი სოსო, _ ხელი აიქნია დედამ, _ თავიდანვე უნდა დაგეჯერებინა ქეთისთვის. როგორც ჩანს, ის უფრო ერკვევა ადამიანებში, ვიდრე შენ, _ ხუმრობით დაუქნია დედამ საჩვენებელი თითი.
სამაგიეროდ, იონაზე არ მოუყოლია. ენა არ უბრუნდებოდა, მასზე ელაპარაკა. საკმარისი იყო, იო გახსენებოდა, ეგრევე ცრემლებით ევსებოდა თვალები. ცდილობდა, არ ეფიქრა მასზე, სხვა რამეზე გადაეტანა ყურადღება. ასე უფრო ადვილი იქნებოდა მისი დავიწყება.
ლელი გვერდზე გადატრიალდა და ხელები მუცელზე დაიწყო. ცდილობდა, რამე ეგრძნო, მაგრამ იცოდა, რომ ჯერ ადრე იყო, რამე ეგრძნო. იქნებ სულაც არ არის ორსულად და უბრალოდ, შეშინებულს ეჩვენება, რომ ასეა? ცრუ ორსულობაც ხომ არსებობს? რამდენჯერ გაუგია, ქალს მუცელი გაზრდია, თავი ორსულად ეგონა და შემცდარა. ეჰ… ნეტავ ასე იყოს, _ ამოიგმინა გოგონამ, პლედი ფეხებზე გადაიფარა და თვალები დახუჭა…
_ ლელი, ლელი! _ ჩაესმა ძილში ლაკოს ხმა და დაფეთებული წამოხტა.
_ რა მოხდა, დე?
_ რა გჭირს? ფერი გაქვს დაკარგული და მთლიანად ოფლში ცურავ, თან კვნესოდი ძილში. ავად ხომ არ გახდი?
ლელი დედას მიაჩერდა და მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ წარმოთქვა:
_ როგორ გითხრა… ორსულობას თუ შეიძლება ავადმყოფობა ეწოდოს, მაშინ გამოდის, რომ ავად ვარ.
ლაკოს სახე წამით გაუქვავდა. მერე შვილის თავი მკერდზე მიისვენა და ხელები მოხვია, თან ხმადაბლა უთხრა:
_ არა უშავს, შვილო, ყველაფერი კარგად იქნება, _ ზურგზე ნელა დაუსვა ხელი, _ ამ სახლში რამდენი ხანია, პატარა არ ატირებულა. ეს დიდი სიხარულია, მერწმუნე.
ლელიმ შეხედა. მას ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. ეჰ, დედა, დედა… კიდევ კარგი, არ იცი, რომ ამაში გასახარი არაფერია.
ერთი საათის შემდეგ დედა-შვილმა ქალაქის პოლიკლინიკას მიაშურა გინეკოლოგთან კონსულტაციისთვის. ექოსკოპიამ მისი ეჭვი დაადასტურა. ის ორსულად იყო.
_ არანაირი პათოლოგია, ნაყოფი სრულიად ჯანმრთელია, ყველა მაჩვენებელი ნორმაშია, _ გამოუცხადა გინეკოლოგმა, როცა ექოსკოპიის პასუხს გაეცნო.
«ღმერთო, რა საშინელებაა», _ გაიფიქრა შეძრწუნებულმა, მისი შვილი დღითიდღე იზრდება მუცელში, მან კი უნდა მოკლას იგი.
_ რატომ ხარ ასე დანაღვლიანებული, ლელი? _ გამოელაპარაკა დედა, როცა გარეთ გამოვიდნენ, _ ხომ არ გეშინია? მერა რა, რომ… _ აღარ დაამთავრა აზრი, _ მეც ეგრე გაგაჩინე, მაგრამ წამითაც არ მინანია. აუცილებელი არ არის, გვერდით ქმარი გყავდეს, როცა შვილს აჩენ. დედობა სულ სხვა გრძნობაა.
_ ოხ, დედა…. _ ლელიმ ხელი ჩასჭიდა ლაკოს, _ რომ იცოდე, რა დღეში ვარ, მაგას არ მეტყოდი.
ლაკო შედგა, შვილისკენ შებრუნდა, ნიკაპი აუწია და მკაცრად ჩახედა თვალებში.
_ ეს შენი შვილია, ლელი. შენ მას გაზრდი და აღზრდი ისე, როგორც შენ ჩათვლი საჭიროდ. არ იფიქრო მაგ კაცზე. ის შენი სიყვარულის ღირსი არ არის.
ლელიმ თავი დედის მკერდში ჩარგო და ასლუკუნდა.
_ შენ არ იცი, მას როგორი მამა ჰყავს, დე. როგორი კარგი, არაჩვეულებრივი. ის ყველაზე უკეთესი მამაა დედამიწის ზურგზე. უბრალოდ… მე არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ჩემი ბრალია, რაც მოხდა. მას არ უნდოდა ჩემი მიტოვება, მე მივატოვე, თან მიზეზიც არ მითქვამს.
_ მაგრამ შენ თვითონ არ მეუბნებოდი, ცუდი ადამიანი გამოდგაო?
_ არა, დე, ბავშვის მამა სხვაა. მასზე არ მომიყოლია შენთვის, შენ მას არ იცნობ. _ თქვა ლელიმ და ისევ ატირდა.
_ აბა, რა გატირებს, პატარა გოგო ხომ არ ხარ. შენი ნებაა, ნუ მომიყვები. რადგან დაშორდი, ესე იგი, გქონდა მიზეზი. არა უშავს, ყველაფერს მოევლება, საყვარელო. შენთვის ახლა ნერვიულობა არ შეიძლება. ყველაფერი კარგად იქნება, გესმის? ყვე-ლა-ფერი კარ-გად იქნე-ბა, _ დამარცვლა ლაკომ და ქალიშვილს ორივე ლოყა დაუკოცნა.
იონას ლელიზე ფიქრი გონებიდან არ შორდებოდა. რა კარგი მსახიობი გამოდგა, როგორ გააცურა ქალმა. რომ არა შემთხვევითობა, ამას ვერასდროს გაიგებდა. თუმცა რა, ლელიმ თვითონ დაუბრუნა ბეჭედი, თავისი სურვილით. კიდევ კარგი, ცოტა სინდისი მაინც შერჩა და ერთდროულად ორივესთან არ გააგრძელა შეხვედრები. რა საზიზღრობაა! როგორ მოუვიდა თავში აზრად, ყოველივე იმის შემდეგ, რაც მათ შორის იყო, მამამისთან გაეგრძელებინა ურთიერთობა? თითქმის დანიშნულები იყვნენ, ბეჭედიც კი აჩუქა იმის ნიშნად, რომ ცოლად შეერთო. იმ დღეს კი მამამისის ჭიშკართან შეასწრო ორივეს. არასდროს დაავიწყდება, როგორ აკოცა რამაზმა ყელში, თან მის ხელს ეფერებოდა. თვითონ იმიტომ მიიჩქაროდა მამასთან, რომ გაერკვია, რატომ მოიქცა წინა დღეს ასე უცნაურად. არადა, აშკარად შეატყო, როგორ ანერვიულდა ლელი, როცა რამაზთან მიიყვანა. მაშინვე მიხვდა, რომ სულ სხვა იყო ეს ნერვიულობა და სამამამთილოს გაცნობას არ გამოუწვევია იგი. ლელი აშკარად რაღაცას მალავდა. ახლა მისთვის ყველაფერი გასაგებია. თურმე სულაც არ ყოფილა შემთხვევითი, ასე რომ უყურებდნენ ერთმანეთს. არა, აქ რაღაც ხდება, ისეთი რამ, რაც იონამ არ იცის. მათ უფრო მეტი რამ აკავშირებთ ერთმანეთთან, ვიდრე შემთხვევითი ნაცნობობაა. ბეჭედი რომ დაუბრუნა, სწორედ ამის დამადასტურებელი საბუთია. ლელიმ შეამჩნია მისი მანქანა, მიხვდა, რომ თავი გასცა და სასწრაფოდ მოუტანა ბეჭედი. არადა, მაინც ყოყმანობდა იქამდე, იქნებ მოეჩვენა და არც არაფერი ხდებოდა ლელისა და მამამისს შორის. სულაც არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ მისი რჩეული ერთი ფარისეველი, აფერისტი და მოღალატე ქალი იყო, ფულზე მონადირე ძუ და მეტი არაფერი.
გაგრძელება იქნება