ყველასათვის საყვარელი მსახიობი ვახო ბიჭიკაშვილი ამერიკაში აგრძელებს ცხოვრებას. 36 წლის ასაკში სტუდენტიც გახდა, არაერთი ღონისძიების წამყვანობაც ითავა და რამდენიმე კომპანიის სოცმედიობაც შეითავსა. მართალია, თავიდან რთული იყო სამშობლოდან შორს თავის დამკვიდრება, მაგრამ როგორც თავად ამბობს, დღეს საკმაოდ დატვირთულია და ნოსტალგიისთვის დრო, პრაქტიკულად, არ რჩება.
როგორც რადიო ფორტუნასთან ინტერვიუში აღნიშნავს, ოჯახი, სამწუხაროდ, საქართველოში ჰყავს და მადლობას უხდის მეუღლეს, რომელიც შვილებზე ზრუნავს…
"ორი წელია, რაც ამერიკაში ვცხოვრობ, ესე გადაწყვეტით არ მქონია განზრახული აქ ცხოვრება, უბრალოდ, რამდენიმე საკითხი გახდა ჩემი აქ დარჩენის მიზეზი. ერთ-ერთი ძირითადი აღმოჩნდა ინგლისური ენის სწავლა და მუშაობა რამდენიმე საინტერესო პროექტზე, თუმცა ყველაფრის გათვალისწინებით და სრული ემიგრანტული ყოფის დაცვით აქაური რეალობის გავლა (იღიმის).
სიმართლე გითხრა, ჩემი საქმიანობა აქაც ძალიან დამიფასდა, რადგან უამრავი ქართველი ცხოვრობს დღეს შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, სიყვარულიც და საკუთარი საქმიანობაც არ მომკლებია ნამდვილად, თუმცა ემიგრაციას ახლავს ისეთი წერტილოვანი რთული გზების გავლა, როგორიც არის ადამიანების მონატრება, შენს ქვეყანასთან განშორება და ბევრი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული დეტალი, რაც რა თქმა უნდა, უფრო გაძლიერებს და ყოჩაღს გხდის, თუმცა ნამდვილად არ არის მარტივი და ვერავის ვერასდროს ვურჩევ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას.
ოჯახი საქართველოში მყავს, ანდრია და ნიკოლოზი სკოლაში სწავლობენ და სოფო ყველაფერს აკეთებს, რომ ეს რამდენიმეწლიანი განშორება ამოავსოს და ბავშვებს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, უამრავი რამეთი არიან დაკავებულები, სპორტი მუსიკა ხელოვნება, ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მეუღლის, ალბათ, ვერასდროს დავუბრუნებ იმ ამაგს, რასაც ის ჩვენი შვილებისთვის აკეთებს.
ჯერჯერობით, ჩემი ძირითადი საქმიანობა არის სწავლა, და ველოდები შესაბამის დოკუმენტაციას, რომ გავამყარო ჩემი მომავალი გეგმები, ვმუშაობ ქართველებთან და ვმუშაობ მხოლოდ ქართველებისთვის, პატრიოტიზმის მაჩვენებელი მაქვს უმაღლეს დონეზე, სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ყველაზე ქართულ და გრანდიოზულ წვეულებებს, ეს ბოლო პერიოდის წამოწყებული საქმიანობაა, რომელიც მომწონს და ვფიქრობ, ცოტა ხანში ძალიან დახვეწილი სახე მიეცემა ამ ყოველივეს.
საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები, საქართველო მთავარი ორგანოა – „გული”, რის გარეშეც მე ვერ ვიცოცხლებ, ისევე, როგორც ვერ იცოცხლებს ვერავინ გულის გარეშე!" - ამბობს ვახო ბიჭიკაშვილი.