პარადოქსია ეს ცხოვრება. ყოველთვის უნდოდა, ნამდვილი სიყვარული გამოეცადა, გვერდით საყვარელი მეუღლე ჰყოლოდა, რომელიც თავს შემოევლებოდა, შვილებს გაუჩენდა _ ჩვეულებრივი ადამიანური ბედნიერება სწყუროდა. პირიქით კი მოხდა _ წარსულში დაგრიალებდა აღმა-დაღმა, ქალს ქალზე იცვლიდა, მანქანას _ მანქანაზე. სერიოზული გრძნობა კი არასდროს გამოუცდია. მხოლოდ სამსახურში პოვებდა შვებას. მხოლოდ მას მოჰქონდა მისთვის კმაყოფილება. ასე იყო ლელის გამოჩენამდე. ალბათ აწიც ასე გაგრძელდება, სამსახური და მხოლოდ სამსახური, ოჯახურ იდილიას კი ვერასდროს ეღირსება, რადგან ასეთი ყოფილა მისი ბედი. ოცნებები დაასამარა. შტერი რომანტიკოსი გამოდგა. სასაცილოა ეს ყველაფერი, მაგრამ სულაც არ ეცინება.
არა უშავს, ამ ტკივილსაც გაუმკლავდება როგორმე. ცოლსაც შეირთავს, ბავშვებიც ეყოლება. ყველაფერი ისე იქნება, როგორც სხვებს აქვთ. უბრალოდ, დრო უნდა ამ ყველაფერს, დრო უნდა გავიდეს, იარა მოუშუშდეს. მერე მოიყვანს რომელიმე საყვარელ გოგონას სახლში, თუნდაც იმნაირს, დილით რომ აღმოაჩინა საწოლში, მარად მოღიმარს, ყოველ დილით ყავას რომ მოუდუღებს და საწოლში მოართმევს. იქნება დამჯერი, მორჩილი, ერთგული, არა ძალიან მომთხოვნი და კატეგორიული ცოლი. მეტი რაღა უნდა? იქნებ სწორედ ასეთია ეს ბედნიერება? მშვიდი და მყუდრო ოჯახური კერია. საკმარისია, რაც გამოსცადა, ექსტრიმების დრო დიდი ხანია, წავიდა.
სწორედ ამას ფიქრობდა იონა, როცა სარკის წინ იდგა და წამოზრდილ წვერს იპარსავდა. არა და არ მოეხსნა დაძაბულობა, მით უფრო ახლა, _ როცა თავის ცხოვრებას აანალიზებდა და მომავლის კონტურებს ბუნდოვნად ხაზავდა გონებაში. არადა, ეგონა, რომ შეძლო თავის ხელში აყვანა, ნერვების მოთოკვა. თურმე შეცდა. ეს უარესად აგიჟებდა. ახლა კიდევ ეს შეხვედრა. მამასთან პირისპირ შეხვედრა. უკანასკნელი ნაძირალა იქნება, თავი რომ ვერ შეიკავოს. უნდა შეძლოს, როგორმე უნდა შეძლოს, რომ მდგომარეობიდან არ გამოვიდეს და მამის თვალწინ ყველაფერი არ დალეწოს.
ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა. უხალისოდ გაემართა ჰოლისკენ. მეზობლის ქალი აღმოჩნდა.
_ გამარჯობათ, ბატონო იონა. აი, ეს მოიტანეს ფოსტიდან, კვირაზე მეტია, ჩემთან დევს, ამანათია. თქვენ შინ არ იყავით, ამიტომ ჩემთან დატოვეს, მაგრამ ვერ გნახეთ, რომ გადმომეცა. _ ქალმა ვეებერთელა ბრტყელი ამანათი კართან მიაყუდა.
_ მადლობა, ქალბატონო მზია, მაპატიეთ, რომ შეწუხდით.
_ არა უშავს, არ იყო პრობლემა. უბრალოდ, ვიფიქრე, სასწრაფო არ იყოს-მეთქი, თქვენი ტელეფონის ნომერიც არ მქონდა, რომ დამერეკა. აქ იშვიათად ხართ ხოლმე, _ ქალმა ღიმილით დაუქნია თავი და გატრიალდა.
იონამ პაკეტს ხელი დაავლო და ოთახში შეიტანა. რა უნდა იყოს? არავისგან არაფერს ელოდა. გაოცებული მისჩერებოდა ამანათს. მერე მაგიდაზე დადო და გახსნას შეუდგა. როცა ქაღალდი შემოაცალა უზარმაზარ პაკეტს და დახედა, გაქვავდა. რამდენიმე წამს თვალებგაშტერებული დასჩერებოდა გზავნილს და არ იცოდა, რა მოეხერხებინა მისთვის. გადაეგდო? დაეწვა? არა, ამას ვერ იზამდა. დაეტოვებინა? სიამაყე არ აძლევდა ამის ნებას.
ეს სწორედ ის სურათი იყო, რომელსაც ლელი პარკში ხატავდა მაშინ, როცა ერთმანეთი შემთხვევით გაიცნეს _ იასამნის ფერებში დახატული თბილისური პეიზაჟი. სურათი დაემთავრებინა ლელის და ჩარჩოში ჩაესვა.
რატომ გამოუგზავნა? კიდევ ერთხელ რომ ატკინოს გული? მოულოდნელად ჩარჩოს კუთხეში გაჩრილი წვრილად გაკეცილი ქაღალდი შეამჩნია. მიხვდა, წერილი იყო. ხელი აუკანკალდა, სანამ გახსნიდა.
«ეს ახალსახლობაზე შეპირებული საჩუქარია. სამახსოვროდ. ჩვენ ერთმანეთს არასდროს შევხვდებით. ლელი».
და მორჩა, მეტი არც ერთი სიტყვა.
დაღლილივით დაეშვა სკამზე, კიდევ და კიდევ გადაიკითხა ბარათი. «არასდროს შევხვდებით». ამ სიტყვებმა ჩააფიქრა. რას უნდა ნიშნავდეს ეს? ამით რისი თქმა სურს? როგორ ვერ შეხვდებიან, თუ მამამისთან რომანი აქვს?
გულმა უცნაურად დაუწყო ძგერა, თითქოს ლელის მონაწერს _ «არასდროს შევხვდებით» _ აპროტესტებდა. მას არ სურს, ოდესმე კიდევ ნახონ ერთმანეთი. მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია? ასე უბრალოდ არ ხდება ასეთი რამეები. დაე, ჰქონდეს რომანი რამაზთან, სოსოსთან, ან თუნდაც სხვასთან, ვინც უნდა იყოს, მაგრამ სულაც არ ეთანხმება იმას, რომ ერთმანეთს ვერასდროს შეხვდებიან.
მაშოსთვის აღარ გაუვლია. დამ უთხრა, მე ჩემი მანქანით მივალ, ოღონდ შენც დროზე წამოდი, არ დააგვიანოო.
როცა მამის სახლს მიუახლოვდა, მაშოს მანქანა ჭიშკართან უკვე იდგა და გაუხარდა. სულაც არ უნდოდა, პირისპირ მარტო დარჩენილიყო რამაზთან. შეგნებულად გაწელა დრო, რომ გვიან მისულიყო და დისთვის არ დაესწრო.
სასტუმრო ოთახში მაგიდა სამ ადამიანზე გაეშალათ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ვახშამზე მხოლოდ ოჯახის წევრები იქნებოდნენ.
მაშო მინისზედაპირიან პატარა მაგიდასთან იჯდა და ჟურნალს ფურცლავდა. მამა არსად ჩანდა.
_ «პრივეტ». რაღაც გამოცოცხლება არ იგრძნობა, მომაკვდინებელი სიჩუმე დგას სახლში, _ წარმოთქვა იონამ და დის გვერდით ხვნეშით ჩამოჯდა.
_ მამამ მოსამსახურე დაითხოვა და იმიტომ.
_ რატომ, რამე მოხდა? _ გაიკვირვა მამაკაცმა.
მაშომ მხრები აიჩეჩა. მეც არ ვიცი, რა ხდებაო.
_ მგონი, ცოლი მოჰყავს, _ იდუმალი ხმით უჩურჩულა იონამ დას, თან შეეცადა, ხუმრობით გამოსვლოდა.
მაშომ გაოცებული მზერა მიაპყრო და ჟურნალი ისეთი სისწრაფით დადო მაგიდაზე, თითქოს აკრძალული ნივთი უჭირავს ხელშიო. სწორედ ამ დროს შემოვიდა რამაზი ოთახში, ვაჟს ხელი ჩამოართვა და ორივე სუფრასთან მიიპატიჟა.
_ ჯერ ვივახშმოთ, _ მხიარულად წარმოთქვა, მაგრამ ეგრევე შეეტყო, რომ მისი მხიარული ტონი ნაძალადევი იყო.
ვახშამმა ისე ვერ ჩაიარა, როგორც სხვა დროს. არავინ ხუმრობდა, არავინ მხიარულობდა. და-ძმა თითქოს სასწაულს ელოდა, სასწაულს, რომელიც მათთვის კარგს არაფერს მოასწავებდა. მხოლოდ რამაზ ნიშნიანიძემ იცოდა, რა ხდებოდა, ის კი საუბრის დაწყებას აჭიანურებდა.
ვახშმის შემდეგ მან მინის კარი, რომელიც ვერანდაზე გადიოდა, მჭიდროდ მიხურა. მეორე კარიც ჩაკეტა _ გარეთ გასასვლელი, მერე კი ფანჯრებს დაუყვა და სათითაოდ ჩამოუშვა ჟალუზი ყოველ მათგანზე. მაშო და იონა გაოცებულები მისჩერებოდნენ მამას. შემდეგ რამაზი კაბინეტში გავიდა და ცოტა ხნის შემდეგ ბიბლიით ხელში დაბრუნდა. იონა დაბნეული მისჩერებოდა მაშოს. რა ხდება, მამა ფსალმუნების კითხვას ხომ არ აპირებს? ასე დიდად არასდროს ყოფილა რელიგიით გატაცებული და ახლა რა მოხდა? _ მზერით ეკითხებოდა დას.
_ მამა, რამე ხომ არ გტკივა? _ მაშოს ხმა ჩაუწყდა.
_ ნუ შიშობ, გოგონი, ახლავე ყველაფერს გაიგებთ, ცოტა მოითმინეთ.
მამა თავის საყვარელ სავარძელში ჩაჯდა და წიგნი ისე ჩაიხუტა გულში, თითქოს მისი ყველაზე ძვირფასი საგანძური ყოფილიყო. ასეთი სერიოზული მამა შვილებმა პირველად იხილეს.
_ მაშო, იონა, თქვენ ორივემ იცით, რომ ჩემთვის ყველაზე მთავარი და ღირებული ყოველთვის ოჯახი იყო. ისიც კარგად იცით, როგორ მიყვარდა დედათქვენი. _ დაიწყო რამაზმა.
იონა ცდილობდა, აღელვება არ შეემჩნია. ხვდებოდა, რომ მამა ახლა სწორედ იმას აღიარებდა, რასაც ამდენ ხანს უფრთხოდა. ის დღეს ფარდას ახდიდა იმ ურთიერთობას, რაც ლელისთან აკავშირებდა. განა წესიერი კაცი ასე მოიქცეოდა? მან ხომ იცოდა, რამდენად ძვირფასი იყო იონასთვის ლელი, მასზე დაქორწინებას აპირებდა. როგორ უნდა მოუბრუნდეს ენა ამის სათქმელად? მაგრამ იონა სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა. დილიდან ემზადებოდა ამ შეხვედრისთვის და მზად იყო, ყველაფერი ისე მიეღო, როგორც იქნებოდა. სხვა მაინც აღარაფერი დარჩენოდა.
მაგრამ მამამ მოულოდნელად გააკეთა ის, რასაც ისინი არაფრით ელოდნენ. მამაკაცმა წიგნი გადაშალა და იქიდან სურათი ამოიღო, რომელიც მაშოს გადასცა. მან კი, შეხედა თუ არა ფოტოს, ეგრევე იონას გადააწოდა.
ეს იყო ვიღაც ლამაზი ქალის შავ-თეთრი ფოტო. იონა დასჩერებოდა სურათს და ვერაფერი გაეგო.
_ ვინ არის ეს ქალი? _ თითქმის ერთდროულად იკითხა და-ძმამ.
მამამ ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და თქვა ის, რამაც იონას ლელის ამბავი სრულიად გადაავიწყდა.
_ ეს ჩემი პირველი ცოლია.
წამით დამაც და ძმამაც მეტყველების უნარი დაკარგეს. შემდეგ მაშომ, გონს როგორც კი მოეგო, ფრთხილად იკითხა:
_ არ მითხრა, რომ მისგან შვილიც გყავს.
_ მინდა, მოგიყვეთ ის, რაც ალბათ დიდი ხნის წინ უნდა მომეყოლა, _ პირდაპირ პასუხს თავი აარიდა მამამ, _ მაგრამ გარემოებამ არ შემიწყო ხელი. სანამ პატარები იყავით, არ გამოდიოდა, მერე ნანი გაგვიხდა ავად, მერე კიდევ… მერე ვეღარ მოვაბი თავი, ვერ გადავწყვიტე, ღირდა თუ არა თქმა. ახლა კი სიტუაცია შეიცვალა და ვალდებული ვარ, ყველაფერი გიამბოთ.
რამაზმა თავი ასწია და ორივე შვილს სათითაოდ მოავლო თვალი, თან ცდილობდა, გამოეცნო, რა შთაბეჭდლება მოახდინა მათზე მამის მოულოდნელმა აღიარებამ. აშკარად ჩანდა, რომ შვილები გაოგნებულები იყვნენ, განსაკუთრებით იონა, რომელსაც კრინტი არ დაუძრავს, მაგრამ ისე გაქვავებოდა სახის ნაკვთები, მიცვალებულს დამსგავსებოდა.
იონამ არ იცოდა, რა ეთქვა, არ იცოდა, ამ ცნობაზე რეაგირება როგორ მოეხდინა, რა რეაქცია უნდა ჰქონოდა.
მამა კი თხრობას განაგრძობდა:
_ მე და დედათქვენს სკოლის ასაკიდან გვიყვარდა ერთმანეთი, კლასელები ვიყავით, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ ჩვენი გზები გაიყარა. მე უკრაინაში გავემგზავრე სწავლის გასაგრძელებლად, დედათქვენი აქ დარჩა. თავიდან ინტენსიურად ვწერდით ერთმანეთს, მერე _ დროგამოშვებით, ბოლოს მისგან წერილები საერთოდ შეწყდა. მაშინ არ მქონდა იმდენი საშუალება, რომ ხშირად ჩამოვსულიყავი, ამიტომ მასთან კონტაქტი თანდათან დავკარგე. როცა ჩამოვედი, უკვე გათხოვილი დამხვდა. არ მიცდია, შევხვედროდი და მისთვის ახსნა-განმარტება მომეთხოვა. ყველა ადამიანი თავის ცხოვრებას თავად განაგებს. ერთი წლის შემდეგ მეც შევირთე ცოლი და სამეგრელოში გადავსახლდი, რადგან იქ უფრო ადვილად ავაწყვე ბიზნესი. ჩემს პირველ ცოლს ლაკო ჰქვია. მშვენიერი ურთიერთობა გვქონდა, ვუგებდით ერთმანეთს, მაგრამ შვილი არ გვეყოლა. მე ხშირად მიწევდა უცხოეთში გამგზავრება, ძირითადად, სოციალისტურ ქვეყნებში, კაპიტალისტურებისკენ მაშინ ვინ გაგვახედებდა, ჩაკეტილი სივრცე იყო, თუმცა მერე და მერე ესეც გახდა შესაძლებელი და თურქეთში დავიწყე გადასვლა, ჩინეთშიც კი. ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთხელ ქუჩაში გადავეყარე ნანის. ძველმა ჭრილობამ ისევ შემახსენა თავი, მივხვდი, რომ ისევ მიყვარდა და მისი დავიწყება არ შემეძლო, მაგრამ მას ქმარი ჰყავდა, მე კი ცოლი. ჩვენ ერთხანს ჩუმად ვხვდებოდით ერთმანეთს. ნანი ამის გამო იტანჯებოდა, გაორებულს უჭირდა ასე ცხოვრება. ალბათ ყველაფერი ისე დარჩებოდა, როგორც იყო, რომ არა ერთი შემთხვევა _ ნანის მეუღლე ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა. ამან დააჩქარა პროცესები. ხშირად მივდიოდი მის სანახავად, ვეხმარებოდი მატერიალურად… მოხდა ისე, რომ ურთიერთობა კვლავ განვაახლეთ. როგორც აღმოჩნდა, პირველმა ქმარმა თურმე მოიტაცა იგი და ნანიც იძულებული გახდა, დარჩენილიყო მასთან, რადგან ისედაც ობოლს და უპატრონოს მიმხედავი არავინ ჰყავდა და სახელის გატეხას მოერიდა. თან იმის შეეშინდა თურმე, რომ მე არ ვაპატიებდი და ასეთი ამბის შემდეგ ხელს ვკრავდი.
იონამ მზერა ესროლა მაშოს, რომელიც დამბლადაცემულივით მისჩერებოდა მამას და თვალს ვერ აცილებდა. არც იონა ჩანდა უკეთეს დღეში. საინტერესო იყო, კიდევ რა საიდუმლოს ახდიდა მამა ფარდას…
_ კარგა ხანს ვიყავი ორად გახლეჩილი. მიმძიმდა ცოლთან დაშორება. ვიცოდი, მისთვის სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა მეთქვა, შენგან მივდივარ-მეთქი. აუცილებლად იმას იფიქრებდა, რომ უშვილობის გამო ვტოვებდი. არადა, ასე არ იყო. მე ის მიყვარდა, ოღონდ არა ისე, როგორც დედათქვენი. ბოლოს, როცა გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, ნანიმ კატოგორიულად მომთხოვა _ ბოლოს და ბოლოს, გამეკეთებინა არჩევანი და ან ლაკოსთან დავრჩენილიყავი, ან მასთან.
გაგრძელება იქნება