და აი, დადგა ჩვენი ხელახალი შეხვედრის საათი. იმაზე მეტად ვნერვიულობდი, ვიდრე უნდა მენერვიულა, რადგან ეს დღეები სულ ვამუნათებდი ჩემს თავს, ემოციებს არ აჰყვე და სისუსტე არ გამოიჩინო-მეთქი. თუმცა, ვის შეეძლო ეთქვა, რა დოზით უნდა მენერვიულა? ან ნეტავ რა მანერვიულებდა? მიყვარდა? ალბათ აღარ. ან შეიძლება, დაკონსერვებული იყო ის სიყვარული და ოდნავი შენჯღრევაც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ხელახლა ამოეხეთქა? არა მგონია, მთლად ეგეთი გამოთაყვანებულიც არ ვიყავი. იქნებ მასთან სექსი მენატრებოდა? არა, არც ეგ იყო. ერთი სიტყვით, თვითონაც არ ვიცოდი, რამ გამოიწვია ასეთი ანერვიულება. უბრალოდ, ვნერვიულობდი და მორჩა.
ზუსტად ერთი კვირის შემდეგ დავურეკე და მოვიკითხე. მერე ვკითხე, ხომ არ შევხვდეთ-მეთქი. აუცილებლადო, მითხრა და თავისთან დამპატიჟა. ხვალ საღამოს გელოდებით, ჩემი გოგოც შინ იქნება და ბარემ ერთმანეთს გაიცნობთო.
ერთი სიტყვით, შევთანხმდით.
იმ ღამეს მთლად ამოვვარდი კალაპოტიდან. ეს პირველი შემთხვევა იყო, რომ დილით არ მივარჯიშია, გარდა ამისა, ჩვეულებრივი რიტუალი, კიბეზე სამ-სამ საფეხურს რომ ვახტებოდი, გამოვტოვე. ისე უცებ გავზარმაცდი ერთ ღამეში, რომ საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი. რაღაცნაირად ვიყავი _ აბობოქრებულ ზღვასავით, ნაპირს რომ აწყდება ვეებერთელა ტალღებით. ძილის წინ, ჩვეულებრივ შევისრუტე მთვარის სურნელი, მაგრამ ვერაფერიც ვერ ვიგრძენი.
ვერც დავიძინე ნორმალურად. ყოველ ერთ საათში მეღვიძებოდა. ასე რამ გამასულელა ამხელა კაცი? თან მეცინებოდა ჩემს თავზე, თან მიკვირდა. დილით ჩვეულებას არ ვუღალატე, აივანზე დავჯექი და სახე მზეს მივუშვირე, რათა მისი სხივები დამეყნოსა. მაგრამ იმ დილით მზეს სურნელი არ მოჰყოლია…
ის იყო, სააბაზანოდან გამოვედი, რომ ჭიშკრის მიჯახუნების ხმა გაისმა. მივხვდი, ევა ბრუნდებოდა ღამის სმენიდან. ვიფიქრე, ყავაზე დავპატიჟებ, თან დროს ცოტათი მაინც შევამცირებ საღამომდე-მეთქი. პირსახოცის ხალათი მჭიდროდ შემოვიხვიე, ქამარი გადავიჭირე და ფანჯარაში თავი გავყავი.
_ ევა!
მეორე დაძახება არ დამჭირვებია, ლამაზმა ევამ მაშინვე ამომხედა.
_ ყავაზე გეპატიჟები! _ თავი მეორე სართულისკენ ავიქნიე.
_ ხუთ წუთში ამოვალ! _ ხელი დამიქნია და ისევ მიიმალა.
სანამ ჩემი სექსუალური მდგმური ამოვიდოდა, ყავა მოვადუღე, შოკოლადის ფილა დავამტვრიე და მაგიდაზე პაციენტის მოტანილი ხილიც შემოვდე.
_ უჰ, კარგი არომატი დგას! გცოდნია ყავის მოდუღება, _ ევა ხელების ფშვნეტით შემოვიდა.
_ არა მარტო ყავის მოდუღება. სხვა ბევრი რამეც კარგად გამომდის, _ ორაზროვნად მივუგე და ეშმაკური გამომეტყველებით გავხედე.
_ სხვა რამე კარგად კი არა, ძალიან მაგრად უნდა გამოგდიოდეს, _ არ დამრჩა ვალში, _ თუ არადა, მშვიდობით, კაცობავ! ქალების ნდობას ეგრევე დაკარგავ.
_ ოხ, რა ხართ ეს ქალები! სიტყვას ხომ ვერ იტყვი, საშინელება რომ არ დააყოლონ.
_ მე რა, შენ თვითონ წამოიწყე და… _ გულიანად ჩაიხითხითა, _ ისე, მიყვარს შენი ასაკის კაცები. უფ! კარგი სექსი იციან.
_ ბევრი გყოლია ჩემი ასაკის? _ ცალი წარბი ავწიე და იდუმალი სახე მივიღე.
_ ნუუუ… იმდენი, რომ საჭირო დასკვნა გამომეტანა, _ თვითონაც იდუმალი სახე მიიღო და ვითომ საიდუმლო მიჩურჩულა.
ორივეს გაგვეცინა.
_ მაგარი გოგო ხარ. როგორც წესი, შენი ასაკის ქალები პირად ცხოვრებაზე ასე თამამად არასდროს ლაპარაკობენ. შენ კი ზედმეტად გულახდილი ხარ.
_ დასამალი რა მაქვს? შენს ცოლობას კი არ ვაპირებ, _ მხრები აიჩეჩა და შოკოლადის ნატეხი პირისკენ გააქანა. _ რაღაც სხვანაირ ხასიათზე ხარ, მოხდა რამე?
_ რაში შემატყვე, რომ სხვანაირ ხასიათზე ვარ?
_ რა ვიცი, დაბოლილს ჰგავხარ. თვალები ამღვრეული გაქვს და ჩაწითლებული, თითქოს არ გიძინია… ბახუსის ამბავია?
_ არა. არ დამილევია, მაგრამ დალევის გარეშეც შარში ვარ, _ რატომღაც, გადავწყვიტე, მისთვის გული გადამეშალა.
_ აბა, მოყევი, რა ხდება. _ ყავის ფინჯანი დადგა, ხელები ერთმანეთში გადახლართა და მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო.
ოჰ, რა ლამაზი თვალები აქვს ამ მაიმუნს და როგორი მაცდური გამოხედვა. ნამდვილი ევაა, ვერაფერს იტყვი!
_ ამ საღამოს ჩემს პირველ სიყვარულს ვხვდები.
_ ვაუ! სად შემიძლია ამდენი! _ ხალისიანად შესძახა, _ სად იპოვე?
_ შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს ამას წინათ. დღეს პაემანზე მივდივარ და რაღაც ვერა ვარ მთლად მშვიდად.
_ სტოპ! ეგ რას ნიშნავს? ღელავ?
თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.
_ აბა, დაგვრხევია და ეგაა. რატომ, ისევ გიყვარს?
_ არააა.
_ აბა? მოგწონს?
_ არც ვიცი, რა ვთქვა. ისეთი აღარაა, წლების წინ რომ იყო, მაგრამ არც ახლაა ცუდ ფორმაში. მოწონებით ყოველთვის მომწონდა.
_ იცი ეგ რა არის? მხოლოდ ნოსტალგია იმ წარსული წლების და მეტი არაფერი. აი, ნახავ. შეხვდები და ეგრევე დამშვიდდები.
_ ვითომ? ესე იგი, არაფერი მემუქრება?
_ არა, არ გემუქრება. თუ გინდა, დაგენაძლევები.
_ არა, რად მინდა.
_ მართალი ხარ, ნაძლევი არ გვინდა, თორემ ასე რომც არ მოხდეს, რატომ მეტყვი სიმართლეს, რა, შენი ნებით ხომ არ წააგებ? _ თქვა და სიცილი ატეხა.
_ ჰო, ისე ეგეც მართალია. რა დამიშლის, რომ მოგატყუო? რას გაიგებ?
_ ჰოდა, აღარ გენაძლევები. მე კიდევ საშინელ `პახმელიაზე~ ვარ. წუხელ სამსახურში დავლიეთ და თავი მისკდება.
_ ლუდი მაქვს, ხომ არ გინდა?
_ აუ, მინდა. არაყიც გექნება შენ.
_ არაყიც მაქვს, კონიაკიც, ვისკიც და რა ვიცი, ასნაირი სხვა სასმელიც. თქვენ მხოლოდ ინებეთ, სენიორიტა!
_ ცოტა არაყი და ცოტა ლუდი. ეგ ვიცი, რომ აუცილებლად გამომიყვანს.
მოვუტანე და დავუსხი ერთიც და მეორეც. ჯერ არაყი დალია, მერე ლუდი მიაყოლა.
_ შენ არ გინდა? _ დაჯღანული სახით შემომხედა, მუშტი პირზე მიიდო და ისე დასუნა, როგორც რუსები სუნავენ არყის შემდეგ პურის ლუკმას. სიცილი ვერ შევიკავე.
_ რა იყო, რუს ალკაშს ვგავარ? _ მიმიხვდა.
_ დაახლოებით.
_ ბოლო დროს ხშირად მიწევს დალევა და ნერვები მეშლება, უარს რომ ვერ ვამბობ. მერე კიდევ ისეთ რამეებს ვაკეთებ სიმთვრალეში, მეორე დღეს რომ მიყვებიან, არ მჯერა, ნუთუ ასეთი რამე მე ჩავიდინე-მეთქი, _ ისევ ჩაიხითხითა, _ აუ, როგორ შემახურააა! წამოვიდა და წამოვიდა!
_ ჰოდა, ჩაწექი ახლა და დაიძინე. ძილში უფრო გამოხვალ.
_ კი, ეგრე ვაკეთებ ყოველთვის. ძილი მაგრად მშველის, ძილი და სექსი.
ყურები ვცქვიტე, მე ხომ არ ჩამიკრა-მეთქი და ჩასაფრებული მზერა მივაპყარი.
_ არა, არა, მაგიტომ კი არ ვთქვი, რომ რამეს გთხოვ, _ ღიმილით გააქნია თავი, _ ზოგადად ვახსენე. ახლა შენთვის სექსი მავნებელია. საღამოს ისედაც მოგელის და დასვენებული უნდა იყო.
_ არაფერიც არ მომელის. შენ რა გგონია, ვნახავ და მაშინვე მივახტები?
_ აბა რა! მონატრება სანამ ცხელია, მანამ უნდა გასინჯო! როგორც ხაში, რა! _ გაიხუმრა და ლუდის ბოთლი მოიყუდა.
_ ვნახოთ, რა მოხდება.
_ მომიყვები, რო?
გამეღიმა. არა, მოყოლას ნამდვილად არ ვაპირებდი. ჭორაობა არ მჩვევია. მართალია, ამბობენ, კაცებს ქალებზე მეტად უყვართ ჭორაობაო, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე ნამდვილად არ იყო.
_ არა, არ მოგიყვები, _ თითქოს დამნაშავე ვყოფილიყავი, ისეთი სახე მივიღე.
_ ამიტომ ხარ მაგარი კაცი! _ წამოიძახა უეცრად ევამ, წამოხტა, ხელი მომხვია და პირდაპირ ტუჩებში მეძგერა.
ვახ! როგორი ცხელი ტუჩები ჰქონდა!
რატომღაც, უხერხულობის განცდა დამეუფლა. ეტყობოდა, რომ თავისუფალი გოგო იყო და ასეთ რამეებზე უკან არ დაიხევდა, მაგრამ მაინც რაღაცამ შემბორკა, საპასუხო სვლა ვერ გავაკეთე.
_ კარგი, წავედი ახლა მე, უნდა გამოვიძინო, ანდრია ექიმო! _ საჩვენებელი თითი მკერდზე მატაკა, _ შენ კიდევ მიდი, ფორმაში ჩადექი, საკაიფოდ გამოეწყვე და პაემანზე გაეშურე. მერე რომ გნახავ, ჩემითაც მივხვდები, საღამომ როგორ ჩაიარა. აბა ჰე! _ თითებით საჰაერო კოცნა გამომიგზავნა და კიბეზე დაეშვა.
ევასთან მუსაიფმა და მსუბუქმა წახემსებამ მიშველა. გუნება ისე გამომიკეთდა, რომ ღიღინიც კი დავიწყე. მეც რომ დამელია ერთი-ორი ჭიქა, სიამოვნებით დავცხებდი ახლა ერთ კარგ სიმღერას, ევას კი გიჟი ვეგონებოდი. არა უშავს, სხვა დროს რომ დავსხდებით მე და ჩემი მდგმური ლუდზე საქეიფოდ, მაშინ ვაჩვენებ კლასს. იმისთვის, რომ ავმღერდე, ცოტა გადაკრულში უნდა ვიყო, სხვანაირად გულიანად ვერ ვმღერი.
მგონი, კარგ ფორმაში ვიყავი. ბოლოს სარკეში რომ ჩავიხედე, ძალიან მომეწონა ჩემი თავი. არც კი ვიცი, რატომ ვიპრანჭები ასე. ვითომ მასთან ურთიერთობის ადღგენა მინდა? შეიძლება. ეგ ჯერ არ ვიცი, მაგრამ რაც ვიცი, ისაა, რომ მინდა, ცოტათი მაინც ინანოს, რომ მიმატოვა. ახლაც მახსოვს ის შეგრძნება, კარი რომ გაიჯახუნა და დამტოვა. უსიტყვოდ, დაუმშვიდობებლად… ყოველგვარი დაკონკრეტების გარეშე… არ გავაჩერე… არ გავეკიდე… მეგონა, რომ დაბრუნდებოდა, ვერ შეძლებდა ჩემს მიტოვებას… მეგონა, რომ მისი სიყვარული უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ჩემი… რომ სხვასთან ვერ გაძლებდა, მოიყირჭებდა და მაინც ჩემთან დაბრუნდებოდა… მე კი ვაპატიებდი… ვაპატიებდი, რადგან ეს გაკვეთილი იქნებოდა მისთვის და მეორედ ჩემს ღალატს და სხვის გაკიდებას გულშიც არ გაივლებდა…
შევცდი. ყველაფერში შევცდი, ერთის გარდა. მისი სიყვარული ჩემსაზე ძლიერი იყო, არა მხოლოდ სიყვარული, თვითონაც ჩემზე ძლიერი იყო… ძლიერი ყველაფრით _ ხასიათით, გამბედაობით, სიჯიუტით, პრინციპულობით… ამიტომაც არ დაბრუნდა. ამაშიც შემამოწმა და დარწმუნდა, რა მშიშარაც ვიყავი…
და აი, ახლა, წლების შემდეგ, კვლავ მასთან შესახვედრად მივიჩქაროდი. რას ველოდი ამ შეხვედრისგან? რა უნდა დამემტკიცებინა მისთვის? თუ თავი მემართლებინა? ყველა კითხვა, რომელიც თავში მიტრიალებდა, უპასუხოდ მრჩებოდა. ახლა საკუთარ თავთან ინტერვიუს დრო არ იყო.
კვლავ საცობში მომიწია სიარულმა. კუს ნაბიჯებით მივიწევდი წინ და იმაზე ვფიქრობდი, ადგილზე მისულს მანქანის დასაყენებელი ადგილი თუ გამომიჩნდებოდა. იქნებ ჩემს ეზოში დავაყენო და მერე ფეხით გავაგრძელო მის სახლამდე გზა? ეს ჭკვიანური აზრი იყო და ასეც მოვიქეცი.
ცხრა დაიწყო, როცა მის ეზოში შევედი. ეზოში შესულს მარცხნივ უნდა გამეხვია და პირველსავე კიბეს მეორე სართულზე ავყოლოდი. მერე მეორე კარზე უნდა დამერეკა ზარი, შავად შეღებილ რკინის კარზე.
დავრეკე… წამიც და გაიღო… იმაზე ადრე, ვიდრე მოველოდი. ესე იგი, სულმოუთქმელად მელოდა.
_ შემო! _ ღიმილით მითხრა და განზე დადგა, გზა დამითმო.
ვარდების თაიგული გავუწოდე. უფრო სწორად, ხელში მივაჩეჩე, ხოლო პოლიეთილენის პარკი, რომელშიც ერთი ბოთლი კონიაკი, შამპანური და ბამბანერი იდო, შესვლისთანავე მრგვალ მაგიდაზე შემოვდე.
_ მარტო ხარ? _ ვკითხე და მიმოვიხედე.
ძველებური ბინა იყო, გაურემონტებელი. ოდესღაც ვიღაცას მსუბუქი რემონტი გაეკეთებინა და მას მერე ხელიც არ იყო ნახლები არც კედლებისთვის, არც იატაკისთვის. საღებავი კარგა ხნის გახუნებული ჩანდა, შპალერი კი გაუფერულებული.
_ კი, მარტო ვარ. ლელის აგვიანდება.
_ ლელი ჰქვია შენს შვილს?
_ ჰო.
_ დედაჩემსაც, _ გავიღიმე.
_ ვიცი…
იქნებ ამიტომაც დაარქვა თავის შვილს დედაჩემის სახელი? რაღაცნაირად შემიფართქალდა გული. რატომ, წარსული რომ არ დავიწყებოდა?
_ ყოველთვის მომწონდა ეს სახელი. ამ მხრივ მაინც ავიხდინე ოცნება, _ სევდა გაურია ხმაში.
გული მეტკინა. ვხვდებოდი, რომ გადამიკრა და თავისი აუხდენელი ოცნებები მე გადმომაბრალა, მაგრამ ვერ გავამტყუნებდი. ასი პროცენტით მართალი იყო.
_ არა უშავს, ჯერ არც ისე ბებრები ვართ, ადამიანები ამ ასაკშიც კი იწყებენ თავიდან ცხოვრებას.
_ ალბათ…
_ რა ვქნათ, დაველოდოთ ლელის? _ მოხერხებულად დავჯექი სკამზე და ნანას მივაჩერდი, რომ სინათლეზე კარგად შემეთვალიერებინა.
ისეთი სხივი აღარ ჰქონდა თვალებში, როგორც ახალგაზრდობაში, ნაოჭებიც მომრავლებოდა. ცოტა მოსუქებულიყო კიდევაც… ცოტა კი არა, ბევრად, მაგრამ ფორმა არ ჰქონდა დაკარგული. მკერდი გაზრდოდა, საგანგებოდ დეკოლტეიანი კაბა ჩაეცვა და გეგონებოდათ, ძუძუები დასკდომაზე აქვსო, ისე გამომწვევად ამოფუებულიყვნენ კაბის ოვალური ჭრილიდან.
გაგრძელება იქნება