როგორც აღმოჩნდა, ჩემ გარდა სხვას არც არავის ელოდებოდნენ. ალბათ უკვე ყველამ იცოდა, ვინ ვიყავი, ნანასთან რა მაკავშირებდა და როგორ აღმოვჩნდი ამ დაბადების დღეზე. რატომღაც, თავს ზედმეტად შებოჭილად ვგრძნობდი. არ ვიცი, ამაზე რამ უფრო მოახდინა გავლენა. ალბათ ყველაფერმა ერთად: ლელი ნინი აღმოჩნდა, ნანა ჩემ გვერდით თავს ძველ ამპლუაში გრძნობდა და სხვებსაც აგრძნობინებდა, ეს კაცი ჩემია და არავინ გაბედოთ მისი დათრევაო.
ვინატრე, ერთი კაცი მაინც მოვიდოდეს, რომ კაცურად ვიგრძნო თავი და ჭიქა მივუჭახუნო-მეთქი.
ნატვრა არ ამიხდა. არც კაცი შემოგვმატებია და არც ქალი. კარგა ხანს მუნჯივით ვიჯექი. ვერ მოვილხინე ისე, როგორც მჩვევია. დავლიე კიდევაც, შევხურდი, ალკოჰოლმა მთელ სხეულში დამიარა, მაგრამ შებოჭილობა არა და არ მომეხსნა. ვუცქეროდი ლელის და გონებიდან არ მშორდებოდა მასზე ფიქრი. რა უცნაურია ცხოვრება. რატომ მაინცდამაინც ნანას ქალიშვილი შემიყვარდა? ან რატომ ერქვა სოციალურ ქსელში ნინი, რეალურ ცხოვრებაში კი ლელი? იქნებ დაბადების მოწმობაში ერთი სახელი უწერია, მეორეს კი ახლობლები ეძახიან? ამ კითხვებს დამოუკიდებლად პასუხს ვერ გავცემდი. ისიც არ ვიცოდი, როგორ უნდა გამეგო სიმართლე. ნინის ხომ არ ვკითხავდი, რეალურ ცხოვრებაში სხვა სახელი ხომ არ გქვია-მეთქი? ვერც ლელის შევეკითხებოდი, შემთხვევით ნინისაც ხომ არ გეძახიანო.
ყველაფერს ალბათ დრო დაალაგებდა. როგორღაც თავისთავად გაეცემოდა ყველა ბუნდოვან შეკითხვას პასუხი. ასე ხდება ხოლმე და მეც ამის იმედი მქონდა.
როგორც იქნა, სასმელი მომეკიდა და ცოტათი გავმხიარულდი. დაძაბულობაც ნელ-ნელა მომეხსნა და ბოლოს ისეთ ხასიათზე დავდექი, გიტარაც კი მოვითხოვე.
ლელიმ მაშინვე გამომირბენინა გიტარა. აუწყობელი იყო, კარგა ხანს ვეწვალე, რომ ამეწყო, მერე კი სიმღერები დავაგუგუნე. ჩემი ხმის ტემბრით, როგორც ყოველთვის, ყველა მოიხიბლა. შემდეგ სხვებიც ამყვნენ და მშვენიერი საღამოც გამოგვივიდა.
ბოლოს შევატყვე, რომ სახლში წასვლა არავის უნდოდა. უფრო სწორად, ყველა იმას ელოდა, მე როდის წავიდოდი, რომ მერე ჩემზე ეჭორავათ. ამიტომ იმედი არ გავუცრუე ლელის, ნანას და მათ სტუმრებს. თორმეტს გადასცდა თუ არა, ჩემი წასვლის დროა-მეთქი, გამოვაცხადე.
დიდი ამბით დამემშვიდობნენ. ლელიმ აუცილებლად კიდევ გვესტუმრეთო, მითხრა, ოღონდ მართლა გულით, ყოველგვარი ხელოვნურობის გარეშე.
ნანა უკან გამომყვა, რომ კარამდე მივეცილებინე, მაგრამ შუა გზაზე ხელით მანიშნა, აქეთ წამოდიო და საძინებლის კარი შეაღო. გამახსენდა, მოსვლისას ჩემი ქურთუკი თავის ოთახში რომ გაიტანა, ამიტომ არ გამკვირვებია.
_ ყველას ძალიან მოეწონე, _ მითხრა გაბადრული სახით, როცა ქურთუკი მომაწოდა.
_ მახარია, თუ ასეა, _ ვთქვი და ქურთუკი ჩავიცვი, მაგრამ ღილების შეკვრა ვერ მოვასწარი, რადგან ნანამ დამასწრო.
_ წასვლის წინ არ მაკოცებ, ადრე რომ მკოცნიდი ისე? _ ზედ ყურთან მიჩურჩულა, როცა ბოლო ღილი შემიკრა და ხელის ზურგი ნიკაპთან მომადო.
სუნთქვა შევიკარი. ვინ იცის, ამდენი ხანი სწორედ ამ კოცნას ელოდა. ხელი მოვხვიე და თვალებში ჩავხედე. ისევ ის მზერა, დაუვიწყარი და ჟრუანტელის მომგვრელი… ვაკოცე… მთელი ვნება ჩავაქსოვე ამ კოცნაში. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, იგი მთელი არსებით ჩემკენ მოიწევდა, მაგრამ მე კვლავ ვერაფერი ვიგრძენი. ამწუთას ჩემი გონება მხოლოდ ერთი ფიქრით იყო დაკავებული და ამ ფიქრს ლელი ერქვა…
რამდენიმე დღე გონზე ვერ მოვდიოდი. აღარც ევას თავი მქონდა და აღარც ნანასი. მხოლოდ და მხოლოდ ლელიზე ვფიქრობდი. ლელიზე თუ ნინიზე, ჯერ ეგეც გასარკვევი იყო. თითქოს ჩემს ჯინაზე, საღამოობით კომპუტერს არ ვშორდებოდი, მაგრამ ნინი თუ ლელი არა და არ შემოდიოდა. ვიფიქრე, ალბათ გადაღალა დაბადების დღემ, შეიძლება მეორე და მესამე დღესაც ეწვივნენ მეგობრები და ამიტომაც ვერ ახერხებს შემოსვლას-მეთქი.
როგორც იქნა, ერთხელაც ბედმა გამიღიმა და საიტზე გამოჩნდა. ჩვეულებრივად თბილად მივესალმეთ ერთმანეთს. ბევრი კითხვა დამიგროვდა და არ ვიცოდი, პასუხი როგორ, რა გზით უნდა მიმეღო. წესით და კანონით იმ დღეს მისი დაბადების დღე არ უნდა ყოფილიყო, რადგან აქ მონაცემებში სხვა ეწერა. რა თქმა უნდა, ადამიანმა შეიძლება შეცვალოს თავისი მონაცემები, დაბადების დღეც და წელიც, სახელიც შეიძლება სხვა დაირქვას, მაგრამ ზოგადად, მაშინ აკეთებენ ამას, როცა ვინაობას მალავენ და თავს სხვისი ფოტოთი იწონებენ. იქნებ მართლაც ვინმე სხვააა, ლელის ფოტოები უდევს და იტყუება? ეს კი თავში ფიქრადაც არ მომსვლია. არაა გამორიცხული, ასე იყოს. მაშინ გამოდის, რომ ვიღაცამ მაგრად გამაბითურა. როგორც მე ვატყუებდი ამ წლების განმავლობაში, ისე მატყუებდა თვითონაც. ესეც შენ, ბატონო ანდრია! საუკეთესო ქირურგო! ღირსი ხარ, თუ ასეა. ამ ეჭვმა უარესად ამრია. ისე ვღელავდი, როგორც აბიტურიენტი მისაღებ გამოცდაზე. ამ დოზით სანერვიულო მას შემდეგ არ მქონია, რაც ნანას დავშორდი.
მაგრამ გვიან ღამით, როგორც კი ფეისბუკზე შევედი და მისი პროფილი გადავათვალიერე, მივხვდი, რომ არ იტყუებოდა. მას ბლომად მეგობარი ჰყავდა და ყველა ნინითი მოიხსენიებდა. ამას ფოტოების კომენტარები ადასტურებდა. აღარც დაბადების დღის მილოცვები ედო კედელზე. ვიღაც ხომ აუცილებლად მიულოცავდა იმ დღეს? არადა, ის იყო, წყალი არ გაუვიდოდა. რაღაც ხდებოდა, რაც მე არ ვიცოდი და რომლის გარკვევაც ალბათ ან ძალიან გამიჭირდებოდა, ან საერთოდ ვერასდროს ვერ გავარკვევდი.
დიდ ამბით მოვიკითხეთ ერთმანეთი და გულის ფანცქალით ვკითხე, ახალი რა არის შენკენ-მეთქი. იმდენი სიცილი გამომიგზავნა, მივხვდი, მის ცხოვრებაში რაღაც სახალისო მომხდარიყო. აბა, ახლავე მომიყევი, რა მოხდა-მეთქი და…
ისე უცებ აეხადა ჩემს ყველა საიდუმლოს ფარდა, რომ პირდაღებული ვკითხულობდი მის ნაამბობს, რომელსაც გამალებული მწერდა.
თავიდან იმით დაიწყო, რომ წინა კვირას დაბადების დღე მქონდაო. მე გავიკვირვე, შენი დაბადების დღე ხომ 22 თებერვალსაა, რატიომ მატყუებ-მეთქი. საქმეც ისაა, რომ სინამდვილეში 22-შია, მაგრამ დედაჩემის თხოვნით ახლაც მქონდაო.
ესეც პირველი კვანძი.
_ რას ნიშნავს დედაშენის თხოვნით? _ ერთიანად აკანკალებულმა მივწერე. ნელ-ნელა ვხვდებოდი, სინამდვილეში რაც ხდებოდა.
_ აუ, დედაჩემის თხოვნით ბოლო დროს იმდენი რაღაცის დაბრალება და გაკეთება მიწევს, სათვალავი ამერია, _ ისევ სიცილის სმაილები მომაყარა.
_ ბოლოს და ბოლოს, მეტყვი თუ არა, რა ხდება? ცნობისმოყვარეობისგან გული მიმდის, _ რაც შემეძლო, ვაჩქარებდი, რომ სიმართლე გამეგო.
_ კარგი, ჰო, მოგიყვები. ერთი სიტყვით, დედაჩემს ძველი `პაკლონიკი~ გამოუჩნდა (ამაზე ლამის კრუნჩხვა დამემართა, ისე ავნერვიულდი, რადგან აშკარა იყო, ჩემზე საუბრობდა), გადაირია დედაჩემი. რაც მამა გარდაიცვალა, არავინ ჰყვარებია. კი ჰქონდა პატარა-პატარა რომანები, მაგრამ სიყვარულით არა. სიმართლე გითხრა, მე მის საქმეებში არ ვერევი და არც ვეკითხები ხოლმე, რა ხდება მის პირად ცხოვრებაში. რასააც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, იმას მიყვება ხოლმე და მეც ვჯერდები მის ნაამბობს. ახლა კი ლამისაა, გადაირიოს. მგონი, ცხოვრებაში ეს ერთადერთი კაცი უყვარდა. ექიმია, ქირურგი. მეტს აღარ გეტყვი, არაა საჭირო, ვინაა და სად მუშაობს ან რამე. ხომ მეთანხმები?
პასუხად გავუღიმე, გულში კი ცეცხლი მეკიდა. კიდევ კარგი, არ იცოდა, ვინ ვიყავი. ის იმდენად მენდობოდა, რომ ვიცოდი, სრულ სიმართლეს მომიყვებოდა. მე კი ყველაფერი მეცოდინებოდა და მათ შორის ისიც, როგორ უნდა მოვქცეულიყავი ნანასთან მომავალში.
_ მოკლედ, ჯერ იყო და სრულიად შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს (და მომიყვა, წვიმიან საღამოს როგორ გავუჩერე დედამისს მანქანა და როგორ აღმოჩნდა ჩემი ყოფილი შეყვარებული). ამის მერე ერთხელ მოვიდა ჩვენთან სტუმრად, _ გააგრძელა ნინიმ, _ მე სახლში არ ვიყავი და შეგნებულად არც მოვედი გვიანობამდე, რომ მარტო ყოფილიყვნენ და თუ რამე გასარკვევი ან გასახსენებელი ჰქონდათ, ჩემ გამო ხელი არ შეშლოდათ. დედა ისე იყო გახარებული, ვერ ვცნობდი. წლებია, ასეთ კარგ ხასიათზე არ მინახავს. ადრე, თურქეთში რომ დადიოდა, იქიდან განადგურებული ჩამოდიოდა ხოლმე. ვხვდებოდი, რომ იქ რთული დღეების გადატანა უხდებოდა და მეცოდებოდა. მეცოდებოდა იმიტომაც, რომ ასეთმა ლამაზმა ქალმა ცხოვრება ვერ აიწყო. არადა, ამისთვის ყველანაირი მონაცემი ჰქონდა. ლამაზ ქალს კი არა, მახინჯსაც კი გაუჭირდება თურქეთში თავის პატიოსნად შენახვა, ხომ გესმის? ამის შესახებ მას არასდროს დავლაპარაკებივარ და არც თვითონ მოუყოლია ჩემთვის, რას აკეთებდა სტამბოლში, მაგრამ დაახლოებით ვხვდებოდი. იმ პერიოდში ფული არ მოგვკლებია. მერე რაღაც სერიოზული მოხდა მგონი, რადგან ჩამოვიდა და აღარ წასულა. თურქეთის ხსენებაც კი ზარავდა კარგა ხანს, გამგზავრებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო, ამის გაგონებაც არ სურდა. ჰოდა, გამიხარდა, ვიღაც რომ გამოჩნდა. მინდა, რომ კარგად იყოს. ახლა, ამ წლებში მაინც იგრძნოს თავი ბედნიერად. ჰოდა, რომ გვეგონა, ყველაფერი კარგადააო, ეს ტიპი დაიკარგა. არც დარეკა, არც გამოიარა, საერთოდ ერთხელაც არ მოიკითხა დედა. გაგიჟდა ქალი, სულ ნამტირალევი მხვდებოდა, თვალებდასივებული. დაურეკე-მეთქი, ვეჩხუბე ერთხელ, რას იკლავ თავს, გაიგე მაინც, რას ფიქრობს, ტყუილად რატომ ითხრი ნერვებს-მეთქი. ისეთი ამაყია, ისეთი თავმოყვარე, არაფრით არ დაურეკა. მერე მოიფიქრა, ვეტყვი, ვითომ შენი დაბადების დღე მოდის და დავპატიჟებო. გამეცინა. უკვე მეორედ მაგდებდა უხერხულ მდგომარეობაში.
_ პირველად როდის ჩაგაგდო? _ ვერ მოვითმინე და მივწერე, მაინტერესებდა, კიდევ რა შემომატყუეს.
_ როდის და… პირველად რომ მოვიდა ის კაცი, უთქვამს, ჩემს შვილს ლელი ჰქვიაო, არადა, მე ხომ ნინი მქვია.
_ და რაში დასჭირდა?
_ თურმე იმ კაცის დედას ერქვა ლელი და ამით აგრძნობინა, ისე მიყვარდი, ჩემს ქალიშვილს დედაშენის სახელი დავარქვიო.
ნინის მოწერილ ყოველ ახალ წინადადებაზე ელეთმელეთი მომდიოდა. სიბრაზე უფრო და უფრო მიპყრობდა. ამ დონის გახრწნილი თუ იქნებოდა ეს ერთ დროს ანგელოზივით გოგო, რას ვიფიქრებდი?
_ მერე? _ მივწერე, რომ ამბის თხრობა გაეგრძელებინა, მე კი უკვე კბილებიც კი მიკანკალებდა ნერვული შოკისგან.
_ აბა, როგორია, ვიღაც უნდა გაიცნო, რომელიც მომავალში შეიძლება შენი მამინაცვალი და ოჯახის წევრი გახდეს და მასთან ურთიერთობის დაწყება ტყუილებით გიწევს? არ მსიამოვნებდა ეს ყველაფერი, მაგრამ თვითონ მამშვიდებდა, ოღონდ ახლა დამეხმარე და ისე მოვაგვარებ ყველაფერს, რომ ბოლოს ნაწყენი არ დარჩესო. რა ვქნა, დედაა ჩემი და მე თუ არ დავუდექი გვერდით, ვიღა დაუდგება? ერთი დეიდა ჰყავდა მაგ საცოდავს და ისიც გარდაეცვალა. ფაქტობრივად, ნათესავი არ გვყავს ისეთი, რომ მისვლა-მოსვლა და სიახლოვე გვქონდეს. მარტო ერთმანეთი გვყავს, ამიტომ ხათრი ვერ გავუტეხე. ასე რომ, გავითამაშეთ ჩემი დაბადების დღე. ჩემს სამ დაქალს დავურეკე, ავუხსენი საქმის ვითარება და მკაცრად გავაფრთხილე, გარდა იმისა, რომ ვითომ ჩემს დაბადების დღეზე მოდიხართ, სახელიც უნდა შემიცვალოთ და ლელი დამიძახოთ, ოღონდ არ შეგეშალოთ და სირცხვილი არ მაჭამოთ უცხო კაცთან-მეთქი. შენ წარმოიდგინე, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ისეთი საჩუქარი მომიტანა, რაზეც დიდი ხანია, ვოცნებობდი. სიხარულისგან კინაღამ გავგიჟდი
_ რა იცოდა, რა გაგიხარდებოდა? _ ყასიდად ვკითხე. თან მეღიმებოდა მის ნაამბობზე, თან ბრაზი მახრჩობდა.
_ დედაჩემს უთქვამს.
_ კარგი ტიპია მაინც? _ მაინტერესებდა, რა შთაბეჭდილება დავტოვე მასზე.
_ ძალიან მაგარი. რატომღაც, ზუსტად ეგეთს ველოდი. ისეთი სიმპათიურია, დედაჩემი კი არა, მეც არ ვიტყოდი უარს, ეგეთი რომ შემხვედროდა, _ მომწერა და სიცილებიც მოაყოლა.
_ მართლა ეგეთი კარგია? _ მინდოდა, დამეზუსტებინა, რა დონეზე მოვეწონე, _ ცოლადაც ხომ არ გაჰყვებოდი? _ და მეც გავუცინე.
_ არა, რა ცოლად, მამაჩემის ხნისაა, მაგრამ მართლა ძალიან სიმპათიურია. უბრალოდ, მე არ ვარ ეგ ნატურა, თორემ სხვა ჩემ ადგილას მართლა არ იტყოდა უარს მის ცოლობაზე.
_ და შენ რატომ ამბობ უარს?
_ გაგიჟდი? ჯერ ერთი, დედაჩემს უყვარს და მეორეც, მე სხვა მიყვარს.
გული მომიკვდა. როგორ არ მინდოდა, ასე, ვირტუალურად ვყვარებოდი.
_ ხომ გითხარი, იმ სხვის შეყვარების უფლება არ გაქვს-მეთქი? შენ არც იცი, ვინ გიყვარს. ეს ილუზია უფროა, ვიდრე სიყვარული.
_ მერე რა? მე მყოფნის ეს ილუზია და მავსებს. სხვა სულაც არ მაინტერესებს.
_ მე მაინც მგონია, რომ როცა ვინმე კარგი გამოჩნდება შენს ცხოვრებაში, ვირტუალურ სიყვარულზე ხელს აიღებ და გონების კარნახით იმოქმედებ.
_ მოვეშვათ ამაზე ლაპარაკს. შენ მე არ მიცნობ და არ იცი, როგორი ვარ. ასი წელი რომ გავიდეს, მაინც შენ მეყვარები და იცოდე, გაუთხოვარი თუ დავრჩი, სულ შენი ბრალი იქნება, _ და ისევ სიცილის სმაილები დამაყარა.
_ ვნახოთ!.. ახლა კი გააგრძელე, მერე რა მოხდა?
გაგრძელება იქნება