ლელი აჩქარებული ნაბიჯებით გამოვიდა კლინიკიდან და სულის მოსათქმელად იქვე, გრძელ მერხზე ჩამოჯდა. როგორი მოსაწყენი გახდა ცხოვრება, საშინლად მოსაწყენი. ასეთ გრძელ მერხზე ჩამომჯდარს რამდენჯერ მოუფიქრებია, რა გაეკეთებინა შემდეგში. ახლა კი ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. სამწუხაროდ, ამჯერად არჩევანი არ ჰქონდა. ერთადერთი, ძალა უნდა მოეკრიბა და შეჰგუებოდა არსებულ მდგომარეობას. აბორტი გარდაუვალი იყო და მას ხვალ გაიკეთებდა. მორჩა, ხვალიდან მუცელში აღარ ეყოლება პატარა, რომელსაც ალბათ სხვა შემთხვევაში სიამოვნებით გააჩენდა, ჯერ კიდევ ჩანასახს გარედან მოუცაცუნებდა ხელს, რამეს თბილად უჩურჩულებდა და იმაზე დაიწყებდა ფიქრს, როგორ წარმოთქვამდა პირველად, დედა გენაცვალოს, შვილოო.
მწარედ ამოიკვნესა, ადგა და მხრებში მოხრილი გაუყვა გზას. ბავშვებით სავსე სათამაშო მოედანს რომ ჩაუარა, წამით შეჩერდა. პატარები ქვიშაში თამაშობდნენ, საქანელაზე ქანაობდნენ, სასრიალოებზე არბოდნენ და იქიდან ცურდებოდნენ… იქვე იყვნენ მათი დედები, რომელთა შორის ალბათ ბევრი ვერც აცნობიერებდა, რამდენად ბედნიერი იყო.
მიუყვებოდა სკვერს და გული ეკუმშებოდა. მოულოდნელად სადღაც ახლოს წკმუტუნი შემოესმა. მიმოიხედა. იქვე, ბუჩქებში ბურთივით მრგვალი ლეკვი დაინახა. ახლოს მივიდა.
_ რა საყვარელი ხარ, _ აღმოხდა, _ მარტო რატომ ხარ, პატრონი სადაა, პატარავ?
ლელიმ კვლავ მიმოიხედა და როცა ახლომახლო პატრონისმაგვარი ვერავინ დალანდა, დაიხარა და ფუმფულა ცხოველი ხელში აიყვანა.
_ პაწაწუნა… ალბათ მშიერი ხარ. არა უშავს, წამო ჩემთან, გზად აფთიაქში გავიაროთ და საწოვარა ბოთლი ვიყიდოთ, მერე კი თბილი რძით გაგიმასპინძლდები.
ის კი იცოდა, რომ ლეკვებს რძეს ასმევდნენ, მაგრამ მის გარდა კიდევ რა საკვები შეიძლებოდა, წარმოდგენა არ ჰქონდა. ძაღლი არასდროს ჰყოლია. თუმცა ამის გაგება არ იყო ძნელი. დაუცველი პატარა არსება მკერდზე მიიხუტა და როცა მისი სითბო შეიგრძნო, გული შეეკუმშა… მასაც ჰყავს მუცელში ასეთი პატარა და დაუცველი არსება… მისი პირმშო, რომელსაც დღის სინათლის ხილვა არ უწერია, რადგან სწორედ დღეს მოაწერა ხელი მის სასიკვდილო განაჩენს…
_ ეს ვინ გვწვევია სტუმრად? _ ლაკომ ლეკვი გამოართვა ლელის და მიეალერსა, _ საიდან მოიყვანე?
_ სკვერში ვიპოვე, წკმუტუნებდა. ისე შემეცოდა, ვერ დავტოვე.
_ რა სიმპათიურია. ლაბრადორს ჰგავს. იცი? _ გამოცოცხლდა ლაკო, _ ერთმა მეზობელმა მითხრა ამას წინათ, ყველაზე კარგია, როცა სახლში ძაღლი და ბავშვი ერთად იზრდებიანო. სწორედ ამაზე ვფიქრობდი ამ დღეებში, იქნებ ძაღლი ან კატა მოვიყვანო-მეთქი შინ, ბავშვი რომ გაჩნდება. აი, ახლა გვყავს კიდევაც. იქამდე კარგა გვარიანადაც წამოიზრდება, არა?
_ ჰო, ალბათ, _ უხალისოდ დაეთანხმა ლელი.
იცოდეს მაინც დედამ, როგორ უსერავს გულს მისი ნათქვამი. კიდევ კარგი, არ იცის, რას აპირებს, თორემ თავს გაიგიჟებდა. არა უშავს, ერთი დღეც და მერე ეტყვის, როცა ყველაფერი დამთავრდება. იქამდე რატომ ატკინოს გული?
_ უკვე შერჩეული გაქვს, რა სახელი უნდა დავარქვათ?
_ ვის? _ შეშინდა ლელი.
_ ლეკვს.
_ ააა, რა ვიცი, მაქსი ხომ არ დავარქვათ?
_ ბიჭია?
_ არ ვიცი, _ მხრები აიჩეჩა დაბნეულმა.
_ არც მე ვიცი, როგორ უნდა გავარჩიო ბიჭი და გოგო, _ გაეცინა ლაკოს, _ მაშინ ისეთი სახელი შევურჩიოთ, ორივე სქესისთვის რომ მისაღები იყოს.
_ ეგეთი სახელი რა უნდა იყოს?
_ მე რა ვიცი, რამე ისეთი… _ ჩაიფქრდა ლაკო, _ მაგალითად, ცუგრია.
_ კაი რა, დედა, ცუგრია რა სახელია?
_ რა უჭირს, პატარაა და მოუხდება.
_ და რომ გაიზრდება?
_ მერე გავიგოთ, გოგოა თუ ბიჭი და შევუცვალოთ სახელი, _ კვლავ გაიცინა ქალმა.
_ არა, რა სისულელეა, ახლავე შევურჩიოთ რამე კარგი სახელი, ოღონდ ჯერ სქესი გავიგოთ. ვინმეს აჩვენე და გაიგე, ძუა თუ ხვადი, რა პრობლემაა.
ამ დროს ტელეფონის ზარი გაისმა. ლაკო ყურმილს დასწვდა.
_ გისმენთ… დიახ… _ გაფითრებული ლაკო დივნის საზურგეს მიეყრდნო, _ აქ არის, კი…
ლაკო უსმენდა ვიღაცას, ხმას კი არ იღებდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ არაფერი ჰქონდა სათქმელი, არამედ იმიტომ, რომ თავზარდაცემული ჩანდა.
მხოლოდ ბოლოს, როცა იმ ვიღაცამ ლაპარაკი დაამთავრა, ერთი სიტყვა ძლივს ამოღერღა:
_ კარგი.
კიდევ კარგა ხანს ეჭირა ყურმილი ხელში ერთ პოზაში გაქვავებულს და შვილის გაოცებულ მზერას ვერ ამჩნევდა. ბოლოს, როგორც იქნა, გამოერკვა და ყურმილი დადო.
_ მამაშენი იყო, _ ამოთქვა აღელვებულმა.
_ რა? _ წამოიყვირა ლელიმ, _ როგორ მიპოვა?
ლაკოს მისთვის პასუხი არ გაუცია, ისე გააგრძელა:
_ ხვალ აქ იქნება.
ლელიმ თავზე შემოიჭირა ხელები. სრულიად უადგილო იყო ახლა მისი ჩამოსვლა, მით უფრო, ხვალ. თუმცა, ერთი მხრივ, იქნებ უკეთესიც ყოფილიყო. ის უკეთ აუხსნიდა დედას, რაც მოხდა.
ლაკომ მთელი დღე სახლის და ეზოს დალაგებას მოანდომა. ლელი ეხმარებოდა. დედა ისეთი მონდომებით და ხალისით აკეთებდა საქმეს, რაღაც მომენტში ლელის მოეჩვენა, რომ მას განსაკუთრებით ახარებდა ხვალინდელი დღე. «ისევ უყვარს, მგონი», _ გაიფიქრა ამოოხვრით და თავი გადააქნია.
კიდევ კარგი, მარტონი იყვნენ. ალბათ მამინაცვლისთვის უსიამოვნო იქნებოდა, მისი ცოლის ყოფილი ქმარი რომ მოადგებოდა კარზე მოულოდნელად. თუმცა ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავდა ლელი. რა მოხდა მერე, დედამისთან კი არ მოდის მამა, არამედ მასთან, მის სანახავად ჩამოდის. ამას მამინაცვალი ვერ აუკრძალავს. კი უთხრა საღამოს დედას, ხომ არ აჯობებს, ფრიდონი საქმის კურსში ჩააყენოო, მაგრამ ლაკომ კატეგორიულად იუარა, ის დილით სამსახურში წავა და ვერაფერს გაიგებს, ახლა ახსნა-განმარტებების თავი არ მაქვს, აჯობებს, არაფერი იცოდეს. თუ რამეა და გაიგებს, ვეტყვი, რომ მოულოდნელად ჩამოვიდა და ჩვენც არ ვიცოდითო. ლელი არ შეწინააღმდეგებია.
ადრე გაეღვიძა, როგორც კი მზე ამოიწვერა. ჩვეულებრივი დილა იყო, მაგრამ მისთვის მაინც უჩვეულო. შუადღეს კლინიკაში უნდა წასულიყო, თორმეტ საათზე დაიბარა ექიმმა. მამას დღის მეორე ნახევარში ელოდა, ასე რომ, მას მხოლოდ დედა დახვდებოდა.
ფეხები საწოლიდან გადმოყო და უეცრად იგრძნო, რაღაც ძალიან რბილს და ფუმფულას რომ დაადგა ფეხი. იმავე წამს გაბმული წკავწკავი გაისმა.
_ ფუმფულა, გატკინე, პატარავ? _ გაახსენდა ლელის ლეკვი და სასწრაფოდ დასწვდა აწკავწკავებულს, _ აბა, მაჩვენე, რა გტკივა? _ ცხოველი ხელში აიყვანა და გულდასმით დაათვალიერა, _ არა უშავს, არაფერი დაგზიანებია, ტყუილად შეშინდი. მორჩა, მორჩა, ნუღარ ტირი! წამო, გავისეირნოთ და რამე შევჭამოთ. მოდი, მოგეფერო.
სასტუმრო ოთახში გავიდა, დივანზე მოკალათდა და ლეკვი კალთაში ჩაისვა, მერე ხელი ნაზად გადაუსვა ზურგზე და მოეფერა. ლეკვმა სველი ცხვირი მკლავზე მიადო და გაიყურსა.
_ ვიცი, ვიცი, რომ მსაყვედურობ და განმსჯი, _ ჩურჩულებდა გოგონა, _ მაგრამ რა ვქნა, რომ სხვა გზა არა მაქვს? ხომ გესმის ჩემი, არა? _ ლელიმ ლეკვი ორივე ხელით ასწია და შეხედა. მოეჩვენა, რომ მასაც ცრემლით ჰქონდა თვალები სავსე…
კაბინეტი, სადაც ლელის თავისი სხეულის ნაწილი უნდა დაეტოვებინა, სისუფთავით ბრწყინავდა. აქაურობას ეტყობოდა, რომ რემონტი ახლახან გაეკეთებინათ. ირგვლივ ყველაფერი თეთრად ქათქათებდა. მედდას თეთრი ხალათი, თეთრზეწარგადაფარებული ნარი, თეთრი პირსახოცები, თეთრი კედლები და ჟალუზები… ყველაფერ ამის გამო თავს საშინლად გრძნობდა, თუმცა არა მხოლოდ ამის გამო… დილიდანვე უჟმურ ხასიათზე დადგა. ენით აუწერელმა სევდამ შეიპყრო და იცოდა, რომ ეს სევდა მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვებოდა, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, ბოლო ამოოხვრამდე. იმიტომ, რომ ამ ნაბიჯს ვერასდროს აპატიებდა თავის თავს. ეს კი ნიშნავდა, რომ სიკვდილამდე ტკივილით უნდა ეცხოვრა.
მოსამზადებელი პროცესი გაჭიანურდა. ჯერ იყო და, ვერაფრით იპოვა მიმართვა, რომელიც გუშინ გამოუწერეს. ზუსტად ახსოვდა, რომ ჩანთაში ჩაიდო, მაგრამ რაღაც უცნაურობით იგი ჩანთიდან გაქრა. მხოლოდ კლინიკაში მისულმა აღმოაჩინა ეს. არადა, ახსოვდა, რომ შინიდან გამოსვლის წინ ჩანთიდან ამოიღო და ხელში ეჭირა. სანამ ახალ მიმართვას აიღებდა, მის მაგივრად სხვა შეიყვანეს საოპერაციოდ _ ქალი, რომელსაც სისხლდენა დაწყებოდა. კარგა ხანს მოუწია ლოდინმა. ბოლოს, როგორც იქნა, მისი ჯერიც დადგა. აი, დაწვება ახლა გინეკოლოგიურ სავარძელზე, ჩაუდგამენ სარკეს, გაუკეთებენ ნემსს და… როცა გამოიღვიძებს, ყველაფერი დამთავრებული იქნება.
ლელი სულგანაბული ადევნებდა თვალს მედდას, რომელიც სამედიცინო იარაღებით სავსე მაგიდასთან იდგა. აი, მან ამპულას თავი გადაუტეხა, ნემსით ამოიღო წამალი, მერე შპრიცში სითხე გაათანაბრა და მისკენ დაიძრა. ლელიმ თვალები დახუჭა.
მოულოდნელად გარედან ხმაური გაისმა. კარი გაჯახუნდა, ქალის და კაცის ხმები ერთმანეთში აირია. უცებ ხელზე ვიღაც შეეხო. თვალი გაახილა და ლამის შეჰყვირა. მის წინ იონა იდგა. იქნებ ელანდება და ეს ყველაფერი ნარკოზის ბრალია? ლელიმ მარცხენა ხელით ფერდზე იპწკინა და მიხვდა, რომ ნარკოზი არაფერ შუაში იყო. იდაყვის შიდა მხარე აეწვა, სადაც წეღან ექთანს ვენაში წამალი შეჰყავდა. შემდეგ შპრიცი შეამჩნია, რომელიც იატაკზე ეგდო. როგორც ჩანს, იონამ მედდას ანესთეზიის გაკეთება არ დაანება და შპრიცი ხელიდან გააგდებინა. ეს ყველაფერი სულ რაღაც წამებში მოხდა.
ლელი წამოჯდა და შეეცადა, სამედიცინო ხალათი მჭიდროდ შემოეხვია სხეულზე, რათა შიშველი ქვედაწელი დაეფარა. ექთანი შეშინებული გავარდა გარეთ, ალბათ იფიქრა, ბანდიტურ თავდასხმას აქვს ადგილიო. აბა რა იქნებოდა, ისეთი განგმირავი სახე ჰქონდა იონას, ვის არ შეაშინებდა! სწორედ ამ დროს კარში რამაზი გამოჩნდა, რომელსაც ლაკო მოსდევდა უკან.
_ რა ხდება აქ? _ კაბინეტში სწრაფი ნაბიჯით შემოვიდა ექიმი.
_ არ ინერვიულოთ, ექიმო, გაუგებრობა მოხდა, _ მის დამშვიდებას შეუდგა ლაკო, _ ეს გოგონა აბორტს არ გაიკეთებს.
იმავდროულად იონამ ლელი ხელში აიყვანა და დერეფანში გავიდა, თან გამალებით კოცნიდა სახეზე, ყელზე, ცხვირზე, თმაზე… ლელი თავს არიდებდა, იკლაკნებოდა, ხელებით იშორებდა მამაკაცს.
_ რას აკეთებ, იო? ხომ არ გაგიჟდი?
ის კი საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას ქალის რეაქციას და თავისთვის ჩურჩულებდა:
_ რა სულელი ხარ, როგორი სულელი მყავხარ, ნეტავ იცოდე…
დერეფანში ყველა მათ მისჩერებოდა. იონამ გოგონა იქვე სკამზე დასვა, თვითონ კი მის წინ ჩაიმუხლა და ქალს ხელები ფეხებზე შემოხვია.
_ ჩემო სულელო გოგო… იცი, რომ მე და შენ სულაც არ ვართ და და ძმა? მაპატიე, მაპატიე ყველაფერი. რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ.
ლელი გაოგნებული მისჩერებოდა, თავი სიზმარში ეგონა.
_ არა? ეგ როგორ? ვინ გითხრა? არ მჯერა…
_ უნდა დაიჯერო, საყვარელო, უნდა დაიჯერო! ეს მართალია.
_ მართალია? ეს მართალია! _ ჩურჩულით გაიმეორა ერთ წერტილს მიშტერებულმა ლელიმ და წამით გაირინდა, მერე უეცრად გვერდზე გადაქანდა და გულწასული იატაკზე გაიშხლართა.
ყველა გაღიმებული უჯდა სუფრას. ლაკოს მაინც მოუწია ფრიდონისთვის ყველაფრის ახსნამ. ეს უკანასკნელიც შეურიგდა სიტუაციას და მართალია, არ იღიმოდა, მაგრამ მაინც ზრდილობიანად უქნევდა თავს დაუპატიჟებელ სტუმრებს და უხერხული მოძრაობით ავსებდა ცარიელ ჭიქებს. ლაკო კი ემოციურად ჰყვებოდა დღის ამბავს:
_ ლელის ოთახში შევედი, ვიფიქრე, ისევ ხომ არ სძინავს-მეთქი. უცებ იატაკზე რაღაც ქაღალდი დავინახე. გავხსენი და პირკატა მეცა, მიმართვა იყო აბორტზე. კინაღამ ჭკუიდან შევიშალე. გარეთ გავვარდი, იქნებ კლინიკაში მივუსწრო-მეთქი. ამ დროს მანქანა გაჩერდა ჭიშკართან და რამაზი დავინახე. ჩქარა, ჩქარა, კლინიკაში, აბორტს იკეთებს-მეთქი, ვიყვირე. როგორ თუ აბორტსო, ვიღაც ბიჭი გადმოხტა უკნიდან. ეგრევე ყველანი ჩავსხედით მანქანაში და ვერ გეტყვი, რა სიჩქარით გავქანდით, _ აკისკისდა ლაკო. _ იონა მანქანაში გავიცანი. რამაზმა რომ მითხრა, ლელის საქმროაო, გავოცდი, ამისთანა ბიჭზე როგორ თქვა უარი ჩემმა შვილმა-მეთქი.
_ ვერასდროს ვაპატიებდი ჩემს თავს, რომ ვერ მიგვესწრო, _ თქვა იონამ და ლელის გახედა.
_ ჩემი ბრალია ყველაფერი, მე დავაგვიანე სათქმელი. _ თავი გააქნია რამაზმა.
ამ დროს ლელის ფეხზე ლეკვი მიელამუნა. გოგონამ ხელში აიყვანა იგი.
_ ჩემი ფუმფულა… რა ვქნა, რა დაგარქვა სახელი?
_ შენთვის სიმძიმის აწევა არ შეიძლება, _ შენიშნა იონამ.
ლელიმ მორცხვად გახედა.
_ რა მძიმე ეს არის, იო, ბუმბულივით მსუბუქია.
_ მოდი, სოსო დავარქვათ, _ ეშმაკურად მოჭუტა თვალები იონამ.
_ იო! _ საყვედურიანი მზერით შეხედა ლელიმ.
_ კარგი, ჰო, ვიხუმრე. ზედმეტად შეურაცხმყოფელია ეს სახელი ამისთანა კეთილშობილი ცხოველისთვის. მოდი, რახან ხვადია…
_ მაქსი დავარქვათ, _ დაასწრო ლელიმ და ყველას გაეცინა.
ჰაერში თითქოს სიყვარულის სურნელი დატრიალდა.
ცოტა ხნის შემდეგ იონამ თვალებით ანიშნა ლელის, გარეთ გავიდეთო. ქალი უსიტყვოდ დაეთანხმა, ერთი სული ჰქონდა, საყვარელ მამაკაცთან როდის განმარტოვდებოდა.
ლელის ოთახში გავიდნენ.
_ როგორ მომენატრე, მოდი ჩემთან, _ ჩურჩულით გაიწვდინა ქალისკენ ხელები იონამ.
ლელი სუნთქვაშეკრული მიესვენა მამაკაცის მკერდს და ხელები კისერზე შემოხვია, თან თვალებაციმციმებული დააკვირდა მარჯვენა ხელის არათითს, რომელზეც ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი უბრწყინავდა. იგი ჯერ კიდევ კლინიკაში წამოაცვა იონამ თითზე სიტყვებით _ «უარის თქმა არ მიიღება». ამის გახსენებაზე ბედნიერებისგან თავბრუ დაესხა…
თვითმფრივიდან ჩამოსულებს ქეთი და მიკი დახვდნენ. მეგობრები ერთმანეთს გადაეხვივნენ. სანუკვარი თაფლობის თვე გამოუვიდათ. ორი კვირა გაატარეს ჰავაიზე და ჩამოფრინდნენ. ერთი ეგ იყო, იონა სულ თავზე დაჰფოფინებდა, ზედმეტად არ იმოძრაო, დიდხანს არ დაყოვნდე მზეზე, ცუდად არ გახდე, ტემპერატურამ არ აგიწიოს… ისე ექცეოდა, თითქოს თვითონ ექიმი ყოფილიყო, ლელი კი პაციენტი. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მის ორსულობას საფრთხე არ დამუქრებია.
_ კარგად გრძნობ თავს? _ მთელი გზა ერთსა და იმავეს ეკითხებოდა იონა ალბათ მეასედ.
_ ძალიან კარგად, _ ალბათ მეასედ პასუხობდა ლელიც.
მართლაც უცნაური იყო. არა გულისრევის შეგრძნება, არა თავბრუსხვევა, არაფერს შეუწუხებია ამხელა გზაზე.
_ როგორ მიხარია შენი ბედნიერება, _ ეხუტებოდა ქეთი, _ ხომ გეუბნებოდი, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი?
მიკიმ ღიმილით გაუწოდა თაიგული.
_ ეს მომავალ დედას და უდიდეს კონსპირატორს. ლამის ვაწამეთ ქეთი, შენი მისამართი რომ გამოგვეტყუა. ესეც კარგი ჯიუტი ვინმეა, რომ იცოდე.
ლელიმ გაიცინა და მამაკაცს ყვავილები ჩამოართვა.
_ აქედან პირდაპირ რამაზთან მივდივართ, გველოდება, _ გამოაცხადა მიკიმ, როცა აეროპორტის შენობიდან გამოვიდნენ და მანქანაში ჩასხდნენ…
ჭიშკართან მაშო იდგა და იცდიდა. მანქანის დანახვაზე ხელების ქნევას მოჰყვა.
_ როგორ არის ჩემი დისშვილი? ხომ არ გაწვალდა უცხო ქვეყანაში? _ მაშო ლელის გადაეხვია.
_ კარგადაა, რა უჭირს.
_ ძალიანაც კარგი, მაშინ შევიდეთ სახლში, მამა გველოდება…
ეპილოგი
ორი კვირაა, რაც იმშობიარა. საღ-სალამათი ბიჭი გააგორა, თეთრი, ცისფერთვალება და ბუთხუზა. როგორ უნდოდა, დედა დახმარებოდა პირველ ხანებში და სურვილი აისრულა. ლაკო ჩამოვიდა და სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ გვერდიდან არ მოშორებია. ლაკოს მხოლოდ მაშინ აკარებდა პატარა ვანიკოს (იონამ შვილს ნამდვილი მამის სახელი დაარქვა), როცა ჭამა უწევდა. კიდევ კარგი, რძე ჩაუდგა და ბავშვის ხელოვნურ კვებაზე გადაყვანა არ მოუხდა. დაბანითაც კი ლაკო ჰბანდა ჩვილს.
საღამო ხანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ აპრილი იდგა, საგურამოში მაინც ციოდა. ცა საწვიმრად გამზადებულიყო, შავი ღრუბლები დაბლა და დაბლა მოიწევდნენ. ლელიმ ჟაკეტი მოიხურა და აივანზე გავიდა. თვალებით ქმარს დაუწყო ძებნა. უეცრად ქარმა დაუბერა, გაისმა გრუხუნი და წვიმამ დაუშვა. იონა ავტოფარეხიდან გამოვიდა და სწრაფი ნაბიჯებით გამოემართა სახლისკენ.
როგორც ყოველთვის, ქმრის დანახვაზე კიდევ ერთხელ აიტაცა ბედნიერების შეგრძნებამ. აი, ის, მისი ოცნების მამაკაცი, საყვარელი, სასურველი იო… განა შეეძლო მის გარეშე ცხოვრება? რა კარგია, რომ ამაზე ფიქრი არ უწევს. გაახსენდა, როგორ ნატრობდა ბავშვობაში იონასა და მაშოს სიკვდილს. რა ბედნიერებაა, ღმერთი ყველა თხოვნას რომ არ უსრულებს ადამიანებს…
უყურებდა ქმარს და თავისთვის ჩურჩულებდა _ «შემოგევლოს ჩემი სიცოცხლე. ჩვენ მოვიგეთ თამაში ბედისწერასთან, ჩვენ გავიმარჯვეთ».
ღიმილით გამოაყოლა თვალი ქმარს _ ყველა მამაკაცზე უკეთესს მთელ სამყაროში. იგი თავდახრილი მოუყვებოდა ხეივანს. ლელის წამით სუნთქვა გაუჩერდა _ გაახსენდა ის საღამო, როცა პირველად იხილა მსგავსი სურათი სწორედ აქ, ამ ხეივანში _ ნეონის ნათურების შუქსა და ირიბი წვიმის ვერცხლისფერ წვეთებში იონა ისე უცნაურად გამოიყურებოდა, სხვა პლანეტიდან ჩამოფრენილს ჰგავდა. იო მასთან მოდიოდა!
დასასრული