ვერაფერს ვერ ვგრძნობდი. ევა მართალი აღმოჩნდა. ისე დავმშვიდდი, მიკვირდა, რა მაღელვებდა-მეთქი. თითქოს არაფერი. თითქოს ერთი დიდი ხნის უნახავი ნაცნობი მენახოს და მორჩა. ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი, რამე მინდოდა მისგან? მიხაროდა მაინც, რომ ვხედავდი? ალბათ მიხაროდა, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ მისგან წამოსვლა დამზარებოდა. ვნებათაღელვა წამითაც არ მიგრძნია, მისი მოფერების სურვილი ახლოსაც არ გამკარებია. რატომ? ნუთუ ვერ ვპატიობ, ოდესღაც რომ მიმატოვა? რა დროს ეგ არის ამდენი წლის შემდეგ?
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
_ დაჯექი, რატომ დგახარ? _ ნანას მივაჩერდი.
_ ახლავე, სუფრას გავშლი და დავჯდები. ლელის ნუ დაველოდებით, ვერ ვუკავშირდები.
_ თუ ღმერთი გწამს, არაფერი არ გინდა. არ მშია. უბრალოდ, თითო ჭიქა დავლიოთ და წავალ, არ მოგაცდენ.
_ მომაცდენ, თორემ მეც თავზე მაყრია საქმეები. მიხარია, რომ შეგხვდი, რომ უარი არ მითხარი და მოხვედი, _ თან ლაპარაკობდა, თან გადი-გამოდიოდა და სუფრას კერძებს ამატებდა.
_ ნან, არ გინდა ამდენი რამე, რა, მოდი, დაჯექი, _ ისევ ისე მივმართე, როგორც შეყვარებულობის დროს მოფერებით ვეძახდი.
_ რამდენი წელია, ეს სიტყვა არ გამიგონია, _ აკვნესებული ხმით წარმოთქვა.
_ რატომ, ჩემ გარდა `ნან~ არავისთვის ყოფილხარ?
_ არა, მიუხედავად იმისა, რომ შენ მერე ბევრი მამაკაცი მყოლია.
_ ბევრი რამდენი?
_ რა მნიშვნელობა აქვს… რაც შენგან წავედი, ცხოვრება ამეწეწა. მას მერე ვერა და ვერ დავლაგდი.
_ ოღონდ მე არ დამაბრალო ეგ აწეწვები. შენ ხომ გინდოდა, რომ შენი ცხოვრება დაუსრულებელი ფლირტის ჯაჭვი ყოფილიყო, რომლის ყოველი რგოლი ახალი მამაკაცი იქნებოდა? მახსოვს, როგორი აღფრთოვანებით მიყვებოდი ხოლმე, ამას მოვწონვარ, იმას მოვწონვარ, ამან ეს მითხრა, იმან…
_ მინდოდა, შენ გეეჭვიანა, სხვა მიზნები არ მქონია.
_ კარგი ერთი… მოდი, ნუღარ ვილაპარაკებთ ამაზე, თორემ გული მიგრძნობს, ვიჩხუბებთ.
_ შენთან ჩხუბს არ ვაპირებ. რაც იყო, იყო. უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ შენი დაკარგვით ჩემი ცხოვრების გაუგონარი მსხვრევა დაიწყო.
_ როდის დაქვრივდი? _ ბანზე ავუგდე სიტყვა.
_ დიდი ხანია.
_ ახლა გყავს ვინმე?
_ მუდმივი არა.
_ ეგ როგორ გავიგო?
_ ჩვეულებრივად. ჩემი ასაკის ქალი აღარავის სჭირდება გამუდმებით გვერდით. ახლა ინვალიდს თუ მოუნდება ჩემი ცოლად შერთვა, თორემ სხვას არავის. თანაც, სხვა დრო დადგა. ახლა ქალები არჩენენ კაცებს და არა კაცები ქალებს. ნაღდად არ მინდა სარჩენი კაცი. სექსი რომ მომინდება, როგორღაც ვახერხებ ჩემი სურვილების დაკმაყოფილებას.
იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის მისი აზრები, რომ გაოცებულმა შევხედე, ვინმე სხვა ხომ არ ზის ჩემ წინ-მეთქი. თან ისე თამამად გაახმოვანა თავისი სურვილები, თითქოს მისი უახლოესი დაქალი ვყოფილიყავი.
_ რატომ მიყვები ამ ყველაფერს? _ ვერ მოვითმინე და ვკითხე.
_ იმიტომ, რომ შენ არასდროს არაფერს გიმალავდი და არც ახლა ვაპირებ.
_ ახლა როდის, დღეს? თუ დღეიდან?
_ დღეიდან. იმედია, ამ საღამოთი არ ამოიწურება ჩვენი ურთიერთობა. რაღაც ფორმით მაინც ხომ გავაგრძელებთ ერთმანეთის ნახვას, არა?
_ არ ვიცი… ალბათ… ეს შენზეა დამოკიდებული.
_ მე უარს არ ვამბობ, იმიტომ, რომ ძალიან გამახარა შენმა ნახვამ. არ მეგონა, აწი რამე თუ გამიხარდებოდა.
_ ცუდი წლები იყო, მაგრამ კარგი მოგონებები დაგვიტოვა.
_ კარგი, მაგრამ სევდიანი… ახლაც იმავე აზრზე ხარ?
_ რა აზრზე?
_ ჩემნაირი მდგომარეობის ქალს ცოლად ვერ შეირთავ, რამე რომ იყოს?
_ შენს თავს გულისხმობ?
_ არა, რას ამბობ, _ გაიცინა, _ ზოგადად ვამბობ. დღევანდელ ცხოვრებაში რომ მომხდარიყო ჩვენი წარსული, ისევ ისე მომექცეოდი?
_ არა, ახლა სულ სხვა ჭკუაზე ვარ და ბევრი რამ ფეხებზე მკიდია.
_ ცოლი? შვილი?
_ მსგავსი არაფერი! ქარივით თავისუფალი ვარ.
_ რატომ მერე? _ მკითხა, მაგრამ ისე შეეფაკლა ღაწვები, აშკარად ესიამოვნა, როცა ჩემი ბერბიჭობის ამბავი შეიტყო.
ადამიანი საოცარი არსებაა. ყოველთვის იპოვის ან აღმოაჩენს რაღაცაში იმედის ნაპერწკალს.
_ რა ვიცი… შენ შემდეგ ვეღარ ვენდე ქალებს.
_ მე მაბრალებ შენს მარტო დარჩენას? _ ირონიულად გამომხედა.
_ ვხუმრობ. შენ არაფერ შუაში ხარ. უბრალოდ, თავისუფლებას ვერ შეველიე. დროებითი კავშირები უფრო მხიბლავს, ვალდებულებისგან თავისუფალი ვარ.
_ ჰო, ეგ კი. ეგ ყოველთვის ჭარბი დოზით იყო შენში, _ სარკასტულად გაიცინა.
_ ერთი შვილის მეტი რატომ არ გააჩინე?
_ აღარ მომინდა და იმიტომ. მეც თავისუფლება მინდოდა, შენი არ იყოს. ჩემ გემოზე მსურდა ვყოფილიყავი და ვიყავი კიდევაც. არაფერი დამიკლია, რაც ცხოვრებამ შემომთავაზა. ვიგრიალე, სანამ ლამაზი და ახალგაზრდა ვიყავი.
_ შენ ახლაც ახალგაზრდა ხარ.
_ მაგრამ ისეთი ლამაზი აღარ ვარ, თუმცა რაღაც-რაღაცებზე არც ახლა ვამბობ უარს. აი, დავუახლოვდებით ერთმანეთს და უკეთ გამიცნობ. ცუდი დღეებიც ბევრი მქონია და კარგიც. მაგრამ არაფერსაც არ ვნანობ. მთავარია, შვილი მყავს ისეთი, არავის რომ არ ჰყავს. საამაყო. საუკეთესო. გაიცნობ და მიხვდები, რომ არ ვცდები. იმედია, მას მაინც გაუმართლებს… შენ კი ახლა უფრო სიმპათიური ხარ, ვიდრე მაშინ. სასწაულად გამოიყურები. მიკვირს, მარტო რომ ხარ. შენნაირი კაცი როგორ გამოეპარათ ქალებს?
_ ნან, ცოტათი მაინც არ ნანობ? _ ხმადაბლა, შეცვლილი ხმით ვკითხე.
_ შენ? _ შემომიტრიალა კითხვა და თვალი თვალში გამიყარა…
იმდენად მოულოდნელი იყო მისი შეკითხვა, რომ დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით გავწითლდი. არა, ამიტომ არა, უფრო იმიტომ გავწითლდი, რომ არასდროს მიფიქრია ამაზე. არასდროს მიფიქრია, ვნანობდი თუ არა მის ხელიდან გაშვებას. რომ შემეკითხა, მხოლოდ მაშინ დავფიქრდი. და რადგან არ მიფიქრია, გამოდის, არც ვნანობდი. მეთქვა ეს? ვერ ვეტყოდი… ეწყინებოდა. მომეტყუებინა? ტყუილის თქმაც არ მინდოდა.
_ შენ რომ არ მიგეტოვებინე, ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო, _ მაინც მას დავაბრალე.
_ ესე იგი, ჩემი ბრალია? _ ჩაიცინა, _ ტყუილად ცდილობ გადმობრალებას, შენ მაინც არაფრის შეცვლას არ აპირებდი, მე კი ისე ცხოვრება აღარ შემეძლო.
_ მერე?
_ რა მერე?
_ შეცვალე შენი ცხოვრება ისე, როგორც შენ გინდოდა?
_ რა თქმა უნდა. მართალია, ქმარი გარდამეცვალა, მაგრამ შვილი დამრჩა.
_ მაშინ რომ გნახე, იმ ბიჭს გაჰყევი ცოლად? სხვათა შორის, კარგი ტიპი ჩანდა.
_ არა, იმას არა, სხვას.
_ სხვას? _ გაოცება ვერ დავმალე.
_ ჰო. იმას მალევე დავშორდი და უცებ სხვა გამოჩნდა. საერთოდ რომ არ ველოდებოდი, ისე და ერთ თვეში დავქორწინდით. არაჩვეულებრივი ქმარი მყავდა, გიჟდებოდა ჩვენზე, თავზე გვევლებოდა.
_ რა დაემართა, რისგან გარდაიცვალა?
_ ავარია. ავტობუსს შეეჯახა მანქანით და საჭემ გულმკერდი შეუნგრია.
_ მდაა… ცუდია.
_ ჰო, ცუდია, როცა დაქვრივდები და შვილის მარტო გაზრდა გიწევს. დედამთილ-მამამთილი კი ისე გიყურებენ, თითქოს მათი რძალი კი არა, ვიღაც გადამთიელი იყო… მერე მეორედაც გავთხოვდი, მაგრამ არ გამიმართლა. შევცდი არჩევანში.
_ რა მხრივ?
_ სმა უყვარდა. ისე საზიზღრად იქცეოდა მთვრალი, რომ მის შემყურეს გული მერეოდა. მერე ჩემს გოგოსაც დაუპირა ღლაბუცი. ბავშვმა მაშინვე მითხრა და აი, მანდ გადამეკეტა. იმ დღესვე დავახვევინე. კიდევ კარგი, ოფიციალურად არ ვიყავით დაქორწინებულები.
_ საინტერესო თავგადასავლები გქონია, _ თავის კანტურით წარმოვთქვი და შემწვარი კარტოფილი გადავიღე.
_ ეჰ, ამაზე უარესებიც გადამხდენია, შენ ჯერ ყველაფერი არ იცი.
_ თავგადასავლები ლამაზი ქალების ხვედრია, რას იზამ.
_ მართალი ხარ. ამიტომ ვცდილობ, ლელი დროზე ჩავაბარო პატრონს, რომ ჩემი ბედი არ გაიზიაროს. მარტოობაზე საშინელება არაფერი არ არის.
_ მარტო ყოფნა სულაც არ ნიშნავს მარტოობას. ბევრი ვიცი, გარშემო უამრავი ახლობელი ახვევია, შვილიც ჰყავს, ოჯახიც, მეგობრებიც, მაგრამ მაინც მარტოა.
_ ეგეცაა… შენი ამბებიც მომიყევი, სულ ჩემზე რომ ვლაპარაკობთ.
_ არც არაფერია სათქმელი. ვცხოვრობ ცალკე, ჩემთვის. ვცხოვრობ კარგად, უპრობლემოდ. ვმუშაობ. ვარ კარგი ქირურგი. არ მყავს არც ცოლი, არც შვილი. ოჯახის შექმნას აღარ ვაპირებ. მორჩა, სულ ეგაა.
_ ცოლი რომ არ მოგიყვანია, არ მიკვირს. უღლის დადგმა ყოველთვის სიკვდილივით გეზარებოდა, მაგრამ შვილის ყოლა რატომ არ მოგინდა, არ მესმის. მაშინ რა აზრი აქვს შენს ცხოვრებას? რისთვის ცოცხლობ? რას ელოდები მომავლისგან? რა მოტივაცია გაქვს?
გამეცინა.
_ სანამ საჭირო ვარ, როგორც პროფესიონალი ქირურგი, მოტივაციაც მექნება. დანარჩენი მერე გამოჩნდება. არ ვიცი, სიმართლე გითხრა, ეგეთ რამეებზე არასდროს ვფიქრობ. შენ შემდეგ არავინ მყვარებია. არც მოწონებით მომწონებია ვინმე ისე, რომ გავგიჟებულიყავი. უცოლოდაც ალბათ ამიტომ დავრჩი. დედაჩემსაც ისეთი რძალი უნდოდა ყოველთვის, მგონი, მსგავსი დღემდე არ დაბადებულა. ჰოდა, ყველაფერს ერთად გავუწიე ანგარიში.
_ ახლა გყავს ვინმე? მეგობარი ქალი მაინც?
_ შენი არ იყოს, მუდმივი საყვარელი არ მყავს, თუ ამას გულისხმობ. სხვა მხრივ, ქალები არ მაკლია. ოღონდ ზომიერების ფარგლებში, მთლად ლოველასური ცხოვრებით არ ვცხოვრობ.
_ მიკვირს. შენ ყველანაირი მონაცემი გაქვს ამისთვის, _ გულიანად გაიცინა ნანამ და ვაშლი ჩაკბიჩა, _ დაასხი, ერთი ჭიქა მაინც დავლიოთ, დავილოცოთ.
დიდხანს არ დავრჩენილვარ. რაღაცნაირად ვერ ავაწყვეთ დიალოგი. როცა ჩვენ-ჩვენს ცხოვრებაზე საუბარი დავამთავრეთ, სალაპარაკო გამოგველია. რატომღაც, სასმელმა შვება ვერ მომგვარა, უფრო და უფრო ვიძაბებოდი. რაღაც არ მსიამოვნებდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რა. ათი დაწყებული იყო, როცა წამოსვლა დავაპირე. მისი ქალიშვილი არ მოვიდა. ალბათ სპეციალურად დააგვიანა, რომ მარტო დავეტოვებინეთ. ხომ იცოდა, რომ ამდენი წლის შემდეგ პირველი შეხვედრა გვქონდა და, მისი აზრით, ხელი შეგვიწყო.
არადა, მაგ მხრივ პრობლემა სრულიადაც არ შემქმნია. ორიოდე ჭიქის მერე ნანამ კი დამიწყო თვალების ჟუჟუნი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მის მიმართ ლტოლვა ოდნავ მაინც ვიგრძენი. საერთოდ ვერ შეძლო ჩემი აგზნება. არ ვიცი, რისი ბრალი იყო ეს. ნანაზე უკეთეს ქალებთან დავდივარ-მეთქი, რომ ვთქვა, ტყუილი გამომივა. იმდენად კარგად გამოიყურებოდა, ისეთი მადის აღმძვრელი ფორმები ჰქონდა, არც ერთი კაცი უარს არ იტყოდა მასთან სექსზე, მე კი… მე არ მიზიდავდა. იოტისოდენა სურვილიც არ გამჩენია მასთან დაწოლაზე. ნუთუ წარსულის ურთიერთობამ თავისი გაიტანა და უკვე მოყირჭებული მყავდა? არა, ასე ნამდვილად არ იყო. როცა ჩემგან წავიდა, თვეების განმავლობაში მის გახსენებაზე ისევ და ისევ ჟრუანტელი მივლიდა. მაშინ რა მემართებოდა? ალბათ უფრო სიფრთხილის ბრალი იყო. ფრთხილად ვიყავი, ხელმეორედ რომ არ აღმოვჩენილიყავი მისი ხიბლის ტყვეობაში. ჩემმა სხეულმა კი ინსტინქტურად აღმართა თავდაცვის ბარიერი. არადა, როგორი სურვილით ჰქონდა თვალები ანთებული, როცა ვემშვიდობებოდი. კართან დადგა და ხელებგადაჯვარედინებულმა თავისი სავსე მკერდი მკლავებში ისე მოიქცია, აშკარად ჩემს საცდუნებლად იყო მომართული. მე კი სასწრაფოდ თვალი ავარიდე, რადგან ვიგრძენი, როგორ მიჯანყდებოდა სხეული.
სახლამდე ისე მოვედი, ვერ დავწყნარდი. გახურებულმა დამშვიდება ვერ შევძელი. ისეთი გიჟური ლტოლვით მომინდა ქალი, აუცილებლად უნდა დამერეკა ვინმესთვის, რომ დროზე შევხვედროდი და ჟინი მომეკლა.
თუმცა, მოვლენები ისე განვითარდა, არავისთან დარეკვა აღარ დამჭირვებია.
როგორც კი ეზოში ფეხი შევდგი, ევა წინ ამესვეტა.
_ ვა, ევა, სამსახურში არ წახვედი?
_ ამაღამ არ ვმუშაობ. აბა, როგორაა საქმე?
_ რა ვიცი, არის რა.
_ რაღაც ადრე მოხვედი. რაო, არაო? პირველ შეხვედრაზე ვერ დაგნებდებიო?
გამეცინა, მაგრამ პასუხი არ გავეცი. ხომ არ ვეტყოდი, მე თვითონ ვთქვი უარი-მეთქი.
_ დავლიოთ? _ მკითხა, როცა ჩემგან პასუხი ვერ მიიღო.
_ დავლიოთ. _ დავყაბულდი, თუმცა ახლა დალევაზე მეტად ქალის ალერსი მწყუროდა.
არა უშავს-მეთქი, გავიფიქრე. ეს ისეთი გოგოა, ადვილად გადამატანინებს ამ ღამეს, ცოტას შევთვრები და თუ არ მიშველა, ქალებთან დარეკვას მერეც მოვასწრებ-მეთქი. ნასვამზე ბევრჯერ მქონია შემთხვევა, შუაღამისას მომსურვილებია ქალი და შევხვედრივარ კიდევაც.
გაგრძელება იქნება ორშაბათს