ირანში სტუდენტი, აჰო დარიაეი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ჩაცმულობის მკაცრი კოდექსის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ტანსაცმელი გაიხადა. Amnesty Iran-ის ინფორმაციით, ქალმა პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც ირანის "მორალის პოლიციამ" მას ჰიჯაბის "არასწორად ტარების" გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
- ირანის კანონმდებლობით, საზოგადოებრივ ადგილებში ქალებისთვის ჰიჯაბის ტარება სავალდებულოა.
სტუდენტი გოგონას ვიდეოკადრები თავდაპირველად გამოქვეყნდა სტუდენტურ სოციალურ მედიაარხზე „ამირ ქაბირის საინფორმაციო ბიულეტენი“, შემდეგ კი გაავრცელა სხვადასხვა მედიასაშუალებამ, მათ შორის უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Hengaw-მ, Iran Wire-მა და Amnesty International-მა. კადრები, სავარაუდოდ, მეზობელი შენობიდან არის გადაღებული.
ამასთან, გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ჩასვეს სტუდენტი გოგონა მანქანაში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა და წაიყვანეს. „ამირ ქაბირის საინფორმაციო ბიულეტენის“ ინფორმაციით, დაკავებისას გოგონას სცემეს.
Amnesty Iran სტუდენტის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს.
სოციალურ მედია X-ზე გავრცელდა ვიდეოები, რომელიც სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა თეირანში, ასადის ისლამური უნივერსიტეტის კამპუსიდან გადაიღეს. ვიდეოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტ სივრცეში ქალს მისი "გამბედაობისთვის" აქებენ.
სად იმყოფება და რა ბედი ეწევა გოგონას, ამ დროისთვის ოფიციალური ინფორმაცია არ არის გავრცელებული.

ქალთა უფლებები ირანში
ცოტა ხნის წინ, ირანში 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მთელ მსოფლიოში უდიდესი რეზონანსი მოჰყვა. ამის გამო ირანში საპროტესტო აქციების ტალღა აგორდა. ამინი ირანის ე.წ. მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო დააკავა.
წესების მიხედვით, ქალებს მჭიდროდ უნდა ეკეთოთ თავსაფარი და თმას მთლიანად უფარავდეთ, ახალგაზრდა ქალი კი ამ წესს არ იცავდა. ამინის დაკავებიდან მალევე გაირკვა, რომ ის მალევე ჩავარდა კომაში, ამის მიზეზი კი პოლიციის მხრიდან მასზე ძალადობა გახდა.
მედიის ცნობით, გოგონა ჯერ ხელკეტით სცემეს, შემდეგ კი ერთ-ერთ ავტომანქანაზე მიარტყმევინეს თავი. თავად პოლიცია ქალზე ძალადობის ფაქტს დღემდე უარყოფს და ამტკიცებს, რომ მას "უეცარი გულის შეტევა“ ჰქონდა. ამინის ოჯახის წევრების თქმით, გოგონა სრულიად ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა.
ირანში დატრიალებული ეს ტრაგედიაც კარგად აჩვენებს, იყო უფლებადამცველი ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ავღანეთი, ირანი, სირია, პაკისტანი ან მალი, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასია, რადგან იქ ყოველდღიურად გიწევს საკუთარი სიცოცხლისთვის ბრძოლა.
ბევრ უფლებადამცველს, რომლებიც სახელმწიფოს სისტემას მკაცრად დაუპირისპირდნენ და საკუთარი პოზიციები არ დათმეს, შედეგად შვილებიც კი დაუხოცეს, თუმცა არც ეს აღმოჩნდა საკმარისი მათ შესაჩერებლად.