ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი თამარ სხირტლაძე დაიბადა 1929 წელს, ლაგოდეხში. 1949 წელს დაამთავრა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია. იმავე წლიდან ჩაირიცხა კ. მარჯანიშვილის თეატრის დასში, სადაც 1967 წლამდე მოღვაწეობდა. 1967–1975 წლებში რუსთავის თეატრის მსახიობი იყო, ხოლო 1975 წლიდან კვლავ კ. მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა. თამარ სხირტლაძე მრავალფეროვანი მსახიობი იყო.
თამარ სხირტლაძე უხუცეს მსახიობად ითვლებოდა ქართულ კინოსა და თეატრში. მან მოხსნა ცნობილი ქართველი მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძის რეკორდი (70 წელი გაატარა სცენაზე).
ერთადერთი შვილი მსახიობი თაზო თოლორაია, გარდაიცვალა 2004 წელს. მისი მეუღლე ასევე მსახიობი კოტე თოლორაია გარდაიცვალა 2017 წელს.
"თემურ ჩხეიძე სპექტაკლს დგამდა, სადაც მედიკო ჩახავაც თამაშობდა... ჩემთვის ყოველმხრივ სანატრელი იყო ამ სპექტაკლში ვყოფილიყავი და მოვხვდი კიდევაც უსაყვარლეს მედიკოსთან ერთად. ალბათ ასეთ რამეს ვერც კი ვიოცნებებდი და სწორედ მაშინ დამატყდა თავს უბედურება... მახსოვს, მივედი და თემურ ჩხეიძეს და მედიკო ჩახავას ვუთხარი, თეატრში ვეღარ მოვალ და დღესვე-შემცვალეთ მეთქი. ორივე ძალიან გვერდით დამიდგა... თემურმა მითხრა, თუ საერთოდ სახლში დაჯდომას აპირებ, კი ბატონო, მაგრამ თუ როდესმე თეატრში უნდ დაბრუნდე, მაშინ ნუ წახვალო... გადავხედე სხვების ცხოვრებას და მივხვდი, რომ ერთადერთი არ ვიყავი, ვისაც ასეთი რამ შეემთხვა... სახლში ვერაფერს ვამბობდი, რადგან მეუღლემ არ იცოდა, რა სჭირდა ჩვენს შვილს. შენ უფრო ძლიერი ხარ, გაუძლებო და ამიტომაც მე მითხრეს, რომ განუკურნებელი სენით იყო ავად... ერთი თვე ხან ქუჩაში ვტიროდი, ხან ბაღში, ელენე ყიფშიძესთან მივდიოდი და ვინც კი ახლობლად მიმაჩნდა... ჩემს მეუღლეს არ ვეუბნებოდი, მაგრამ თვითონ გაიგო. არადა, ისეთი მამა იყო, მე თუ თეატრიდან გასტროლზე მივდიოდი, ბავშვს არავის ანდობდა და თვითონ მიჰყავდა ბაკურიანში თუ სხვა კურორტებზე. მეც დავბრუნდებოდი, ორ კაპიკს ჩამოვიტანდი, ვალებს ვისტუმრებდით და შვილი ჯანმრთელად გვყავდა...
ჩემს მეუღლეს შვილის გარდაცვალების შემდეგ მუცლის გარშემო და ზემოთ სულ წითელი კანი ჰქონდა, რაც თურმე ნერვების ანთება ყოფილა. ასეთი ავადმყოფობა იშვიათია, მაგრამ მას ნერვიულობისგან დაემართა... აუტანელი ტკივილები ჰქონდა, ვერ დგებოდა და მაინც ასე მითხრა, შენ თუ ჩემი სიცოცხლე გინდა, თეატრი არ დატოვოო... მართლა ძალიან გამიკვირდა, რადგან ჩემს მეტი მიმხედავი არავინ ჰყავდა, ზაფხული იყო და ქალაქიდან ყველა გასული იყო... დაიჟინა, შენთან ერთად ვიკვნესებ თუ უშენოდ, რა აზრი აქვსო. მეც დავთანხმდი, ალბათ ისე იყო ჩემი საქმე, ქორს ხელის აქნევა უნდოდაო... რეპეტიციაზე ისე მივედი, წინასწარ არ დამირეკავს. დარბაზში რომ შევედი, ცოტა ბნელოდა და თემურ ჩხეიძე გაოცებული მიყურებდა, არ სჯეროდა, მართლა მე თუ ვიყავი... გადამეხვივნენ, ბევრი ვიტირეთ და ისევ ჩავერთე თეატრის ცხოვრებაში" - იხსენებდა მსახიობი.