_ სულ ეს იყო, პრინციპში. კარგი დრო ვატარეთ, იმღერა, გიტარაზე დაუკრა, მაგარი ხმა აქვს, არაჩვეულებრივად მღერის და უკრავს. ჩემს გოგოებს ისე მოეწონათ, მეშინია, არ დაიმეგობრონ და დედას კაცი არ დააწერონ.
_ საიდან უნდა დაიმეგობრონ?
_ თუნდაც აქედან. მე შენ გეტყვი, დღეს ფეისზე კაცის მოძებნა და დამეგობრება გაუჭირდება ვინმეს თუ რა?
_ ჰო, ეგ მართალია, მაგრამ დედაშენი თუ მოსწონს, სხვები ვერ გამოიჭერენ, მაგაზე არ ინერვიულო.
_ მე რა მაქვს სანერვიულო, დედამ იკითხოს. ახლა მთავარია, თვითონ გააქტიურდეს. სულ დედა ხომ არ მისწერს და დაურეკავს?
_ ხოო, ეგეც არის… და რომ არ დაურეკოს?
_ აი, მეც მაგას ვფიქრობ. ასეთ შემთხვევაში, არ ვიცი, რა ეშველება.
_ შენ უნდა გააქტიურდე მაშინ, გაიგე? _ ვურჩიე.
_ მე-ე? მე როგორ? _ გაიკვირვა.
_ შენ უნდა დაურეკო და დაპატიჟო. ან ცალკე შეხვდე და მერე დაპატიჟო.
_ გაგიჟდი? რა ცალკე უნდა შევხვდე, რატომ, რა მიზეზით?
_ ვითომ დედაშენზე სალაპარაკოდ.
_ და რაზე უნდა ველაპარაკო? მოვთხოვო, დედაჩემს შეხვდი და არ გაბედო მისი მიტოვება-მეთქი?
_ არა, ეგრე არა, _ თან ვუხსნიდი, თან შინაგან ცახცახს ვერ ვიოკებდი, რომ დედა-შვილის თამაშს მეც ავყევი, _ უბრალოდ, უნდა ელაპარაკო იმ კაცს დედაშენზე და შეაგნებინო, თუ არაფერს აპირებს, აქედანვე უთხრას და იმედი არ ჩაუსახოს, რომ მერე სატანჯველად არ გაუხდეს-თქო. დამიჯერე, ასე აჯობებს.
_ არ ვიცი… იქნებ არც მივიდეს იქამდე საქმე. იქნებ აწი დაპატიჟება და დარეკვა აღარ დასჭირდეს და თავისით მოვიდეს. ხომ შეიძლება? ისე კარგად ჩაიარა საღამომ, მე რომ მის ადგილას ვიყო, აუცილებლად მივიდოდი კიდევ ერთხელ.
_ ნუ, თუ ეგრე იყო, ესე იგი, კიდევ მოვა, _ დავეთანხმე, რომ თავი არ გამეცა. არადა, მინდოდა, თვითონ დაერეკა ჩემთან და ცალკე შევხვედროდით. რამდენი წელი ვოცნებობდი მასთან შეხვედრაზე, ვერ წარმოიდგენთ. ახლა ამის შანსი მეძლეოდა და არ მინდოდა ხელიდან გამეშვა. თანაც, მას არ ეცოდინებოდა, რომ ეს მე ვიყავი. ვინ იცის, იქნებ ისე შევაყვარო თავი? ხომ შეიძლება, შევუყვარდე? მერე აღარ დავუმალავ, ვინც ვარ და…
არ დამიწყოთ ახლა, დედამისთან ასეთი ურთიერთობა გქონდა და როგორ შეიძლება მის შვილთან რომანი გააბაო. მერე რა? დედამისთან წლების წინ მქონდა ურთიერთობა, რომელიც თავისი სურვილით გაწყვიტა. თანაც, ნინი რომ შემიყვარდა, სულაც არ ვიცოდი, ნანას შვილი თუ იყო. განა ჩემი ბრალია, მისი ქალიშვილი რომ შემიყვარდა? ჩემი შვილი ხომ არ არის, რომ ვინმემ ამიკრძალოს? ცოლად მოვიყვან თუ არა, ეგ ჯერ არავინ იცის. ასე ადვილად რომ შემძლებოდა ასეთი სერიოზული საკითხის გადაწყვეტა, დღეს უკვე დახუნძლული ვიქნებოდი ცოლ-შვილით. როგორ შეიძლება ურთიერთობა გაგრძელდეს, ამას მომავალი გვიჩვენებს, მთავარია, რაღაც დონეზე გამოიკვეთოს და გზა მერე გამოჩნდება.
იმ ღამეს კიდევ ცოტა ხანს ვისაუბრეთ მე და ნინიმ და დავემშვიდობე. სამაგიეროდ, მთელი ღამე ვერ დავიძინე. რამდენჯერაც წამთვლიმა, იმდენჯერ მესიზმრა. აი, გამთენიისას კი ღრმად ჩამეძინა და ისეთი ეროტიკული ზმანება მქონდა, ვერავის რომ ვერ მოვუყვები…
რამდენიმე დღე ნანაზე დაბოღმილი დავდიოდი. თურმე როგორ მოუნდომებია ჩემი გაცურება. ერთხელ ხომ გამაცურა, როცა მალულად სხვას ხვდებოდა და ბოლოს დამაყენა ფაქტის წინაშე. ახლა უარესი მომიწყო. თურმე ტყუილებით უნდა ჩემთან ურთიერთობის აწყობა. როგორ მთლად ხელიდან წასულა! ამას ვერ წარმოვიდგენდი. თუმცა, რატომაც არა? თურქეთში თუ დარბოდა საგრიალოდ და ფულის საკეთებლად, ვერაგობის ჩადენა გაუჭირდება? წამხდარი ქალი! ასეთ ქალებს არასდროს ვწყალობდი. მისი საქციელი ყველანაირ საფუძველს მაძლევდა, რომ საბოლოოდ გამეწყვიტა მასთან ურთიერთობა და ახლოსაც არ გავკარებოდი, მაგრამ ნინი მაყოვნებდა. იგი ისე მიყვარდა, მის გარეშე ერთი დღეც ვერ გავძლებდი. აქამდე თუ ვირტუალური მიწერ-მოწერა მაკმაყოფილებდა, ახლა უკვე აღარ. ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი, როდის შევეხებოდი, თვალებში როდის ჩავხედავდი, მისი სუნამოს და სხეულის სურნელს როდის შევისრუტავდი. შეგნებულად არ ვეხმიანებოდი ნანას, რომ ნინი ჩემი დარიგებისამებრ მოქცეულიყო, ჩემთან დაერეკა და შეხვედრა ეთხოვა. ვიცოდი, ამას იგი დედის გულისთვის აუცილებლად გააკეთებდა. ჰოდა, მეც მაგრად ვიჯექი და ველოდი. ნანასთან კი ჯიუტად არ ვრეკავდი.
ამავდროულად, ევას მდგომარეობაც არ მომწონდა. სულ უფრო და უფრო ცუდ ხასიათზე მხვდებოდა. ასეთი სევდიანი არასდროს მენახა. რამდენჯერაც ვცადე გამოლაპარაკება, იმდენჯერ თავაზიანად მომიშორა თავიდან, ცუდად ვარ და მარტო ყოფნა მინდაო.
ერთ საღამოს, როგორც იქნა, გავახსენდი, უფრო სწორად, გულის გადასაშლელად დავჭირდი და დამირეკა, რომ ამოვიდე, თუ გეცლებაო. სიამოვნებით-მეთქი. ის ყოველთვის სასურველი სტუმარი იყო ჩემი, ამიტომ გამიხარდა, რომ შემეხმიანა.
ისევ ნამტირალევი ჩანდა. სახელდახელო სუფრა გავშალე. რაც ერთად არ ვიყავით, სადილების მზადება შევწყვიტე, ამიტომ რაც მქონდა, ის გამოვიტანე _ ძეხვი, მწნილი, პური და ყველი, თან ლუდი და არაყიც მოვაყოლე. მე და ევა ორივე ლუდისტები ვიყავით.
_ ბოლო დროს ვერ გცნობ… რა მოგდის? _ შემპარავად ვკითხე, თან ლუდს ბოკალებში ვასხამდი.
_ არ მკითხო… ისე ცუდად მიმდის საქმეები, რომ არ ვიცი, თავი რომელ ქვას ვახალო, _ ისევ აევსო თვალები ცრემლით.
_ მოდი, არ იტირო და ისე მომიყევი, რა პრობლემა გაქვს, კარგი?
თავი დამიქნია და ყელთან მომდგარი ცრემლი რომ ჩაებრუნებინა, უზარმაზარი ნერწყვი გადააგორა, მერე არყის სირჩას ხელი დაავლო, მომიჭახუნა, ჩვენ გაგვიმარჯოსო, თქვა და გადაჰკრა. მეც მივბაძე.
_ არის ერთი ვიღაც, ვისაც ალბათ ცხრა წელი იქნება, რაც ვუყვარვარ, _ სრულიად მოულოდნელად დაიწყო ევამ, _ ერთ სკოლაში ვსწავლობდით. როცა წლების წინ, მიყვარხარო, მეუბნებოდა, ვიღიმოდი. ჩემზე სამი წლითაა უმცროსი. ვფიქრობდი, ბავშვია და გაუვლის-მეთქი. თურმე არ გაუარა. რამდენიმე თვის წინ ფეისზე მომძებნა და შემეხმიანა. გამიხარდა, მოვიკითხე. ქუთაისში გადასულა საცხოვრებლად თურმე. ამას წინათ ჩამოვიდა თბილისში და მოვიდა სანახავად. არასდროს დამავიწყდება მისი თვალები… სიყვარულით გაცისკროვნებული, პატარა ბავშვს ველოსიპედს რომ უყიდიან და სიხარულს რომ გამოხატავს, აი, ისეთი… და მოუსვენრობა… ჩემი ნახვით დაბნეულმა არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, საკუთარ ქმედებებს ვერ აკონტროლებდა. გავგიჟდი… ასე არ შეიძლება-მეთქი. ცოლ-შვილს მიხედე-მეთქი… არ მინდა, ჩემ გამო იტანჯო-მეთქი… იცი, რა მითხრა? მე ბედნიერი ვარო. ბედნიერი იმით, რომ შენი ნახვის უფლებას მაძლევ, რომ ამას არ მიკრძალავო… მერ დაამატა, ცოლიც კარგი მყავს და ოცნების ქალიცო. შენ ჩემი თეთრი ანგელოზი ხარო…. აღარ ვიცოდი, რა მეთქვა, რით მენუგეშებინა. არასდროს მყვარებია, არც ჰქონია ამის იმედი. ვერ მოვატყუებდი, ეს უსინდისობა იქნებოდა ჩემი მხრიდან. ვეცადე, რბილად ამეხსნა მისთვის ყველაფერი. გამაწყვეტინა… არაფერს გთხოვ, მინდა, ისეთად დარჩე, როგორიც ხარ, იყავი ისეთივე კარგი, როგორსაც გიცნობდი და როგორსაც გხედავ, რომ ბოლომდე ვიამაყო შენითო… ოღონდ არ ამიკრძალო, ხანდახან რომ დაგირეკო, შენი ხმა გამაგონო ან დაგიმესიჯოო. ამას ვერ ავუკრძალავდი, არ შემეძლო. ეს ერთგვარი თანაგრძნობა იყო ჩემი მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძაბავს მისი ყოველი ზარი, ყოველი მესიჯი ყოველთვის… ეს ყველაზე უსიამოვნო წუთებია ჩემთვის ცხოვრებაში… საშინელება ისაა, რომ ჰგონია, ისევ ისეთი სუფთა და უმანკო ვარ, როგორსაც მიცნობდა. არადა, ხომ იცი, როგორიც ვარ. დიდი სიამოვნებით ავუხდენდი თავის ოცნებას და დავუწვებოდი, მაგრამ მეშინია. არ მინდა, შევზიზღდე, გესმის? მინდა ისეთივე დავრჩე მისთვის, როგორიც ვუყვარდი. ხომ შეიძლება, ერთი ადამიანი მაინც არსებობდეს ამქვეყნად, ვისაც გულწრფელად ვეყვარები და ყველაზე სასურველი ვეგონები? ამავე დროს, სინდისის მქენჯნის, რომ ასე იტანჯება. გუშინ მირეკავს და მეუბნება, შენი ერთი სიტყვა და ეგრევე უარს ვიტყვი ცოლ-შვილზე, სადაც მეტყვი, იქ გამოგყვებიო. გესმის, როგორ ვუყვარვარ? და რა ვუთხრა ახლა, ბოზი ვარ და გამოძახებებით ვირჩენ თავს-მეთქი? ვისთანაც მდგმურად ვდგავარ, იმასაც ვაძლევ-მეთქი? არ შემიძლია, გესმის? ამის გაკეთება არ შემიძლია და ეს ძალიან მტანჯავს.
ევას ამბავმა დამამძიმა. ვერაფერი ვუთხარი. მესმოდა მისი და მართალიც იყო. ყველა ადამიანის ცხოვრებაში უნდა არსებობდეს ერთი მაინც, ვისთვისაც ყოველთვის ოცნებად დარჩები, რომელიც გაგაღმერთებს და ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არავის შეგადარებს, რადგან შენზე უკეთესს ვერასდროს წარმოიდგენს. მისთვის სამუდამოდ ერთადერთი და განუმეორებელი დარჩები. მე ასეთი ვიყავი ნინისთვის და მინდოდა, ასეთადვე დავრჩენილიყავი. სიმართლე რომ ვთქვა, ალბათ ეს იყო ერთი ყველაზე დიდი მიზეზი, რის გამოც არ ვუმჟღავნებდი ჩემს ვინაობას და არ ვხვდებოდი. ისიც ასეთი იყო ჩემთვის _ ერთადერთი და განუმეორებელი. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მისნაირი ქალი არასდროს შემხვედრია. მართალია, ვირტუალურად ვიცნობდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ მის შესახებ ბევრად მეტი ვიცოდი, ვიდრე მას ეგონა. ჩვენს ურთიერთობაში ერთი ყალბი ნოტიც არ ერია.
ამიტომ გულისყურით ვუსმენდი ევას და ვუთანაგრძნობდი.
_ მითხარი, როგორ მოვიქცე, ანდრია? _ ხელისგულზე შუბლდაყრდნობილმა ქვემოდან ამომხედა. არასდროს მინახავს უფრო უაზრო მზერა, თითქოს ამქვეყნად არ იყო.
_ გული როგორც გიკარნახებს, ისე მოიქეცი, ევა! ორი ვარიანტი გაქვს, _ ან უნდა უთხრა, ვინც ხარ და რაც მოხდება, მოხდება, ან მეორე ვარიანტი _ დაატოვებინე ოჯახი და ცოლად გაჰყევი.
_ რაებს ამბობ, ადამიანო! რა ცოლად, რის ცოლად. ჩემნაირი ქალი ცოლად გამოდგება? ეეე! გამორიცხულია! რომ მიყვარდეს, მაშინაც კი არ გამოვა ეს ვარიანტი და არც პირველი. ვერ ვეტყვი, რეალში ვინც ვარ.
_ მაშინ… მაშინ არ ვიცი. _ მხრები ავიჩეჩე, მე სხვა გზას ვერ ვხედავდი.
_ ამაღამ შენთან რომ დავიძინო, შეიძლება? მარტო დარჩენა არ მინდა.
_ დარჩი. პირიქით, მესიამოვნება, თუ ერთად ვიქნებით, _ გამიხარდა, დარჩენა რომ გადაწყვიტა.
_ ოღონდ სექსი გამომივა თუ არა, არ ვიცი.
_ ეგ მეც არ ვიცი, ამიტომ მოდი, უბრალოდ, ერთად დავიძინოთ და დანარჩენი მერე ვნახოთ.
ორივეს გაგვეცინა, რადგან ისიც და მეც ბოლომდე გულწრფელები ვიყავით. აი, ეს იყო ურთიერთობა _ ერთმანეთს არ ვატყუებდით…
ჩვენთან, კლინიკაში, ერთი კარგი კარდიოლოგი გვყავს, ქეთინო გურიელი. ლამაზიცაა, ჭკვიანიც და თავმომწონეც. აი, ტიპური ექიმი ქალი ხომ გინახავთ, თავაღერებული რომ დადის. მე თუ მკითხავთ, ამქვეყნად ყველაზე ადვილი გამოსაცნობი ორი პროფესიის ადამიანები არიან _ ექიმები და პოლიციის თანამშრომლები. რაღაცნაირი დაყენებული პოზა უჭირავთ, ეგრევე რომ მიხვდები, ვისთან გაქვს საქმე. მეც ეგეთი პოზა მიჭირავს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვთამაშობ ან სხვას ვაჩვენებ თავს, მაგარი ვარ-მეთქი. თავისდა უნებურად ხდება. წლების განმავლობაში ავტომატურად გიყალიბდება თავმომწონეობის ეს ჟესტი.
ჰოდა, ჩვენი ქეთინოც ასე დადის.Mმის ამპარტავნებას მხოლოდ პროფესია და სილამაზე კი არ უწყობს ხელს, წარმომავლობაც. გურიელია, ბატონო, მაშასადამე _ თავადური ფესვები აქვს. აი, სად გვერხევა ქართველებს. რამდენჯერ მიფიქრია, მონარქია რომ აღდგეს ჩვენთან, საშინელებები დატრიალდება-მეთქი. ალბათ დავჭამთ ერთმანეთს, `შე გლეხო~-სა და `შე შემოდგომის აზნაურო~-ს წამოძახებით. გაბრექვები მერე უნდა ნახო! თავადები და აზნაურები ალბათ აღარ დაეტევიან მიწაზე!
ქეთინოს დიდი ხანია, ვუყვარვარ. რა ვქნა, არ არის ჩემი ბრალი, ქალებში ასეთი პოპულარობით რომ ვსარგებლობ. საკუთარი თავის ქებას ხომ არ დავიწყებ, მაგრამ მაქვს ალბათ რაღაც ისეთი, რის გამოც მოწონებას ვიმსახურებ. პირველ რიგში ის, რომ უცოლო ვარ.
რაღა ბევრი გავაგრძელო და, სამ წელი მაინც იქნება, ქეთიმ სიყვარული რომ ამიხსნა და ჩემგან უარი მიიღო. საშინლად მქენჯნიდა სინდისი, მაგრამ მისი შეყვარება არ შემეძლო და რა მექნა? ზრდილობის გულისთვის ხომ არ შევირთავდი ცოლად? ჰოდა, იმ დღეს, როცა ნინიმ დამირეკა, ქეთინოს დაბადების დღეზე ვიყავი. ყელმოღერებული `დაცემა~ სადღეგრძელოს ვამბობდი, ჩემი მობილური რომ ახტუნავდა. სანამ სუფრას მივუსხდებოდით, ზარი გამოვრთე და ვიბრაციაზე დავაყენე, იმიტომ, რომ სწორედ ასეთ უდროო დროს არ დაერეკა ვინმეს. აბა, როგორია, დიდი ამბით რომ გაიძახი იუბილარის სადღეგრძელოს, ქარგავ და ქარგავ წინადადებებს და უცებ! ბითლების მელოდიით ვიღაც გირეკავს!
მონიტორზე ნინის ნომერი დაფიქსირდა. ვერ გადმოვცემ, როგორი ბაგაბუგი ატეხა გულმა. დამცეცხლა, მაგრამ როგორ დამცეცხლა! ამიხდა ოცნება და ეგაა!
ნინის ნომერი დიდი ხნის წინ მქონდა, თვითონ მომცა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ერთმანეთი გავიცანით, თუმცა არასდროს დამირეკავს. ალმაცერად დავხედე ტელეფონს და გავაგრძელე სადღეგრძელო, მაგრამ ისე ომახიანად აღარ გამომივიდა. ცოტა ხნის შემდეგ კი აივანზე გავედი და მე თვითონ დავურეკე. ოღონდ ცოტა გაოცებულმა ვკითხე, რომელი ბრძანდებით-მეთქი, ვითომ არ ვიცოდი, ვინ მირეკავდა. მე ხომ წესით მისი ნომერი არ უნდა მცოდნოდა. მან კი ჩემი ნამდვილი ვინაობა არ იცოდა.
_ გამარჯობა, ანდრია! _ ხმით ვერ ვიცანი.
_ გაგიმარჯოს! _ ისევ გაკვირვებული ტონით მივუგე.
_ ლელი ვარ… ნანას გოგო.
აჟიტირებულმა არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. არ მინდოდა, ყალბად გამომსვლოდა.
_ ა, სალამი, სალამი… როგორ გიკითხოთ, ლელი? არ ველოდი თქვენს ზარს… ხომ მშვიდობაა? ნანას ხომ არაფერი დაემართა? _ ვითომ ბაიბურში არ ვიყავი, მივაყარე და მივაყარე შეკითხვები.
_ ნანა მთლად ჯანზე ვერ არის და სწორედ მაგიტომ გადავწყვიტე, შეგხმიანებოდით… თქვენი ნახვა მინდოდა, თუ პრობლემა არ არის.
_ დიდი სიამოვნებით, შეხვედრაზე როგორ ვეტყვი უარს თქვენისთანა ქალბატონს. მით უფრო, თუ საუბარი ნანას ეხება.
_ დიდი მადლობა, ანდრია… როდის გეცლებათ?
_ ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ლელი, თუნდაც ამწუთას… თავად გადაწყვიტეთ.
_ ანუ ამ საღამოს შეძლებთ?
_ რა თქმა უნდა. თქვენთან გამოვიდე? _ ყასიდად ვკითხე, თუმცა უკვე ვიცოდი, რომ ამაზე უარს მეტყოდა. მე ხომ პირისპირ უნდა დამლაპარაკებოდა.
_ არა, არა! ჩემთან არა! ცალკე მინდა თქვენი ნახვა, დედას გარეშე.
გამეღიმა. გული უცნაურად მიფანცქალებდა. ამ გოგოს ჭკუიდან გადავყავდი.
შევთანხმდით. ერთ საათში ვაკის პარკის შესასვლელთან უნდა შევხვედროდით ერთმანეთს. ახლა ჩემი მთავარი პრობლემა ქეთინოსგან წასვლა იყო. ვიცოდი, ძალიან ეწყინებოდა. ისეთი ტყუილი უნდა გამომეცხო, რომ არ გაბრაზებულიყო.
ოთახში შემოვბრუნდი. სტუმრები უკვე დაწყვილებულიყვნენ და ცეკვავდნენ. თვალებით ქეთის დავუწყე ძებნა, რომელიც ამ დროს ზურგიდან `მომეპარა~ და მხარზე ხელი მომითათუნა.
გაგრძელება იქნება