ათწლეულების წინ, ისლამურ რევოლუციამდე, ანუ 1979 წლამდე, ირანს შაჰი, მოჰამედ რეზა ფეჰლევი განაგებდა. ფეჰლევს, რომელიც ტახტზე 1941 წელს ავიდა, სურდა ირანი თანამედროვე, ცივილურ ქვეყნად ექცია, სადაც ადამიანები მშვიდობიანად, თავისუფლად და დემოკრატიული პრინციპების დაცვით იცხოვრებდნენ.
1960 წელს შაჰი ე.წ. თეთრი რევოლუციის ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიზანიც სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების გატარება იყო, მათ შორის, ქალების უფლებების თვალსაზრისითაც. რეფორმის შედეგად, ირანელ ქალებს ხმის მიცემის და განათლების მიღების უფლება მიეცათ.
რეფორმები მასშტაბური იყო და ხშირად არადემოკრატიული, ადამიანის უფლების შემლახავი ფორმებითა და მეთოდებით მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ქვეყანას უბიძგებდა დასავლური ორიენტაციისკენ. ირანის მოქალაქეებმა ამ პერიოდში კულტურული თავისუფლება მოიპოვეს.
შაჰის მმართველობის დროს მნიშვნელოვნად განვითარდა ირანის ეკონომიკა და საგანმანათლებლო სისტემა. დიდი ბრიტანეთი და აშშ მას შუა აღმოსავლეთში მთავარ მოკავშირედ მიიჩნევდნენ.
ამ პერიოდის ირანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანა იყო, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური პროგრესის თვალსაზრისით, მოწინავე პოზიციებს იკავებდა, თუმცა კომუნისტებსა და რელიგიურ ჯგუფებს არ მოსწონდათ შაჰის მკვეთრად გამოხატული დასავლური ორიენტაცია.
1979 წლის 1 თებერვალს, 9:30 წუთზე მეჰრაბადის აეროპორტში Air France-ის კუთვნილი Boeing-747 დაეშვა. ბორტზე ეკიპაჟის გარდა, 10 მგზავრი და რამდენიმე ჟურნალისტი იმყოფებოდა. ამ ბორტზე მყოფ ერთ-ერთ ადამიანს აეროპორტთან, დაახლოებით, 10 მილიონი ირანელი ელოდა. 14- წლიანი გადასახლებიდან სამშობლოში აიათოლა რუჰოლა ხომეინი ბრუნდებოდა. "არაფერს"— ასე უპასუხა ხომეინიმ ერთ-ერთ ჟურნალისტს კითხვაზე, რას გრძნობდა იგი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ.
დროთა განმავლობაში შაჰის რეჟიმის მთავარ ამოცანად მისი ოჯახის წევრებისა და უახლოესი წრის კეთილდღეობა და უსაფრთხოება იქცა. მძიმე სოციალური სიდუხჭირის ფონზე, ფეჰლევი და მისი გარემოცვა უზომო ფუფუნებისადმი მიდრეკილებით გამოირჩეოდა. ამის მაგალითი სპარსეთის იმპერიის 2 500 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გრანდიოზული ზეიმია, რომელზეც, დაახლოებით, $30 მილიონი დაიხარჯა. ზეიმი თავის დროის ყველაზე ძვირადღირებული ღონისძიება იყო.
შაჰის რეჟიმის დასასრული 1978 წლის 7 იანვარს წმინდა ქალაქ ყუმში დაიწყო. ამ დღეს რელიგიური პირების მიერ ორგანიზებულ მიტინგის დარბევას 7 დემონსტრანტი შეეწირა. ამ დღის შემდეგ მთელი ირანი შაჰის საწინააღმდეგო აქციებმა და მიტინგებმა მოიცვა.
16 იანვარს ფეჰლევი ოჯახთან ერთად კერძო თვითმფრინავით თეირანიდან გაფრინდა და უკან არასდროს დაბრუნებულა.
მომდევნო წლებში ირანი კონსერვატორულმა ცვლილებებმა მოიცვა. ქალებისთვის სავალდებულო გახდა ჰიჯაბის ტარება, აიკრძალა დასავლური კულტურის ნიმუშები, ჩამოყალიბდა ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი, რომლის მთავარი მიზანიც დღემდე რევოლუციის მტრების გამოვლენა და დასჯაა. დაიხურა სეკულარული გამოცემები, აიკრძალა მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიები, დაწესდა ცენზურა.
"მორალის პოლიცია", სხვადასხვა ფორმით, ირანში ისლამური რესპუბლიკის დამყარების, ანუ 1979 წლის შემდეგ არსებობდა, თუმცა 2006 წელს, პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის დროს, დაფუძნდა მისი ამჟამინდელი ვერსია, სპარსულად - "გაშთ-ე-ერშად".
სტრუქტურა, რომელიც ირანის საპოლიციო ძალის დანაყოფია, წარმოადგენს მთავარ ინსტიტუციას მოქალაქეთა მიერ ისლამური ჩაცმულობის ნორმების დაცვის გასაკონტროლებლად.
ხსენებული ნორმების ფარგლებში ქალებს მოეთხოვებათ, ატარონ სამოსი, რომელიც ფარავს მთელ სხეულს, მათ შორის, თავს. "მორალის პოლიციის" სამიზნეც, პირველ ყოვლისა, ქალები არიან.
სწორედ "მორალის პოლიციის" მსხვერპლი გახდა 2022 წელს 22 წლის ქალი, მაჰსა ამინი, რომელიც ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავეს, ციხეში კი სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. ამ ფაქტს არამხოლოდ ირანში, მთელ მსოფლიოში მოჰყვა საპროტესტო ტალღა. იყო საუბარი "მორალის პოლიციის" გაუქმების შესახებაც, თუმცა ის კვლავ ასრულებს საკუთარ "საქმეს" და სულ რამდენიმე დღის წინ ვირუსულად გავრცელდა ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ გაიხადა პროტესტის ნიშნად ტანისამოსი სტუდენტმა, აჰო დარიაეიმ. ცნობილია, რომ დარიაეი "მორალის პოლიციამ" დააკავა, თუმცა რა ბედი ეწია მას შემდეგ, ჯერ-ჯერობით უცნობია.