კრისტი ყიფშიძემ სამოდელო კარიერა 30 წლის წინ დაიწყო - მისი სახელი ყველასთვის ცნობილია. გამორჩეული გარეგნობის გარდა, ძალიან დიდ ყურადღებას იქცევდა მისი პირადი ცხოვრებაც.
ამჯერად კრისტი თავისი კარიერის შესახებ საუბრობს:
"დავიბადე თბილისში, ეს ჩემი საყვარელი ქალაქია. ძალიან მიყვარს მოგზაურობა, მაგრამ ცხოვრება თბილისის გარდა სხვაგან არ შემიძლია. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, კარგი მოსწავლე ვიყავი. მოდელობაზე არასდროს მიოცნებია. სკოლის პერიოდში სპექტაკლებში მიმიღია მონაწილეობა და სცენა ძალიან მიყვარდა.
1994 წელს დავიწყე სამოდელო კარიერა. ყველაფერი სპონტანურად მოხდა. მეგობარმა შემომთავაზე ჩვენებაზე გამოსვა. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და დაუჯერებელი შემოთავაზება იყო. მაშინ ქვეყანაში ცუდი მდგომარეობა იყო, ამიტომ ეს ყველაფერი ჩემთვის კარგი გამოწვევა იყო და მაშინვე დავთანხმდი.
ჩვენებაში ჩემთან ერთად ლიკა ქავჟარაძე გამოდიოდა. კარიერაში წარმატება თავისით მოდიოდა. რა თქმა უნდა, ნიჭი, გარეგნობა და შრომისმოყვარეობაც უნდა გქონდეს. მუშაობა არასდროს მეზარებოდა. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს და ბედნიერებას მანიჭებს" - ამბობს კრისტი ყიფშიძე.
კრისტი ყიფშიძე
"1994 წელი იყო, ურთულესი დრო, არსად არაფერი არ ხდებოდა. იყო მხოლოდ ერთადერთი განსხვავებული სივრცე - სასტუმრო „მეტეხი“ და სწორედ იქ მაკა ნაცვლიშვილის ჩვენება შედგა, სადაც ძალიან ცნობილ გოგოებთან ერთად, - ლიკა ქავჟარაძე, დინი ვირსალაძე, ნინო სალუქვაძე („მის საქართველო“) მეც გამოვედი... მაშინ მივხვდი, რომ ეს ის სფერო და საქმე იყო, რომელიც არასდროს მომბეზრდებოდა... საერთოდ, როცა რამეს აკეთებ, ნებისმიერ პროფესიაში ასეა, - უნდა გიყვარდეს, გულით აკეთო და შენი მოწოდება უნდა იყოს. ასე ადამიანს ყოველთვის კარგი შედეგები აქვს. საერთოდ, თვითკრიტიკული ვარ, არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ ბოლო დროს სხვანაირად დავიწყე ჩემი თავის შეფასება და დაფასება" - ამბობდა კრისტი.