მაგრამ მამა? მთელი ცხოვრება ცდილობდა, მას დამსგავსებოდა, ის იყო მისი იდეალი, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ენდობოდა. იმ დღის შემდეგ რამაზის დანახვა აღარ უნდა. დაურეკა ერთხელ, მაგრამ იონამ არ უპასუხა მის ზარს. მერე მოსამსახურეს დაარეკინა, ბატონი რამაზი გერმანიაში მიემგზავრება და თქვენთან დაკავშირება ვერ მოახერხაო. იქნებ ასე უკეთესია. ვინ იცის, ჩხუბიც კი მოსვლოდა მამასთან. სავარაუდოდ, ასეც იქნებოდა. თავს ვერ შეიკავებდა და არავინ იცის, ცხელ გულზე რას მოიმოქმედებდა.
ვერავინ გაიგებს, რა გადაიტანა, როცა ლელი მასთან მივიდა ბეჭდის დასაბრუნებლად. ახლაც არ იცის, როგორ შეინარჩუნა სიმშვიდე, ძალიან გაუჭირდა გულგრილობის ნიღბის აფარება. ძალიან უნიჭოდ გამოუვიდა. ლელი ალბათ დღესაც სიცილით კვდება. რა გასაკვირია, ის ხომ მისნაირი მსახიობი ვერ არის.
უკვე თვე გავიდა, რაც ერთმანეთს დაშორდნენ და, როგორც იქნა, არნახული ძალისხმევის შედეგად, აიძულა თავისი თავი, აღარ ეფიქრა ლელიზე. არც მამას შეხვედრია მას მერე. თუმცა, უკვე გადაუარა გაგულისებამ და ახლა რომც შეხვდეს, აღარ აფეთქდება. ერთადერთი, რასაც წინასწარ ვერ განჭვრეტს, ლელისთან პირისპირ შეხვედრაა. ერთ მშვენიერ დღეს ორივე რომ ერთად ნახოს, არ იცის, რას მოიმოქმედებს. ასეთ შემთხვევაში სიმშვიდის გარანტიას ვერ მისცემს თავის თავს. თუმცა, მოზარდი ბიჭი აღარაა, არც გარდატეხის ასაკშია, რომ გაცოფებული «კედლებზე გავიდეს». ამას არ დაუშვებს. რაც იყო, იყო. ლელისნაირი ქალის გულისთვის მშობლის დაკარგვა არ ღირს. აჯობებს, გაერთოს, დროებით სხვა იპოვოს, ვინც ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს ტკივილს, რომელიც ზედმეტ კითხვებს არ დაუსვამს და მსუბუქად გაატარებინებს დროს. ასეთები ბევრი ჰყოლია. გამოდის, დროა, მიკის დაურეკოს და ერთი კარგი გიჟობა მოაწყონ, როგორც ადრე, როცა ლელი არ არსებობდა მის ცხოვრებაში.
ღამის კლუბში ტაქსით მივიდა. დალევა უნდოდა და იმიტომ. დათრობა უნდოდა, უგონოდ დათრობა, რომ აღარ ეფიქრა ლელიზე. ერთი ღამე მაინც დაეძინა ნორმალურად, სასმლით გათიშულს და სულის ტკივილს არ შეეწუხებინა. კლუბში ცოტა ხალხი ირეოდა. მიკი ჯერ არ ჩანდა. კუთხის მაგიდას მიუჯდა და დაელოდა. აქედან მთელი დარბაზი ხელისგულივით მოჩანდა. უყვარდა, როცა ასეთ ადგილას იჯდა და ყველას შეთვალიერება შეეძლო, იმ ყველას კიდევ _ მისი. კლუბში სუსტი განათება იყო, თანაც წითელი ნათურებით, ამიტომ ნახევრად ბნელოდა, მოშორებით მაგიდებთან მსხდარ და ბართან მყოფ ადამიანთა სახეები ბუნდოვნად ჩანდა, გარკვევით მხოლოდ სილუეტები იკვეთებოდა.
სწორედ ამ დროს შემოსასვლელი კარი გაიღო და მირიანი გამოჩნდა. იონამ ძმაკაცს გახედა და კოპები შეკრა _ მიკის ქეთი ახლდა თან. ეგღა აკლდა. ნეტავ ქეთი რატომღა მოიყვანა? ნუთუ სერიოზულად მოსწონს ეს გოგო?
წყვილი პირდაპირ ბარისკენ გაემართა. იონა წამოდგა და მათ მიუახლოვდა.
_ კომპანიას გაუმარჯოს, _ მიესალმა.
_ საღამო მშვიდობისა, იონა, _ ქეთიმ გაუღიმა და ხელი ჩამოართვა.
იონა გვერდით მიუჯდა მიკის და ბარმენს ვისკი შეუკვეთა:
_ ყველაზე მაგარი რომელიც გაქვს, ის დამისხი.
ერთი ამოსუნთქვით გადაკრა ვისკი და მეორე შეუკვეთა. შემდეგ ქეთისკენ შეტრიალდა და მხიარულად ჰკითხა:
_ ტყუპისცალის გარეშე მოხვედი? როგორ გამიტყდა. მე და მიკის ჯერ არ გვყოლია ტყუპი «ნაშა». არა, მიკი?
_ იონა! სიტყვებს დაუკვირდი! _ მიკი მეგობრის გონზე მოყვანას შეეცადა.
ქეთიმ ჯერ დამცინავად შეხედა, მერე კი შეცოდება გამოეხატა სახეზე.
_ იმედი უნდა გაგიცრუო, ჩემო კარგო. ტყუპისცალის გარეშე მოვედი. მას თაყვანისმცემლების ძალიან გრძელი რიგი უდგას. ამიტომ შენც მოგიწევს რიგში ჩადგომა და დალოდება. _ ზიზღით შეათვალიერა ქეთიმ მამაკაცი.
_ შენ წარმოიდგინე, რიგში დგომა არ მიზიდავს, _ ჩაიცინა იონამ, _ არა უშავს, სხვას ვნახავ, იქნებ შენ გყავს რეზერვში კიდევ ერთი დაქალი? ქერათმიანები მომწონს, ხომ იცი. _ იონამ მესამე სირჩა ვისკი დალია.
_ მოკეტე, თუ შეიძლება, _ გაღიზიანდა ქეთი, _ თორემ ვატყობ, ისეთი რამე წამოგცდება, რომელიც მერე სანანებელი გაგიხდება.
იონამ გადაიხარხარა.
_ სანანებელი? მე არასდროს ვლაპარაკობ იმას, რასაც მერე ვინანებ.
ქეთიმ ისე შეხედა მამაკაცს, როგორც ავადმყოფს.
_ შენ მხოლოდ გგონია ასე. წამო, მიკი, წავიდეთ. არ მომწონს ეს კომპანია.
ქალი ადგა და გასასვლელისკენ გაემართა, მიკი კი, იონამ საკუთარ თვალებს არ დაუჯერა _ ქეთის მორჩილად უკან მიჰყვა და თავის მოუბრუნებლად მოაძახა ძმაკაცს:
_ «იზვინი», იო!
აი, მეგობარიც ამას ჰქვია, წამში გაცვალა ქალში. იონამ ბარის დახლს მუშტი მთელი ძალით დაჰკრა.
ასე რამ დაუმძიმა თავი? თითქოს ურო ჩაარტყესო. იონა ოდნავ შეირხა და ამოიხვნეშა. თავი გასკდომაზე ჰქონდა. არა, ამდენი არ უნდა დაელია… აშკარად ზედმეტი მოუვიდა. არ ახსოვს, ბოლოს როდის გამოთვრა ასე.
წუხანდელი ღამე ვერ აღიდგინა მეხსიერებაში. რამდენ ხანს დაჰყო ბარში, როგორ გამოვიდა იქიდან, სახლამდე როგორ მოაღწია… თვალები გაახილა და მიმოიხედა. თბილისში იყო, თავის ბინაში. კიდევ კარგი, საგურამოში არ წავიდა, თორემ ალბათ ვეღარც ჩააღწევდა. ან ჩაეძინებოდა გზაში, ან რამეს შეასკდებოდა.
როგორც ჩანს, ქვეცნობიერმა იმუშავა და პირდაპირ ბინას მოაშურა. უეცრად იგრძნო, რომ მის გვერდით ვიღაც სუნთქავდა. ნელა მიატრიალა თავი მარცხნივ და თვალები გაუფართოვდა. მის საწოლში გოგონა იწვა _ ქერათმიანი, ოდნავ გარუჯული სხეულით და არც ისე ლამაზი სახის ნაკვთებით, ამასთან, ძალიან ახალგაზრდა, თექვსმეტ წელსაც არ მისცემდა კაცი. ღმერთო, ეს რა უბედურებაა! საიდან გაჩნდა ეს გოგო აქ? ნუთუ თვითონ მოიყვანა? სრულწლოვანი მაინც თუა?
ძლივს აითრია წელი საწოლიდან და სააბაზანოს მიაშურა.
როცა უკან გამობრუნდა, საწოლი ცარიელი დაუხვდა. სამაგიეროდ, სამზარეულოდან იფრქვეოდა ყავის სურნელი. აი, ჭკვიანი გოგონა, ყავა მოუდუღებია.
გოგონას ჯინსის შარვალი და უსახელო მაისური ეცვა. ნაბიჯების ხმაზე შემობრუნდა და გაიღიმა.
_ დილა მშვიდობისა, _ ჩურჩულით წარმოთქვა.
_ დილა მშვიდობისა.
იონამ ახლა უფრო დაკვირვებით შეათვალიერა იგი, მაგრამ არ იცოდა, რა ეთქვა, საუბარი საიდან დაეწყო.
უცნობმა კიდევ გაუღიმა, ახლა უფრო მორიდებით.
_ მაპატიე, ცოტა გავშინაურდი.
_ ეგ არაფერი, მომწონს კიდევაც. გამიმასპინძლდები ყავით? ფინჯნები მარცხნივ, კარადის მეორე თაროზეა.
გოგონამ ყავა გაამზადა და იონას მოპირდაპირე მხარეს დაჯდა.
_ რამდენი წლის ხარ? _ საჭირბოროტო შეკითხვა დასვა იომ.
_ ცხრამეტის.
კიდევ კარგი…
_ მაგრამ უფრო პატარის შეხედულება გაქვს.
_ იმიტომ, რომ გამხდარი ვარ. თექვსმეტზე მეტი არავის ვგონივარ ხოლმე. _ მიუგო გოგომ და კვლავ გაიღიმა.
რა სულელივით იღიმის. უნდა დაახვევინოს აქედან. რაში სჭირდება?
_ იცი? მე მეჩქარება, შეხვედრა მაქვს. ტაქსი რომ გამოვიძახო, რამდენი დრო დაგჭირდება მოსამზადებლად?
_ მე უკვე მზად ვარ, შეგიძლია ახლავე გამოიძახო. _ გოგონას ღიმილი გაუქრა.
როცა ტაქსი მოვიდა და იონამ კარამდე მიაცილა უცნობი, ისე, სხვათა შორის შეეკითხა:
_ რა გქვია?
_ ლელა.
პასუხი სილის გაწნასავით გაისმა. იონას მუხლები მოეკვეთა.
რა თქმა უნდა, არანაირი შეხვედრა არ ჰქონდა, უბრალოდ, უნდოდა, გოგონა რაც შეიძლება, მალე წასულიყო. ლელა მქვიაო. თითქოს ბედმა დასცინა. ლელი და ლელა თითქმის ერთი და იგივე იყო. მისი დავიწყება დროებით მაინც უნდოდა და აი, კვლავ გაახსენდა.
საწოლამდე მილასლასდა ნაბახუსევი და ჩაწვა. მალევე ჩაეძინა, მიუხედავად იმისა, რომ ყავა დალია.
ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა. თვალები არ გაუხელია, ისე გაიწვდინა ხელი ტუმბოსკენ და თითები ფრთხილად მოაფათურა ტელეფონის მოსაძებნად.
_ გისმენთ, _ ყრუ ხმით ჩასძახა.
მობილურში მაშოს შეშინებული ხმა გაისმა:
_ იო, ორი საათია, გირეკავ, რატომ არ მპასუხობ? საერთოდ, ცოცხალი ხარ?
_ მშვენიერი შეკითხვაა, _ ჩაიცინა იონამ, _ არ ვიცი.
მამაკაცს პირი გაშრობოდა, ენას ძლივს ატრიალებდა.
_ შენ რა, მთვრალი ხარ? _ მიხვდა მაშო.
_ «პახმელია» მაქვს. წუხელ მაგრად დავთვერი, არაფერი არ მახსოვს. _ იონამ სიტყვები გაწელა, _ შენ კიდევ რა დაგემართა, რას რეკავ ასე გამწარებული?
_ მამას ველაპარაკე წეღან.
ამის გაგონებაზე ეგრევე გაეხსნა გონება, სიტუაციის გააზრებას მსწრაფლ შეუდგა. ახლა მაშო ეტყვის, მასთან უნდა წავიდეთ და ვინახულოთო.
_ საღამოს ჩემთან გამოდითო.
_ დღეს რა დღეა?
_ შაბათი.
_ და რა უნდა, არ უთქვამს?
_ არ ვიცი, სალაპარაკო მაქვსო.
საინტერესოა, რაზე უნდა ელაპარაკოს შვილებს? იმაზე, როგორ გააბა რომანი თავისი ვაჟის შეყვარებულთან? ან იქნებ, მის ცოლად შერთვასაც კი აპირებს და მათი ნებართვა სჭირდება? რატომაც არა. გოგონა ახალგაზრდაა, ლამაზი, ალღოიანი, თუმცა მამა აბრამის ბატკნად კი მოაქვს თავი. გასაკვირი არაფერია. ლელისნაირი გოგო ვის არ დაახვევს თავბრუს.
_ არც მიგანიშნა, რაზე უნდა გველაპარაკოს? რა საიდუმლოებები გაუჩნდა ნეტავ მამაშენს.
_ წარმოდგენა არ მაქვს. მითხრა, ეს ძალიან მნიშვნელოვანიაო. რაღაც უცნაური ხმა ჰქონდა. შემეშინდა, ცუდად ხომ არ არის-მეთქი. ახლავე მინდოდა წასვლა, მაგრამ დამარწმუნა, კარგად ვარო. შენ კიდევ ეგრე აგრესიულად ნუ იხსენიებ მამას, გესმის? _ საყვედური გაირია ხმაში მაშომ.
_ კარგი, ჰო, ვიხუმრე. შენ როგორ ხარ?
_ ნორმალურად. ლელის რა იცი? ამ დღეებში ვურეკავდი და რატომღაც, მობილური გამორთული აქვს. ხომ კარგად ხართ? იმედია, თქვენი საქმეები კარგად მიდის.
_ მაშო…
_ მე მგონია, მამას ქორწილის დღის დანიშვნა უნდა, ალბათ ამიტომ გვიბარებს. ლელიც წამოვა?
მაშომ ჯერ კიდევ არ იცოდა მათი დაშორების ამბავი. არც ახლა აპირებდა ამის თქმას. სულერთია, ისედაც გაიგებდა საღამოს, რამაზს რომ ესტუმრებოდნენ.
_ მაშიკო, ძალიან ცუდად ვარ, თავი მაქვს გასივებული. დიდხანს ლაპარაკი არ შემიძლია. მოდი, საღამოს დამირეკე და გამოგივლი, კარგი? ცოტას გამოვიძინებ იქამდე.
მაშო წუთით მიჩუმდა. იონას გული უგრძნობდა, რომ მაშო ინტუიციით მიხვდა, რაღაც ვერ არის რიგზეო, მაგრამ დამ დელიკატურობა გამოიჩინა:
_ კარგი, იო, აღარ დაგტანჯავ. საღამოს დაგირეკავ, ასე, ხუთისკენ და ტელეფონი არ გამორთო, იცოდე! და არ ჩაგეძინოს, კარგი?
_ კარგი, კარგი. გკოცნი. ველი შენს ზარს.
მამასთან ბოლოს ლელისთან ერთად იყო. მას შემდეგ რამაზის სახლისკენ არ გაუხედავს. იცოდა, მამა რომ ჩამოსული იყო, მაგრამ არ შეხმიანებია. ფეხს ითრევდა. ეშინოდა, რამე არ წამოსცდენოდა. ქალის გულისთვის არ ღირდა მამასთან ურთიერთობის გაფუჭება.
არც საგურამოში ყოფილა კარგა ხანია. გულს ვეღარ უდებდა იქაუარობას. ყოველი ბუჩქი, ყოველი ხე თუ ყვავილი ლელის აგონებდა. გული ეკუმშებოდა, როცა გაახსენდებოდა, როგორი გულდასმით აწყობდა გოგონა მის კარ-მიდამოს. ის კი არა, რამდენჯერმე იმ აზრმაც გაუელვა, რომ გაეყიდა იქაურობა. ვერ წარმოედგინა, მარტოს როგორ უნდა ეცხოვრა იქ და მით უფრო _ სხვა ქალთან. ლელის გარეშე საგურამომ მისთვის პეწი დაკარგა.
გაგრძელება იქნება