ნინო მუმლაძეს ახლახან ძალიან დიდი პირადი ბედნიერება ეწვია. მას 39 წლის ასაკში ვაჟი, რონი შეეძინა. როგორია ცხოვრება ვაჟის შეძენის შემდეგ, ნინო fortuna.ge-ს ემოციებსა და შთაბეჭდილებებს უზიარებს:
"ემოციები და შეგრძნებები კი არა, მთელი ცხოვრება თავდაყირა ამოტრიალდა. ალბათ, ყველა დედა ამას გრძნობს და გადის. აბსოლუტურად სხვა შინაარსი ეძლევა ცხოვრებას. რაც შენს ცხოვრებაში ხდება, ყველაფრის გადაფასება მოხდა. გარდა იმ უდიდესი ემოციებისა, რაც შვილის ყველა მოძრაობას და გაღიმებას მოჰყვება, დედამიწის ზურგზე ნებისმიერ განძს აჭარბებს. ალბათ, ეს ყველა დედას აქვს და ამაში ორიგინალური ვერ ვიქნები.
რონი რომ გავაჩინე, ვიყავი 39 წლის და სამ თვეში გავხდი 40 წლის. არ მგონია, რომ ამაში გამორჩეული ვარ დღეს, რადგან ბევრი ქალბატონი ზუსტად ჩემს ასაკში ოჯახდება და აჩენს შვილს. ახლა ვხვდები, რომ ადრეულ ასაკში შეიძლება უფრო მარტივად გაუმკლავდე რაღაცებს. რასაკვირველია, ბუნება ბუნებაა და ტყუილი არ იყო, როცა ადრე 25 წლის ასაკის მშობიარეებს ხანდაზმულ მშობიარეებს ეძახდნენ (იღიმის). გინდა თუ არა, ახალგაზრდა ასაკში უფრო მეტი ენერგია გაქვს ღამეების თენებისთვის… დღეს, როცა ქალბატონები ცდილობენ, ჯერ პროფესიულად შედგნენ და შემდეგ გახდნენ დედები, მოიტანა ის, რომ ჩემ მსგავსად, ბევრი აჩენს პირველ შვილს შედარებით გვიან ასაკში. ჩვენს დროს, მგონი, ეს გასაკვირი არ არის და ძალიან ხშირია ასეთი შემთხვევები. ჩემს სამშობიარო პალატაშიც ჩემი ასაკის ქალბატონი იწვა. თუ ვინმე 30 წლის ასაკს გადასცდა და ფიქრობს, რომ მისი ცხოვრება ვერ შედგა, არ აქვს იმედი, რომ დაოჯახდება და შვილს გააჩენს, გული არ გაიტეხოს, იმიტომ, რომ არასდროს არის გვიან. საერთოდაც, სიყვარულს ასაკი არ გააჩნია.
ჩემი მეუღლე არის ძალიან ემოციური ადამიანი და ძირითადად, ემოციურად გვეხმარება. ვერ ვიტყვი, რომ რონის პამპერსს უცვლის, მაგრამ მეხმარება, შემიძლია, თამამად დავუტოვო ბავშვი. იცით, როგორ არის? ძალიან ფრთხილად ექცევა ბავშვს. პირველი ორი თვე ბავშვს ისე ფრთხილად იყვანდა ხელში, მეუბნებოდა, ჯობს, შენ გეჭიროსო და ეს ცოტა ნერვებს მიშლიდა (იცინის). ახლა ცოტა გაუთამამდა, ყოველდღიურ რუტინაშიც მეხმარება, ასეირნებს კიდეც. მისი ფრთხილი ქცევა ახლა უკვე მეკომფორტულება, თუკი სადმე მივდივართ, მოხერხებული და სპორტული ადამიანია და მისი იმედი მუდამ მაქვს.
პირველი 40 დღე ძალიან რთული იყო, რადგან რონის, ფაქტობრივად, არ ეძინა. მუცელი აწუხებდა… მართლა გაუჩერებლად ტიროდა. 40 დღის უძილობა, მშობიარობას რომ თავი დაანებო, ძალიან მძიმე ამბავია… მართლა წკიპზე ვიყავი, მაგრამ ნელ-ნელა გამოსწორდა სიტუაცია. ღამის საათებში ორ საათში ერთხელ შია, მაგრამ ამ ინტერვალებით მაინც მძინავს, მადლობა ღმერთს (იღიმის). ცოტა ხასიათი დამიბრუნდა. იმედი მაქვს, მალე იმის ძალაც დამიბრუნდება, რომ ჩვეულ ფორმაში ჩავდგე, ვიზუალურადაც და ხასიათის მხრივაც… დიეტის დაცვა ჯერ არ გამომდის…
ვიცი, რომ უნდა მოვუკლო ნახშირწყლებს, მაგრამ ვერ ვაკეთებ ამას, ბავშვი რომ ბუნებრივ კვებაზეა, ჩემი მადაც გაზრდილია. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ცოტა დროს ვუთმობ ძილს, საკვები ენერგიის ერთადერთი წყაროა. მომიწევს, როცა თეატრში დავბრუნდები, ჩემი ძველი კოსტიუმები მოვირგო, ახლა, რა თქმა უნდა, ვერ ვეტევი…"