"მსახიობის პროფესია რთულია, ყოველდღე გამოცდაა, მაყურებელი კომისიაა, რომელმაც შეიძლება მიგიღოს და შეიძლება - არა. ძალიან რთულია, იმიტომ, რომ მსახიობი დამოკიდებულია ერთი კაცის სურვილზე.
მე არ მინდოდა ჩემი შვილი მსახიობი გამოსულიყო, მაგრამ თვითონ მოინდომა და წინ ვერ აღვუდექი... რაც შეეხება პარტნიორს, ის შენი შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების საშუალებაა. საოცარი პარტნიორი იყო ვასო გოძიაშვილი - უდიდესი მსახიობი და უაღრესად მრავალფეროვანი. იგი თვალებში უყურებდა მსახიობს, ყურს უგდებდა ინტონაციას. როგორც ეტყოდი, შესაბამისად გიპასუხებდა. სპექტაკლის მსვლელობისას ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სადავეები ეჭირა და ის მათამაშებდა.
პარტნიორის ყურის გდება უნდა შეგეძლოს. ძალიან კარგი პარტნიორი იყო გიორგი შავგულიძე. ვასო გოძიაშვილი და გიორგი შავგულიძე - ეს იყო დღესასწაული. კაკო კვანტალიანი როგორი კეთილი იყო. მისთვის ყველა გზა ხსნილი იყო. როცა ვინმეს სიკეთეს უკეთებდა, საოცრად დიდ სიამოვნებას იღებდა. რუსთაველის თეატრში კი შეუდარებელი პარტნიორი იყო ეროსი მანჯგალაძე. რა დღეს მაყენებდა სცენაზე... მაშინ თეატრი ძალიან საინტერესო იყო. ვერიკო! სესილია! ვასო! შავგულიძე!.. ეს იყო სკოლა. მათ ბევრი რამ მასწავლეს. სესილია როგორი თავდადებული იყო, საქმეში თუ ოჯახისთვის... დილიდან ღამემდე მუშაობდა...მარჯანიშვილის თეატრში რომ მივედი, ბებო ლიზა ჩერქეზიშვილი ცოცხალი იყო. იგი მოესწრო ბრწყინვალე ქართულ თეატრს. მარჯანიშვილის თეატრში 11 საათი იყო დღესასწაული. ამ დროს ნელ-ნელა იკრიბებოდნენ მსახიობები. მოდიოდნენ და ყველას თავისი ამბავი მოჰქონდა. აგერ, მორბის კაკო კვანტალიანი და ვიღაცას საქმიანად პასუხობს: "გავაკეთე ეგ საქმე, გავაკეთე". აგერ, შავგულიძე და ღამბაშიძე მოდიან. შავგულიძე რაღაცას უყვება, ცდილობს გააცინოს ბატონი შალვა თავისი თავგადასავლებით. მინდა, ამ ყველაფერს თავის მოვუყარო... გასახსენებელი იმდენია, მაგრამ ძნელი ყოფილა წერა.
ერთი ამბავი მინდა გავიხსენო: სტუმრები გვყავდნენ მოსკოვიდან და საღამო მოვუწყვეთ. სასტუმრო "თბილისში" ვართ, მედუდუკეები უკრავენ საცეკვაოს. სესილია შავგულიძეს უყვირის: "ჟორა იცეკვე!" ყველგან მაგიდებია ჩახერგილი, ადგილი არ არის. გავიხედეთ და პატარა ჯირკო მოიტანა. შედგა ამ ჯირკოზე და იცეკვა. დაუვიწყარი სანახაობა იყო... მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა...
ახლა თეატრში აღარ დავდივარ, მაგრამ სულ თეატრში ვარ... მაღაზიასა თუ ბაზარში მიყვარს სიარული, ხშირად დავდივარ. იქ ჩემი მაყურებელია, მე მათ ვხვდები და თუკი რაიმე წყენა შემხვედრია, მათთან შეხვედრის სიხარული ფარავს ხოლმე ყოველივეს. ბაზარში რომ მცნობენ, თავი კვლავაც მსახიობად წარმომიდგენია... ცხოვრება საინტერესოა! უნდა გეტკინოს და უნდა გაიხარო კიდეც... იცით, რა?! ერთს გეტყვით: ამ ცხოვრებაში რაც რიგდებოდა, ყველაფერი მაქვს და ამიტომ, ბედნიერი ვარ" - მარინე თბილელი,1993 წელი.
მარინე თბილელი - ამ მსახიობის მიერ შესრულებული როლების მეხსიერებიდან ამოშლა შეუძლებელია.
„ქართული თეატრის ნამდვილი ბრილიანტი“, როგორც მას უწოდებდნენ, 1920 წელს თელავში დაიბადა. ცოტამ თუ იცის, რომ „თბილელი“ ქალბატონი მარინეს ფსევდონიმია. მარინეს დედა ორჯერ იყო გათხოვილი: მისი პირველი ქმარი პოლონელი, გვარად დამბროვსკი გახლდათ, რომელსაც წითელწყაროში აფთიაქი ჰქონდა და ოჯახთან ერთად იქ ცხოვრობდა. სამწუხაროდ, იგი ესპანური გრიპით დაიღუპა. იმ პერიოდში წითელწყაროში ოსმალეთიდან გამოქცეული სომეხი ექიმი ჩავიდა და მარინეს დედა ცოლად შეირთო. ცოტა ხანში ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, სადავ ექიმი ტვინის ანთებით გარდაიცვალა. ამ დროს მარინე 6-7 წლის იყო. მსახიობი ყოველთვის დამბროვსკის გვარს ატარებდა, თუმცა სინამდვილეში კარაპეტიანი იყო.
ხშირად იხსენებდა, რომ ერთ დღეს, ქუჩაში მიმავალი, უცნობმა კაცმა გააჩერა და სთხოვა, თავისუფალ დროს კინოსტუდიაში შეევლო. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს კაცი კინომსახიობთა სკოლის დამაარსებელი სამსონ სულაკაური იყო. სწორედ აქედან დაიწყო მარინე თბილელის სამსახიობო კარიერა. ახალგაზრდა ნიჭიერმა მსახიობმა მაყურებლის ყურადღება მალევე მიიპყრო.
ერთ-ერთი რეპეტიციის დროს, აკაკი ვასაძე მიუბრუნდა თურმე მარინეს და უთხრა: მარინე, ამიერიდან შენ თბილელი იქნებიო - ასე მიიღო მსახიობმა თეატრალური გვარი.
მოგვიანებით მარინე აკაკი ვასაძის რძალი გახდა. მისი პირველი მეუღლე გოგი ვასაძე იყო. წყვილს ქორწინებაში ერთი შვილი, აკაკი შეეძინა, თუმცა გოგის და მარინეს ოჯახური ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა: მარინე ოჯახური კონფლიქტის შემდეგ ვასაძეების სახლიდან წამოვიდა.
მსახიობის მეორე ქმარი ცნობილი რეჟისორი აკაკი დვალიშვილი იყო, რომელთანაც ასევე ცნობილი მსახიობი ბარბარე (ბაია) დვალიშვილი შეეძინა.
სპექტაკლებში ყოველთვის მომხიბვლელ ქალებს თამაშობდა, თუმცა ყველაზე მეტად სახასიათო როლები უყვარდა და თავს ლამაზად არასდროს მიიჩნევდა.
რაც შეეხება კინოში მოღვაწეობას, ბევრი საინტერესო როლი შეასრულა ფილმებში, მაგრამ, როგორც ბატონი აკაკი დვალიშვილი ამბობდა:
„კინოში მას თავისი როლი არ უთამაშია, კინორეჟისორები, ძირითადად, მის გარეგნობაზე აკეთებდნენ აქცენტს. არადა, შეიძლებოდა მისი მსახიობური ნიჭის უფრო კარგად გამოყენება. სულ ლამაზი ქალების როლების თამაში თავად უაზრობადაც კი მიაჩნდა და სახასიათო როლზე ოცნებობდა, რომელიც მოქალაქეობრივი იდეით იქნებოდა გაჟღენთილი. სამწუხაროდ, ამ ოცნების ასრულება არ დასცალდა“...გაგრძელება