რეჟისორ ლევან წულაძისა და მსახიობ მანანა კოზაკოვას ოჯახს საქართველოში ბევრი იცნობს. მანანას ბებიის სახელი ჰქვია, რომელიც განსაკუთრებულად უყვარდა. ის ხელოვანი არ ყოფილა, თუმცა თეატრი სწორედ ბებიამ შეაყვარა. ექიმი იყო. ახსოვს, ერთხელ ბებიას სახლში საყურე დარჩა, მან კი არ დაიზარა, მიბრუნდა, უშუქობისგან ჩაბნელებული 12 სართული აიარა და უსამკაულოდ მაინც არ წავიდა.
მანანას მამა ცნობილი საბჭოთა მსახიობი, მიხეილ კოზაკოვი იყო. მან ბრწყინვალე წარმატებას მიაღწია, როგორც თეატრისა და კინოს მსახიობმა და რეჟისორმა. ბევრს და წარმატებით მუშაობდა ტელევიზიაში, როგორც რეჟისორი („უსახელო ვარსკვლავი“, „პოკროვის კარიბჭე“, „ფაუსტი“ და ა. შ.). თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „მესამე ზარი“, მსახიობი წერდა, რომ 1956 წლიდან 1988 წლამდე თანამშრომლობდა სსრკ-ის კგბ-სთან.
1991 წლის აგვისტოში კოზაკოვს მაღალანაზღაურებადი სამსახური შესთავაზეს ისრაელში და ისიც ოჯახით გადავიდა. 4 წლის განმავლობაში ის ივრითზე თამაშობდა სპექტაკლებს თელ-ავივის კამერულ თეატრში. შექმნა რუსული დასი, რომელთანაც მოამზადა 4 სპექტაკლი.
1996 წელს მსახიობი დაბრუნდა რუსეთში და შექმნა საკუთარი დასი, სახელად „მიხეილ კოზაკოვის რუსული ანტრეპრიზა“.
"ჩვენ დიდი ხანი არ გვივლია. წავედით სუფრაზე მეგობართან. დაახლოებით მესამე დღეს გადავწყვიტეთ, რომ ოჯახი შეგვექმნა. უცებ მოხდა ეს, გზადაგზა მოგვიწია ერთმანეთის გაცნობა.
ყველაზე კარგი პერიოდი არის შემოდგომა, როდესაც იღებ აბსოლუტურად ყველაფერს, ნაკლებად იპრანჭები იმიტომ, რომ გიცნობენ უკვე კარგად" - იხსენებდა ლევან წულაძე.
თავად მანანა მეუღლისა და ოჯახის შესახებ ჟურნალ "სარკესთან" საუბრობს:
"ყოფილა შემთხვევა, რაღაცაზე გაბუტული ვყოფილვარ, ჩემი საყვარელი სუნამო უჩუქებია და შევრიგებულვართ. საერთოდ, ლევანი ძალიან კეთილი და ყურადღებიანია. ჯერ ჩვენზე ზრუნავს და მერე საკუთარ ტყავზე. აღარც მახსოვს, ლევანის გარეშე როდის ვცხოვრობდი. რაც თავი მახსოვს, სულ ერთად ვართ, ერთმანეთს ვავსებთ. ერთს ვიტყვი მხოლოდ: ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში, ლევანის სახით კარგი ბილეთი მოვიგე…"
მანანა კოზაკოვამ ინტერვიუში ახლობლებისა და მეგობრების შესახებაც ისაუბრა:
"ახლობლების ღალატი – ვისაც განსაკუთრებით გადავყევით, მათ ზურგი გვაქციეს. ვიღაცებმა, კულტურაზე ხმამაღალი ლაპარაკი რომ იცოდნენ, საჭირო დროს ზურგი შეგვაქციეს. ვინც განსაკუთრებული პირფერობით იყო გამორჩეული, ის უფრო გამალებით გვღალატობდა, ტყუილებს იგონებდა, ჭორებს გვივრცელებდა და ენა მიჰქონდა სხვასთან. ქართველებმა ასე ვიცით, როცა ადამიანი ცოცხალი აღარ არის, მაშინ ვადიდებთ. ჩვენც როცა არ ვიქნებით, იტყვიან, რამდენ რამეს აკეთებდნენო, თუმცა იმ მომენტში, როცა აკეთებ, მხარდაჭერაზე არავინ ფიქრობს. არა მარტო მარჯანიშვილის თეატრიდან წამოსვლას ვგულისხმობ. ძალიან ბევრი რამ ხდებოდა. არა მხოლოდ კოლეგებს ვგულისხმობ, სხვა პროფესიის ადამიანებმაც გვიღალატეს…"