მაგრამ მეოთხე დღეს მივხვდი, რომ სმა აღარ შემეძლო, გადაიტვირთა ორგანიზმი. შესაბამისად, არც ქალისკენ მსურდა გახედვა. უნდა დამესვენა, რომ ძველი ფორმა აღმედგინა. პირველი შემთხვევა იყო, რომ საკუთარი შვებულება სასურველად ვერ გამოვიყენე. ნანას გამო დასასვენებლადაც არ წავედი. უფრო სწორად, უარი ვთქვი კუთვნილ შვებულებაზე და სამი თვით გადავწიე. ვიფიქრე, შემოდგომის ბოლოს სადმე მთაში წავალ და მშვიდად დავისვენებ-მეთქი. ყველაზე მეტად ალიკას გაუხარდა ჩემი თბილისში დარჩენა. თავის მარჯვენა ხელს მეძახდა და ყოველთვის უკმაყოფილო იყო, როცა ასისტენტობას ჩემ მაგივრად სხვა უწევდა.
ნანაზე მაინც ვფიქრობდი. ვერ ამოვიგდე ვერც გულიდან და ვერც გონებიდან. ახლა მიზეზი მჭირდებოდა, რომ სანახავად მივსულიყავი. თავს ვიმტვრევდი, რა მომეფიქრებინა.
ჩემდა სასიხარულოდ, აღარაფრის მოფიქრება არ დამჭირდა. სრულიად მოულოდნელად დეიდამისი დამადგა თავს, ქალბატონი კლარა. ოპერაციიდან ახალი გამოსული ვიყავი, დაღლილი და გასავათებული.
კლარას დანახვაზე თვალები გამიფართოვდა, მაშინვე ფეხზე წამოვიჭერი.
_ ჩემთან ხართ? მობრძანდით… ხომ მშვიდობაა? _ დაბნეულმა არ ვიცოდი, რა მეთქვა.
_ ბატონო ანდრია, ბოდიშს კი გიხდით, ასე რომ შემოგეჭერით, მაგრამ ისე შემაწუხეს თქვენ გამო, რომ მე თქვენი შეწუხება მომიხდა.
_ აბა, მითხარით, რა ხდება? _ ვიფიქრე, ალბათ ვიღაც მის ნაცნობს ოპერაცია სჭირდება და ამის სათქმელად მოვიდა-მეთქი.
_ ნანა ისე მოგეჩვიათ, ახლა უკვირს, სანახავად რატომ აღარ მოდისო. _ თქვა და გამომცდელი მზერა მომაპყრო, აბა, რა რეაქცია ექნება ჩემს ნათქვამზეო.
მე კი საშინელება დამემართა _ გავწითლდი… ყურებიანად. ამით გამხნევებულმა ქალმა კი გააგრძელა, _ რაც საავადმყოფოდან გამოწერეს, სულ ტირის, სიცოცხლე აღარ მინდა, თავი გარეთ არ გამომეყოფა, ვერც ვერავის შევიყვარებ და ვერც ვერასდროს გავთხოვდებიო. ჰგონია, რომ რაც თავს გადახდა, ეს ცხოვრების დასასრულია. ვერაფრით ვანუგეშე, არაფრის გაგონება არ უნდა. მეშინია, რამე არ მოუწიოს თავს. თქვენ სულ გიჯერებდათ, იქნებ ახლაც დაგიჯეროთ? გამომიჭედა ყურები თქვენზე ლაპარაკით… თუ დროს გამონახავთ… ვიცი, რომ ძალიან ცოტა თავისუფალი დრო გაქვთ, მაგრამ…
_ არა, რას ამბობთ, _ სიხარულისგან ავირიე, _ მოვალ, არ არის პრობლემა. საღამოს გამოგივლით. მესმის მისი. მას ახლა ძალიან რთული პერიოდი აქვს, რეაბილიტაცია სჭირდება.
_ არ ვიცი, რა გზას დავადგე. მე მთელი დღე სამსახურში ვარ, ეს კიდევ ზის სახლში და არსად არ გადის. ამ ზაფხულს ცხვირი არ გაუყვია გარეთ. სულ მოწყენილი იყო. რას ვიფიქრებდი, ასეთი ტკივილი თუ ჰქონდა გულში. ნეტავ მაშინვე ეთქვა, სულ ვდარდობ, რატომ არ გამენდო-მეთქი. ბოლო თვეებში ისეთი გულჩათხრობილი გახდა, ვეღარ ვცნობდი, _ ენად გაიკრიფა კლარა.
_ ქალბატონო კლარა, მოდით, ასე შევთანხმდეთ. საღამოს, შვიდის მერე მოვალ და დავილაპარაკებთ. იმედია, ვიპოვით გამოსავალს. არ ინერვიულოთ.
ერთი სიტყვით, როგორც შემეძლო, დავამშვიდე ნანას დეიდა და გავისტუმრე. მე კი სიხარულისგან აღტყინებული სამსახურში ვეღარ ვჩერდებოდი. ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა სამუშაო საათები, რომ შინ გავლა და ტანსაცმლის გამოცვლა მომესწრო. მინდოდა, კარგ ფორმაში ვენახე.
არა, მისი დავიწყება შეუძლებელი იყო. ამას ახლა უფრო ნათლად მივხვდი, როცა თვითონ მოისურვა ჩემი ნახვა და `დესპანი~ გამომიგზავნა. ესე იგი, ისიც ფიქრობს ჩემზე. თუ ასეა, უკან რატომ უნდა დავიხიო? რაც იქნება, იქნება. არ ვიცი, სადამდე მიმიყვანს ეს გზა, მაგრამ სადღაც ხომ მიმიყვანს? _ ვფიქრობდი ჩემთვის, სანამ მის ბინას მივაღწევდი.
კარი დეიდამისმა გამიღო და შინ შემიძღვა. უკვე მეორედ ვიყავი აქ და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს პირველად ვიყავი. თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინ კი არ შემიმჩნევია, რომ შემოსასვლელში უზარმაზარი სარკე ეკიდა, სადაც საკუთარ ფიგურას თავით ფეხებამდე დაინახავდი. არც წიგნებით გამოტენილი თაროები დამინახავს და არც კედელზე ჩამოკიდებული ფერწერული ტილოები, რომლებიც აშკარად დამწყები მხატვრის ნამუშევრებს ჰგავდა.
გავიარეთ სასტუმრო ოთახი და საძინებელს მივადექით. ამ ოთახში არ ვყოფილვარ. კლარამ კარი შეაღო და ანდრია მოვიდაო, ხმადაბლა თქვა. ნანა საწოლზე მიწოლილიყო, ფეხებზე თხელი პლედი ჰქონდა გადაფარებული და ხელში წიგნი ეჭირა.
_ წიგნები იცოცხლე, უყვარს, ხელიდან ვერ გააგდებინებ, _ ღიმილით მამცნო დეიდამისმა, _ მე დაგტოვებთ, ბავშვებო, და ვახშამს მოგიმზადებთ, _ ამ სიტყვებით ოთახიდან გავიდა და მარტონი დაგვტოვა.
უცნაურმა ცახცახმა ამიტანა. თითქოს პირველად დავრჩით მარტო. არ ვიცოდი, რაზე მელაპარაკა, საუბრის დაწყება გამიჭირდა.
_ როგორ ხარ? _ ნანამ თვითონ წამოიწყო.
_ მე კარგად, შენ? _ ამ ერთმა შეკითხვამ უცებ მომიხსნა დაძაბულობა.
_ რა ვიცი… როგორ უნდა ვიყო… _ და თავისი საოცარი თვალები შემომანათა.
_ როგორ და კარგად, _ რიხიანად ავლაპარაკდი, _ დაივიწყე, რაც იყო. ცხოვრება გრძელდება. ცოტა ხანში ეს ამბავი ცუდი სიზმარივით გაქრება.
_ არა, ეს ამბავი აქედან არასდროს არ გაქრება, _ შუბლზე მიიკაკუნა თითი, _ სულ იმის შიში მექნება, სადმე ოდესმე თავი არ იჩინოს.
_ ამიტომაც სულ უნდა აკონტროლო. თუმცა, არა მგონია, მთლად ასე საშიშიც არ არის. რა თქმა უნდა, თუ ნორმალურად იცხოვრებს ადამიანი.
_ შეგაწუხე, არა? _ სევდა აღებეჭდა სახეზე, _ სახლში დაგიბარე… მაგრამ ისე ცუდად ვიყავი, სრულიად მარტო რომ დავრჩი, რომ… შენი ბრალია, რატომ მიმაჩვიე ყოველდღე შენს ნახვას, _ მოულოდნელად გაიღიმა, _ მერე კი გაქრი.
ისე მსუბუქად მსაყვედურობდა, სიამოვნების ტალღამ მთელი სხეული მოიცვა. შეფარვით მესიყვარულებოდა, თან მანძილს არ ამცირებდა, რათა გაეგო, მე რა შეხედულების ვიყავი ამ საკითხზე.
_ სიმართლე გითხრა, მინდოდა მოსვლა, მაგრამ მეუხერხულა. საბაბი არ მქონდა, რომ მენახე, _ გამეცინა, _ ვიფიქრე, იქნებ არც უნდა ჩემი დანახვა-მეთქი.
_ ვითომ?
_ რა ვითომ? _ ვერ მივხვდი, რა არ მოეწონა.
_ ასე რომ იფიქრე, იმიტომ არ გამოჩნდი? მე სხვა მიზეზი მგონია.
_ რა მიზეზი?
_ თქვენ, კაცებს, იმის კი არ გჯერათ, რასაც ხედავთ, არამედ იმას ხედავთ, რისიც უკვე გჯერათ. შენს თვალში მე უკვე ხელიდან წასული გოგო ვარ, რომელთანაც ურთიერთობის გაგრძელება მიუღებელია. აბა, ჩემნაირს როგორ გამოაჩენ შენს მეგობრებთან და საერთოდ, შენს საზოგადოებაში? რას იტყვიან…
გავხევდი. თურმე რა შორს მიმავალი გეგმები ჰქონია დაწყობილი…
_ შენი აზრით, ისე ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული ჩვენს ურთიერთობას, რომ უკვე უნდა მეფიქრა იმაზე, როგორ მოვქცეულიყავი მომავალში? _ და გამჭოლი მზერა მივაპყარი.
სახეზე ალმური წაეკიდა, უხერხულობის დასაფარავად პლედის ზედაპირს ჩაებღაუჭა და წიწკნა დაუწყო.
_ ვიხუმრე… _ ჩუმად ჩაილაპარაკა და მზერა ამარიდა, _ მადლობა, რომ მოხვედი. მეტად აღარ შეგაწუხებ, _ ნირშეცვლილმა ჩაილაპარაკა და თვალები დახუჭა.
_ აი, რაღაც გეწყინა. რა გეწყინა?
_ არაფერი, რა უნდა მწყენოდა? უბრალოდ, მარტო მინდა დარჩენა. არ უნდა გამომეგზავნა დეიდაჩემი შენთან. შეცდომა დავუშვი.
_ გეყოფა! ძალიან არეულად ლაპარაკობ რაღაც, შენი ვერაფერი გამიგია. ხან ასე, ხან ისე. ჯერ მოვიდეს და მნახოსო, ახლა კი მაგდებ. მოდი, ჩამოყალიბდი, რა გინდა, კარგი?
ნეტავ არ მეთქვა. უეცრად გაფითრდა, ტუჩები მთლად გაუთეთრდა, ნიკაპი აუკანკალდა, თავისი სისუსტის დასაფარავად თავზე პლედი გადაიფარა და იქიდან გამომძახა, თუ შეიძლება, წადიო.
აბა, სადღა წავიდოდი? ახლა რომ წავსულიყავი, სამუდამოდ დავკარგავდი.
მის საწოლზე გადავჯექი და პლედი სახიდან ჩამოვუწიე.
_ მომისმინე, ნანა. მოდი, დავივიწყოთ ყველაფერი, რაც დღემდე იყო. შენ სრულფასოვანი ადამიანი ხარ, ქალი, რომელსაც არაფერი გაკლია _ არც ჭკუა, არც გონება და არც გარეგნობა. შენნაირ გოგოებს შეუძლიათ მთები გადადგან, თუკი მოისურვებენ. მონდომებაც კი არ დაგჭირდება, სურვილიც საკმარისი იქნება ამისთვის. თვითონაც მშვენივრად იცი, რომ ასეა. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას, არ ვმალავ და არც მიცდია დამალვა, რომ დანახვისთანავე მომეწონე. რა თქმა უნდა, მერე აირია სიტუაცია. ხომ გესმის… მთლად ჩემი ბრალიც არ არის, ასე რომ მოხდა, მაგრამ მე მაინც არ მიმიტოვებიხარ. ვერ გელევი და არ ვიცი, ეს რისი ბრალია. მთლად მამაკაცური სისუსტის არ უნდა იყოს, მგონი, _ გავიხუმრე, რომ ოდნავ მაინც განმემუხტა სიტუაცია.
_ შენ მხოლოდ გეცოდები და ეს გალაპარაკებს, _ ჩაიჩურჩულა და თვალებში ცრემლი გაუბრწყინდა.
_ სულაც არ მეცოდები. შესაცოდი რა გჭირს? ნუ მაბრაზებ, ძალიან გთხოვ. ხო, ვაღიარებ, რომ მომწონხარ, ბევრი მიფიქრია შენზე და ახლაც ვფიქრობ. ყოველდღე მახსოვხარ და ვერ გივიწყებ. ამის აღიარება შვებას მოგგვრის? მაგრამ არც ის მინდა, რომ გული გატკინო. მე ახლა ისეთ დღეში ვარ, რომ ვერ გადამიწყვეტია, რა გზას დავადგე. არც ის შემიძლია, ზურგი გაქციო, მაგრამ…
_ მაგრამ ჩემ გვერდით ყოფნაც გიტყდება, არა?
_ აუუუ, _ შემაწუხა მისმა ეჭვებმა, თუმცა საფუძვლიანმა, _ ეგრე ნუ ლაპარაკობ, გთხოვ. ასე მიცნობ?
_ ნებისმიერ კაცს გაუტყდებოდა ჩემნაირის გვერდით გავლა, _ ჩაიჩურჩულა და თვალებზე ხელი აიფარა.
_ ახლა გცემ, იცოდე! _ გავუჯავრდი, _ გინდა, დაგიმტკიცო, რომ სულაც არ მიტყდება? გინდა დაგიმტკიცო?
სახიდან ხელი ჩამოიღო და ცრემლიანი მზერა მომანათა.
_ გინდა, ერთად წავიდეთ დასასვენებლად? ორი-სამი კვირით სადმე გავიდეთ, კარგი?
_ რა? _ იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემი შეთავაზება, რომ დაიბნა.
_ რაც მოისმინე. მე ავიღებ შვებულებას, შენ კიდევ უნივერსიტეტიდან ბიულეტენი გააკეთე.
_ ისედაც ბიულეტენზე ვარ, თვის ბოლომდე.
_ ჰოდა, მით უკეთესი. ვუთხრათ დეიდაშენს, თუ მოეწონება ჩემი წინადადება….
_ არ ვიცი… არა მგონია…
_ მე დავარწმუნებ, შენ ნუ გეშინია. _ თვალი ჩავუკარი და წამოვდექი.
სამზარეულოდან ისეთი მადის აღმძვრელი სურნელი გამოდიოდა, ვიგრძენი, როგორ მომშიებოდა.
_ ქალბატონო კლარა… _ კარის ზღურბლთან გავჩერდი.
_ ახლავე ყველაფერი მზად იქნება, ჩემო კარგო, ორ წუთში გავშლი მაგიდას, _ ღიმილით გამომხედა ნანას დეიდამ, რომელსაც ხელში ტომატით გასვრილი სუფრის კოვზი ეჭირა, _ ოჯახურიც მზადაა და სხვა დანარჩენიც.
_ თქვენთან წინადადება მაქვს… _ გავაგრძელე.
_ რაო, გენაცვალე. ცუდი არაფერი მითხრა, ისედაც გახეთქვაზე მაქვს გული.
_ არ ვიცი, ცუდია თუ კარგი, მაგრამ მე პირადად ვფიქრობ, ძალზე დროული და საჭირო წინადადებაა.
_ აბა, გისმენ მთელი გულისყურით, _ ქალმა ტომატიანი კოვზი ცარიელ თეფშზე დადო და მაგიდას მიუჯდა.
_ კარგი იქნებოდა, ნანა სადმე დასასვენებლად გაგვეგზავნა ერთი-ორი კვირით.
_ გგონია, არ შევთავაზე, შვილო? მეხვეწებოდა ჩემი ბიძაშვილი, გამოუშვი ჩემთან ბორჯომში, შვილივით მივხედავო, მაგრამ არ ქნა. ასე წევს მთელი დღე და ზეზე არ დგება. ჭამა რომ ჭამაა, ისიც არ ახსენდება, მე თუ არ შევახსენე.
_ იცით, რა ვიფიქრე, ქალბატონო კლარა? არ ვიცი, შეიძლება ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ… მე რომ წამეყვანა სადმე…
_ როგორ? _ იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემი ნათქვამი, რომ ქალს ეგონა, მომეყურაო.
_ აი, მე რომ გავყვე თან, როგორც ექიმი… მას ახლა ზღვის აბაზანები მოუხდება, ჭრილობები ჯერაც არ არის სრულად შეხორცებული. მე… მე შვებულებით წელს არ მისარგებლია, ამიტომ შემიძლია მოვითხოვო. თქვენ ალბათ გეშინიათ, ეს ამბავი ვინმეს სალაპარაკო არ გახდეს. მაგის გარანტიას მე გაძლევთ. ჯერ ერთი, ვინ რას გაიგებს და მეორეც, მე თვითონაც არ ვარ დაინტერესებული, ვინმემ ზედმეტი ილაპარაკოს. ჩემთან წამოსვლაზე ნანა უარს არ იტყვის.
ქალი ერთხანს ყოყმანობდა. თითქოს რაღაცის აწონ-დაწონვას ცდილობდა. ვინ იცის, რამდენმა კითხვის ნიშანმა გაურბინა იმწუთას გონებაში.
_ არ ვიცი, ანდრია… მოვიფიქრებ, შვილო. ასე ხელაღებით გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდება, _ შეფიქრიანებულმა მომიგო.
_ ყოველ შემთხვევაში, ჩემი წინადადება ძალაშია და მე მზად ვარ, თუკი გადაწყვეტთ, _ მორიდებით ჩავილაპარაკე და ნანასთან შევბრუნდი.
ერთი სული ჰქონდა, რა პასუხს მივუტანდი. გაფაციცებული შემომცქეროდა.
_ მოვიფიქრებო… _ ხელები გავშალე.
_ ესე იგი, არ გამიშვებს.
_ არა, გაგიშვებს. უბრალოდ, ასე უცებ ვერ გადაწყვიტა. ვაცალოთ ცოტა, მოიფიქროს. თვითონაც მიხვდება, რომ ასე უკეთესია.
_ ანდრია… _ გაბზარული ხმით დამიძახა.
_ რა?
_ მე შენ მიყვარხარ.
გაგრძელება იქნება