"თემური იყო ჩემი პირველი და ბოლო სიყვარული. მიხეილ თუმანიშვილს უმალავდა ჩვენ სიყვარულს" - ნანი ჩიქვინიძე - Marao

"თემური იყო ჩემი პირველი და ბოლო სიყვარული. მიხეილ თუმანიშვილს უმალავდა ჩვენ სიყვარულს" - ნანი ჩიქვინიძე

2024-10-31 11:19:15+04:00

მსახიობი ნანი ჩიქვინიძე „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი იყო. გადაცემაში მისი ცხოვრების პირველ და ერთადერთ სიყვარულზე ისაუბრა.

„20 წლის ვიყავი, როცა ჩვენ ჯგუფში შემოვიდა. იყო ჩემი პედაგოგი. ტყუილს არ ვიტყვი, თითქმის ყველა გოგო შეყვარებული იყო თემურზე. მოსწონდათ როგორც ხელოვანი. მას ჰქონდა ხიბლი და მის მიმართ კეთილგანწყობა იყო ჯგუფში და მათ შორის ვიყავი მეც.

რეკავდა ჩემთან სახლში, ყვებოდა იმ დღეს რა მოხდა და არ ასახელებდა, ვინ იყო. კარგი სმენა მაქვს, მაგრამ ვერ დავუშვი, რომ თემური რეკავდა. დაახლოებით ორი თვე გრძელდებოდა ეს ყველაფერი. როდესაც მითხრა, ვინ იყო, მაშინვე დავკიდე ყურმილი, შოკში ვიყავი. არც გამიგრძელებია ლაპარაკი.. თემური იყო ჩემი პირველი და ბოლო სიყვარული.

მიხეილ თუმანიშვილს უმალავდა ჩვენ სიყვარულს.

ერთმანეთი ხუთი წელი გვიყვარდა.

მიშა თუმანიშვილი გაბრაზებული იყო თემურზე, არც ერთ პედაგოგს არ მოსწონს, როცა ასეთი რამ ხდება.

ჩემმა ოჯახმა ცოტა რთულად მიიღო თემური. დედას ძალიან გაუჭირდა ამ ამბავთან შეგუება. მაგრამ როდესაც დავოჯახდით, კარგი ურთიერთობა დამყარდა მათ შორის“.- იხსენებს ნანი ჩიქვინიძე.

  • ქართული კინოს ლეგენდარული წყვილები 
  • გამორჩეული ოჯახის კიდევ ერთი უკვდავი სილამაზე - ეკატერინე ვაჩნაძე 

თემურ ჩხეიძის ცხოვრება

თემურ ჩხეიძემ ნახევარ საუკუნეზე მეტი გატარა თეატრში და დატოვა ყველაზე ღირებული - იდეა! მისი იდეის გამგრძელებლები კი დღესაც მრავლად არიან - ცხოვრების ბოლო წლები ხომ სწორედ სწავლებასა და ცოდნის გაზიარებას დაუთმო და ახალგაზრდა რეჟისორები საკუთარ სახელოსნოში მიიწვია. 

მისი მთავარი ლტოლვა ადამიანის სულში მიმდინარე პროცესები იყო და ამის გამო თვლიდა, რომ თეატრში ყველაფერი ფსიქოლოგიურად გამართლებული უნდა იყოს, ყველაფერი ცხოვრების მიხედვით უნდა დალაგდეს.

1965 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (დიმიტრი ალექსიძის და მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო). შემდეგ იყო ზუგდიდის თეატრი, მოზარდმაყურებელთა თეატრი, რუსთაველის თეატრი, მარჯანიშვილის თეატრი და...მერე უკვე მსოფლიო აღიარება. აღიარება არ აკლდა არც ქართველი ხალხისგან - მის მიერ დადგმული სპექტაკლები ქართული თეატრის ოქროს ფონდშია. 

"ჩვეულებრივ ოჯახში ვიზრდებოდით მე და ჩემი და-ძმა, სადაც ბევრი სითბო, ყურადღება და სიხარული იყო. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ ჩემი ოჯახით, მან ბევრი რამ მომცა. ჩვენს ოჯახში სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები იყვნენ, დედა და მამა – მსახიობები, ბაბუა და ბიძა – ექიმები. მამიდა, ციალა ჩხეიძე, ქართული ენის სპეციალისტი გახლდათ, წიგნებს თარგმნიდა. მან მასწავლა ლიტერატურასთან, ქართულ სიტყვასთან კონტაქტი. ისე ჩამინერგა ქართული სიტყვის პატივისცემა, რომ მთელი ცხოვრება მომყვება.

ჩემი მშობლები არასოდეს მეუბნებოდნენ, რა უნდა გამეკეთებინა. ალბათ გარემომ, დედ-მამის მეგობრების წრემ იმოქმედა ჩემს გადაწყვეტილებაზე. სწორედ მათ ხელში ვარ გაზრდილი. ძალიან უცნაური იქნებოდა, მფრინავი რომ გამოვსულიყავი.

დედა საერთოდ არ იყო მკაცრი, პირიქით. ჩემი მშობლებიც და ბებია-ბაბუებიც რაღაცნაირად ახერხებდნენ, რომ ბავშვებს არაფერს გვაძალებდნენ, მაგრამ მაინც ყოველთვის კარგად ვიცოდით, როგორ უნდა მოვქცეულიყავით.

 ჩვენ თან ლაღად ვიზრდებოდით და თან ყოველთვის ზუსტად ვიცოდით, სად იყო ზღვარი, რომლის გადალახვის უფლებაც არ გვქონდა. როცა სკოლაში ვსწავლობდი, არ მახსოვს, ოდესმე დედას ჩემთვის გაკვეთილები შეემოწმებინა. რაღაცნაირად ახერხებდნენ იმას, რომ მერიდებოდა, რამე არ მცოდნოდა. დედაც და ბაბუაც სულ მეუბნებოდნენ, შენ უკვე დიდი ხარ და თავად აგებ პასუხს საკუთარ თავზეო.

არ ვიცი, როგორ, მაგრამ დროზე მაგრძნობინეს, რომ აუცილებლად უნდა მქონოდა პასუხისმგებლობის გრძნობა და ეს მთელი ცხოვრება უნდა გამყოლოდა. ეს მათ ყოველგვარი ლექციების კითხვის გარეშე მოახერხეს.

ოჯახშიც და გარეთაც ძალიან კარგი მაგალითები მყავდნენ. შემეძლო, მათთვის შემეხედა და მესწავლა, როგორ მოვქცეულიყავი. რა თქმა უნდა, ამან მაინც ვერ მიხსნა შეცდომების წყებისგან, მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრებაში მეტ-ნაკლებად ყველა ცდება.

ძირითადად, დედებს ჰქონდათ მინდობილი შვილების გაზრდა, მაგრამ მამაც სჭირდებოდათ და მე სულ მათ გვერდით ვიყავი. ისე გამოვიდა, რომ ჩემს შვილებს ყოველთვის დედები აძლევდნენ შენიშვნებს. მათ არ ვატუტუცებდი, მაგრამ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში თუ მივცემდი შენიშვნას, ისიც ძალიან მშვიდად. გოგოები მამის სისუსტეები არიან, ამიტომ უფრო დედებს ჰყავდათ მიბარებული", - ამბობდა მსახიობი.