დილემის წინაშე აღმოვჩნდი. მეცოდებოდა ჩემი პირველი ცოლი, მაგრამ არანაკლებ მეცოდებოდა ნანიც. თან ნანი სიგიჟემდე მიყვარდა, მის გარეშე უკვე ერთი დღეც ვერ წარმომედგინა. გარდა ამისა, მასთან შვილი მყავდა და ესეც იყო ერთგვარი გამართლება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შვილს ნანის პირველი ქმრის გვარი ჰქონდა, თავს ვალდებულად მივიჩნევდი, მის გვერდით ვყოფილიყავი და მასზე მეზრუნა. ბავშვიანი ქალისთვის უფრო მეტად ვიყავი საჭირო, ვიდრე ლაკოსთვის, რომელსაც შეეძლო, თავიდან დაეწყო ცხოვრება. ბოლოს, როგორც იქნა, გადავწყვიტე არსებული ოჯახის მიტოვება და ახლის შექმნა. ლაკოსთვის გამანადგურებელი აღმოჩნდა ჩემი გადაწყვეტილება, ისტერიკა გამიმართა, მაგრამ ვერ გადამათქმევინა. ბოლოს, როცა არაფერი გამოუვიდა, მითხრა, თუ შენთვის ასე აჯობებს, წადი, აღარავინ გაკავებსო. არ მინდოდა, ხელცარიელი დამეტოვებინა, ამიტომ ყველა მაღაზია, რომელიც იქ მქონდა, სამეგრელოში, გავყიდე და მთელი თანხა მას დავუტოვე. ამან ცოტა შემიმსუბუქა დანაშაულის გრძნობა, ბოლოს და ბოლოს, ოთხი წელი ვიცხოვრეთ ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ლაკოს დავშორდი, დედათქვენზე უცებ არ დავქორწინებულვარ. ძალიან მორწმუნე იყო, ამიტომ დაელოდა, სანამ ოფიციალურად არ განვქორწინდით მე და ლაკო. მხოლოდ ამის შემდეგ შევუღლდით. წარმოგიდგენიათ, როგორ ვიყავი. თან უბედნიერეს კაცად ვგრძნობდი თავს, თან გული მეთანაღრებოდა, რომ გული ვატკინე ქალს, რომელსაც სიცოცხლეზე მეტად ვუყვარდი, ლაკოს ვგულისხმობ. ალბათ ამასაც მივეჩვეოდი დროთა განმავლობაში და სინდისიც დამიმშვიდდებოდა, მაგრამ ნანი შევირთე თუ არა, სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ ლაკოს შვილი ეყოლა ჩემგან. თურმე ორსულად ყოფილა, როცა გავშორდი და დამიმალა. ლამის ჭკუიდან შევიშალე. დავურეკე, მასთან დალაპარაკება მინდოდა. უნდა მეთქვა, რომ ბავშვს მივხედავდი, მატერიალურად დავეხმარებოდი, მაგრამ არ მომისმინა, ჩემი დახმარება არ ისურვა. არც კი მითხრა, საერთო შვილი რომ გვყავდა, ისე დამიკიდა ყურმილი. მას ეგონა, მე არაფერი ვიცოდი. არადა, ვიცოდი, მაგრამ მერე ნაბიჯი აღარ გადავდგი. მეც მძლია ჩემმა სიამაყემ, ვერც ის გავბედე, ნანისთვის სიმართლე მეთქვა. ვიფიქრე, ბარემ არ ვეტყვი, რომ ამან მაინც არ ინერვიულოს-მეთქი. იმის იმედი მქონდა, რომ დროთა განმავლობაში, როცა ჩემი შვილი წამოიზრდებოდა, მომძებნიდა ან მე მოვძებნიდი და ყველაფერს ავუხსნიდი, მაგრამ… როგორც ჩანს, რადგან ჩემთან არ იზრდებოდა, არც მოვალეობის გრძნობამ შემაწუხა არც მის მიმართ სიყვარულმა.
_ მასთან გოგო გყავს თუ ბიჭი? _ ვერ მოითმინა მაშომ.
_ დააცადე! _ შეაჩერა იონამ და დას მკლავზე მოუჭირა ხელი.
_ გოგო მყავს, ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგონა, _ ჩაიდუდუნა რამაზმა და მრავლისმეტყველი მზერა ვაჟს მიაპყრო.
იონა დაიძაბა. მძიმედ წამოდგა, მამას მიუახლოვდა და ფოტო გამოართვა. კარგა ხანს დასჩერებოდა სურათს, თითქოს ფოტოზე გამოსახული ქალის ყოველ ნაკვთს სწავლობსო, მერე თავი ნელა ასწია და ძლივს გასაგონი ხმით ჰკითხა მამას:
_ და რა ჰქვია შენს ძალიან ლამაზ და ჭკვიან გოგონას?
რამაზმა თავი დააკანტურა, თითქოს შვილს ეუბნებოდა, სწორად მიმიხვდიო.
_ ასეა, იო, ასე. მას ლელი ჰქვია, მაგრამ დედის გვარზეა. ლაკომ არ ისურვა, ჩვენს ქალიშვილს ჩემი გვარი ეტარებინა.
_ ღმერთო! _ ოხვრა აღმოხდა მაშოს, _ ანუ ეს ის… _ და წინადადება ვეღარ დაამთავრა.
იონამ იგრძნო, როგორ მოედო მთელ სხეულზე რაღაც უცნაურად მხურვალე ტალღა, რომელმაც ჯერ გონება დაუხშო, მერე ჰაერი გადაუკეტა და ლამის გაგუდა. მამაკაცმა ხელები თავზე შემოიჭირა და გაბზარული ხმით წარმოთქვა:
_ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ და და ძმა ვართ?.. მან იცის?
_ არა! _ ისეთი განწირული ხმით იყვირა რამაზმა, გეგონებოდათ, დანა უნდა დაარტყანო, _ უფრო სწორად, იცის, რომ თქვენ და-ძმანი ხართ. არა, კი არ იცის, ასე ჰგონია. მანაც ისევე იფიქრა, როგორც თქვენ. მაგრამ ეს ასე არ არის.
_ ეგ როგორ? _ მახრჩობელა ტალღამ ნელ-ნელა უკან დაიხია და იონას სუნთქვა გაუადვილდა.
_ საქმე უფრო ჩახლართულია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. _ ამოიხვნეშა რამაზმა, _ როცა ნანი მოიტაცეს, მას ქმრის სახლში ახალშობილი ბიჭუნა დახვდა. აღმოჩნდა, რომ მისი ქმარი ქვრივი იყო და მისი პირველი ცოლი მშობიარობას გადაჰყოლია. ბავშვს დედა სჭირდებოდა, თვითონ მარტო ვერ შეძლებდა ბიჭის აღზრდას, ამიტომაც გადაწყვიტა მეორე ცოლის მოყვანა და ნანი მისთვის საუკეთესო კანდიდატურა აღმოჩნდა. სრულიად შემთხვევით გაცნობილი ქალი დაბადების დღიდან წამოიყვანა, ვითომ სახლამდე უნდა მიეცილებინა და მოიტაცა. ნანიმ გვიან გაიგო ყველაფერი, მაშინ, როცა მასთან დარჩენა გადაწყვიტა. ასე რომ, იო, არც მე ვარ შენი ნამდვილი მამა და არც ნანი იყო შენი ნამდვილი დედა. ჩემი და ნანის საერთო შვილი შენ ხარ, მაშო. თუმცა ნანიმ თითქმის პირველი დღეებიდან გაგზარდა, ორი თუ სამი თვის იყავი მხოლოდ.
_ ეს რაები მესმის! სიზმარში მგონია თავი! მაგრამ არც მე მაქვს შენი გვარი, მამა… _ აღმოხდა მაშოს.
_ ჰო. შენ რომ გაჩნდი, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო იონას მამა, ამიტომ ჩემს გვარზე ვერც მე დაგწერდი და ვერც დედაშენი. როცა შევუღლდით, მაშინვე მინდოდა, იონაც ჩემს გვარზე გადამეყვანა და შენც, მაგრამ დედაშენმა არ ისურვა. იონა სხვა კაცის შვილია და ატაროს ნამდვილი მამის გვარი, მოვა დრო და მე თვითონ ავუხსნი ყველაფერსო. მერე შენზეც უარი მითხრა. ჯობია, ასე დავტოვოთ ყველაფერი, რადგან ბავშვებს ზედმეტი შეკითხვები არ გაუჩნდეთ, როცა გაიზრდებიან და აღმოაჩენენ, რომ სხვადასხვა გვარს ატარებენო.
_ არადა, დედამ მითხრა, ჩემს გვარზე იმიტომ ხართ, რომ ერთ დროს მამაშენს პოლიციასთან პრობლემები ჰქონდა და ქონება რომ არ დაეყადაღებინათ, გვარის გადაკეთებამ მოუწია და საქართველოდან კარგა ხანს იყო გაქცეულიო.
_ მეც ასე ვიცოდი, _ დაუდასტურა იონამ. _ სულ მინდოდა მეკითხა შენთვის, რა მოხდა მაშინ, იმ შორეულ წარსულში, მაგრამ მერიდებოდა. ველოდებოდი, შენ თვითონ როდის მოგვიყვებოდი ამ ამბავს. თურმე სულ სხვა პრობლემა ყოფილა, _ მწარედ გაეღიმა იონას.
_ ვიცი, ნანი რასაც მოგიყვათ. ვიცი, რომ სინამდვილეში მეც ნემსაძე გეგონეთ, მაგრამ მე გვარი არასდროს შემიცვლია. ნიშნიანიძე ვიყავი და ვარ. როცა დრო გავიდა, უნდოდა თქვენთვის ყველაფერი მოეყოლა, მაგრამ მერე ავად გახდა და თქვენც იცით, რა დღეშიც იყო. მისი სათქმელის თქვენამდე მოტანა კი მე ვერ გავბედე, ამისთვის არც ძალა მეყო და არც სიმამაცე.
_ და სანამ აპირებდი ამის დამალვას? _ გესლი გაურია იონამ ტონში.
_ არ ვიცი… _ ამოიგმინა რამაზმა, _ ალბათ მანამ, სანამ თქვენ თვითონ არ მკითხავდით, რატომ ვართ სხვა გვარზეო, ან მე არ მომთხოვდით ნემსაძის გვარზე გადასვლას. ლელის გამოჩენამ პროცესები დააჩქარა.
_ არც ლელია შენს გვარზე, არა? _ მაშო მამას მიაჩერდა.
_ არა, ის დედამისის გვარზეა. აი, ასეთი ჩახლართული ამბავი გამოვიდა. ახლა თქვენზეა, როგორ განმსჯით _ ან გამამართლეთ, ან გამამტყუნეთ. მე ყველაფერი გიამბეთ, როგორც იყო ისე.
და-ძმა ერთხანს გაქვავებულივით იჯდა. მერე მაშომ თავი ასწია და იონას შეხედა, თითქოს მისგან ნებართვას ითხოვსო. იონამ მზერა აარიდა. მაშინ მაშო წამოდგა, მამას მიუახლოვდა, მუხლებზე დაუჯდა, როგორც ბავშვობაში იცოდა, ჩაეხუტა და ატირებულმა უთხრა:
_ მამი, მე შენ მიყვარხარ და მუდამ მეყვარები. გვარს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ გინდა, გადავიკეთებ და ვიქნები შენს გვარზე, ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს… და კიდევ, მიხარია, და რომ მყავს და კიდევ უფრო მიხარია, რომ ლელია ჩემი და.
იონამ არ იცოდა, რა ეთქვა. ისედაც არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი, ახლა კი საერთოდ დამუნჯდა. ისე მოულოდნელად შემოტრიალდა სიტუაცია, ჯერაც ვერ გარკვეულიყო, სინამდვილეში რა ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ რამაზი სულაც არ ყოფილა მამამისი და არც დედამისი ყოფილა ნამდვილი დედა. მაგრამ იგი არც სხვა მამას იცნობდა და არც სხვა დედას. მისთვის მშობლებად მაინც რამაზი და ნანი რჩებოდნენ და მხოლოდ ამ ორ ადამიანს მიუძღოდა წვლილი მის აღზრდაში.
იონა წამოდგა. სურათი მაგიდაზე დადო და დახშული ხმით წარმოთქვა:
_ მე წავალ. ახლა მარტო ყოფნა მინდა, სათქმელი ჯერჯერობით არაფერი მაქვს…
ბინაში შესულმა საწოლს მიაშურა და გაუხდელად დაემხო ლოგინზე. ასეთ გაურკვეველ ვითარებაში არასდროს აღმოჩენილა. იმდენად მოულოდნელი იყო მისთვის შექმნილი სიტუაცია, რომ გამოსავალს ვერ პოულობდა. იცოდა, როგორ არ იცოდა, რომ ცხოვრება სიუპრიზებით იყო სავსე, მათ შორის უსიამოვნო სიუპრიზებითაც, მაგრამ მდგომარეობის ასე მწარედ შემობრუნებას არ ელოდა. ერთი მხრივ, უხაროდა, რომ ლელი მისი და არ აღმოჩნდა, მეორე მხრივ კი საგონებელში იყო ჩავარდნილი _ თურმე არც დედა ჰყოლია ღვიძლი და არც მამა, მისი ბიოლოგიური მშობლები სრულიად სხვა ადამიანები ყოფილან და მათგან დღეს ცოცხალი არც ერთი არ იყო. რა თქმა უნდა, რამაზზე ძვირს ვერაფერს იტყოდა, ამ კაცმა ყველაფერი გააკეთა, რომ მისთვის ნამდვილი მამობა გაეწია, მაგრამ სადღაც, გულის სიღრმეში, მაინც ხინჯად დარჩა, რომ სამადლოდ გაზარდეს. არა, ვერც იმას იტყოდა, რომ სამადლოდ… მაგრამ მაინც, უკეთესი იქნებოდა, რომ რამაზი ყოფილიყო მისი მშობელი მამა. რაც იყო, იყო, ახლა ვეღარაფერს შეცვლიდა და არც ეს ამბავი იქონიებდა გავლენას მისა და რამაზის ურთიერთობაზე. მთავარი ის იყო, რომ ტყუილად უეჭვიანია და ყველაზე დიდი შვება ამან მოჰგვარა. რაც შეეხებოდა მის გვარს, არ აპირებდა მის შეცვლას. რადგან ნემსაძე იყო სინამდვილეში, ნემსაძედვე დარჩებოდა. მაშო რას იზამდა, მას არ ეხებოდა. მაშოს თავად უნდა გადაეწყვიტა, როგორ მოიქცეოდა. გული იმაზეც სწყდებოდა, რომ არც მაშო აღმოჩნდა მისი თუნდაც ნახევარდა, ღვიძლზე რომ არაფერი ვთქვათ, თუმცა არც ეგ წარმოადგენდა იონასთვის პრობლემას. მაშო ღვიძლ დასავით უყვარდა და ამ სიყვარულს არაფერი ემუქრებოდა. ბევრი ფიქრის შემდეგ გონებაში ყველაფერი დაალაგა და დამშვიდდა.
რაც შეეხებოდა ლელის, ის ახლაღა მიხვდა, რასაც ნიშნავდა მისი სიტყვები, ერთმანეთს არასდროს შევხვდებითო. და როცა ეს გაიაზრა, გააცივა. ალბათ რაღაც აუტეხა თავს. მას ხომ ჰგონია, რომ ის და იონა და-ძმანი არიან!
«ო, ღმერთო, ოღონდ არ დამაკარგვინო იგი, _ შესთხოვდა ფიქრებში წასული უფალს, _ ისე გააკეთე, რომ ცოცხალი დარჩეს. ვაღიარებ, რომ დიდად რელიგიური არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ღმერთი ყოველთვის მწამდა. მერე რა, რომ მოძღვარი არ მყოლია და ეკლესიაშიც იშვიათად მივლია. ყოველ შემთხვევაში, მუდამ ვცდილობდი, ათი მცნება დამეცვა და ქრიასტიანულად მეცხოვრა. არასდროს არაფერი მითხოვია შენთვის. მაპატიე, თუ ოდესმე რამე შევცოდე. ახლა კი, ცხოვრებაში პირველად, მხოლოდ ერთ რამეს შეგთხოვ. ვუყვარვარ ლელის თუ არ ვუყვარვარ, მნიშვნელობა არა აქვს, მინდა, რომ ცოცხალი იყოს, ოღონდ იცოცხლოს!»
გულდამძიმებული წამოდგა და მობილური მოიმარჯვა. ლელის ნომერი აკრიფა. გამორთული იყო. მაშომაც ხომ თქვა, ვურეკავ და სულ გამორთული აქვს ტელეფონიო. შინ უნდა მიაკითხოს.
მანქანა დაქოქა და მიაშურა ბინას, სადაც ლელი ქირით ცხოვრობდა. როცა კორპუსს მიუახლოვდა და ლელის ფანჯრებს ახედა, იქაურობა ჩაბნელებული დახვდა. მაინც ავიდა მის სართულზე, კარგა ხანს რეკა ზარი, აბრახუნა კიდევაც, მაგრამ კარი არავინ გაუღო. ხმაურზე მეზოლის ქალმა გამოიხედა.
_ ვის ეძებთ? _ იკითხა.
_ ლელი ხომ არ გინახავთ ამ დღეებში?
_ არა, შვილო, კარგა ხანია, თვალი არ მომიკრავს.
_ ხომ არ იცით, გადავიდა ამ ბინიდან, თუ ისევ აქ ცხოვრობს?
_ ვერაფერს გეტყვი, გენაცვალე, წარმოდგენა არა მაქვს.
_ ამ ბინის პატრონის ტელეფონი არ გაქვთ?
_ არა, ჩემო კარგო, მასთან ურთიერთობა არ მაქვს, წლებია, არ ველაპარაკებით ერთმანეთს, _ ცივად მიუგო ქალმა და კარი მიიხურა.
ახლა ნამდვილად შეეშინდა. ფრაზა, ერთმანეთს არასდროს შევხვდებითო, გონებიდან არ ამოსდიოდა. გადაწყვიტა, ქეთის შეხმიარებოდა. მისი ნომერი არ ჰქონდა, ამიტომ მიკის დაურეკა.
_ მიკი, გამარჯობა, ქეთის ნომერი მინდა სასწრაფოდ.
მიკი პასუხის გაცემას არ ჩქარობდა.
_ რას გაჩუმდი, ვერ გაიგე, რა გითხარი? _ გაღიზიანებულმა ჩასძახა ტელეფონში.
_ გავიგე, გავიგე, მაგრამ რად გინდა მისი ნომერი? ისევ მთვრალი ხარ?
მირიანს თავის მხრივ ვერ გაამტყუნებდა კაცი. იონა ისე გულის ამრევად მოექცა იმ დღეს ქეთის, რომ სავსებით ლოგიკური იყო ძმაკაცის რეაქცია. ამიტომ ეგრევე შემრიგებლური ტონი დაიჭირა:
_ სრულიად ფხიზელი ვარ და სრულიად საღ გონებაზე, მიკი. უბრალოდ… უბრალოდ ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ახლა ვერ მოგიყვები, გრძელი ამბავია. მე მხოლოდ ლელის კოორდინატები მინდა, მას ვეძებ და ქეთის ნომერსაც ამიტომ გთხოვ.
_ თქვენ ხომ დაშორდით ერთმანეთს.
_ ჰო, მაგრამ უნდა მოვძებნო. ის გაქრა, ვერსად ვაგნებ. ქეთის ეცოდინება მისი ასავალ-დასავალი.
_ კარგი, გადავურეკავ და ცოტა ხანში დამირეკე.
იონამ გაუთიშა და რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ დარეკა ძმაკაცთან.
_ დავურეკე ქეთის, მაგრამ მითხრა, იონას არაფერსაც არ ვეტყვიო. ლელის შევპირდი, რომ მის ადგილსამყოფელს არავის შევატყობინებო.
იონამ ამ სიტყვების გაგონებაზე შვებით ამოისუნთქა. რაც მთავარია, ცოცხალი ყოფილა! ოხ, ეს ქალები! როგორც ჩანს, შტურმით მოუწევს ლელის ციხესიმაგრის აღება.
_ მიკი, შენ ხარ ჩემი მეგობარი?
_ რაზეა ლაპარაკი, ძმაო, აბა რა!
_ მაშინ უნდა დამეხმარო. დამელოდე, შენთან მოვდივარ!
ლელიმ ვერა და ვერ გადაწყვიტა, იონას ამბავი დედისთვის მოეყოლა. არ უნდოდა, მისთვისაც გაეხეთქა გული. თავიდან ლაკო სოსოზე ეჭვობდა, მაგრამ როცა ლელიმ უთხრა, ბავშვის მამა სხვა არისო, დაიჯერა, თუმცა რას წარმოიდგენდა, თუ ასე რთულად იქნებოდა საქმე. ამიტომ სთხოვდა შვილს, აბორტი არ გაიკეთო და ბავშვი შეინარჩუნეო. ლელი კი სასტიკ უარზე იდგა, ამას არ დაუშვებდა. იგი მთელი დღე და ღამე ინტერნეტში დაძრომიალებდა, ეძებდა მასალებს ბავშვთა პათოლოგიებზე. საშინელი რაღაცები წაიკითხა არასრულფასოვან ბავშვებზე, რომლებიც ნათესაური სისხლის აღრევით იბადებოდნენ. ზოგი ისეთი შოკის მომგვრელი იყო, გული ეკუმშებოდა. ის, რომ მისი ორსულობა ჯერჯერობით კარგად მიდიოდა, შვებას ვერანაირად ვერ ჰგვრიდა. ხომ შეიძლებოდა, პათოლოგია ბოლო თვეებში გამოვლენილიყო? ან თუნდაც მშობიარობის შემდეგ? რისთვის უნდა დაეცადა? ბავშვის გაჩენას ისედაც არ აპირებდა, სრულიად ჯანმრთელი ნაყოფიც რომ დაბადებულიყო. გადაწყვიტა, ჩუმად გაეკეთებინა აბორტი, ისე, რომ დედას არაფერი გაეგო. რატომ უნდა გაგრძელებულიყო მისი ტანჯვა კიდევ და კიდევ?
დილით ადრე ადგა და ქალაქის კლინიკისკენ გასწია, რომ ექიმისგან აბორტისთვის მიმართვა აეღო…
_ ჩვენ ხომ შუასაუკუნეებში არ ვცხოვრობთ, რომ ვინმემ განსაჯოს თქვენი საქციელი, ბავშვს უმამოდ აჩენსო, ნუ გადადგამთ ამ ნაბიჯს, _ ექიმი მის გადარწმუნებას ცდილობდა, _ აბორტის შემდეგ კი შეიძლება ისე წარიმართოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ ვეღარც გააჩინოთ მომავალში შვილი.
_ არა, ექიმო, აუცილებლად უნდა მოვიცილო ნაყოფი, საამისო მიზეზი მაქვს, დამიჯერეთ, _ თავისაზე იდგა ლელი.
მისმა სასოწარკვეთილმა გამოხედვამ და მიტკალივით გაფითრებულმა სახემ ექიმზე შთაბეჭდილება მოახდინა. მან თავი გადააქნია, მაგრამ მიმართვა მაინც დაუწერა გოგონას.
_ იმედი მაქვს, გადაიფიქრებთ, _ თქვა მან, როცა ლელი კაბინეტიდან გადიოდა.
გაგრძელება იქნება