"ჩემმა ქმარმა თურქ კაცს, ვინც სალონში დაგვხვდა, ჰკითხა, - თავის გადაპარსვა უნდა და დასვამთ, მიიღებთო? - კი, დაბრძანდითო, - უპასუხა. - მე არა, ჩემი ცოლიო, - განუმარტა ჩემმა ქმარმა. ამის გაგონებაზე მთელი სალონი შეიკრიბა, რადგან გრძელი, ხუჭუჭა თმა მქონდა. ჩემი მეუღლე თურქულად საუბრობს. კაცმა ათჯერ ჰკითხა, - ნამდვილად მზადაა, დავიწყოო? ბოლოს, საპარსი აპარატი უკვე ხელში ეჭირა, მაგრამ მაინც შეჩერდა და კიდევ ერთხელ ჰკითხა, - ნამდვილად? დარწმუნებულიაო? მგონი, ცოტათი ეჭვი შეეპარა, ამას ქმარი ხომ არ აძალებსო?.."
"ჩაცმის სტილს რაც შეეხება, "პრინცესული", ვარდისფერი სამოსი ისევ მიყვარს - ახალი ვარცხნილობა ამას ხელს არ უშლის. ვარდისფერი ქუდიც მაქვს ხოლმე თავზე "დამხობილი". ახლა ვარდისფერი პარიკების ყიდვას ვაპირებ, ოღონდ - საეთეროდ. მანამდე ვერ გავბედავდი, რომ მაგალითად, პარიკები დამეფარებინა...
"არასტაბილური მხოლოდ ქმართან ურთიერთობაში გახლავარ, რაშიც ჩვენს ექსპრომტად მიღებულ გადაწყვეტილებებს ვგულისხმობ, თორემ სხვა მხრივ, თუნდაც გარეგნობასთან დაკავშირებით, სტილის რადიკალური შეცვლა არასოდეს გამიბედავს. კი, ბავშვობაში თავის გადაპარსვა ძალიან მინდოდა, მაგრამ ამის უფლებას ვინ მომცემდა?! უბრალოდ, ვოცნებობდი და მსიამოვნებდა..." - ამბობს თაკო კორინთელი ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში.
ეს გაბედული ნაბიჯი თაკოს მეგობრებმა და გულშემატკივრებმა მოუწონეს - ის ყველა ფორმაში შესანიშნავად გამოიყურება. გრძელი, ხვეული თმის შემდეგ ტელეწამყვანის ეს იმიჯი მართლაც განსხვავებული და შთამბეჭდავია.
თაკო კორინთელი
წლების განმავლობაში თაკო კორინთელს ტელეკომპანია „მაესტროში“ საინფორმაციო გადაცემა მიჰყავდა. ერთ-ერთი ინტერნეტგამოკითხვით, ის ყველაზე ლამაზ ტელეწამყვანადაც დაასახელეს. შემდეგ კი კულინარიული გადაცემიდან, რომელიც ტელეკომპანია „პალიტრა ტვ“-ზე მიჰყავდა, პირდაპირ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა. ამის მიზეზი ბარბარიკას როლის შემსრულებლის, მარიშკა ჯავახაძის ტრავმა გახდა. მას ექიმებმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს, ამიტომ მისი როლისთვის სასწრაფოდ შემცვლელის პოვნა გახდა საჭირო.
თაკო კორინთელი ოჯახი
თაკო კორინთელი საყვარელ ადამიანზე – ლევან ნარეშლზე დაქორწინდა და როგორც ამბობს, ოჯახური ცხოვრება იმაზე კარგი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა. მიუხედავად იმისა, რომ თაკოც და მისი ექიმი მეუღლეც საკმაოდ დაკავებული არიან, ერთმანეთისთვის დროის გამონახვას ყოველთვის ახერხებენ.
"შეიძლება სადმე ვერ გავიდეთ, მაგრამ სახლში ჩავუსხდებით საყვარელ ფილმს ან ერთად გავაკეთებთ რამეს. საქმეებს ყოველთვის თანაბრად ვინაწილებთ. ვერ ვიტყვი, რომ ერთმანეთს შეყვარებულობის პერიოდში უფრო მეტ დროს ვუთმობდით და ახლა ნაკლებს. როგორც კი საქმეს დავამთავრებთ, მაშინვე სახლისკენ მოვიჩქარით, ერთი სული გვაქვს, ერთმანეთს როდის ვნახავთ. ეს შეყვარებულობის პერიოდშიც ასე იყო და ახლაც ასეა", - ამბობდა თაკო კორინთელი.