ქართველი ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე პოლონური ტელევიზიის ობიექტივში მოხვდა. "ქალი მსოფლიოს ბოლოს" - ეს არის პოლონური დოკუმენტური პროგრამა, რომელშიც ის მიიწვიეს. მისი წამყვანი მარტინა ვოიცეჩოვსკა და გადაცემა ეთერში გადის TVN-ზე 2009 წლიდან.
თამუნამ გადაცემაში დაკარგული, გაშვილებული და გაყიდული ბავშვებისა და ჯგუფის "ვეძებ" შესახებ ისაუბრა. კადრებში ჩანან ქართველი ტყუპი დებიც, რომლებიც სხვადასხვა ოჯახში გააშვილეს და ერთმანეთი წლების შემდეგ სწორედ თამუნად დახმარებით იპოვეს.
თამუნა მუსერიძე
როგორც ცნობილია, ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე 8 წლის მანძილზე ეძებდა ბიოლოგიურ მშობლებს. ამ ხნის მანძილზე ის უამრავ ადამიანს დაეხმარა ოჯახის წევრების პოვნაში, შექმნა ჯგუფი "ვეძებ", ჰქონდა საავტორო გადაცემა, სადაც ბავშვების სამშობიაროდან მოპრავისა და გაყიდვა/გაშვილების ფაქტებზე საუბრობდა. სულ ცოტა ხნის წინ თამუნამ თავადაც შეძლო ბიოლოგიური მშობლების პოვნა. მას მამასთან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა დედამ შვილთან კონტაქტი არ ისურვა.
თამუნა განმარტავს, რომ ეს იმედგაცრუება მისთვის წარმოუდგენელია, რადგან დედამ სთხოვა, ეთქვა, რომ მოპარულია, რადგან საკუთარ სახელს უფრთხილდება.
„ისტორია ასეთია. მე მოპარული ბავშვი არ ვარ და ტყუილს ვერ ვიტყვი. მე რომ ეს ვთქვა, მერე იმ დედებს არ დაუჯერებენ, რომელთაც მართლა მოჰპარეს შვილები. ამდენ ადამიანს საკუთარი ისტორიისთვის ვერ გავწირავ. მოხდა ჩემი გაშვილება, რადგან მამა იყო ცოლიანი კაცი, რომელსაც ორი შვილი ჰყავდა. დედა არ იყო გათხოვილი. იმ პერიოდში ბავშვის უმამოდ გაზრდა წარმოუდგენელი იყო და ეს მესმის. დედას არ უნდა ჩემთან ურთიერთობა, მას სიმსივნე აქვს მძიმე ფორმით. ყველას ვერ მოეწონები და რას ვიზამთ. მას არც გამოჩენა სურს და არც ჩემთან კონტაქტი“, –ამბობდა თამუნა მუსერიძე.
მისი თქმით, მამამისი ცოლიანი იყო, ხოლო დედა კი 22 წლის გოგონა. მის ბიოლოგიურ მშობლებს ბევრი საერთო მეგობარი ჰყავდათ და ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ. მამამ ქალის ორსულობის შესახებ არ იცოდა, თავად თამუნას ბიოლოგიურმა დედამაც ამ ფაქტის შესახებ გვიან გაიგო და მისთვის ეს დიდი შოკი იყო. არ სურდა, მასზე ჭორები აეგორებინათ, ამიტომ ბავშვის დატოვებაზე არც უფიქრია. მას თამუნასთან ურთიერთობა არც ახლა სურს და არც მასთან შეხვედრა უნდოდა. ის ახლა ვენაში იმყოფება და მძიმე სენს ებრძვის. დედა-შვილის შეხვედრა დაცლილი იყო ემოციებისგან, მათ დაახლოებით 2 საათის მანძილზე ისაუბრეს და, ამ საუბარში, თამუნასთვის ყველაზე მტკივნეული ის აღმოჩნდა, რომ დედამ მას სახელი არ დაარქვა. როგორც გაირკვა, თამუნა დაბადებიდან 10 დღის მანძილზე ბიოლოგიურ დედასთან იყო, მას კი სახელის დარქმევაზე არც უფიქრია.
თამუნა ამბობს, რომ ბიოლოგიურ დედასთან შეხვედრას არ ნანობს, რადგან მას დედის მხრიდანაც შესანიშნავი ნათესავები ჰყავს.