მე კი ვაგრძელებ ცხოვრებას ახალგაზრდული შემართებით. დილით, ადგომისთანავე, მეორე სართულიდან კიბეზე სამ-სამ საფეხურს ვახტები და ისე ჩამოვრბივარ, ასვლისას კი ორ-ორი საფეხურის გამოტოვებით ავდივარ ყოველთვის. ესეც ერთგვარი ვარჯიშია და მსიამოვნებს. მსიამოვნებს, რომ არ ვიღლები. საღამოოობით აივანზე მიყვარს ჯდომა და და სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა, რამდენადაც შეიძლება თბილისში სუფთა ჰაერი ჩაყლაპოს კაცმა. მით უფრო, რომ მტკვრის სანაპიროსთან ახლოს ვცხოვრობ და ამ ლამაზ მდინარეს ასე ჭუჭყიანს რომ ვხედავ, გული მიკვდება. არადა, ძალიან ლამაზია ღამით, მთვარის შუქზე რომ ალიცლიცდება. ამ დროს აღარ ჩანს ტალღები მღვრიე და ტალახისფერი. პირიქით, ისეთი თბილი მწვანე ფერი დაჰკრავს, რიწის ტბას მოგაგონებს კაცს.
ორი რამის კეთება მიყვარს აივანზე ყველაზე უფრო. დილით, როცა სახეს მზეს მივუშვერ და მის სხივებს დავყნოსავ და ღამით, როცა სავსე ან ნახევარმთვარის სურნელს შევისრუტავ. იმედია, ჩემი რომანტიკული ბუნება სიცილის ხასიათზე არ დაგაყენებთ. უბრალოდ, ასეთი ვარ, ამას ვერაფერი შეცვლის. ხანდახან მეც მიკვირს, ასეთი ხასიათის და გარეგნობის ადამიანი როგორ დამტოვეს ქალებმა ასე ეულად? რატომ ვერც ერთმა ვერ შეძლო ჩემი, ასე ვთქვათ, მოჩანგვლა? განა მართლა ასეთი ჭკვიანი ვარ? ან შეუვალი? არ ვიცი. შეიძლება ეს, უბრალოდ, იმანაც განაპირობა, რომ ხშირ შემთხვევაში თავს მაბეზრებდნენ ქალები თავიანთი ზედმეტი ყურადღებით, თავის შეყვარების მცდელობებით. მით უფრო, გაგიგიათ ალბათ, როგორ ხდება საავადმყოფოებში. წარმოსადეგი თუა ექიმი, შეუძლია მდედრობითი სქესის თითქმის ყველა თეთრხალათიანი, ექთანიდან დაწყებული, ექიმით გაგრძელებული და სანიტრით დამთავრებული, ლოგინში ჩაიწვინოს. არა, არა, ჩემს თავზე არ ვამბობ, ასეთი ლოველასიც არ ვყოფილვარ, თუმცა, ვაღიარებ, რომ ლამაზი ქალები ყოველთვის მიყვარდა და ახლაც მიყვარს. პირველ რიგში, სილამაზით ვაფასებდი ქალს, ამას ვაყენებდი პირველ ადგილზე და მხოლოდ ამის მერე მოდიოდა მისი სხვა თვისებები. როგორც ბებიაჩემი მეტყოდა, ჯობია, ქალი შტერი იყოს, ამის შენიღბვა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ უშნო თუა, ვერავის გამოაპარებო. ჰოდა, მეც მხოლოდ ლამაზი ქალებისკენ გამირბოდა ყოვლთვის თვალი, მხოლოდ ლამაზ ქალებზე მეკეტებოდა ჭკუა და მხოლოდ ლამაზი ქალები მყოლია საყვარლად. ოღონდ ისე არა, ზოგს ცოლივით რომ ჰყავს წლების განმავლობაში საყვარელი. ასეთი ურთიერთობის დედაც ვატირე! თუ საყვარელია, საყვარლის ადგილი უნდა ეჭიროს, თუ ცოლია _ ცოლის. ცოლსაყვარელა რაღა ჯანდაბაა? ამიტომაც, როგორც შევატყობდი, რომ საყვარელი ცოლობის შეთავსებასაც ცდილობდა, ეგრევე ვწყვეტდი მასთან ურთიერთობას. ამის გამო ერთი-ორი მტრადაც გადავიკიდე. დღემდე ჩემის სახელის გაგონებაც კი არ სურთ.
აი, ესეც ჩემი პირველი უარყოფითი მხარე. თუ გულის გახსნაა, ბარემ ბოლომდე გაგეხსნებით. ხომ ჯობია? კიდევ რა ნაკლი მაქვს? ოოო! ის, რომ ვერაფრით ვერ ავითვისე ტელეფონის ოქროს წესი. ახლა მკითხავთ, ეს რაღა ჯანდაბააო. რა და… ვერა და ვერ დავამუღამე, რომ როცა შენთვის არასასიამოვნო ადამიანს ტელეფონზე ესაუბრები, საუბრის ბოლოს ჯერ უნდა გათიშო ტელეფონი და მერე უნდა შეიგინო ან გააპროტესტო, მაგალითად, ასე: არ გამიხურა ამ ქალმა საქმე? ეს რა კიბო ავიკიდე, ტოოო! ამიტომ ჩემი რეპლიკები ყოველთვის ადრესატის სმენამდე აღწევს და ამის გამო უარეს უსიამოვნებებს ვაწყდები. ამიტომ, ძმებო, თქვენ მაინც დაიმახსოვრეთ ეს ოქროს წესი და შეეცადეთ, მახეში ჩემსავით არ გაებათ!
რამდენად კმაყოფილი ვარ ცხოვრების? რა ვიცი, არ ვემდური. ჩემი ბრძენი ბებია იტყოდა ხოლმე, რამდენი დროც ადამიანს სიყვარულში გაუტარებია, იმდენი წელი უცხოვრიაო. ანუ, მისი თქმით, გამოდის, რომ მხოლოდ შეყვარებულობის პერიოდი შეიძლება ნაცხოვრებ დროდ ჩაითვალოს. თუ ამ საზომით მივუდგები ჩემს თავს, უისყვარულოდ ერთი დღეც არ გამიტარებია. მერე რა, თუ არ გამიმართლა? პირველ რიგში, ეს გაუმართლებლობა თუ უიღბლობა ჩემი ბრალია, სხვას ვერ დავადანაშაულებ. ეს დაუწერელი მორალური კანონები რომ არა, ვინ იცის, ახლა ცოლიც მეყოლებოდა და შვილებიც.
არადა, მიყვარდა. იმდენად ძლიერად მიყვარდა, რომ თავი დავკარგე, თუმცა ზღვარს მაინც ვერ გადავაბიჯე. იმ ზღვარს, რომელსაც ჰქვია `რას იტყვის ხალხი~. იმიტომ კი არა, რომ ბრმა ვიყავი, ან კონსერვატორი, ან ქაჯი… უბრალოდ, დრო იყო ისეთი. როცა ბებიას გავენდე პირველად და ვუთხარი, როგორი ქალიც მიყვარდა, ჯერ შეიკრა ორივე წარბი, მერე ზემოთ ასწია და მშვილდს დაამსგავსა, ბოლოს მაგ მორკალულ წარბებზე ორივე საჩვენებელი თითი ერთნაირი მოძრაობით გადაისვა და მტკიცედ გამომიცხადა, თუ გიყვარს, მიაფურთხე ყველასო. დღევანდელი სლენგით ეს ზუსტად ასე ჟღერს: თუ გიყვარს, დაიკიდე! აი, ასეთი `სვეტსკაი ლვიცა~ იყო ბებიაჩემი, აბაშიძის ქალი. აი, ის იყო თავადი, თუ იყო! ამ გახსენებაზე, ჩემს `ცისფერსისხლსიანობას~ მისი თავადური არტერია უფრო აძლევს ელფერს, ვიდრე ჩემი აზნაურული წვრილი სისხლძარღვი. ესეც ხუმრობით, რა თქმა უნდა.
ალბათ კვდებით ცნობისმოყვარეობით, ვინ გიყვარდა ასეთი, ცოლად შერთვა რომ ვერ გაბედეო. ო, ეგ გრძელი ამბავია, ასე უცებ, ორი სიტყვით ვერ მოგიყვებით. ამიტომაც ინტერლუდია დროებით განზე გადავდოთ და პრელუდიის ფაზაში გადავინაცვლოთ. სწორედ იმ დროში, როცა ნანა გავიცანი…
თუმცა, სანამ ნანას ამბავზე გადავიდოდე, იმასაც გეტყვით, რატომ მომინდა ჩემი სამნაწილიანი მუსიკალური გზის თქვენთვის მოყოლა და მაინცდამაინც დღევანდელი დღე, სექტემბრის 9 რიცხვი რატომ ავირჩიე. ორი მიზეზის გამო. პირველი ის არის, რომ ზემოთ ნახსენები ჩემი მდგმური, თესეუდამთავრებული ევა კალაძე, ძალიან ჰგავს იმ ნანას და მეორეც _ ერთი კვირის წინ, სახლიდან გასული, გზად ნანას გადავეყარე… შეხვედრა სადღაც 25 წლის შემდეგ.
როდესაც ევა პირველად მომადგა სახლში, გაოგნებისგან პირი გამიშრა და ლუღლუღი დავიწყე. მართალია, ძალიან ვულგარულად კი გამოიყურებოდა, მაგრამ ისე ჰგავდა ჩემს პირველ და დაუვიწყარ სიყვარულს, თავდაპირველად მისი ქალიშვილი მეგონა. ამიტომაც დაწვრილებით გამოვკითხე, ვინ იყო, საიდან, ვისი შვილი, დედას რა ერქვა და ა.შ. კიდევ კარგი, გადავრჩი. არა, ეს არ იყო მისი ქალიშვილი. ჯერ ერთი, დედამისს ცისანა ერქვა, მეორეც, 26 წლის იყო. 26 წლის წლის წინ კი ჩვენ ჯერ კიდევ ერთად ვიყავით.
ო, როგორ მსიამოვნებდა ყოველდღე ამ ევას დანახვა. ასე მეგონა, ის რომ თვალებს შემომანათებდა, ნანა მიყურებდა. კი ჰქონდა უტიფარი მზერა და თითქოს გაშიშვლებდა თავისი გამოხედვით, მაგრამ ესეც რაღაცნაირად სასიამოვნო იყო. აგვისტოში იქირავა ბინა. იმერელი იყო, სამტრედიიდან, მაგრამ უკვე ისეთი გაქექილ-გამოქექილი, ეტყობოდა, მთლად `ამნაირი~ რომ არ იყო, ანუ უფრო `იმნაირს~ ჰგავდა. ეტყობა, სტუდენტობისას საკმარისად `გაიკვალა გზა~, გაქალაქელდა და `სვეცკი~ გახდა. სამსახური უშოვია თბილისში, ერთ-ერთ ღამის კლუბში მენეჯარად მოწყობილა და ბინის დაქირავებაც დასჭირდა. ამიტომაც, როგორც კი ერთმანეთს გავუშინაურდით, ერთ შუადღესაც, ყავაზე რომ დავპატიჟე, პირდაპირ მივახალე, არ გეშინია, უცხო მამაკაცთან მარტო რომ გიწევს ცხოვრება-მეთქი. ლამის გადაბჟირდა სიცილით და უსირცხვილოდ მომიგო, ისეთი რა უნდა მიქნა, რაც სხვებს არ უქნიათო. აი, ასეა, ბატონო. მშობლებს ჰგონიათ, თავიანთი ქალიშვილები წესიერების განსახიერებანი არიან, ისინი კიდევ ვის ლოგინებს ათბობენ სახლიდან გასულნი, კაცმა არ იცის.
ჰოდა, თან მსიამოვნებდა, ამ ახტაჯანა გოგომ ნანა რომ გამახსენა, თან გული მეთანაღრებოდა, ეს რომ შემოიმასმექნას, სინდისის ქენჯნას რაღა ვუქნა-მეთქი. ბოლოს და ბოლოს 30 წლით ვიყავი მასზე უფროსი. თითქმის იმდენივეთი, რამდენითაც ჩემს ვირტუალურ შეყვარებულ ნინიზე. არადა, ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა. სწორედ ეს იყო მიზეზი, მეორე მდგმური რომ არ ავიყვანე. ჩემსა და ევას ურთიერთობაში მესამე ნამდვილად ზედმეტად მივიჩნიე.
არ ვიცი, რას მიქადის ხვალინდელი დღე, მაგრამ შევეშვათ ახლა ინტერლუდიას, ჩემი დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმის საწყის წლებში გადავინაცვლოთ და დავიწყოთ მოყოლა, როგორ გავიცანი ნანა და რა მოხდა შემდეგ.
მაშინ სწორედ იმ ასაკის ვიყავი, რა ხნისაც ახლა ევაა. დიახ, დიახ, 26 წლის. ორდინატურა გავლილი მქონდა და ქირურგის ასისტენტად ვმუშაობდი საავადმყოფოში. ყველა ერთნაირად იხიბლებოდა ჩემით, თანამშრომლებიც და პაციენტებიც. მათ აღფრთოვანებული მზერების მოგერიება რომ არ გამჭირვებოდა, ყოველთვის სერიოზული სახით დავდიოდი, იშვიათად ვიცინოდი და მედიდური ქირურგის შთაბეჭდილებას ვტოვებდი. ჩემზე ამბობდნენ, ეს ბიჭი შორს წავაო. ასეთი იმიჯი ქალების გამო შევიქმენი, მაგრამ ვისთვის გამენდო ეს? თუმცა, სიტყვა იმიჯი მაშინ, მგონი, არც არსებობდა. ან შეიძლება არსებობდა კიდევაც, მაგრამ ხმარებაში არ იყო. მაშინ უფრო რუსული ბარბარიზმებით და სლენგებით ვსაუბრობდით. ასე რომ, მაშინდელი ტერმინოლოგიით, `სტოიკა~ მეჭირა, `ვიდი~ მქონდა მედიდური ადამიანის. როგორც ვთქვი, ჯერ ასისტენტი ვიყავი. ქირურგი, რომელსაც ოპერაციების დროს ვეხმარებოდი, ერისთავი იყო გვარად, მაგრამ ის ისე იყო ერისთავი, როგორც მე ვარ, მაგალითად, კლინტონი ან ბუში, რადგან სომეხი იყო და გვარი გადაკეთებული ჰქონდა. სინამდვილეში რა გვარის იყო, არავინ იცოდა, რადგან საგულდაგულოდ მალავდა თავის წარმოშობას, ოღონდ ესაა, ერისთავობაზე რომ ჩამოგეგდოთ საუბარი, კრინტსაც ვერ დაძრავდა თავის წინაპრებზე. არადა, კარგი კაცი იყო. ალექსანდრე ერქვა და ყველანი ალიკას ეძახდნენ. გარეგნობით ნამდვილ ყასაბს ჰგავდა, შავი, ბანჯგვლიანი, ყოველთვის მოღეღილი საყელოთი და ეს ბანჯგვლები ზედ ყელზე ამოსდიოდა, შავი, შავი, როგორც კუპრი. ერთი სიტყვით, იდეალური სომხური `როჟა~ იყო. ბევრი რამ ვისწავლე მისგან და დღემდე მადლობელი ვარ, საყვედური არ მეთქმის. ისე აკეთებდა ოპერაციებს, ერთი წვეთი ოფლი არ დაედინებოდა შუბლზე. იცოდა თავისი საქმე და გულარხეინად იყო. წკაპ-წკაპ და მორჩა, ნახევარ საათში მზად იყო პაციენტი. ისე გაჭრიდა და გაკერავდა, თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებდი.
გაგანია ზაფხული იდგა. ერთ კვირაში შვებულებაში უნდა გავსულიყავი და დღეებს ვითვლიდი, როდის მოვიდოდა ნანატრი დრო, რომ ადამიანურად დამესვენა. ეს ჩემი პირველი შვებულება იყო, რაც მუშაობა დავიწყე და ზღვისკენ ვაპირებდი გავარდნას. წინ თავისუფლების ოცდაოთხი დღე მელოდა _ ცხელი, მზიანი და ზღვიანი. ძილშიც კი ზღვა მესიზმრებოდა.
ორშაბათი დღე იყო. შემოვლა რომ დამთავრდა, მთავარმა ექიმმა, როგორც ყოველთვის, თათბირი ჩაგვიტარა. სამსახურში ყველაზე მეტად ეს ორი პროცესი მეჯავრებოდა _ შემოვლა და თათბირი. იმიტომ არა, რომ მოწადინებული არ ვიყავი, ჩემი პროფესია არ მიყვარდა ან ვზარმაცობდი, უბრალოდ, წმინდა ფორმალობად მიმაჩნდა ეს ყველაფერი და იმიტომ. არაფერი არსებითი ამ დროს არ კეთდება, მხოლოდ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების რახარუხია და მორჩა. ფუჭი დროის ფლანგვაა, მე თუ მკითხავთ. თუ მძიმეა ავადმყოფი, კონსილიუმია მოსაწვევი და სამსჯელო საქმეა, სხვა ამბავია. დანარჩენ შემთხვევაში კი ყველა ექიმს თავად შეუძლია მიხედოს თავის პაციენტს.
ერთი სიტყვით, ჩავამთავრეთ თათბირი და დავბრუნდი ჩემსა და ალიკას კაბინეტში. ალიკას ერთ საათში ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი, მეც უნდა მივხმარებოდი, ამიტომ უნდა მომესწრო ყავის დალევა, რომ მხნედ ვყოფილიყავი. მე იმ ადამიანების კატეგორიას ვეკუთვნი, რომლებიც დღეს ყავით არ იწყებენ. დილით მხოლოდ კარგი საუზმე და ჩაი, ყავა კი მოგვიანებით, საუზმესა და სადილს შორის. ჯანმრთელობისთვის ასეთი რეჟიმი ბევრად სასარგებლოა.
ორიოდე წუთის შესული ვიყავი კაბინეტში, ალიკა რომ შემოვიდა თავისი ნიჩბისხელა ხელების ქნევითა და ეშმაკური ღიმილით.
_ აუ, ბიჭო, რა გოგოა, იცი? _ ხელისგულები გემრიელად მოისრისა და მომაჩერდა.
_ ვინ გოგო? _ ზანტად ავხედე და უჯრიდან ყავის პაკეტი ამოვაძვრინე.
_ მიდი, გასინჯე, ზუსტად საშენოა, _ სიცილით მითხრა და მაგიდას მიუჯდა, _ ასეთი ლამაზი ქალები მხოლოდ ქართველებს შეიძლება გვყავდეს, სხვას არავის.
მეც გამეცინა, მაგრამ არა იმაზე, რომ იშვიათად ლამაზი ქალები მხოლოდ ქართველებს შეიძლება ჰყავდეთ, არამედ იმაზე, რომ თავისი თავიც ქართველებს მიათვალა. არადა, შუბლზე ეწერა, რომ გაქანებული სომეხი იყო.
_ რას იცინი? დედა გეფიცები, მართლა უმაგრესი გოგოა. წადი და ნახე.
_ ვინ გოგო, რა გოგო, ალიკ! ვერაფერი გავიგე, _ ყავა მადუღარაში ჩავყარე, ერთი კოვზი შაქარიც დავამატე და საპროცედურო ოთახში დავაპირე გასვლა, რომ იქ ამედუღებინა. მხოლოდ საპროცედუროში გვქონდა ელექტროღუმლის ჩართვის უფლება, მთავარი ექიმი ამას კაბინეტებსა და საორდინატოროში გვიკრძალავდა.
_ ანრი, შე ძველო, როდის იყო, ყავას შენ თვითონ იყუღებდი, ა? ვერ უთხარი ვერიჩკას, უცებ მოგიცუნცულებდა. ისედაც სულ თვალებს გიჟუჟუნებს.
_ ალიკ, რამდენჯერ გითხარი, ეგეთი რამეები არ მითხრა-მეთქი. ხომ იცი, რომ ექთანი ჩემს გემოვნებაში არ ჯდება.
_ კი, აბა, უცებ დაგიჯერე! ლიკა ექთანი არ იყო, თუ? შენ გამო ქალმა სამსახური მიატოვა.
გულზე უსიამოვნოდ მომხვდა მისი სიტყვები, მაგრამ ვამჯობინე, უპასუხოდ დამეტოვებინა, თორემ უნდა ავყოლოდი ლაპარაკში და აუცილებლად გავღიზიანდებოდი. ამიტომ სიტყვის უთქმელად გავედი ოთახიდან.
გაგრძელება იქნება