ჟურნალისტ თამთა სანიკიძეს საზოგადოებრივი არხის მაყურებელი კარგად იცნობს - ის უკვე წლებია არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას უძღვება.
როგორც თავად აღნიშნავდა, ჟურნალისტიკა ბავშვობიდან იზიდავდა და ამ პროფესიით პირველად 15 წლის ასაკში დაინტერესდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, მესამე კურსზე იყო, როცა სტაჟირების პროგრამაში მოხვდა და მისი კარიერაც ასე დაიწყო:
"საკუთარი თავი პირველად ამ პროფესიაში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, რადიომაუწყებლობის კაბინეტში სწავლის დროს წარმოვიდგინე. მაშინ სასახლის რადიოს შიდა მაუწყებლობისთვის გვავალებდნენ რეპორტაჟების მომზადებას სასახლის სხვადასხვა წრეში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. სასახლეში დაწერილი საკონფერენციო თემაც სწორედ მაშინდელ სატელევიზიო ახალ ამბებს უკავშირდებოდა. ინტერესმა და ცნობისმოყვარეობამ გადამაწყვეტინა გამოცდების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება. მესამე კურსზე ვიყავი, როცა სტაჟირების კურსი გავიარე ტელეკომპანია „კავკასიაში“.
იმავე წელს კონკურსი გამოცხადდა პირველ არხზე. სწორედ მაშინ იწყებოდა საზოგადოებრივ მაუწყებლად ფორმირების პროცესი. მაშინდელმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, უნივერსიტეტიდან სტუდენტებისთვის ტელევიზიაში მუშაობის შანსი მიეცათ. გამიმართლა და კონკურსის გზით შერჩეულ რამდენიმე სტუდენტს შორის მეც მოვხვდი" - ამბობდა თამთა Okmagazine-თან საუბრისას.
თამთა სანიკიძის ოჯახი
თამთა 2015 წელს დაოჯახდა. ჟურნალისტის რჩეული ბიძინა ივანიშვილის დისშვილი, შმაგი კობახიძე გახდა. წყვილს ერთი შვილი ჰყავს.
შმაგი კობახიძე წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა. ის რუსულ სპეცსამსახურებთან დაახლოებული პირია და აქტიურად უჭერდა მხარს გიორგი გახარიას. თამთა ოჯახის შესახებ საჯაროდ არასდროს საუბრობს, მეუღლესთან და შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს კი არასდროს აქვეყნებს.