ბოლო დღეს ყველაზე მეტად გაგვიჭირდა. წამოსვლა არც ერთს არ გვინდოდა. ისე ჩამოვაღწიეთ თბილისში, არც კი გვილაპარაკია გზაში ერთმანეთთან. ავტოვაგზალზე კლარა დაგვხვდა, დეიდამისი. გაოცებული მისჩერებოდა თავის დისშვილს, იმდენად შეცვლილი ეჩვენა. ნანა მართლაც საოცრად გადასხვაფერებულიყო ამ დღეებში, თითქოს ბრწყინავდა. დეიდამისს თქმით არაფერი უთქვამს, მაგრამ აშკარა იყო, მიხვდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ნანას ასეთი ცვლილების მიზეზი.
_ იმედია, ეს დასვენება სანანებლად არ გაუხდება, _ გადმომიკრა სიტყვა.
_ იმედია… _ მხრები ავიჩეჩე, რითაც ვაგრძნობინე, მე ყველაფერი სწორად გავაკეთე-მეთქი.
_ დიდი მადლობა, ანდრია. შენ რომ არა, არ ვიცი, ამას რა ეშველებოდა, _ კლარამ გადამკოცნა და დეიდა და დისშვილი ტაქსიში ჩასხდნენ.
როგორც კი წავიდნენ, გულში ეგრევე სუსხი შემომეპარა. თურმე როგორ მათბობდა… თურმე როგორ მავსებდა… მოულოდნელად თითქოს რაღაც გატკაცუნდა გონებაში, თითქოს რომელიღაც კუნჭული განათდა… და მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე ფეთქებადი, ყველაზე მასშტაბური მსხვრევის პერიოდი იწყებოდა.
იქ, სადღაც, გულის რომელიღაც ჯერაც უღრან ტყესავით გაუვალ კუნჭულში, ბევრ ტკივილსა და მწუხარებას რომ უპოვია სავანე, ახალმა განცდამ დაიდო ბინა, _ რაღაცის დაკარგვის მოლოდინმა, რაღაც ძალიან ძვირფასის დაკარგვის მოლოდინმა… და ამ განცდამ ძალიან შემაშინა…
ნანა ხომ ისედაც აყვანილი ჰყავდა შიშს… საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ჩვენ ორივეს გვეშინოდა… ერთმანეთის დაკარგვის…
ცუდია, როცა მშობლებიც გავლენიანი გყავს ადამიანს. დედა _ პროფესორი, მამა _ პროფესორი, ბებია _ მეცნიერებათა დოქტორი. ერთი სიტყვით, სახლში კრინტს ვერ დავძრავდი ჩემს პირად ცხოვრებაზე, აუცილებლად საბედისწერო სამსჯავროს გავლა მომიწევდა.
ამიტომ ჩუმად გადავწყვიტე ყველაფრის მოგვარება. პირველ რიგში, ბინის საკითხი უნდა გამერკვია, სად შევხვდებოდით მე და ნანა ერთმანეთს. სად და ბებიაჩემის ბინაში, ვერაზე, რომელიც ამჟამად გაქირავებული იყო და ბინის ქირას მე, თქვენი მონა-მორჩილი, ვიღებდი, როგორც სანიმუშო შვილი და შვილიშვილი. ბებიამ, აბაშიძის ქალმა, როგორც კი მუშაობა დავიწყე, დედაჩემს გამოუცხადა, თქვენთან გადმოვდივარ საცხოვრებლად, სულ ფეხზე მკიდია, ჩემი სიძე ამ ამბავს როგორ შეხვდება, ჩემი ბინა უნდა გავაქირაო და მაგ თანხით ანდრიას გვერდით დავუდგეო. ბებიაზე უკვე მოგიყევით, როგორი ქალიც ბრძანდებოდა და ის რომ რამეს იტყოდა, ვიღას ჰქონდა ორი თავი, შეწინააღმდეგებოდა? ან კი რატომ უნდა შეწინააღმდეგებოდნენ? მამაჩემს ძალიანაც უყვარდა სიდედრი, სიდედრსაც მოსწონდა ნახევრად თავადი და ნახევრად აზნაური სიძე, ამიტომ ერთად ცხოვრება ოჯახის არც ერთ წევრს უსიამოვნებას არ უქადდა.
ჰოდა, სწორედ ეს ბინა ამოვიღე მიზანში. ჩამოვედი თუ არა, იმ საღამოსვე ვესტუმრე მდგმურს, მარტოხელა კაცს, რომელიც ელმავალმშენებელ ქარხანაში მუშაობდა და ვთხოვე, ბინა დამიცალე, საცხოვრებლად უნდა გადმოვიდე-მეთქი. მაშინვე დამთანხმდა, მეც მაწყობს, ბარემ გადავალ თემქაზე, სამსახურთანაც ახლოს ვიქნებიო.
რამდენიმე დღეში მართლაც გადავიდა და დამრჩა ბურთი და მოედანი მე. სახლში არაფერი მითქვამს. არც იყო საჭირო. ისინი ვერასდროს გაიგებდნენ, მე ბინა გაქირავებული მქონდა თუ გასაქირავებელი. ფულს ხომ მაინც მე ვიღებდი. მართალია, ორასი მანეთი დამაკლდებოდა, მაგრამ აღარ ვჩიოდი, სამაგიეროდ, სხვა, უფრო სასიამოვნო რამეს ვიძენდი.
ასე რომ, მე და ნანამ ამ ბინაში გავაგრძელეთ შეხვედრები. ღამით არ ვრჩებოდით. ჯერ ერთი, კლარას განაწყენება არ გვიღირდა და მეორეც, არც მე მინდოდა ჩემებს რამეზე ეჭვი აეღოთ.
ყველაფერი ისე მიდიოდა, უკეთესს რომ ვერ ვინატრებდი. ნანას არასდროს უკითხავს ჩემთვის, მიყვარდა თუ არა და არც მე ამიხსნია მისთვის სიყვარული. მაგრამ იყო კი საჭირო? ერთმანეთან ურთიერთობისას ისედაც ნათელი იყო, რომ მიყვარდა. მიყვარდა კი არა, მისით ვსუნთქავდი. ის ჩემი სიცოცხლის ელექსირი იყო, რომლის გარეშეც ვერ ვიარსებებდი. თვითონ დღე არ გავიდოდა, არ ეთქვა, მიყვარხარო. დილა ამ სიტყვით იწყებოდა და ღამეც ამ სიტყვით დგებოდა. ხანდახან უხერხულად ვგრძნობდი თავს, საპასუხო `მეც მიყვარხარ-ს~ რომ ვერ ვიმეტებდი, ამიტომ იძულებული ვიყავი, `მეც, მეც~ მაინც შემეგებებინა მისი სასიყვარულო სიტყვიერი გზავნილისთვის.
ასე გადიოდა დღეები, თვეები, წლები…
სამი წელი გავატარეთ ერთად. სამი ულამაზესი, უბედნიერესი და უნეტარესი წელი. სამი წელი უკანონო ცოლ-ქმარივით ვცხოვრობდით _ ხელის მოწერის გარეშე, მაგრამ სინამდვილეში უფრო მეტი ვიყავით ერთმანეთისთვის, ვიდრე ცოლი და ქმარი.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყველაფერს აქვს დასასრული, ისევე როგორც დასაწყისი.
ურთიერთობის ზუსტად იმ ეტაპს მივაღწიეთ, როცა გგონია, რომ ყველაფერი იცი იმ ადამიანზე, ვისთანაც ცხოვრობ. თურმე, როგორც კი ამას გაიფიქრებ, უნდა ჩათვალო, რომ ეს სიყვარულის დასასრულს ნიშნავს. სად იწყება ტყუილი? სწორედ იქ და მაშინ, სადაც და როცა თავს ვარწმუნებთ, რომ ერთმანეთის ყველა საიდუმლო ვიცით და დამალული არაფერი გვაქვს. არ დაიჯეროთ! ყველა ადამიანს აქვს თავისი ქვესამყარო, სადაც პატარა-პატარა საიდუმლოებებს ინახავს. მათ დასაცავად კი ტყუილს იყენებ.
ინსტიტუტი რომ დაამთავრა, ბოლო გამოცდაზე ვერ წავყევი, სერიოზული ოპერაცია მქონდა იმ დღეს. მერე საღამომდე ველოდე ბინაში, პატარა სუფრა გავშალე, ერთად აღვნიშნავთ უმაღლესის დამთავრებას-მეთქი და არ მოვიდა. საღამოს წამოვედი. ერთი ცალი შავი ვარდი, რომელიც სანაგებოდ მისთვის ვიყიდე, წყლიან ვედროში ჩავდე და ჰოლში ისეთ ადგილას დავდე, სარკმლიდან რომ შემოიხედავდა, დაენახა.
ის ღამე კოშმარად მექცა, ძალიან გავბრაზდი, მაგრამ მეორე დღეს ისე მელაპარაკა, დავთმე. ჯგუფელებმა გადავწყვიტეთ, ინსტიტუტის დამთავრება ერთად აღგვენიშნა და უარი ვერ ვუთხარიო. ორი ლექტორიც წაუყვანიათ თან. არადა, ერთ ლექტორს რომ მოსწონდა და მასზე მზე და მთვარე ამოსდიოდა, ეგეც ნათქვამი ჰქონდა. რა მექნა? მეეჭვიანა? რას მოვიგებდი? ვერაფერს. თვითონ კი მიმტკიცებდა, უბრალოდ, ვგრძნობ, რომ მოვწონვარ, მაგრამ სიტყვაც არ უთქვამს არასდროსო, მაგრამ როგორ დამეჯერებინა? მით უფრო ახლა, როცა სტუდენტი აღარ იყო და იმ ლექტორს მასთან თავისუფლად შეეძლო ურთიერთობის აწყობა?
ერთი სიტყვით, ეს ამბავი ისე ჩამთავრდა, ვერაფერი დავაცდენინე და მეც დავმშვიდდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ვუყვარდი და სხვისკენ აღარ გაიხედავდა.
ერთ დღესაც ისეთი დაღვრემილი მოვიდა, დანა პირს არ უხსნიდა.
რა მოგივიდა-მეთქი, დავეტაკე. კარგა ხანს, არაფერი, არაფერიო, კრინტი ვერ დავაძვრევინე. როგორც იქნა, ბოლოს ამოღერღა, ორსულად ვარო.
ელდა მეცა. საიდან, როგორ? პრეზერვატივის გარეშე არც ერთხელ არ მივკარებივარ. დარწმუნებული ხარ-მეთქი?
_ პრეზერვატივი ყოველთვის როდია სანდო, იქაც ხდება გარღვევები. _ ისეთი ბრძნული კილოთი თქვა, თითქოს დისერტაცია ჰქონოდა ამ თემაზე დაცული.
დავმუნჯდი. არ მჯერა-მეთქი, ხომ არ ვეტყოდი? ამით სამუდამოდ დავკარგავდი. ჩემი გონება ისე ნელა აზროვნებდა, ვერ ვსაზღვრავდი, რა შეკითხვა უნდა დამესვა. თუმცა, გონებამ ზანტად, მაგრამ მაინც შენიშნა, რომ ნანა ჩემგან სათანადო შეკითხვას ელოდა და სწორედ ამ შეკითხვაზე იყო დამოკიდებული, როგორ განვითარდებოდა მოვლენები.
_ ახლა რას აპირებ? _ `შუალედური~ შეკითხვა დავსვი.
_ მე თუ შენ? _ მრავალმნიშვნელოვანი მზერით გადმომხედა.
_ მე რა… მე უნდა გადავწყვიტო?
_ აბა მე?
ჩავახველე. პაუზა ძალიან გაიწელა.
_ ნან, იცი რა? იქნებ ჯერ მოგვეცადა? სანამ მყარად დავდგებით ფეხზე…
_ ჰო, რა თქმა უნდა, ეგ მეც ვიფიქრე… _ სხარტად მომიგო.
გული მომეცა და მეტი თავდაჯერებით გავაგრძელე:
_ ჰოდა, გაჩენას მერეც მოასწრებ, სადმე გავრბივართ? ბავშვი კარგია, მაგრამ…
_ მაგრამ შენ არ გჭირდება, _ `ამართვა~ წინადადება და ირონიულად დაასრულა.
_ მე… არა, რატომ მე… ძალიანაც მჭირდება, უბრალოდ… _ რა საშინელება იყო, თავს ვერ ვაბამდი ვერც ერთ წინადადებას. განა ბავშვის გაჩენის წინააღმდეგი ვიყავი, მას რომ ცოლად ვერ შევირთავდი, ეს მადარდებდა და ამას ვერ ვეუბნებოდი, თორემ რომ მცოდნოდა, ხელის მოწერის გარეშეც გააჩენდა შვილს, ეგრევე დავთანხმდებოდი.
უცებ ხმამაღლა გაიცინა.
_ მოგატყუე, ანრი, არ ვარ ორსულად.
იმდენად მოულოდნელი იყო მისი აღიარება, რომ წამოვენთე.
_ კი მაგრამ, რაში დაგჭირდა ასეთი საშინელი სცენის გათამაშება?
_ არც არაფერში…. _ მხრები უდარდელად აიჩეჩა, _ ისედაც ვიცოდი, რაც მოხდებოდა… _ ამ სიტყვებით ჩანთას ხელი დაავლო, კარი გაიხურა და ხვალამდეეეეო, გაწელილად მომაძახა…
იმ დღიდან ყველაფერი აირია. ნათელი იყო, რატომაც მომატყუა. შემამოწმა, ვაპირებდი თუ არა მის ცოლად შერთვას და როცა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ეს ჩემს გეგმებში არ შედიოდა, ტაქტიკა შეცვალა. პაემანზე ხან მოდიოდა, ხან არა. როცა ვერ მოდიოდა, არ მაფრთხილებდა და არც ახსნა-განმარტებას იძლეოდა, რატომ ვერ მოვიდა. თავიდან ვიფიქრე, ალბათ ცდილობს, მაეჭვიანოს-მეთქი, ამიტომ მსუბუქად ვსაყვედურობდი, როცა ვერ ახერხებ გამოსვლას, იქნებ გამაგებინო, რომ არ გელოდო-მეთქი. წინასწარ მეც არ ვიცი, როდის როგორ მომიხერხდებაო, მარტივი პასუხი გამცა.
მერე დასასვენებლად გაემგზავრა… უჩემოდ. ნათესავებთან ერთად მივდივარ და სხვანაირად არ გამოვაო. ამაზეც დავხუჭე თვალი. მეც ავიღე შვებულება და ბორჯომში, ჩემს ჯგუფელებს ვეწვიე.
მთაში დასვენებას მაინც სხვა ეშხი აქვს, თითქოს უფრო კაჟდები, სულ სხვა ენერგიით ივსები, ვიდრე ზღვაზე. ზღვა უფრო რომანტიკული დასვენებისთვისაა კარგი, მთა კი შენი ძალების გამოსაცდელად. მოიკიდებ ზურგჩანთას, შეუდგები ბილიკს და ადიხარ თითქოს უსასრულობაში. იღლები, ქოშინებ, მაგრამ მაინც არ იხევ უკან, ვინმემ სისუსტე რომ არ დაგწამოს.
მართლაც ბევრი ვიხეტიალე. ბორჯომის ხეობა ულამაზესია. მართალია, შხარასა და თეთნულდისნაირი მწვერვალები არ არის, მაგრამ ისეთი ლამაზი მთა-გორებია, ცქერით ვერ გაძღები, განსაკუთრებით გვერდისუბნის ხეობაში, სადაც აღმართიც ბლომადაა და დაღმართიც.
სექტემბერში ჩამოვედი. დავრეკე ნანასთან, მაგრამ ყურმილი არავინ აიღო. კლარას ნახვა ნამდვილად არ მინდოდა, ამიტომ საღამომდე მოვიცადე, ცოტა გვიან კიდევ ერთხელ დავრეკავ-მეთქი, თუმცა ძალიან გამიჭირდა მოცდა. გული ცუდს მიგრძნობდა. იმის გაფიქრებაც კი, რომ სხვაზე გამცვლიდა, გულს მიკლავდა. ეგოისტურად მიყვარდა, არავისთვის არ მემეტებოდა. სამსახურში თითქმის ყველამ იცოდა ჩვენი ურთიერთობის ამბავი და ისიც იცოდნენ, ცოლად რატომაც არ ვირთავდი. მასზე ყველამ ყველაფერი იცოდა ჩემ გარშემო.
საღამოს ისევ დავრეკე. ამჯერად კლარამ მიპასუხა და _ სამსახურიდან ჯერ არ დაბრუნებულაო. არც კი ვიცოდი, მუშაობა თუ დაიწყო. ეს სიახლე აღმოჩნდა ჩემთვის.
კვლევით ინსტიტუტში მოწყობილა, საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმების განყოფილებაში. ეს ის პერიოდი იყო, პრივატიზება რომ შემოდიოდა მოდაში. ამაზე იყო გადართული მთელი ქვეყანა და იქმნებოდა და იქმნებოდა კერძო სამსახურები, რომლებშიც ეკონომისტები და ფინანსისტები ერთიანდებოდნენ და აკვალიანებდნენ ორგანიზაციებს თუ კერძო პირებს, როგორ მოეხდინათ საწარმოების თუ ფაბრიკა-ქარხნებისა და მიწების პრივატიზება და წამოეწყოთ კერძო ბიზნესი.
სწორედ ერთ-ერთ ასეთ კერძო საწარმოში დაეწყო მუშაობა, რომლის ოფისი რომელიღაც კვლევით ინსტიტუტში მდებარეობდა. სულ რაღაც ორი კვირაა მუშაობს და უკვე პირველი ხელფასიც მისცესო, უფრო სწორად _ ავანსი.
ეს ჩემთვის სიახლე იყო. არც უთქვამს. გული დამწყდა. არა, გული კი არ დამწყდა, გავბრაზდი. იმის ღირსიც არ ვიყავი, ეთქვა?
გადავწყვიტე, აღარ დამერეკა და, საერთოდ, აღარ მომეკითხა. მაინტერესებდა, თვითონ თუ გავახსენდებოდი.
იმ საღამოს არ დაურეკავს, არც მეორე დღეს. მეც არ შევეხმიანე. თუ პრინციპია, პრინციპი იყოს-მეთქი.
ასე გავიდა სამი დღე. მეოთხე დღეს, საღამოს, სამსახურიდან რომ ვბრუნდებოდი, უცებ ვიღაცის მანქანაში სრულიად შემთხვევით მოვკარი თვალი. ხომ არ მეშლება-მეთქი, მაშინვე მოვატრიალე ჩემი მანქანა და გავეკიდე. სანაპიროს დაუყვნენ. ისეთ მანძილზე მივდევდი უკან, რომ ვერ შევემჩნიე. საჭეს ახალგაზრდა მამაკაცი უჯდა, დაახლოებით ჩემი ტოლი. შორიდან მშვენიერი ბიჭი ჩანდა. მცხეთისკენ გადაუხვიეს… მე იქვე შევანელე სვლა, აღარ მივყევი. ისედაც გასაგები იყო ყველაფერი…
ნერვიულობისგან ვცახცახებდი, ნერვებს ვეღარ ვთოკავდი. ასეთი გაცეცხლებული კარგა ხანია, არ ვყოფილვარ. ახლა რომ მენახა, ალბათ ცემით დავაოსებდი. კიდევ კარგი, იმ დღეს არ დამირეკა და ავცდით ერთმანეთს, თორემ თავს ვეღარ შევიკავებდი.
მერე ნელ-ნელა გადამიარა, ისე აღარ ვყრიდი ცოფებს, მაგრამ ნახვა ახლა უფრო მეტად მინდოდა. უნდა გამერკვია, რა ხდებოდა და საბოლოოდ გადამეწყვიტა, ერთად ვრჩებოდით თუ ვშორდებოდით.
მიუხედავად ასეთი სურვილისა, არ ვურეკავდი. მაინტერესებდა, ოდესმე თუ გავახსენდებოდი და თუ დამირეკავდა.
გავახსენდი. სხვის მანქანაში რომ ვნახე, მას მერე ორი დღე კიდევ გავიდა და დამირეკა. ორ საათში ჩვენს ბინაში გამოვალ და თუ გცალიაო, გნახავო. კარგი-მეთქი.
აი, ახლა კი გამიჭირდა თავის მოთოკვა. ორი ჭიქა ღვინო დავლიე, რომ ცოტა გულზე მომშვებოდა, მაგრამ მგონი, პირიქით იმოქმედა, უარესად დავიძაბე.
გაგრძელება იქნება