მიუხედავად იმისა, რომ უმშვენიერესი დები, ლიკუნა და ანუკი ქორქიები, უკვე რამდენიმე წელია, საჯაროდ თითქმის არასდროს ჩნდებიან, პოპულარობასა და აქტიურობას მაინც არ კარგავენ, მათი ფოტოები კი ყოველთვის დიდ მოწონებასა და სიყვარულს იმსახურებს.
ამჯერად ანუკი ქორქია ოჯახთან ერთად დუბაიში ისვენებს და შვილის, პატარა ლიკუნას კადრებს სოციალურ ქსელში გამომწერებსაც უზიარებს.
ანუკი ქორქია
ანუკი ქორქია 36 წლისაა. ის პროფესიით სტომატოლოგია, თუმცა ამ სფეროში არ საქმიანობს. ანუკიმ მომავალი მეუღლე, კახა ჩიქოვანი, ინტერნეტით გაიცნო. მაშინ კახა ერთ–ერთ კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერად მუშაობდა. წყვილმა ჯვარი 2012 წლის 19 იანვარს ამაღლების ტაძარში დაიწერა. ამ დღეს მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები შეიკრიბნენ, გრანდიოზული ქორწილი კი მოგვიანებით შედგა.
კახასა და ანუკის პირველი შვილი, გიორგი, 2013 წელს შეეძინათ: "ჩემს მამამთილს ჰქვია გიორგი, რომელიც ისე ძალიან მიყვარს, მამისგან ვერ ვანსხვავებ. თავიდანვე მინდოდა, ბავშვისთვის მისი სახელი დამერქმია. ჩემი და მეუღლის სურვილი ერთმანეთს დაემთხვა და პატარას ეს სახელი შევურჩიეთ. დიდი ბედნიერება ყოფილა დედობა, საოცრად ძლიერი და დიდი სიხარულის მომტანი გრძნობაა, რომელიც თუ არ განიცადე, ვერ მიხვდები, რას ნიშნავს. მთლიანად იცვლება ადამიანის ცხოვრება, შვილის ფონზე ყველაფერი ნაკლებად მნიშვნელოვანი და უფერულია" - ამბობდა მაშინ ანუკი.
2019 წელს ანუკის გოგო შეეძინა, რომელსაც დის, ლიკუნა ქორქიას საპატივცემულოდ, ლიკა დაარქვეს. სოციალურ ქსელში ხშირად აღნიშნავენ, რომ გიორგი დედას, პატარა ლიკა კი მამას ჰგავს. ანუკი შვილების ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული. ოჯახი ხშირად მოგზაურობს, დროს ერთად მხიარულად ატარებს და კადრებს სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს.