ვერიკო ტურაშვილი უკვე მრავალი წელია, ქართველი მსმენელისთვის საყვარელი სახეა. ის ადრე ტელეეკრანებზეც ხშირად ჩანდა, სტუმრობდა სხვადასხვა პოპულარულ გადაცემასა თუ შოუს, ახლა კი კარიერაში მცირე პაუზა აქვს, თუმცა დაბრუნებას დიდი სიახლეებით აპირებს.
პროფესიული საქმიანობის მიღმა, ვერიკო ტურაშვილის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მისი ოჯახი და შვილებია. მას ორი ქალიშვილი, ლიზა და ნატაშკა ჰყავს. ლიზა უკვე 21 წლისაა, ნატაშკა კი - 10 და ჯერ სკოლაში სწავლობს. შვილების შესახებ ვერიკო ტურაშვილმა"რადიო ფორტუნასთან" ისაუბრა:
ვერიკო ტურაშვილი ოჯახსა და შვილებზე
"მიუხედავად იმისა, რომ ასაკით პატარა ვიყავი, როცა ლიზა შემეძინა, უფრო მეტ სიმკაცრეს ვიჩენდი. მაგალითად, დავამთავრებინე მუსიკალური სასწავლებელი, მიუხედავად იმისა, რომ მე უფრო მინდოდა ეს, ვიდრე მას. ნატაშკასთან არ მოვეშვი, მაგრამ უფრო მეტად ვუსმენ, მას რა სურს… ჩვენს სახლშიც დედაც მე ვარ და მამაც, ყველაფერს მე ვაკონტროლებ, ლიზა უკვე დიდი გოგოა და დამოუკიდებელია. ლიზა არის გონიერი ადამიანი, მასთან რაღაცების არ მეშინია. მასთან უფრო მოვეშვი, სიმკაცრის ელემენტები შეიძლება მქონდეს, მაგრამ არა დიდი დოზით.
ჩვენი პროფესია დიდ ენერგიასა და დროს მოითხოვს, მაქსიმალურად ვცდილობდი და დღესაც ვცდილობ, რომ ბოლომდე ვიყო ჩართული შვილების ცხოვრებაში. სასაცილო იქნება იმის თქმა, რომ ყველაფერი იდეალურად გავაკეთე, მაგრამ მგონია, მაქსიმუმი შევძელი.
ამაზე ვიცინი ხოლმე, რაც უფრო ბევრი საქმე მაქვს, მით უფრო ბევრს ვასწრებ, მეტად პროდუქტიული ვარ, მეტის გაკეთების ინსპირაცია მაქვს, ვალაგებ ყველაფერს ისე, როგორც საჭიროა", - ამბობს მომღერალი.