რეჟისორმა პაბლო ლარაინმა მარია კალასის ბიოგრაფიული ფილმი გადაიღო, სადაც ლეგენდარული მომღერლის როლს ოსკაროსანი მსახიობი, ანჯელინა ჯოლი ასრულებს.
ფილმის გადაღებების დაწყებისთანავე მარია კალასის შესახებ ინტერესი გაიზარდა.
მარია კალასი დაიბადა ნიუ იორკში ბერძენ ემიგრანტთა ოჯახში. 1936 წელს მარიას დედა – ევანგელია, ბრუნდება ათენში ქალიშვილის მუსიკალური განათლების გასაგრძელებლად. 14 წლის ასაკში მარია სწავლას იწყებს ათენის კონსერვატორიაში ყოფილი ესპანელი მომღერლის ელვირა დე იდალგოს ხელმძღვანელობით.
1941 წლის ივლისში, გერმანელების მიერ ოკუპირებულ ათენში შედგა მარია კალასის დებიუტი ათენის ოპერის თეატრში ტოსკას პარტიაში.
1945 წელს მარია კალასი დაბრუნდა ნიუ–იორკში. დაიწყო წარუმატებლობები: იგი არ გააცნეს არტურო ტოსკანინის, სიმსუქნის გამო უარი თქვა მეტროპოლიტენ–ოპერაში ჩიო–ჩიო–სანის პარტიის შესრულებაზე, ჩიკაგოში ჩაიშალა "ლირიკული ოპერის" აღორძინება, სადაც იგი იმედოვნებდა მონაწილეობას.
1947 წელს მარია კალასი ხვდება ტულიო სერაფინს. მასთან შეხვედრამ მნიშვნელოვნად შეცვალა მომღერლის ცხოვრება. სერაფინს მარია დიდი ოპერის სცენაზე გაჰყავს. პირველმა პარტიებმა ჯუზეპე ვერდის აიდაში და ბელინის ნორმაში 1948 წელს, ერთი კვირის შემდეგ კი ვოკალურად შეუთავსებადი პარტიები ბრუნჰილდასი ვაგნერის "ვალკირიებში" და ელვირასი ბელინის "პურიტანელებში" შექმნეს მარია კალასის შემოქმედებითი ფენომენი. იგი ასრულებდა როგორც ლირიკულ, ასევე დრამატულ და კოლორატულ პარტიებს, რაც ერთი მხრივ ფენომენური იყო ("ოთხი ხმა ერთ ყელში" – ასე ახასითებდნენ მას), მეორე მხრივ კი დამღუპველი იყო მისი უნიკალური ხმისთვის.
მომღერალს პრობლემებს ჭარბი წონაც უქმნიდა, რის გამოც იგი ხშირად ხდებოდა ბულინგის სამიზნე. კარიერის დაწყებიდან ათი წლის შემდეგ, როცა უკვე მსოფლიო დონის ვარსკვლავი იყო, კალასმა საბოლოოდ იზრუნა საკუთარ თავზე და წონაში დაიკლო. წონაზე ხუმრობები დავიწყებას მიეცა – ჭარბი წონის მოშორებამ მარია ნამდვილ ლამაზმანად აქცია, მაგრამ საოპერო ხელოვნების ჭეშმარიტ მცოდნეებს არ აინტერესებთ, როგორ გამოიყურებოდა ვარსკვლავი. ისინი მოხიბლული იყვნენ კალასის ხმით, რომელსაც სხვადასხვა სპექტაკლში შეეძლო პარტიების შესრულება სხვადასხვა ხმით.
„შესაძლებელია ასეთი სპილო „ტოსკას“ მღეროდეს?” – გაიგო კალასმა ათენის ოპერის ერთ-ერთი მუშაკისგან. მას მაშინვე დაარტყა მარიამ, რომელმაც, ფაქტობრივად, მუშტით გაუსწორა ცხვირი.
ჩხუბიდან სულ რაღაც წამში კალასი, თითქოს არაფერი მომხდარა, სცენაზე როლისთვის საჭირო გამომეტყველებით გამოჩნდა. უკვე პირველი არიის შემდეგ ყველა დამსწრე მიხვდა, რომ წინ ახალი ვარსკვლავი ედგათ. აპლოდისმენტები არ მთავრდებოდა. ზოგი ყვიროდა: „ღვთაებრივი ხმა!“ და სცენაზე ასვლას ცდილობდა. ამ დღეს მარია მიხვდა, რომ თუ ხმა იქნება, მაშინ საზოგადოება აპატიებს ზედმეტ წონას, ახლომხედველობას და სიკაშკაშის ნაკლებობას.
მარია კალასი დაქორწინდა მილიონერ ჯოვანი მენეგინიზე, რომელიც მასზე ბევრად უფროსი იყო. ქალს ის არ უყვარდა, მაგრამ აფასებდა ზრუნვას და ლამაზად მოვლის უნარს. ვიღაც დარწმუნებული იყო, რომ მიზეზი იტალიელის სიმდიდრეში იმალებოდა, მაგრამ ეს ალბათ მართალი არ იყო. იმ დროისთვის, როცა ის დაქორწინდა, კალასმა მიიღო ზღაპრული ჰონორარი და თავად შეეძლო ყველაფრის ყიდვა.
თავად ჯოვანი გაგიჟებით იყო შეყვარებული თავის მარიაზე. მან საკუთარი კომპანიის მართვა ახლობლებს გადააბარა და მთლიანად ახალგაზრდა ცოლს მიუძღვნა თავი. ქორწინება მარიამ დაასრულა, როცა არისტოტელე ონასისი გაიცნო.
მათი გაცნობა საკმაოდ უვნებლად დაიწყო – ონასისმა მარია და მისი ქმარი მიიწვია ხმელთაშუა ზღვაში იახტით სასეირნოდ.
თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, ყველა დამსწრემ შეამჩნია, რომ სანამ ჯოვანი გემბანზე მზიან შეზლონგზე ისვენებდა, მისი ცოლი იახტის პატრონს ოთახში გაჰყვა.
მოგზაურობის შემდეგ კალასმა და ონასისის მეუღლემ განქორწინებაზე ერთდროულად შეიტანეს განაცხადი. მალე მარიამ და არისტოტელემ ერთად დაიწყეს ცხოვრება და დაიწყო ახალი პერიოდი ოპერის ვარსკვლავის ცხოვრებაში, რომელსაც ძნელად შეიძლება ეწოდოს უღრუბლო.არისტოტელე მარიას ჯოვანისგან განსხვავებულად ეპყრობოდა. დასცინოდა ცოლს და ხშირად იქნევდა ხელებს. უცხო ადამიანების თანდასწრებითაც შეეძლო ცოლისთვის დაერტყა. კალასმა გაუძლო ყველა მის სისულელეს, ყველაფერს მიაწერდა ან ცხოვრების რთულ პერიოდს ან ქმრის რთულ ბუნებას.
როდესაც ქალი დაორსულდა, ონასისმა მას აბორტის გაკეთება მოსთხოვა. უხეშად ამტკიცებდა, რომ მის ქონებას უკვე ჰყავდა მემკვიდრეები.
მწერალმა ლინდსი სპენსმა ლეგენდარული ამერიკელი სოპრანოს მარია კალასის შესახებ ბიოგრაფიულ წიგნი დაწერა, რომელზე მუშაობის დროსაც მომღერლის მანამდე გამოუქვეყნებელი და ბევრისთვის აქამდე უცნობი პირადი წერილებისა თუ ჩანაწერების გაცნობის საშუალება მიეცა.
აღმოჩნდა, რომ მარია კალასს დედა აშანტაჟებდა, ქმარმა გაძარცვა, საყვარელმა კი მასზე იძალადა.
ლინდსი სპენსი აცხადებს, რომ წერილები, რომლებიც კალასის პარტნიორ, გავლენიან მაგნატ არისტოტელე ონასისისს უკავშირდება, განსაკუთრებით შემაძრწუნებელია:
მარია კალასი წერს ჯოვანი მენეგინისთან ქორწინების იმედგაცრუებაზეც: "ჩემი ქმარი ისევ გულს მიწყალებს მას შემდეგაც, რაც ჩემი ქონების ნახევარი მომპარა: ქორწინებისას თავის სახელზე იფორმებდა ყველაფერს... სულელი ვიყავი... მას რომ ვენდე".
"კალასი ღიად გამოხატავდა ბრაზს დედამისის მიმართ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს პროსტიტუციას ეწეოდა და იმავე საქმეში შვილის ჩართვასაც ცდილობდა", — ამბობს სპენსი.
მოგვიანებით მარია კალასის დედამ პრესას ინფორმაციები მიჰყიდა და თავის შვილს ფულს სძალავდა კიდეც: "იცი, პირველ რიგში რას აკეთებენ კინოხელოვანები, როგორც კი გამდიდრდებიან? თავიანთ პირველ შემოსავალს მშობლებს ახარჯავენ და სიმდიდრეში აცხოვრებენ... შენ რისი თქმა შეგიძლია ამაზე, მარია?" — წერდა დედამისი მას.
"მას რომ ოდესღაც ნამდვილი დედობა გაეწია ჩემთვის, თავს გადავყვებოდი", — წერს კალასი.