საპროცედუროს კარი მიხურული დამხვდა. ვიფიქრე, ეს ექთანები რამე ქალურ საქმეში არ იყვნენ გართულნი, უცებ კაბააწეულს არ წავადგე-მეთქი და ყოველი შემთხვევისთვის დავაკაკუნე.
თითქოს მე მელოდნენო, კარი იმწამსვე გაიღო და ვერა შემრჩა ხელში, ახალგაზრდა, შავგვრემანი, თვალებბრიალა პუტკუნა ექთანი.
_ ანდრია ექიმო, თქვენ უნდა გასინჯოთ, არა? _ მკითხა და ჯეზვე გამომართვა, _ მე მოგიდუღებდით, რატომ არ მითხარით? _ ამ სიტყვებით ზურგი შემაქცია და მომცრო ოთახში გავიდა, სადაც ჩვენი ექთანები, ჩვეულებრივ, ყავას ადუღებდნენ.
მე კი… მე კი შევრჩი პაციენტს, რომელიც თურმე უნდა გამესინჯა…
ვერ გეტყვით, რა დამემართა… გოგონა სკამზე იჯდა. თივისფერი თმა უკან გადაეყარა და დაძაბული მზერით მომჩერებოდა. ყველაზე გამაოგნებელი მისი თვალები იყო _ ლურჯზე ლურჯი, დიდრონი, მზერა თითქოს საიდანღაც, სიღრმიდან მოდიოდა. ჯერ მარტო ამ თვალების შემონათება ღირდა ერთ სიცოცხლედ. ალბათ ამაზეა ნათქვამი, უძიროო. შევყურებდი და ვგრძნობდი, სადღაც უსასრულოდ რომ ვიძირებოდი, ვერ ვხვდებოდი, სად მთავრდებოდა ამ საოცარი თვალების სიღრმე. შავი და ხშირი წამწამები ისე შემოხვეოდა ამ თვალებს, გეგონებათ, შავი ფანქარი უსვიაო, არადა, საერთოდ არ იყო დახატული. მაკიაჟშეუხებელი სახის კანი ჰქონდა და კოცნას დახარბებული ჟოლოსფერი ტუჩები. ოღონდ არ მკითხოთ, საიდან დავასკვენი ეს. უბრალოდ, გუმანით მივხვდი, რომ მის ტუჩებს მამაკაცის კოცნა აკლდა.
ჩემს დანახვაზე ფეხზე წამოდგა.
_ გამარჯობათ. მე მეექვსე პოლიკლინიკიდან გამომგზავნეს, _ ნაზად ამოთქვა.
_ იურამ? _ ვკითხე და თავიდან ფეხებამდე ჩავათვალიერე.
პატარა მკერდი ჰქონდა, მაგრამ ისეთი დაცქვეტილი, აშკარად ხელუხლებელი უნდა ყოფილიყო. თითები _ ნატიფი, ფეხები _ ჩამოსხმული, სიმაღლე _ საშუალოზე მაღალი. სხვა რაღა იყო საჭირო იდეალური სილამაზისთვის? რა ჯინა, რის სოფი, რომელი ბრიჟიტი… ნამდვილად ვერც ერთი მაშინდელი ეკრანული ვარსკვლავი ვერ შეედრებოდა.
რა თქმა უნდა, ალიკა მართალი იყო. ქართველების გარდა ვის შეიძლებოდა ჰყოლოდა ასეთი სრულყოფილი არსება? და უცებ სომეხი რომ აღმოჩნდეს. ამის გაიფქრებაზე კინაღამ გამეცინა.
_ დიახ, იურა ექიმმა მირჩია. ალიკა თქვენ ხართ?
_ არა, მე ანდრია ვარ. ალიკა ექიმს ამწუთას არ სცალია. რას ვუჩივით? დაბრძანდით, დაბრძანდით, _ ხელები ჯიბეებში ჩავიწყვე, გავიარ-გამოვიარე, მერე ექიმის მედიდური მზერა ავიფარე, სკამს ხელი დავავლე და წინ დავუჯექი.
_ აი… ეს იქ მომცეს, პოლიკლინიკაში, _ და დიაგნოზდასმული თაბახის ქათქათა ფურცელი მომაწოდა.
ჩავხედე დასკვნას. ნანა მელიქიშვილი, 19 წლის… შემდეგ მოდიოდა ჩამონათვალი სამედიცინო ტერმინებისა და ბოლოს დიაგნოზი. მადლობა ღმერთს, ქართველი ყოფილა!
გოგონას სწორი ნაწლავი ჰქონდა დახეთქილი, თუ ამ ფურცელს დავუჯერებდით. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, ასეთ ნაზ გოგოს საიდან უნდა გასჩენოდა სწორ ნაწლავზე ნახეთქები და შეკითხვებისთვის მოვემზადე. მეშინოდა, ენა არ დამბმოდა, იმდენად არამიწიერად ლამაზი იყო.
_ ნამშობიარები ხართ? _ დავსვი პირველი სამედიცინო შეკითხვა.
_ არა, გათხოვილიც არ ვარ, _ თავი გააქნია და ანერვიულებულმა თითები ერთმანეთს ჩააწნა, თითქოს გამომძიებელთან ყოფილიყო დაკითხვაზე.
_ ნუ ნერვიულობთ, საშიში არაფერია. უბრალოდ, მიზეზს ვიკვლევ, რას შეიძლებოდა ეს გამოეწვია, _ თან გავუღიმე, _ ცხარე საჭმელი გიყვართ?
_ არა, არც ისე… _ დაბნეულმა მომიგო და თვალები დახარა.
_ კუჭის მოქმედება როგორი გაქვთ? ყაბზობა ან…
_ ნორმალური, _ სიტყვა შუაზე გამიწყვიტა, _ არც შეკრული მაქვს და არც აშლილი.
_ მდა… კარგი, გაიხადეთ და სავარძელზე ადით, გაგსინჯავთ.
_ სულ გავიხადო? _ გაუფართოვდა ისედაც ფართო თვალები.
_ არა, სულ არა, მხოლოდ წელს ქვემოთ.
_ ყველაფერი?
ჩამეცინა.
_ იურამ როგორ გაგსინჯათ? ჩაცმული?
_ ა..რაა… მაგრამ…
_ არავითარი მაგრამ. გაიხადეთ! _ ცოტა არ იყოს გავღიზიანდი, მომეჩვენა, რომ სპეციალურად მიამიტობდა ასე, თორემ მშვენივრად იცოდა, რაც უნდა გაეკეთებინა.
გაიხადა და სავარძელზე ავიდა. ცხოვრებაში პირველად შევცქეროდი პაციენტს სხვა თვალით. ანუ, არა ექიმის თვალით, არამედ მამაკაცის, რომელიც ქალის სილამაზემ მონუსხა. `ქვედა სართულიც~ ისეთივე მშვენიერი ჰქონდა, როგორიც დანარჩენი სხვა. მართლაც უნაკლო გოგო იყო.
დავათვალიერე პრობლემური ადგილი, რაც ერთობ მტკივნეული პროცესია, მაგრამ გაუძლო, ერთი-ორჯერ დაიკვნესა მხოლოდ და ეგ იყო. დიაგნოზს გადამოწმება არ სჭირდებოდა. იურას სწორად ჰქონდა ყველაფერი შეფასებული. ჩემი პაციენტი ოპერაციას ვერ ასცდებოდა, რამაც გამახარა, რადგან ბევრჯერ მომიწევდა მისი ხილვა.
_ ჩაიცვით! _ მოკლე ბრძანება გავეცი და ხელთათმანები გავიძრე, მერე ონკანს მივადექი და ხელების დაბანვას შევუდექი.
ამასობაში ჩაიცვა და კვლავ დაჯდა. მოუხერხებლად იჯდა, სკამის კიდეზე. მვხვდი, უჭირდა დაჯდომა, ტკივილი აწუხებდა.
_ დაჯდომას ვერ ახერხებთ?
_ დაჯდომას კი არა, სიარულსაც ვერ ვახერხებ. ძალიან მეწვის, _ თვალები ცრემლით აევსო.
უჰ, თვალცრემლიანი უკეთესი სანახავი იყო. მზერას ვერ ვწყვეტდი, მინდოდა სულ მეყურებინა.
_ არა უშავს, მოვუვლით მაგ საქმეს, _ დავამშვიდე, _ წამობრძანდით.
_ ყავაც გაიყოლეთ, ანდრია ექიმო! _ მომაძახა ვერამ, რომელსაც ჯეზვე ხელში ეჭირა.
_ მერე საოპერაციოში შემომიტანე, ვერიკო, ხო? _ ხვეწნის გამომხატველი მზერით გავხედე.
_ როგორც მეტყვით, _ მხრები უკმაყოფილოდ აიჩეჩა ვერამ.
კაბინეტში გავედი და ნანაც თან გამოვიყოლე. ალიკას უზარმაზარი ღვეზელი ეჭირა ხელში და გემრიელად იღმურძლებოდა. თითები ერთიანად ცხიმში მოსვროდა და გაზეთილი ტუჩებიც უბზინავდა.
_ უი, ბოდიში, მაპატიეთ… _ უცებ დაფაცურდა, როგორც კი ნანა დაინახა და ღვეზელი მაგიდაზე შემოდებულ პარკში ჩადო, _ ახლავე მოგხედავთ, _ თქვა და ოთახიდან გავარდა ხელ-პირის დასაბანად.
ერთმანეთის პირისპირ ვისხედით და ალიკას დაბრუნებას ველოდებოდით. ხმას ვერ ვიღებდი, დავმუნჯდი. მორჩა, ეს გოგო ჩემთვის მინდოდა. არა მხოლოდ ის, რომ მომეწონა, არამედ სხვა რამეც ვიგრძენი. თითქოს ეს ის იყო, ჩემი სადღაც გაბნეული მეორე ნახევარი, რომელიც ჩემთან შერწყმით ერთ მთლიანს შექმნიდა. ასე მეგონა, უკვე მიყვარდა.
ალიკა ფაცხაფუცხით შემოვიდა, სველი ხელები თმაზე გადაისვა და დაჯდა.
_ აბა, რა პრობლემა გვაქვს? _ იკითხა და ჩემი მიწოდებული ფურცელი გადაიკითხა.
_ ჰო, _ გადააქნია თავი, _ იურა არ შეცდებოდა, ხომ? _ მზერა მომაპყრო.
_ არა, არ შემცდარა.
_ ნუ, რაცაა, ესაა, _ ფურცელი მაგიდაზე ისროლა და პრიალა ზედაპირზე თითების რაკუნს მოჰყვა, თან ხან მე შემომხედავდა, ხანაც ნანას.
_ ანუ? _ ნანა წინ გადმოიხარა და მუხლებზე დადებულ ხელჩანთას დაეყრდნო.
_ ქალბატონო ნანა! _ დაიწყო ალიკამ, _ იმას, რაც თქვენ გაწუხებთ, სწორი ნაწლავის ნახეთქი ჰქვია, რასაც უმრავლეს შემთხვევაში იწვევს ცხარე, მჟავე, ზედმეტად მარილიანი საკვები, მშობიარობის პრობლემები ან კუჭ-ნაწლავის არასწორი მოქმედება. ამას ახლა დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენ ყველა ვარიანტში ოპერაციის გაკეთება მოგვიწევს, სხვანაირად ვერ მოვრჩებით. აქ წამლები და სტაციონარული მკურნალობა ვერაფერს გვიშველის.
გოგონას ისეთი შიში დაეუფლა, რომ თვალები მოუსვენრად აუცეცდა და სახე აელეწა.
_ მის გარეშე ვერა? _ ტირილნარევი ხმით იკითხა.
_ მის გარეშე ვერა, _ მივუგე მე, _ მარტო ხართ მოსული?
_ დიახ.
_ მშობლები გყავთ?
_ დეიდა მყავს.
გული შემეკუმშა. თურმე დედაც არ ჰყოლია… არც მამა. საწყალი დეიდა. ასეთი გოგოს მწყემსვა არ გინდა?
_ ახლა წაბრძანდით სახლში, მოელაპარაკეთ დეიდას და ხვალ ორივენი მოდით. საჭირო ნივთები წამოიღეთ და დაგაწვენთ. ერთ-ორ დღეში ანალიზებს გავიკეთებთ და სადღაც ხუთშაბათისთვის ოპერაციასაც დავნიშნავთ. სულ რაღაც ერთი საათი და მორჩა, თქვენი პრობლემა მოიხსნება. _ აუხსნა ალიკამ.
ნანას თვალებში ცრემლი გამრავლდა, ნიკაპი აუკანკალდა. თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ატირებულიყო.
_ აბა, აბა, ცრემლები არ დამანახვოთ. რა არის აქ სატირალი? ვერაფერს გაიგებთ, ისე გავაკეთებთ ყველაფერს. აბა, შეხედეთ, ამისთანა ბიჭი იზრუნებს თქვენზე. პირიქით, უნდა გიხაროდეთ! _ და `ყასაბმა~ მზერა ჩემკენ `გამოიშვირა~. ჰო, დამავიწყდა მეთქვა, რომ ალიკას მეტსახელად ყასაბი შევარქვით.
_ რა ღირს ოპერაცია? _ ძლივს გავიგონე ჩურჩულით ნათქვამი.
_ მაგაზე დეიდათქვენთან დავილაპარაკებთ. სასურველია, რაც შეიძლება მალე გავაკეთოთ, თორემ სიტუაცია უფრო გართულდება. უკვე ვატყობ, რომ წესიერად ვერ ჯდებით, ხომ ასეა?
_ სიარულიც უჭირს, არათუ დაჯდომა, _ შევაშველე სიტყვა.
_ მით უმეტეს. სწავლობთ თუ მუშაობთ?
_ ვსწავლობ… სტუდენტი ვარ.
_ ოპ! კარგია! ხე-ხე-ხე! _ უადგილოდ გაიცინა ალიკამ და ადგა.
_ მე უნდა დაგტოვოთ, ოპერაციაზე შევდივარ. ანდრია, გელოდები. ხუთ წუთში ჩემთან! _ საჩვენებელი თითი მაჯაზე დაიკაკუნა, თვალი ჩამიკრა და გავიდა.
მხრებში მოკუნტული ნანა ნელა წამოდგა, ჩანთა მხარზე გადაიკიდა და ცრემლიანი თვალები შემომანათა.
ხომ დამაძინებთ?
გაგრძელება იქნება