„თანამედროვე ამერიკული სამოქალაქო უფლებების მოძრაობის დედა" - როზა ლუიზა მაკკოლეი 1913 წლის 4 თებერვალს ალაბამას შტატში, ქალაქ ტაქსიჯიში დაიბადა. ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. ის დედასთან ერთად ქალაქ მონტგომერიში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მისი ბაბუა ცხოვრობდა. ადგილობრივი სკოლა წარმატებით დაამთავრა და სწავლა ალაბამას ფერადკანიანთა კოლეჯში განაგრძო. თუმცა, დედისა და ბებიის ავადმყოფობის გამო, სწავლის დასრულება ვერ შეძლო.
მოგვიანებით, როზა იხსენებდა: „ყოველდღე ვხედავდი, როგორ ჩამოივლიდა სასკოლო ავტობუსი, მაგრამ ეს თითქოს არც კი მეხებოდა, არც კი მიკვირდა. ასე ვცხოვრობდით, ასე იყო მიღებული.“
1932 წელს იქორწინა რეიმონდ პარკსზე, რომელიც დალაქი და იმავე დროს NAACP (ფერადკანიანი მოსახლეობის პროგრესის ხელშეწყობის ასოციაცია) აქტივისტი იყო. აიღო ქმრის გვარი და გახდა როზა პარკსი – ადამიანი, რომელიც შემდეგ სეგრეგაციისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო გახდა.
მეუღლის მხარდაჭერით, 1933 წელს შეძლო კოლეჯის დამთავრება.
1943 წელს თავადაც NAACP-ის აქტივისტი გახდა და ამავე ორგანიზაციის ქალაქ მონტგომერის განყოფილების პრეზიდენტის მდივნის პოზიციაზე მოხალისედ დაიწყო მუშაობა. აქტივიზმის პარალელურად, მას მუდმივად უხდებოდა სხვადასხვა ანაზღაურებადი სამუშაოს ძიება.
1955 წლის 1 დეკემბერს პარქსი ავიდა ქალაქის ავტობუსში, სამსახურიდან შინ დასაბრუნებლად. მან გადაიხადა თავისი 10¢ და დაჯდა შავკანიანების განყოფილების პირველ რიგში. რამდენიმე გაჩერების შემდეგ უფრო მეტი თეთრკანიანი მგზავრი ავიდა ავტობუსში. ავტობუსის მძღოლმა უბრძანა პარკსს და სხვა სამ შავკანიანს დაეთმოთ ადგილი თეთრკანიანი მგზავრებისთვის. დანარჩენი სამი გადავიდნენ ავტობუსის უკანა ნაწილში. ხოლო პარქსი ამბობდა, რომ კანონის თანახმად სწორ სექციაში იჯდა.
მძღოლს უფლება ჰქონდა, „ურჩი“ მგზავრი ავტობუსიდან ჩაეყვანა, მაგრამ მან პოლიცია გამოიძახა. როზა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააპატიმრეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
NAACP-ის ადგილობრივი განყოფილების პრეზიდენტმა გადაწყვიტა, საზოგადოების ყურადღება სეგრეგაციის პრობლემაზე მიემართა – დაპატიმრებული განათლებული, მშრომელი, დაფასებული და ავტორიტეტული აფროამერიკელი ქალი იყო. პროტესტს სათავეში მაშინ ჯერ კიდევ უცნობი ბაპტისტი პასტორი, მარტინ ლუთერ კინგი ჩაუდგა.
რამდენიმე დღეში სასამართლომ როზა პარკს 10 დოლარი ჯარიმა და 4 დოლარი სასამართლო ბაჟის გადახდა დააკისრა.
როზა პარკსმა უკან არ დაიხია და სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რაც იმ დროისთვის გაუგონარი ნაბიჯი იყო!
ფერადკანიანებით დასახლებულ უბნებში ვრცელდებოდა მოწოდებები – უარი ეთქვათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე, ევლოთ ფეხით, ველოსიპედებით, დროგებით, ურმებით – ვინც როგორ მოახერხებდა, მთავარი იყო, არ გამოეყენებინათ საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ადგილობრივმა ფერადკანიანმა ტაქსისტებმა მხარი დაუჭირეს პროტესტს – მგზავრებს სიმბოლურ ფასად, 10 ცენტად ემსახურებოდნენ!
ქალაქ მონტგომერიში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეთა 75%-ს ფერადკანიანები შეადგენდნენ. პროტესტმა ძლიერი მხარდაჭერა ჰპოვა ფერადკანიან მოსახლეობაში. ავტობუსების მოძრაობა გაჩერდა. სატრანსპორტო კომპანიები დიდ ზარალს განიცდიდნენ.
მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტის შემდეგ, პარკსმა ბევრი სირთულეები გამოიარა. მან დაკარგა სამუშაო მაღაზიაში. მისი ქმარი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამუშაო.
მოგვიანებით პარქსი და მისი ქმარი გადავიდნენ დეტროიტში, მიჩიგანში. პარკსმა აქტიურად გააგრძელა აქტივისტად მუშაობა. წლების განმავლობაში ის მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენ ჯონ კონიერსისთვის. ამის შემდეგ, ის მუშაობდა აქტივისტად აპარტეიდის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. მან ასევე გახსნა ცენტრი დეტროიტში, რომლის მეშვეობით ის აძლევდა შავკანიან ახალგაზრდებს რჩევებს კარიერასა და სამუშაო ადგილების შესახებ.
როზა პარკსი გარდაიცვალა 2005 წლის 24 ოქტომბერს, 92 წლის ასაკში.