რეჟისორ ლევან წულაძისა და მსახიობ მანანა კოზაკოვას ოჯახს საქართველოში ბევრი იცნობს. ცოტა ხნის წინ, ქალბატონი მანანა სერიალ "ბოლო სეზონში" გამოჩნდა. მაყურებლების ყურადღება მაშინვე მსახიობის შეცვლილმა იმიჯმა მიიქცია. წონასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მსახიობს ინტერვიუში ადრეც უსაუბრია:
"კილოგრამები ასაკსაც გმატებს. გარეგნობაზე ზრუნვა და თავის მოვლა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და რაც შეგიძლია, უნდა გააკეთო, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. წონას რაც შეეხება, საგრძნობლად დავიკელი და ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე. მახსოვს, ბოლოს, საშინელი კომენტარი დამიწერეს ფოტოს ქვეშ. მაშინ ტირილით გავსკდი, მაგრამ ახლა, ალბათ, მადლობა უნდა ვუთხრა მის ავტორს. პირშიც ხშირად უთქვამთ დანანებით, ასე რატომ გასუქდიო, რასაც ძალიან განვიცდიდი. ერთ დღეს გავიღვიძე და გადავწყვიტე, ყველაფერი შემეცვალა. ჯანმრთელობის ამბავიც იყო, ჩიყვის ოპერაცია გავიკეთე, ავთვისებიანი სიმსივნეც აღმომაჩნდა, ბევრი რაღაც იყო და არც თუ ისე სასიამოვნო, ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, სამ წელიწადში ნელ-ნელა დავიკელი" - ამბობდა მანანა კოზაკოვა.
"ჩვენ დიდი ხანი არ გვივლია. წავედით სუფრაზე მეგობართან. დაახლოებით მესამე დღეს გადავწყვიტეთ, რომ ოჯახი შეგვექმნა. უცებ მოხდა ეს, გზადაგზა მოგვიწია ერთმანეთის გაცნობა.
ყველაზე კარგი პერიოდი არის შემოდგომა, როდესაც იღებ აბსოლუტურად ყველაფერს, ნაკლებად იპრანჭები იმიტომ, რომ გიცნობენ უკვე კარგად" - იხსენებდა ლევან წულაძე.
თავად მანანა მეუღლისა და ოჯახის შესახებ ჟურნალ "სარკესთან" საუბრობს:
"ყოფილა შემთხვევა, რაღაცაზე გაბუტული ვყოფილვარ, ჩემი საყვარელი სუნამო უჩუქებია და შევრიგებულვართ. საერთოდ, ლევანი ძალიან კეთილი და ყურადღებიანია. ჯერ ჩვენზე ზრუნავს და მერე საკუთარ ტყავზე. აღარც მახსოვს, ლევანის გარეშე როდის ვცხოვრობდი. რაც თავი მახსოვს, სულ ერთად ვართ, ერთმანეთს ვავსებთ. ერთს ვიტყვი მხოლოდ: ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში, ლევანის სახით კარგი ბილეთი მოვიგე…"
მანანა კოზაკოვამ ინტერვიუში ახლობლებისა და მეგობრების შესახებაც ისაუბრა:
"ახლობლების ღალატი – ვისაც განსაკუთრებით გადავყევით, მათ ზურგი გვაქციეს. ვიღაცებმა, კულტურაზე ხმამაღალი ლაპარაკი რომ იცოდნენ, საჭირო დროს ზურგი შეგვაქციეს. ვინც განსაკუთრებული პირფერობით იყო გამორჩეული, ის უფრო გამალებით გვღალატობდა, ტყუილებს იგონებდა, ჭორებს გვივრცელებდა და ენა მიჰქონდა სხვასთან. ქართველებმა ასე ვიცით, როცა ადამიანი ცოცხალი აღარ არის, მაშინ ვადიდებთ. ჩვენც როცა არ ვიქნებით, იტყვიან, რამდენ რამეს აკეთებდნენო, თუმცა იმ მომენტში, როცა აკეთებ, მხარდაჭერაზე არავინ ფიქრობს. არა მარტო მარჯანიშვილის თეატრიდან წამოსვლას ვგულისხმობ. ძალიან ბევრი რამ ხდებოდა. არა მხოლოდ კოლეგებს ვგულისხმობ, სხვა პროფესიის ადამიანებმაც გვიღალატეს…"