„ჩემი აზრით, იგი იყო ერთადერთი მხატვარი, რომელმაც ნამდვილი ხალხური გადმოცემის სიცხოველით მოგვცა მთელი XIX საუკუნის ქართული ყოფა-ცხოვრება“.
ნიკო ფიროსმანის თემატიკას გარკვეული კვალი დაამჩნია იმ სოციალურმა გარემომ, რომელშიც უხდებოდა ცხოვრება მხატვარს. მის მხატვრულ მემკვიდრეობაში დიდი ადგილი უჭირავს ქეიფის სცენებს, რომელიც არსებითად, თბილისელ ვაჭარ-ხელოსანთა, მიკიტნების,ზოგჯერ თავადების ჯგუფურ პორტრეტებს წარმოადგენს („ბეგოს კამპანია“, „ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან“, „თავადების ქეიფი მინდვრად“, „ხუთი თავადის ქეიფი“, 1906, ყველა — საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი და სხვა).
მხატვრის ერთ-ერთ გამორჩეულ ნამუშევრად ითვლება "აქტრისა მარგარიტა".
ფიროსმანის "მარგარიტა"
მისი ნამდვილი სახელი მარგარიტა დე სერვი იყო, რომელიც არა მისმა როლებმა, არამედ ნიკო ფიროსმანის ტილომ უკვდავყო.
როგორც ამბობენ, მათ ერთმანეთი 1905 წელს, მუშთაიდის ბაღში გამართულ კონცერტზე გაიცნეს, სადაც მარგარიტა პარიზის მხიარულ სიმღერებს ასრულებდა. ნიკო თავიდანვე მოხიბლა მშვენიერმა ფრანგმა მსახიობმა, თავდავიწყებით შეუყვარდა იგი და მთელი თავისი დაგროვილი ქონება, ყველაფერი მას მიუძღვნა. ურთიერთობის ერთი წლის თავზე მარგარიტამ გაიგო, რომ ფიროსმანი უბრალო, ღარიბი მხატვარი იყო და საფრანგეთში დაბრუნდა. ეს ამბავი რუსმა მწერალმა პაუსტოვსკიმაც აღწერა, თუ როგორ გაყიდა დარჩენილი ქონება მხატვარმა და ვარდებით დატვირთული ურმები გაუგზავნა პარიზში.
"ჩემი ცხოვრება ჯვარცმაა, რასაც ვეწამები. სასტიკად ვიტანჯები ყველა მედუქნის, კინტოსა და სხვა ნაძირალის თვითნებობისგან. მე ვიცნობ ჩემი ქვეყნის ისტორიას, ვიცნობ რუსთაველს, ილიას, ვაჟას... მე მათ ჩემებურად ვხატავ. დაე, სხვებმა გაიცინონ ჩემს ნამუშევრებზე, მაგრამ მე ჩემი გზით მივდივარ..." - ეს ნიკო ფიოსმანის სიტყვებია, რომელიც მან 1915 წელს ლადო გუდიაშვილს უთხრა.
1969 წელის მარტის თვეში კი ფიროსმანის ტილოებს “პარიზის დეკორატიული მუზეუმის დარბაზებმა" უმასპინძლა.
თბილისის ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა, რომელსაც პარიზის ამ გამოფენის ორგანიზება ჰქონდა დავალებული, მოულოდნელად დარბაზში შემოსული ოთხმოციოდე წლის ქალბატონი შეამჩნია, რომელსაც, უცნაური, მღელვარე ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. ქალი ფიროსმანის "მარგარიტასთან" გაჩერდა და წამოიძახა: "ეს მე ვარ" - მაშინვე ყველა მიხვდა, რომ ეს უცნობი ქალბატონი მარგარიტა დე სერვი იყო.