სოფი ლორენი, თეატრისა და კინოს იტალიელი მსახიობი, ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი და საყოველთაოდ აღიარებული ვარსკვლავია. იგი არა მხოლოდ სილამაზისა და სტილის ეტალონად ითვლება, არამედ მე-20 საუკუნის საკულტო პიროვნებაცაა და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. მისი გამოჩენის დღიდან მისი სტილი და ჩაცმულობა მთელ მსოფლიოში მილიონობით ქალმა გადაიღო.
მსახიობის წარმატება სილამაზის კონკურსით დაიწყო, როცა დედამისმა ქუჩაში განცხადება ნახა: "გინდა, გახდე ზღვის პრინცესა? მიიღე მონაწილეობა კონკურსში!" მან შვილს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ურჩია, სადაც სოფიმ მეორე ადგილი დაიმსახურა. სწორედ ამის შემდგომ დაიწყო კინოკარიერა. 1950-იანი წლების დასასრულს მან ითამაშა ფილმებში: "ბიჭი დელფინზე" და "სიამაყე და ვნება", სადაც თამაშობდა კერი გრანტთან და ფრენკ სინატრასთან ერთად. ლორენს და გრანტს ჰქონდათ რომანი, რომელიც ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ რომანადაა მიჩნეული.
შეიძლება ითქვას, რომ სოფი სამსახიობო კარიერას დედას, რომილდას უნდა უმადლოდეს. დედამისმა თავის დროზე ხელიდან გაუშვა შანსი, ჰოლივუდში გადაეღოთ და სურდა, რომ მისი ოცნება ქალიშვილს ახდენოდა. სწორედ რომილდამ მიიყვანა გოგონა სილამაზის კონკურსზე, სადაც სოფიმ მოიგო პრიზი - ნეაპოლიტანურ სკოლაში სამსახიობო დაოსტატების კურსები და ორი ბილეთი რომში. სწორედ რომილდა სთხოვდა სოფის, წასულიყო კინოსინჯებზე იტალიის დედაქალაქში და ამით ორი კურდღელი დაეჭირა - მიეღო როლი და ეშოვა ფული, რომელიც გადარჩენისთვის ასე ძალიან სჭირდებოდა ოჯახს.
რომილდა დაჟინებით უნერგავდა სოფის მამაკაცების მიმართ სიძულვილს. გოგონას მამამ რომილდა ჯერ კიდევ ორსულობის დროს მიატოვა, თუმცა სინდისის ქენჯნის გამო ქალიშვილს თავისი გვარი - შიკოლონე მისცა.
ჯერ კიდევ ბავშვობაში სოფიამ კეთილგონიერება გამოიჩინა და არ კიცხავდა დედას, რადგან ესმოდა, რომ ქალი დანგრეული ცხოვრების გამო იყო სიძულვილითა და სიბრაზით სავსე. დიდი ხნის განმავლობაში სოფი თანაკლასელებისგან იტანდა დამცირებასა და დაცინვას იმის გამო, რომ მამამ მიატოვა. მაგრამ მან მამას აპატია, თუმცა გულში დარჩა ზრუნვისა და სიყვარულის უკმარისობა, რომელიც შემდეგ ქმართან იპოვა.
თავდაპირველად სთავაზობდნენ მონაწილეობას რეკლამებსა და მსუბუქ ეროტიკაში. უფულობის გამო სოფი იძულებული იყო, მსგავს ფილმებში მიეღო მონაწილეობა, მაგრამ რომილდა კატეგორიული წინააღმდეგი გახლდათ. მოგვიანებით პროდიუსერმა კარლო პონტიმ ყველა ფირი შეისყიდა „სამარცხვინო წარსულით" და სოფი თავის პროფესიონალური მეურვეობის ქვეშ მიიღო. 16 წლის ლამაზმანისა და 38 წლის შემდგარი მამაკაცის შეხვედრამ ორივეს ცხოვრება გადაატრიალა.
"ერთმანეთს რომში, სილამაზის კონკურსზე შევხვდით. 16 წლის ვიყავი. ის კი ჟიურიში იჯდა. მომიახლოვდა, მეგობართან ერთად ვიყავი და მითხრა, რომ სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მიწვევდა. მართლაც მივიღე მონაწილეობა და მეორე ადგილზე გავედი. თავიდან ვმეგობრობდით. 19 წლის რომ გავხდი ყველაფერი შეიცვალა. ერთმანეთი მართლა შეგვიყვარდა..." - იხსენებდა მსახიობი.
მაშინ კარლო პონტი დაქორწინებული იყო და 2 შვილი ჰყავდა. 1954 წელს ის და სოფი ლორენი ფილმის "ქალი მდინარესთან" გადასაღებ მოედანზე კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს.
ფილმის "სიამაყე და ვნება" გადასაღებ მოედანზე სოფი ლორენი კოლეგას, კერი გრანტს დაუახლოვდა. მაშინ მსახიობი 22 წლის იყო. "კერის ჩემზე დაქორწინება უნდოდა, მაგრამ კარლოს მიტოვება მომიწევდა. საშინლად მეშინოდა მისი რეაქციის, იტალიიდან რომ წავსულიყავი." - გაიხსენა ლორენმა.
წყვილი 1957 წელს მექსიკაში ფარულად დაქორწინდა. თუმცა, მათმა პირველმა ქორწინებამ 5 წელს გასტანა. კარლო პონტი ორჯერ დაქორწინებაში დაადანაშაულეს, რაც იტალიის კანონმდებლობის მიხედვით, ისჯებოდა. ამიტომაც, სოფი ლორენი და კარლო პონტი ერთმანეთს დაშორდნენ. მაშინ მამაკაცი ოფიციალურ ქორწინებაში ჯერ კიდევ პირველ მეუღლესთან იყო.
პირველ მეუღლესთან განქორწინებას უამრავი დრო და პროცედურა დასჭირდა. პროცესი საბოლოოდ 1965 წელს დასრულდა.
"ერთადერთი, რასაც ცოტა ვნანობ, არის ის, რომ თეთრი კაბა ვერასოდეს მოვირგე. ეს მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება იყო, რომელიც დღემდე ცხოვრობს ჩემში." - აღიარა ლორენმა.