ბაია დვალიშვილი 1960 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. დედამისი ცნობილი ქართველი მსახიობი მარინე თბილელი იყო.
ბაია დვალიშვილმა 1983 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1983-2001 წლებში იყო რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი. 1997 წლიდან თეატრალური სარდაფის, 2007 წლიდან მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრისა და 2017 წლიდან სამეფო უბნის თეატრის მსახიობია. მისი დებიუტი კინოში 1978 წელს შედგა. თუმცა, ქართველმა მაყურებელმა უკეთ გაიცნო და განსაკუთრებულად შეიყვარა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული ნელიკოს როლით.
ამჯერად მსახიობი თავის როლებზე, კარიერსა და წარმატებაზე ჟურნალ OK!-თან საუბრობს:
"მსახიობობა ჩემთვის მოცემულობა იყო, დიდად არ გამოვხატავდი ჩემს სურვილებსა და მისწრაფებებს. შემთხვევამ გადამარჩინა და დამაყენა ამ გზაზე. პანაშვიდზე ბატონი მიშა თუმანიშვილი შეხვდა დედაჩემს და მომიკითხა, რას აპირებსო. დედაჩემმა უპასუხა, ჯერ არ გადაუწყვეტიაო. ძალიან ბრძნული რამ უთხრა მაშინ ბატონმა მიშამ დედას, იაროს რეპეტიციებზე, თუ მოეწონება, ხომ კარგი, თუ არადა, შენ არ გისაყვედურებს, რატომ არ გამიშვიო. მაშინ კინომსახიობთა თეატრი ყალიბდებოდა. 2 წელი იქ ვიყავი. ბოლოს მაინც ჩემი გავიტანე და ჩავაბარე. ძალიან რთულად წავიდა ჩემი თეატრალური ცხოვრება. მაინცდამაინც არც იღბლიანი ვიყავი. რთულია, როცა შენგან ითხოვენ უფრო მეტს და იმავეს არავინ ითვალისწინებს, რომ დამოუკიდებელი ადამიანი ხარ შენი ტემპორიტმით, გრძნობათა ბუნებით და შეხედულებებით და გიყენებენ მოთხოვნებს, რომ სტანდარტში ჩაჯდე, რადგან დედა მსახიობია და მამა – რეჟისორი. თან მე ძალიან მორიდებული ვიყავი და სულ მინდოდა, ეს ჩემი შინაგანი ბრძოლები გადამელახა და კოჭი სხვებისთვის გამეგორებინა. ეს იყო ძალიან რთული.

„ჩემი ცოლის დაქალები“ არ იყო იღბალი მხოლოდ ჩემთვის, ამ სერიალში ბევრი მსახიობი დაიბადა და ჩამოყალიბდა როგორც მსახიობი. თეატრში მაინც კონკრეტული მაყურებელი დადის, მცირე ჯგუფია, ვისაც თეატრი უყვარს. პოპულარობა მოაქვს კინოს, ტელევიზიას და, რა თქმა უნდა, სერიალებს. ასეთია მოცემულობა. იყო დრო, როცა თეატრიდან ტელევიზიასა და სერიალში არავინ გაგიშვებდა, იმიტომ, რომ თეატრი არის ტაძარი, ეს არ უნდა შეიბღალოს, მხოლოდ თეატრით უნდა იცხოვრო, კინო აფუჭებს მსახიობს. არაფერიც არ აფუჭებს, ეს არის პრაქტიკა. ოღონდ არ უნდა მიედ-მოედო ყველაფერს, იმიტომ, რომ ცვდები მერე, შტამპები გიგროვდება და ეს გიშლის ხელს. იყო რაღაც პერიოდი, როცა სერიალი ცუდ ტონად მიიჩნეოდა და მეც მითქვამს რაღაც როლებზე უარი. საქართველოში უკვე ძალიან მაღალი ხარისხის სერიალებს იღებენ. დამოკიდებულებაც შეიცვალა მთელ მსოფლიოში. 10-15 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მეგა ვარსკვლავები ითამაშებდნენ სერიალებში. ეს არის დიდი სიამოვნება, რომ შენი საყვარელი მსახიობების ყურება დიდი დროის განმავლობაში შეგიძლია. კინოს დიდ ეკრანზე უნდა უყურო.

ვგიჟდები ნელიკოს როლზე. მაყურებელი ხშირად მეუბნებოდა, იცით, მე ნელიკო ვარ. ბევრი აიგივებდა საკუთარ თავს ჩემს პერსონაჟთან. ამ 11 წლის განმავლობაში მან დიდი გზა გაიარა. არ იყო მხოლოდ დედა, რომელიც გემრიელ ბლინებს და ჩაის უმზადებდა შვილს. სცენარისტმა ნელიკო 50 წლის ასაკში გაათხოვა, მერე ქმარს გაჰყარა. ამ ასაკის ადამიანები ამას ახლაც ვერ ახერხებენ. ნელიკოს, რომელიც მთელ მსოფლიოს ანგარიშს უწევს და ყველას ფეხქვეშ ეგება, თავისი პრინციპები მაინც აქვს. ფემინიზმის მაგალითია, ასაკის მიუხედავად. როცა სოციალურად აქტუალური თემები შემოდიოდა, მინდოდა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო. გახსოვთ, ალბათ, ტრანსგენდერი გოგოს ხაზი – ამოუწურავი თემაა, როგორი რთული და ტრაგიკულია ამ ადამიანების ცხოვრება" - ამბობს ბაია დვალიშვილი.
წყარო: okmagazine.ge