გავქვავდი. ვიცოდი, რომ დღეს თუ ხვალ ამ სიტყვებს აუცილებლად მეტყოდა, მაგრამ ამწუთას ნამდვილად არ ველოდი. პასუხად რა უნდა მეთქვა? მეც მიყვარხარ-მეთქი? არ მინდოდა ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება. ჯერ ვერ გავრკვეულიყავი საკუთარ თავში, საკუთარ გრძნობებში. იყო კი ეს სიყვარული? ჯერ გაცნობიერებულიც არ მქონდა, რა სახის ურთიერთობა უნდა მქონოდა მასთან. თუ აქამდე მის ცოლობას ვგეგმავდი, მერე კი ეს გეგმა უბრალოდ, სექსუალურმა ლტოლვამ შეცვალა, ახლა სრულიად სხვა გრძნობას შევეპყარი. არც სექსი მინდოდა მასთან, არც მისი დაუფლების ჟინი მკლავდა, კოცნა რომ კოცნაა, ისიც არ მიზიდავდა, მაგრამ მაინც მინდოდა, გვერდით მყოლოდა. ალბათ პროფესიული მიდგომა უფრო ერქვა ამ ყველაფერს, ვიდრე ნდომა ან სიყვარული. თითქოს სანატორიუმის ექიმი ვიყავი, რომელიც ცდილობს, მომაკვდავებს ბოლო დღეები შეუმსუბუქოს, დაახლოებით ასეთი გრძნობით ვიყავი განმსჭვალული. დარწმუნებული ვიყავი, რომ ნანას ცხოვრების ხალისს გავუღვიძებდი და კვლავ მოვაბრუნებდი ამ ქვეყნისკენ.
ისე ვივახშმეთ, საუბარი ვერ ავაწყვეთ. თითქოს სამივენი რაღაცამ დაგვაბნია. იმის თქმაც ვერ მოვახერხე, აღმენიშნა, რა გემრიელი იყო ყველაფერი. მართლაც, ასეთი სიამოვნებით კარგა ხანია, არ მივახშმია.
გვიანობამდე დავრჩი. ჯერ სამივემ ერთად ვილაპარაკეთ, მერე მე და ნანა განვმარტოვდით მისსავე საძინებელში და საწოლზე მიწოლილები ისე შინაურულად ვსაუბრობდით ერთმანეთში, თითქოს ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით. რაღაცები გავიხსენე ჩემი საექიმო პრაქტიკიდან. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი კურიოზი მექნებოდა ცხოვრებაში ჩემი პროფილის გადამკიდე. ის კი კისკისებდა და კისკისებდა. რაც გამოწერეს მას შემდეგ პირველად ვხედავდი ასე გაცინებულს, ღიმილიც კი უცხო ხილი გახდა მის სახეზე.
პირველი ხდებოდა, რომ წამოვედი. არ კი მინდოდა, მაგრამ არც დარჩენა გამოდიოდა. ვერ ველეოდი. რაც დრო გადიოდა, მით უფრო მინდოდა, სულ ერთად ვყოფილიყავით. ახლა იმასღა ვნატრობდი, დეიდამისს ხელი შეეწყო ჩვენთვის, დროზე მოეფიქრებინა პასუხი და მე და ნანა თბილისს გავცლოდით.
ჩემდა გასაკვირად, ქალბატონმა კლარამ იმაზე ადრე მიიღო გადაწყვეტილება, ვიდრე ველოდი. მეორე საღამოსვე, როგორც კი მათთან გავედი და ჰოლში შევაბიჯე, ქალბატონმა კლარამ გამარჯობის ნაცვლად, მე თანახმა ვარო, შემომაგება.
სასიამოვნო მოულოდნელობისგან ლამის შევხტი. ვერაფრით ვერ შევძელი სიხარულის დამალვა. კლარას მივვარდი, ხელები მოვხვიე, ვაკოცე და ვუჩურჩულე:
_ მე თქვენ იმედებს არ გაგიცრუებთ, ქალბატონო!
მეორე დღესვე დავტრიალდი. გადავრეკე, გადმოვრეკე, ბათუმში ნაცნობი გამოვნახე, სასტუმროში ნომერი დავიბევე, ფული გადავრიცხე და როცა ყველაფერი მოვაგვარე, ნანას ვესტუმრე, რომ მეთქვა, ორ დღეში ქალაქიდან გავდივართ-მეთქი.
ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი და დაუვიწყარი დღეები იწყებოდა. ამას უკვე ვგრძნობდი.
ცხრა დღე დავრჩით ბათუმში. მაშინ სადღა იყო ისე, ახლა როგორცაა _ ყოველი ფეხის ნაბიჯზე რომ სასტუმრო შეგხვდება. თანაც ხავერდოვან სეზონზე ყოველთვის გადაჭედილი იყო ბათუმი რუსი დამსვენებლებით.
როცა ორადგილიან ნომერში ავედით და ნანამ გაიგო, რომ ერთად უნდა გვეცხოვრა, შიშისგან ტუჩები გაუფითრდა.
_ ნუ გეშინია, არაფერს არ გიპირებ. უბრალოდ, ესეც ძლივს ვიშოვე, გესმის? საერთოდ არ შეგეხები. შენ შენთვის იქნები, მე ჩემთვის. პირობას გაძლევ.
_ მაგის სულაც არ მეშინია, _ მშვიდად მომიგო და თვალი თვალში ურცხვად გამიყარა.
აი, თურმე რა ყოფილა! მას მხოლოდ იმის ეშინოდა, თუ ერთად დავწვებოდით და სექსი გვექნებოდა, მისი სენი მეც არ გადამდებოდა. გამეცინა. ხელი წავავლე და საწოლზე დავსვი. დავუწყე ახსნა, რომ არც ისეთი პატარა გოგოა, ასეთი რამეები არ ესმოდეს. რომ საშიშროებამ უკვე ჩაიარა, მისი სისხლი გაწმენდილია, თუ მთლიანად არა, მაქსიმალურად მაინც. მთავარია, ფრთხილად იყოს. სასურველია, სამი წელი შვილი არ გააჩინოს და მამაკაცები ხშირად არ იცვალოს. ბოლო გაფრთხილებაზე გავიცინე, რომ სერიოზულად არ მიეღო.
თავი უსიტყვოდ დამიქნია, მაგრამ მის თვალებში შიში მაინც შიშად დარჩა. არ ვიცი, რისი იყო შიში, რომელსაც ხელში ჰყავდა გამომწყვდეული _ მამაკაცების, საზოგადოებრივი აზრის, ცრურწმენების, სიყვარულის, გასაჭირის, სიმარტოვის თუ ერთფეროვნების… შეიძლება ყველაფრის ერთად. მინდოდა, გამემხნევებინა. ვეუბნებოდი, რომ იგი უკვე აღარ იყო მარტო, რომ მე მის გვერდით ვიყავი და არასდროს მივატოვებდი. ვუმტკიცებდი, რომ ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის და მისი გულისთვის ყველაფერს გავაკეთებდი.
კარგა ხანს მისმინა. მერე მოულოდნელად კისერზე მომხვია ორივე ხელი, ყელი ყელზე გადამაჭდო და სულისშემძვრელი ხმით ზედ ყურთან დაიწყო გოდება:
_ არასდროს არ გამიშვა ხელი, ანდრია, არასდროს, კარგი?
და პირველად ვაკოცე. ისე ვცახცახებდი, თითქოს ქალისთვის ჯერ არ მეკოცნა. რამდენი მიოცნებია ამ ტუჩებზე, რამდენჯერ წარმომიდგენია, როგორ ვაკოცებდი. ახლა კი… არ ვიცი, თითქოს ისე არ გამომდიოდა, როგორც უნდა გამომსვლოდა. რაღაცნაირად ვფრთხილობდი. ალბათ უფრო იმიტომ, რომ არ დამეფრთხო. ერთი ზედმეტი მოძრაობა და მორჩა, შეიძლება მერე საერთოდ აღარ გავეკარებინე ახლოს. ამიტომ მხოლოდ ნაზი მოფერებით და კოცნით შემოვიფარგლე. მერე ბევრი საალერსო სიტყვა ვუთხარი და შუბლზე ვაკოცე. გამუდმებით მოლოდინში ვიყავი, როდის მკითხავდა, გიყვარვარ თუ არაო, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, არც უკითხავს და არც მზერაში ჩასდგომია მსგავსი შეკითხვა. იქნებ იცოდა, რასაც ვუპასუხებდი და სწორედ ამ პასუხის ეშინოდა? მინდოდა, რომ ასე არ ყოფილიყო. ძალიან მეწყინებოდა, თუ იფიქრებდა, რომ არ მიყვარდა. ეს ხომ ტყუილი იყო. მე მიყვარდა, გულწრფელად მიყვარდა, შეიძლება სიცოცხლეზე მეტადაც მიყვარდა… ან… არ ვიცი. მაგრამ რომ მიყვარდა, ეს ნამდვილად ვიცი. თუმცა, ამაში გამოტყდომას ჯერ ვერ ვბედავდი. თუ სიყვარულს ავუხსნიდი, მაშინ იმედიც უნდა მიმეცა, რომ ცოლად შევირთავდი. ამის გაკეთებას კი არ ვაპირებდი. ერთადერთი, რასაც მისი გულისთვის ვერ გავაკეთებდი, მხოლოდ ეს იყო. ამის თქმა კი მიმძიმდა. ჩემი მდგომარეობის ადამიანისთვის საზოგადოებრივ აზრს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ აზრის გაუთვალისწინებლად საბჭოთა პერიოდში კარიერას ვერ გაიკეთებდი, ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწევდი წინ. თუმცა, იმედს ვიტოვებდი, რომ დროთა განმავლობაში რაღაცები შეიცვლებოდა, ადამიანებს დაავიწყდებოდათ ნანას პრობლემები და ყველაფერი დალაგდებოდა. მაშინ შეიძლება შემეცვალა აზრი და…
მაგრამ ეგ ძალიან შორეული მომავლის პერსპექტივა იყო. მე კი ახლა მხოლოდ ამ წუთებით უნდა დავმტკბარიყავი, მხოლოდ დღევანდელი დღით უნდა მეცხოვრა და ხვალეზე არ მეფიქრა.
იმ დღეს ნომრიდან არ გავსულვართ. ერთმანეთს ჩავეხუტეთ და გემრიელად გამოვიძინეთ…
ღამე უკვე შემოპარულიყო, როცა გამეღვიძა. ნანას ჯერ ისევ ეძინა. ფრთხილად მოვაშორე ჩემი ხელი, რომელზეც თავი ედო და აივანზე გავედი.
აქედან ზღვა ხელისგულივით მოჩანდა, მთვარის შუქზე ვერცხლისფრად ლაპლაპებდნენ ცივი ტალღები. სასიამოვნოდ ისმოდა ტალღების ტლაშუნის ხმა, თითქოს ვიღაც გასაფენ სარეცხს ფერთხავსო. დაკვირვებიხართ ოდესმე ამ ხმას? იგი ძალიან წააგავს ზღვის ტალღის ხმას, ნაპირს რომ მოასკდება ხოლმე.
ზღვასთან საოცარი ასოციაციები მაკავშირებს. ამის ორი სიტყვით ახსნა შეუძლებელია. ყოველთვის ასე იყო იმ დღიდან, როცა ზღვა პირველად ვნახე. ეს კი მოზარდობაში მოხდა, როცა მეგობარ ბიჭებთან ერთად სოხუმში გავიპარე. ო, იქ სულ სხვანაირი იყო ზღვაც, ჰაერიც და მიწაც. იქაურობა უცხო პლანეტას ჰგავდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემში ძალზე ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს სადღაც ტროპიკებში ამოვყავი თავი, აი, ფილმებში რომ მენახა ან რომანებში წამეკითხა.
მაგრამ ეს მხოლოდ ბავშვური შთაბეჭდილება იყო და იმიტომაც მეჩვენებოდა ასე გამძაფრებულად, რასაც გვიან მივხვდი, როცა მიუწვდომელი თითქმის აღარაფერი დამრჩა _ ახალგაზრდა კაცს ზღვაზეც თავისუფლად შემეძლო წასვლა, მთაშიც და ოკეანეზეც, თანაც _ სადაც გამიხარდებოდა, რომელ ქვეყანაშიც. ოცდაათი წლის ასაკში ჩემს ოცნებებს მსგავსი ნატვრები გამოაკლდა.
მიუხედავად ამისა, ზღვა მაინც განსაკუთრებულად ჩამრჩა გულსა და გონებაში. თითქოს იმ ქალივით იყო, რომელიც გიყვარს, გეფლირტავება, ახლოსაც გიშვებს, მაგრამ შენი ვერასდროს გახდება და მხოლოდ შორიდან ეტრფი…
კარგა ხანს ვიჯექი აივანზე და შორეთს გავყურებდი, თუმცა უკვე აღარაფერი ჩანდა. ზღვა კარგა ხანია, ფანჯრებს მოშორდა და ჰორიზონტში ჩაიკარგა, რადგან მთვარე ღრუბლებმა ჩაითრია და ზღვაც თან გაიყოლა.
მოულოდნელად ზურგიდან თბილი მკლავები ჩამომისრიალდა მკერდზე, თითქოს ჩანჩქერი კლდიდან გადმოვარდაო. ნეტარად ამოვიგმინე და თვალები მივლულე.
_ შენ ჩემი სევდის სამეფოს პრინცი ხარ, თეთრ რაშზე ამხედრებული, _ მიჩურჩულა გახურებული ტუჩებით და ამონასუნთქი ჰაერის ცხელი ნაკადი სახეზე შემომაფრქვია, _ და მინდა, რომ მეთეთრრაშო, ახლავე, ამწუთას!
როგორ მინდოდა, თავი შემეკავებინა, ყველანაირად ვცდილობდი.
_ ამწუთას აუცილებელია? ცოტა ხომ არ გადაგვედო გაგიჟების წუთები?
_ ამ წუთებში ჩემთვის მხოლოდ ამ წუთებს აქვს მნიშვნელობა, _ გახელებულმა ჩამჩურჩულა და გამშორდა. მეტის მოთმენა შეუძლებელი იყო. ისე გამახელა, ამწუთას მართლაც სიგიჟე ვიყავი, რომელიც უარესად გაგიჟდა. საძინებლის კართან დავეწიე და ქორივით დავაცხრი თავს.
ყველაფერი მოულოდნელად და უცებ მოხდა. წამითაც არ მიფიქრია იმაზე, რომ ნანასთვის ეს პირველი სექსი იყო, ამიტომ ცოტათი მაინც მოვფრთხილებოდი, უხეშობა არ გამომეჩინა და ნაზად მოვპყრობოდი. არც იმაზე მიფიქრია, რომ მაქსიმალურად დავმტკბარიყავი მისი სხეულით და გამესიგრძეგანებინა, რა განძის მფლობელიც ვხდებოდი. არაფერზეც არ მიფიქრია. გიჟი ვიყავი და სიგიჟეს ჩავდიოდი. ჟინმორეული მხოლოდ იმას ველტვოდი, რომ გახელებული ვნება დამეოკებინა, დანარჩენზე აღარ ვფიქრობდი. არც იმაზე, თავად ნანა რას ფიქრობდა ამ წუთებში…
მერე დიდხანს ვიწექით ერთმანეთში გადახლართულები. ნანა ჩემი თმის ღერებს წიწკნიდა და ჭერს შეჰყურებდა, მე მის ძუძუზე მქონდა ლოყა დადებული და გატრუნული სიამოვნებას მივცემოდი. თმაზე მოფერება ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესი იყო.
იმ ღამემ ასე, მდუმარებაში ჩაიარა. კი მრცხვენოდა, ცხოველივით რომ ვეცი და აღარაფერზე ვიფიქრე, მაგრამ თავის მართლებას ხომ არ მოვყვებოდი? არც იყო საჭირო. ვიცოდი, როგორ უნდა გამომესწორებინა მდგომარეობა და ამ საქმეს მეორე დილიდანვე შევუდექი…
ზღაპრული დღეების მთელი წყება დაგვიდგა. ზღვაზე გასასვლელად თითქმის არ გვქონდა დრო. დღისა და ღამის ორ მესამედს საწოლში ვატარებდით. არ შეიძლებოდა მასთან მოგბეზრებოდა. ორპირ ქარში დანთებული ცეცხლივით იყო, რაც უფრო ეხებოდი, მით უფრო გიზგიზებდა. რამდენიმე დღეში ისე გაიწაფა ლოგინში, გეგონებოდათ, ამ საქმისთვის არის დაბადებულიო. არც ჭამა გვახსოვდა, არც სმა. საღამოობით თუ გავიდოდით სანაპიროზე, დაღლილები და მოთენთილები. როგორც კი მთვარე ამოცურდებოდა, მაშინვე ნომერში გამოვრბოდით.
მიყოლებით ამდენი დღე, დიდი ხანია, თავი ასე კარგად არ მიგრძნია. ნანა ყველანაირად მავსებდა. არა და არ მბეზრდებოდა მის გვერდით ყოფნა, მისი სიცილი, მისი სევდა, მისი ღიმილი… ყველაფერი მსიამოვნებდა და მინდოდა, სულ მქონოდა, არასდროს გამომლეოდა. იმდენად კარგად ვიყავი მასთან, ისიც კი ვიფიქრე, ხომ არ მივატოვო აქაურობა და რუსეთში ან სადმე ხომ არ გადავიხვეწო, სადაც არავინ გვიცნობს-მეთქი… მაგრამ ვერ გავრისკე… შემეშინდა… ცხოვრებისეული სიძნელეების შემეშინდა. უცხო გარემოსთან შეგუების… კარიერის ვერაწყობის… ერთი სიტყვით, მამაკაცური სისუსტეები ერთიანად მომეძალა.
არადა, მის გარეშე ერთი დღეც ვერ წარმომედგინა. სულ იმაზე ვფიქრობდი, თბილისში რომ ჩავიდოდით, როგორ უნდა მომეთმინა მისი უნახაობა? და რადგან საშველს ვერ ვხედავდი, ისევ და ისევ თავდავიწყებაში ვპოვე შველა.
თუმცა, მთავარი ის იყო, რომ ნანას სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა. ისეთი მხიარული და ხალისიანი იყო, როგორიც არასდროს მენახა. და ეს მისი ბუნებრივი სიხალისე საოცრად გადამდები იყო. არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ყოველდღე ახალ და ახალ აღმოჩენებს ვაკეთებდი. ისე მაკვირვებდა თავისი საოცარი თვისებებით, რომ აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. სწორედ ისეთი იყო, როგორიც ჩემს დალიანდაგებულ ცხოვრებას სჭირდებოდა, უფრო სწორად, მუხტი _ ამ ლიანდაგებზე მირახრახე ჩემი სიცოცხლის ბორბლებს რომ გაასრიალებდა.
ერთხელ, ღამით, სანაპიროდან რომ ვბრუნდებოდით, ჩვეულებრისამებრ, ვიწრო ქუჩაზე შევუხვიეთ, სადაც ლამპიონების განათება არ იყო და სიბნელეში გვიხდებოდა გავლა. ეს ქუჩა სასტიკად არ უყვარდა, სულ იმის შიში ჰქონდა, ვინმე არ ჩაგვისაფრდეს და გაძარცვის მიზნით რამე საშინელება არ დაგვმართოსო, ამიტომ გასუსული მომყვებოდა ხოლმე გვერდით და ისე მძლავრად იყო ჩემს ხელს ჩაჭიდებული, თითქოს ეშინია, არ წაიქცესო. ჰოდა, იმ ღამეს ენა არ გაუჩერებია. ფრთხილად მოვაბიჯებდით ქუჩაში, ირგვლივ ისეთი წკვარამი იდგა, თვალთან თითს ვერ მიიტანდი წესიერად, ის კი ტიტინებდა და არ ჩერდებოდა.
_ ანრი, იცი რა? _ გაჩერდა უცებ და ხელზე ხელი მომიჭირა.
_ რა?
_ ხედავ, როგორ ბნელა? ახლა მე და შენ მხოლოდ ხმები ვართ, _ ჩუმად დააყოლა, _ უსხეულო ხმები.
შემაჟრჟოლა, რამ მოაფიქრა ამისთანა რამე-მეთქი. გულში ჩავიხუტე და თვალებში რომ ჩავხედე, ხმამაღლა ვუთხარი:
_ მე შენს თვალებს ვხედავ, მაშასადამე, მხოლოდ ხმები არ ვართ!
ორივეს გაგვეცინა…
გაგრძელება იქნება