ჩემი ცხოვრება თამამად შემიძლია სამ ეტაპად დავყო და მუსიკალურად ასე ვუწოდო: პრელუდია, ინტერლუდია და პოსტდულია. პრელუდია უკვე გავიარე, პოსტლუდია ჯერ არ დამდგარა, ასე რომ, ინტერლუდიის ფაზაში ვიმყოფები. ვინც არ იცის, განვუმარტავ, რომ ინტერლუდია ეს არის მუსიკალური ნაწარმოების ორ ნაწილს შორის ჩართული მეორე პიესა. ჰო, სწორედ ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაში. წარსულსა და მომავალს ისე გადაეჯაჭვა აწმყო, საბოლოო ჯამში სულ სხვა მუსიკა შეიქმნა.
არ მკითხოთ ახლა, საიდან ამდენი მუსიკალური განათლებაო. გამივლია, ძმაო, გამივლია! ზურიკელას ოლღა ბებიასი არ იყოს, მეც ბებიამ გამზარდა და დამატანტალებდა ბებიაჩემი მუსლიტერატურაზე, სოლფეჯიოსა თუ ვოკალზე. სხვათა შორის, კარგადაც ვუკრავ და მშვენივრადაც ვმღერი. ბარე ორმა ვერ დაიკვეხოს, მე რომ ტენორი მაქვს. ეს ისე, ლირიკული გადახვევისთვის. ახლა სრულიად სხვა რამის მოყოლას ვაპირებ. იმისთვის, რომ ნათელი წარმოდგენა შეგექმნათ ჩემზე, ორიოდე სიტყვით მე თვითონ `დავხასიათდები~: თქვენი მონა-მორჩილი ანდრია ჯორჯიკია, ანუ ანრი, 56 წლის, ქირურგი-პროქტოლოგი. არ მკითხოთ ახლა, პროქტოლოგი რას ნიშნავსო. რას და… აი, სწორ ნაწლავს და მის მიმდებარე ტერიტორიას რომ იკვლევს და მკურნალობს, იმას. სხვათა შორის, კარგი ქირურგი ვარ, იშვიათად კარგები რომ არიან, იმათ რიცხვს ვეკუთვნი. კი ვტრაბახობ, მაგრამ მე თუ არ მოგიყევით ჩემ შესახებ, ვიღასგან გაიგებთ? და განა მხოლოდ ეს მაქვს სატრაბახო? უფრო სწორად, განა მხოლოდ კარგი ექიმობა და ჩემი ტენორი? ერთი გარეგნობაც იკითხეთ, როგორ გამოვიყურები. არა მიშავს რა. ასე იმიტომ ვამბობ, რომ ნახევარსაუკუნოვან მიჯნას გადავაბიჯე, თორემ ჯეელობაში ეეეჰ, რა ბიჭი ვიყავი! ქალთა თვალები ზედ მაკვდებოდნენ, მერე ამ თვალებს მოჰყვებოდა ტუჩები, მკერდი, ხელები და ბოლოს ორივენი საწოლში ერთად ვაგრძელებდით კვდომას. თუმცა, მთლად ასეთი მექალთანეც არ ვყოფილვარ. არ ვიცი, რატომ. შეიძლება იმიტომ, რომ ზეთავმომწონე ვიყავი და ყველას როდი ვუყადრებდი თავს. ვიცოდი ჩემი გარეგნობის, ნიჭის, ხასიათის, შესაძლებლობების ფასი და მინდოდა თუ არ მინდოდა, მედიდური გამხადა ცხოვრებამ.
მიუხედავად ჩემი წლებით დახუნძლული მხარ-ზურგისა, ყოჩაღად გამოვიყურები და ასევე ყოჩაღად ვგრძნობ თავს. ინტენსიურად ვვარჯიშობ, დილაობით დავრბივარ, ჰანტელებს ვწევ, ყირაზეც ვდგები და აჭიმვებსაც ვაკეთებ. თავის დროზე კარგი სპორტსმენიც ვიყავი, წყალბურთელი, მაგრამ მერე, მუშაობა რომ დავიწყე საავადმყოფოში, სპორტი და ექიმობა ვვეღარ შევუთავსე ერთმანეთს და გადამწყვეტი ნაბიჯი პროქტოლოგის სასარგებლოდ გადავდგი.
გაგეცინებათ ალბათ, თუ ექიმობა გინდოდა, რაღა პროქტოლოგის პროფესია აირჩიე, სხვის უკანალში ყურება რა სასიამოვნოა. სამწუხაროდ, მე ისეთ დროს დავამთავრე უმაღლესი, როცა უნივერსიტეტი მხოლოდ ერთი არსებობდა თბილისში, დანარჩენ უმაღლეს სასწავლებლებს კი ინსტიტუტი ერქვა. ამ ინსტიტუტებს შორის სამედიცინო ერთ-ერთი პრესტიჟული იყო, თუ კაცი არ გყავდა, ანუ პროტეჟე, წლების განმავლობაში რომ გებარებინა, რა ცოდნაც უნდა გქონოდა, ვერ მოხვდებოდი. აი, ცოდნაც თუ გქონდა და ფულიც ან კარგა გვარიანი გავლენიანი ნაცნობი თუ გყავდა, იცოცხლე! მოწყობა გარანტირებული იყო. ასე მოვეწყვე მეც _ გავლენიანი ნაცნობების, ფულისა და ნიჭის წყალობით, ამიტომაც პირველსავე წელს მოვხვდი, ანუ როგორც კი საშუალო სკოლა დავამთავრე. ხომ ხედავთ, მაშინ სკოლასაც სხვანაირად ერქვა _ საშუალო და არა საჯარო.
სწავლა მართლა მწყუროდა, ამიტომ ლექციებს იშვიათად ვაცდენდი ან თუ გავაცდენდი, მაინც ვინაზღაურებდი ხოლმე იმ `გამორჩენილ~ ცოდნას. ჰოდა, როცა ის დრო დადგა, როცა უკვე ვიწრო სპეციალობა უნდა აგვერჩია და განგვესაზღვრა, ვინ რისი ექიმი თუ რისი ქირურგი დამდგარიყო, გაჩაღდა გადარეკვა-გადმორეკვები, ჩაწყობები და ფულების ფრიალი, რომ ყოველი ჩვენგანი სასურველი გზით წასულიყო. ეს ის პერიოდი იყო, როცა დედა და მამა,ორივენი მოსკოვში მუშაობდნენ, ბებია კი სიბერისგან თანდათან უძლურდებოდა და ძველებურად `მიდექი-მოდექი~ აღარ შეეძლო. ამიტომაც მივყევი დინებას და რაც `ურიგოდ~ შემხვდა, ის ავირჩიე. ჩემთვის მთავარი იყო, ქირურგი ვყოფილიყავი, ეს ოცნება კი ავისრულე. ვიღაცას აქვს ნათქვამი, მგონი, სტივენ კოვს, წარმატების კიბეზე აცოცვის დაწყებამდე დარწმუნდი, რომ იგი ნამდვილად საჭირო შენობის კედელთანაა მიყუდებულიო. ამაში არ შევმცდარვარ. ჩემი კიბე საჭირო შენობას იყო მიყუდებული. ამიტომაც ჩემი არჩევანი არასდროს მინანია. კარგი ქირურგი ვარ და დაკისრებულ მოვალეობას კეთილსინდისერად ვასრულებ. რომ იტყვიან, ჩემი საქმის პროფი ვარ, არც ჰიპოკრატეს ფიცისთვის გადამიხვევია არასდროს.
კიდევ რა მაქვს სატრაბახო? რა თქმა უნდა, ჩემი გვარ-სახელი. სახელ ანდრიაზე ლაპარაკს აღარ დავიწყებ, ჩემზე უკეთ იცით, რა სახელიცაა. რაც შეეხება გვარს, ჯორჯიკიები მთლად თავადები არ ყოფილან, აზნაურები იყვნენ, მაგრამ სამაგიეროდ, გამორჩეული აზნაურები. ცალ-ცალი აზიურით და დაკემსილი ჩოხა-შინელით არ დადიოდნენ. ბებიაჩემის ნათქვამი მახსოვს, თავადი დადიანები თურმე შინაურობაში ნარდს მხოლოდ და მხოლოდ ჯორჯიკიებთან თამაშობდნენ, სხვა აზნაურებს ასე ახლოს არ იკარებდნენო. ჰოდა, ხომ მირევია ახლა მეც რაღაც დოზით ცისფერი სისხლი? ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ ჩემს გვარს ძალიან ვაფასებ და უდიდეს პატივს ვცემ, მით უფრო, რომ ამ გვარის წარმომადგენლები ცოტანი ვართ დარჩენილი, იმდენად ცოტა, რომ ყველა ჯორჯიკია ლამის ერთი შტოდან მოდის და ერთმანეთის ნათესავია.
ესეც კიდევ ერთი ლირიკული გადახვევა.
მთავარი, რისი თქმაც მინდა, ისაა, რომ ანდრია კარგი `ბიჭია~. მკერდში კვლავ ახალგაზრდა, `უწვერულვაშო~ გული უცემს, ასაკს საერთოდ ვერ გრძნობს და ისევ ისეთი თავდაჯერებულია, როგორც მაშინ, 25-30 წლის ასაკში.
ვცხოვრობ საბურთალოზე, თითქმის ქალაქის ცენტრში, ოღონდ არა კორპუსის ბინაში, არამედ კერძო ორსართულიან სახლში. ორსართულიანი კი ჰქვია, მაგრამ უზარმაზარი არ არის, სულ რაღაც ექვსი ოთახისგან შედგება. პირველ სართულზე მაქვს მარანი, სამზარეულო, აბაზანა-ტუალეტი და ორი პატარა ოთახი. ერთი ახლახან გავაქირავე. მეორის გაქირავებაც მინდოდა, მაგრამ რაც ეს მდგმური დავაყენე, მას მერე გადავიფიქრე. მასთან ისე კომფორტულად ვგრძნობ თავს, სხვას ცხვირს აღარ შემოვაყოფინებ აქ. თუმცა ეს სულ სხვა საუბრის თემაა და მოგვიანებით დავუბრუნდები.
მე მეორე სართულზე ვცხოვრობ, ჩემს ყველაზე ფართო საძინებელში, რომელსაც ყოველ დილით მზე ადგება და როგორც კი პირველი სხივი დამეცემა სახეზე, ეგრევე თვალს ვახელ. ისე მომეპარება ხოლმე ეს სხივი, როგორც ჰაეროვანი, ვნებიანი ქალი, რომელსაც ერთი სული აქვს, დაგაცხრეს და კოცნით სული შეგიგუბოს. ალბათ მიხვდით, ამით რისი თქმაც მინდა… მართალი ხართ. ცოლი არ მყავს, შესაბამისად _ არც შვილი. იმიტომ კი არა, რომ არ მინდოდა, უბრალოდ, ასე მოხდა, ცხოვრება წავიდა სხვა გზით. ვინც მიყვარდა, მისი ცოლად შერთვა ვერ გავბედე. ცუდ დროში ვცხოვრობდი, ყველაფრისთვის ანგარიში უნდა გამეწია. მერე კი ასაკი მომემატა, სხვა არავინ შემიყვარდა და ხომ იცით, როგორც ხდება _ განსაზღვრულ ასაკს რომ გადააბიჯებ, იმდენად ეჩვევი მარტოობას, რომ ცოლის გაგონებაზეც კი უსიამოვნო ჟრუანტელი გივლის.
არა უშავს, გულახდილი თუ ვიქნები, არც არაფერს ვნანობ. კი, შვილი ძალიან კარგია, მაგრამ ახლა უკვე დაგვიანებულია. შეიძლება არც… მაგრამ რომ დავფიქრდები, შიში მიპყრობს. ახლა რომ ცოლი შევირთო და შვილი მეყოლოს, რამდენი წლის ვიქნები, როცა ის ოცის გახდება? 76-ის. არააა! საშინელებაა! ჯობია, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის.
ისე, მთლად მარტოც არ ვარ. სამი წლის წინ ერთი გოგო გავიცანი. რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელში. მაშინ 22 წლის იყო. ცოტა წავიმაიმუნე ჩემთვის, რა მექნა, მომწყინდა ერთფეროვნება. ძალიან ლამაზი გოგო იყო, ქერა, ცისფერთვალება. მე კიდევ, რადგან ასე მოვიხიბლე მისით, სხვა პროფილი გავხსენი, ბრედ პიტის ფოტო დავაყენე მთავარ სურათად და მხოლოდ ამის შემდეგ დავეკონტაქტე. შემეშინდა, ორმოცდაათი წლის კაცს იქნებ არც დაელაპარაკოს-მეთქი. ახალგაზრდა გოგონებს სჩვევიათ შუა ხნის კაცების გატრიზავება.
არ ველოდი, ისეთი ჭკვიანი აღმოჩნდა. იმდენად საინტერესო იყო მასთან საუბარი, ურთიერთობა, რომ მივეწებე და ვეღარ მოვშორდი. მტკიცედ გადავწყვიტე, ანდრია, ბიჭო, ემანდ ფრთხილად იყავი, თავი არ შეაყვარო, არც შენ შეგიყვარდეს და ბოლოს არ გაბანძდე-მეთქი. მაგრამ გაფრთხილება გაფრთხილებად დარჩა და დროთა განმავლობაში ამ ურთიერთობამ გზა მაინც გაიმრუდა და სიყვარულის ბილიკზე გადაუხვია. თანაც, პირველი იმპულსები სწორედ მისგან წამოვიდა და არა ჩემგან. მაშინვე შორს დავიჭირე, როგორც კი მითხრა, შეგეჩვიე და მიხარიაო. არ გაბედო-მეთქი. ხომ არ ვეტყოდი, მამად უფრო შეგეფერები, ვიდრე შეყვარებულად-მეთქი? არადა, გაცნობისთანავე მოვატყუე, მე და შენ ტოლები ვართ-მეთქი. სახეს რატომ მალავო, მკითხა და ვუთხარი, იმ ურჩხულს ვგავარ, მზეთუნახავს რომ ჰყვარობდა-მეთქი.
ერთი სიტყვით, ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, დღესაც ვმეგობრობთ. მან ჩემზე არაფერი იცის, მე კი მასზე _ ლამის ყველაფერი. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია, მე კი მისი. ჯერაც არ გათხოვილა და არც შეყვარებული ჰყავს. ამაში მთავარი დანაშაული მე მიმიძღვის. მაინც არ კარგავს იმედს, რომ ერთ დღესაც გული არ მომითმენს და შევხვდები. ამას კი არ ვაპირებ. თავი სად გამოვყო, 25 წლის გოგო რომ შევირთო ცოლად 56 წლის კაცმა? ან კი გამომყვება რო? მას თავისი ტოლი ვგონივარ. ვაი და, გული გაუსკდეს ჩემს დანახვაზე, ვაი და, არ მაპატიოს ასეთი ტყუილი. ხომ ვიქნები შეზიზღების ღირსი? ამიტომ მირჩევნია, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის. ის ჯერ ახალგაზრდაა, როგორმე იპოვის ვინმეს. მთლად უსინდისო არ გეგონოთ. რამდენჯერმე ვცადე მასთან ურთიერთობის გაწყვეტა, ხანდახან თვე ისე გავიდოდა, არ ვეკონტაქტებოდი, იქნებ გადამვარდეს გულიდან-მეთქი, მაგრამ ამაოდ. მერე ვეღარ ვითმენდი და მაინც ვეხმიანებოდი. ვეხმიანებოდი იმ იმედით, რომ გაბრაზებული ჩხუბს დამიწყებდა, გამომლანძღავდა, ფეხებზე დაკიდებას არ მაპატიებდა და ყოველგვარ კონტაქტს გაწყვეტდა ჩემთან. თქვენც არ მომიკვდეთ! ისე ლამაზად მომწერდა, სად დამეკარგე, როგორ ხარო, თითქოს გვერდით მეჯდა და სიყვარულით თმას მიჩეჩავდა. ერთხელაც ვერ მოვახერხე მისი გაბრაზება და წყობილებიდან გამოყვანა. ერთადერთი, რაც შევძელი, გრძნობებისთვის სადავე არ მიმიშვია. გავაჩერე ერთ ადგილას და არც წინ ვუშვებ და არც უკან. ეს არის ჩემი ოქროს შუალედი და სრულიად მაკმაყოფილებს. თავს მშვენივრად ვგრძნობ ამ სიტუაციაში. გული კი მეთანაღრება, რომ მან ჩემი ნამდვილი სახელიც კი არ იცის, მაგრამ რა? განა რა შეიცვლებოდა ამით? არც არაფერი. ჩვენ ერთმანეთს არასდროს შევხვედრივართ, შემთხვევითაც კი, ამიტომ ეს ვირტუალური გრძნობა იქნებ სწორედ ამიტომაცაა ასეთი სასიამოვნო და დახვეწილი. არავინ იცის. მთავარი ის არის, რომ მე მას სიყვარულზე არასდროს ველაპარაკები. პირიქით, ვუკრძალავ ამ თემაზე საუბარს. უბრალოდ, ვმეგობრობთ. მორჩა და გათავდა. ესაა და ეს.
გაგრძელება იქნება