1951 წლის თებერვალში მარგარეტ ჰილდა რობერტსმა ერთ-ერთ სადილზე, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ცოლს გაშორებული ბიზნესმენი, დენის ტეტჩერი გაიცნო. დენისმა რკინიგზის სადგურამდე მიაცილა მარგარეტი და იმ დღეს დაიწყო მათი სასიყვარულო ისტორია. მარგარეტ ტეტჩერი წერდა: „იყო პრემიერ-მინისტრი, იგივეა, მარტოობაში გაატარო მთელი ცხოვრება. ეს მართალიც არის – ბრბოს ნაწილი ვერასდროს მართავს სახელმწიფოს, თუმცა, დენისთან ერთად არასდროს მიგრძნია მარტოობა, დენისი იდეალური მეუღლე და მეგობარია”. დენის ტეტჩერი 2003 წელს 88 წლის ასაკში, ონკოლოგიური დაავადებით გარდაიცვალა.
1953 წელს მარგარეტ ტეტჩერს, დადგენილ ვადამდე 6 თვით ადრე ტყუპები – კეროლი და მარკი გაუჩნდა. კეროლ ტეტჩერი ცნობილია როგორც ჟურნალისტი და მშობლების ცხოვრებისადმი მიძღვნილი წიგნების ავტორი. მარკ ტეტჩერს გაცილებით სკანდალური ცხოვრება აქვს. 2004 წელს, ეკვატორიულ გვინეაში გადატრიალების მოწყობის გამო, ის სამხრეთ აფრიკაში დააპატიმრეს. 2005 წელს სასამართლო სხდომაზე მარკმა აღიარა, რომ ფული ჰქონდა გადახდილი დაქირავებული მებრძოლებისთვის, რათა მათ პუტჩი მოეწყოთ. კეიპტაუნის სასამართლომ მარკ ტეტჩერს ნახევარმილიონიანი ჯარიმა დააკისრა და ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა გადავადების უფლებით.

თერთმეტი წლის განმავლობაში - 1979 წლის მაისიდან 1990 წლის ნოემბრამდე - ტეტჩერები ცხოვრობდნენ დაუნინგ სტრიტში, როგორც ეს შეეფერებოდა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს და მის ოჯახს. მეუღლის გადადგომის შემდეგ, დენის ტეტჩერმა მიიღო ბარონეტის წოდება მემკვიდრეობის უფლებით . თავად მარგარეტიც გახდა ბარონესა. ისინი ერთად ცხოვრობდნენ მის გარდაცვალებამდე, 2003 წლის 26 ივნისს. 2015 წელს, მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გარდაიცვალა, მისი საქორწინო კაბა კრისტის აუქციონზე სხვა პირად ნივთებთან ერთად გაიყიდა. უცნობმა კოლექციონერმა ის 25000 ფუნტად იყიდა.